კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სამაგიდო თამაშით ერთობოდა „ფინანსური გენიოსი” ჯორჯ სოროსი და რატომ დაუჭრა მას პირველმა ცოლმა ყველა კოსტუმი

მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, მათ შორის ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, მსახიობებს, დიპლომატებს, ავანტიურისტებს, აფერისტებსა და უბრალო უსაქმურებსაც კი მხოლოდ ერთი კითხვა აქვთ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს: „ინგლისის ბანკის დამანგრეველი,” „ფინანსური გენიოსი,” „სავალუტო ბაზრის მბრძანებელი,” „პლანეტის საიდუმლო მმართველი”, „მსოფლიო მთავრობის რუხი კარდინალი” და ეს გახლავთ პიროვნება, რომელიც ლეგენდარული ამერიკელიდან მსოფლიო მასშტაბის ფიგურად გადაიქცა. როგორ მოახერხა მან ჰაერიდან დიდი ფულის გაკეთება, ნუთუ იგი მართლა გენიოსი, წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი, შულერი და აფერისტია?! 1992 წლის 16 სექტემბერს, მოგვიანებით, ისტორიაში „შავ ოთხშაბათად” შესულ შემოდგომის ერთ დღეს, ინგლისური ფუნტი სტერლინგის კურსი დაეცა. დიდ ბრიტანეთში ფინანსურმა კრიზისმა დაისადგურა, რამაც მთავრობას დევალვაციის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ უბიძგა. ამბობენ, იმ დღეს ჯორჯ სოროსმა 2 მილიარდამდე დოლარი გააკეთა და სწორედ მან შეიმუშავა პროგრამა, რომელმაც „ინგლისის ბანკის დანგრევა” გამოიწვია და ამის გამო უწოდეს მას გენიოსი.
ჯორჯ სოროსი ჭეშმარიტი მაგალითია იმისა, თუ როგორ გაუმართლა ადამიანს ბიზნესში და არ გაუმართლა – პირად ცხოვრებაში. ორი დანგრეული ოჯახი, არანაირი მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან, მუდმივად მოგზაურობაში გატარებული ცხოვრება, უაზრო რომანი, რომელმაც მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა და გაფუჭებული ურთიერთობა მეხუთე შვილთან. ამბობენ, ჯორჯ სოროსს არაერთხელ უთქვამს, არჩევნის საშუალება რომ გქონოდა, ჩემს მილიარდებს, ისეთ ოჯახურ იდილიაზე გავცვლიდი, როგორის ჩემს მშობლებს ჰქონდათო.
ჯორჯი აღმერთებდა მამას – ტივადარ შოშროს. პირველი მსოფლიო ომის დროს, იგი რუსეთში ციმბირში მოხვდა ტყვეობაში, საიდანაც ორ თანამზრახველთან ერთად ტივით გაიქცა. სამი წლის განმავლობაში რევოლუციის ქაოსში გახვეულ რუსეთს აფარებდა თავს, სანამ მშობლიურ უნგრეთამდე არ ჩააღწია. სამშობლოში ტივადარმა პროკურორის ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა. მან წინასწარვე იცოდა, როგორ დასრულდებოდა გამოძიება და ვინ აღმოჩნდებოდა დამნაშავე. წინათგრძნობის ეს ფენომენალური ნიჭი გამოჰყვა ჯორჯსაც. ათი წლის იყო ჯორჯი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. ოკუპირებულ უნგრეთს საშინელი დროება დაუდგა, ნაცისტები ებრაელებს აპატიმრებდნენ და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მიჰყავდათ. ერთ დღეს ტივადარის ძმა და მისი ოჯახი სწორედ იმ ავადსახსენებელი ბანაკის გზას გაუყენეს, თუმცა ტივადარმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი და უნგრელი ჩინოვნიკისგან ყალბი დოკუმენტები იყიდა. დიერდ ტივადარი, რომელიც წლების შემდეგ ჯორჯ სოროსად გადაიქცა, ოკუპირებულ ბუდაპეშტში იანუშ კოშას საბუთებით სეირნობდა. ეს ინფორმაცია ნაცისტებს რომ სცოდნოდათ, ტივადარების მთელ ოჯახს დახვრეტა არ აცდებოდა.
ომის დასრულების შემდეგ, უნგრეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და ტივადარ და ერჟბეტ შოროშებმა გადაწყვიტეს, თავიანთი უფროსი შვილი ლონდონში გაეშვათ სასწავლებლად, რათა სოციალისტური რეჟიმის სიძნელეებს გარიდებოდა. თუმცა, ლონდონში ჩასულ დიერდს არცთუ დალხენილი ცხოვრება ელოდა – იგი რკინიგზის სადგურში, პარკებში სკამზე და ლოთებისა და უსახლკაროების ბუნაგებში ათევდა ღამეებს. ბალიშის მაგივრობას კი ზურგჩანთა უწევდა. შავ მუშად მუშაობდა სადგურში, ბარგს ათრევდა... ნორმალური სამსახურის მოძებნა ინგლისურის ცუდად მცოდნე უნგრელი ებრაელისთვის, თითქმის შეუძლებელი იყო. ერთხელ ოფიციანტად დაიწყო მუშაობა ლონდონის ღარიბ კვარტალში, ერთ-ერთ სასადილოში. თუმცა ერთ კვირაში, იმის გამო, რომ უფროსმა შეამჩნია როგორ ასუფთავებდა ნარჩენებს თეფშებიდან და ჭამდა ყველაფერს, რაც კი იჭმეოდა, იქიდან გაათავისუფლეს. ხანდახან დიერდს 2-3 დღის განმავლობაშიც კი არაფერი ჰქონდა ნაჭამი და ლონდონის ყველაზე გაუბედურებული კატაც მასზე კარგად ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ სახლში გაგზავნილ წერილებში დიერდს არც ერთხელ არ უწუწუნია ამის გამო და მუდამ ასეთი ტექსტით ამთავრებდა წერილის წერას – კარგად ვარ, ვმუშაობ. ამბობენ, სწორედ გაჭირვებამ და ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრებამ აიძულა დიერდი პადინგტონის სადგურში ხის სკამზე დაეწყო სახელმძღვანელოების კითხვა, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჩასაბარებლად. იქ სწავლას კი ებრაული სათვისტომო დაუფინანსებდა, რომელიც მხოლოდ მონდომებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ეხმარებოდა. სწავლის პერიოდში ჯორჯ სოროსი, მას უკვე ასე უწოდებდნენ მასწავლებლები, ყველაზე ნაკლებად ეკონომიკით ინტერესდებოდა და მისი საყვარელი საგანი ფილოსოფია იყო. იგი ნიცშეს და ჰაიდეგერის ნაშრომებს ეცნობოდა და ფილოსოფოსობაზე ოცნებობდა. თუმცა, იცოდა, რომ ფილოსოფოსობით თანამედროვე რეალობაში თავს ვერ გაიტანდა. ამიტომაც, ერთ მშვენიერ დღეს, მამის მეგობრის დახმარებით, ათეისტი-ებრაელი – ჯორჯ სოროსი ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში გაემგზავრა. იქ კი უოლსტრიტზე, პატარა საბროკერო კომპანიაში, ისევ მამის მეგობრის დახმარებით, ფინანსისტად დაიწყო მუშაობა. ლონდონის ეკონომიური კოლეჯის დიპლომი მას სწორედ იქ გამოადგა.
თავდაპირველად, სოროსი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, პატარა ბინაში დასახლდა თავის პირველ ცოლთან, გერმანელ ანელიზესთან ერთად, რომელზეც 1961 წელს იქორწინა. ბინა იმდენად პატარა იყო, რომ ოფისში კარადა უფრო დიდი ჰქონდა. თუმცა, დასახული მიზნის მისაღწევად ამ ფაქტს სოროსისთვის ხელი არ შეუშლია. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის და მათი მეგობრების საუკეთესო განტვირთვა სამაგიდო „მონოპოლიის” თამაში იყო. ერთ საღამოს კი, თამაშის დროს, მას ხილვა ჰქონდა, რომ ფული ერთ-ერთ ნაკლებად რენტაბელურ ნავთობკომპანიაში უნდა ჩაედო. ეს იყო პირველი წარმატებული ინვესტიცია, რომელიც ჯორჯ სოროსმა განახორციელა და პირველი ხუთი ათასი დოლარი მოგება მიიღო. მსგავსი ხილვა ჰქონდა ჯორჯს მაშინაც, მან და მისმა კოლეგამ, საინვესტიციო-ანალიტიკოსმა უოლ-სტრიტიდან – ბაირონ უიტნიმ ას-ასი ათასი დოლარის ინვესტიცია რომ განახორციელეს ერთ ამერიკულ კომპანიაში. კომპანიონებს ეს ფაქტი უნდა აღენიშნათ, რადგან მათი გათვლებით, მოგება რამდენიმე ასეული დოლარი იქნებოდა. სოროსს ცუდად ენიშნა, როცა ავტომობილის საქარე მინაზე მტრედების მოსაქმებული დახვდა, რაც მანამდე არ მომხდარა. ჯორჯმა მაშინვე გარიგების გაუქმება მოითხოვა და ბაირონსაც იგივეს გაკეთება ურჩია. მეორე დილით ამერიკული კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე კატასტროფულად დაეცა და სოროსი მთლიანად დაკარგავდა იმ ასი ათას დოლარს გარიგებაზე უარი რომ არ ეთქვა. ამ ხილვების მის ცოლს იმდენად ეშინოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კათოლიკეები არ იყვნენ, სახლში მღვდელი მიიყვანა და სთხოვა, ჯორჯისთვის ეგზორციზმის რიტუალი ჩაეტარებინა. ქალს ეშინოდა, მიაჩნდა, რომ შეპყრობილი იყო, რადგან შეუძლებელია, ნორმალურმა ადამიანმა წინასწარ განსაზღვროს ის, თუ რა იქნება ხვალ.
1970 წელს ჯორჯ სოროსმა საკუთარი საინვესტიციო ფონდი „ქუანტუმი” დააარსა, რომელსაც დაარსებიდან ორი წლის თავზე, საკუთარ აქტივში 12 მილიონი დოლარი ჰქონდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა ფინანსისტად ითვლებოდა 70-იანი წლების ამერიკაში. მას ხშირად აჩერებდნენ ქუჩაში და ეკითხებოდნენ, ლოტოს მომავალი გათამაშების ციფრების შესახებ. თითქოს ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მკითხავი იყო, რომელმაც ყველაფერი წინასწარ იცოდა.
17-წლიანი ქორწინების შემდეგ, ჯორჯი ანელიზეს გაეყარა. მეგობრების თქმით, იმ დღეს, როცა მან ხელში განქორწინების დოკუმენტი აიღო, თავი ისე იგრძნო, თითქოს 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. ანელიზესთან ცხოვრების ბოლო წლები აუტანელი იყო ჯორჯისთვის. მეუღლე მისგან უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვდა. თავად ჯორჯს კი ეშინოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დაინგრეოდა და მისი წინასწარმეტყველების უნარი გაღატაკებამდე მიიყვანდა. შიშების გამო ჯორჯი ალკოჰოლს მიეძალა და მანჰეტენის ძვირიანი რესტორნების ოფიციანტებმა მას „მისტერ ჯინ-ტონიკი” შეარქვეს. ცოლთან განშორების შემდეგ კი, 53 წლის ჯორჯმა შვება იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ ანელიზემ განქორწინების გამო თითქმის ყველა ძვირფასი კოსტიუმი მაკრატლით დაუჭრა, ჯორჯმა მალევე იპოვა ცხოვრების ახალი თანამგზავრი – სიუზი უებერი, ტყავის ჩანთებისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის შვილი. მას ჯორჯმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი დაუთმო. მათი პირველი პაემანი მანჰეტენზე ცნობილ რესტორან „სერედიფითი 3”-ში შედგა და ჯორჯმა სპეციალურად წაიყვანა იქ სიუზი. მისი გათვლით, თუკი სიუზი იქაურ შედევრს, „ფროზენ ჰაუტ შოკოლადს” შეუკვეთავდა, მათი რომანი გაამართლებდა. ჯორჯი მართალი გამოდგა, სიუზიმ, სწორედ ის დესერტი შეუკვეთა, და მართლა, ცნობისთვის, დესერტი 20 ათასი დოლარი ღირდა. თუმცა, სოროსისთვის ეს ფული ნამდვილად არაფერს წარმოადგენდა. იმ დროისთვის – 1985 წელს მისი საინვესტიციო ფონდის აქტივში 381 მილიონი დოლარი ირიცხებოდა და მთელი ქონება გეომეტრიული პროგრესით აგრძელებდა ზრდას.
მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჯორჯმა ინგლისის ბანკი დაანგრია და გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ერთ კალენდარულ დღეში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, სოროსს „საშინელი ადამიანი” უწოდეს. საქმე იქამდეც მივიდა, მეუღლისთვის ოქროს სამკაული რომ შეეძინა, ყველა იმაზე იწყებდა ფიქრს, თუკი სოროსი ოქროში დებს ფულს, ესე იგი დროა ოქროს ინვესტიციების განხორციელებაო. სხვათა შორის, ჯორჯ სოროსი დღემდე პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული ინგლისში, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის პრესტიჟულ უბანში ფეშენებელური სახლი აქვს. უნდა ითქვას, რომ ჯორჯ სოროსი სულაც არ ჰგავს იმ საფონდო „გიგანტებს,” დილიდან ღამემდე უოლ-სტრიტის ოფისებში რომ სხედან. ის კვირაში ორ-სამჯერ ჩნდება ოფისში და ისიც, რამდენიმე საათით. თავისუფალ დროს კი ჩოგბურთს თამაშობს, ან მანჰეტენზე სეირნობს დაცვის გარეშე. სხვათა შორის, ჯორჯი ხშირად დადის დაცვის გარეშე და უმეტესად სახლამდე ნიუ-იორკის ხალხმრავალ მეტროთი მგზავრობს. ამ ფაქტით ყველაზე მეტად „ეფბეერი” დაინტერესდა, რომელსაც ამოუხსნელი რჩება მილიარდერის ეს საქციელი.
ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯ სოროსი, მიხვდა, რომ აღარ უყვარდა სიუზი. 25 წლით უმცროსი მეუღლე აღარ აინტერესებდა. ისინი ძალიან იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს. უიქენდებს ჯორჯი ევროპაში შვილებთან ერთად ატარებდა და საფეხბურთო მატჩებს ესწრებოდა, სიუზი კი „სოროსის ფონდის” ნიუ-იორკის ფილიალს ხელმძღვანელობდა, თან, სულ წუხდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. საბოლოოდ, ჯორჯმა მას დეკორატიული ხელოვნების შესწავლის ცენტრი უყიდა, ექვს მილიონ დოლარად. თუმცა განქორწინება არ მისცა.
1994 წლისთვის ჯორჯ სოროსმა მსოფლიოს 26 ქვეყანაში 89 საქველმოქმედო ფონდი დააარსა და წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ დოლარს ხარჯავდა დემოკრატიის დასაცავად. იგი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და აფინანსებდა პოლონურ „სოლიდარნოსტს,” მოძრაობა „შარტია 77”-ს ჩეხოსლოვაკიაში და ასევე საბჭოთა დისიდენტებს, ანდრეი სახაროვის მეთაურობით. მისი მილიონების დახმარებით, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე 80-იანი წლების ბოლოს კომუნისტურმა რეჟიმმა მარცხი განიცადა. იგი დიდ დროს ატარებდა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში და ერთხელ ისე დაემთხვა, რომ ვარშავაში, ერთ-ერთ სასტუმროში მასთან ერთად რობერტ დენიროც გაჩერდა. ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. საინტერესოა, რომ ჯორჯ სოროსს უფრო მეტი თაყვანისმცემელი დახვდა სასტუმროში, ვიდრე ჰოლივუდელ სუპერვარსკვლავს. სხვათა შორის, ჯორჯ სოროსი უბრალოებით გამოირჩევა. იგი არ სარგებლობს კერძო თვითმფრინავებით და ბიზნესკლასით დაფრინავს. სასტუმროში ყველასთან ერთად სადილობს და უცხოეთში ტაქსით გადაადგილდება. ერთხელ პრინცმა ჩარლზმა ის თავის რეზიდენციაში დაპატიჟა. კლარენს-ჰაუსის რეზიდენციაში ის ტაქსით მივიდა და სათვალეებიანი, ხელში გახუნებული ტყავის პორტფელით, სოროსი სკოლის მასწავლებელს უფრო ჰგავდა, ვიდრე მილიარდერს. ამიტომ იყო, რომ პრინცის დაცვამ კარგა ხანს დააყოვნა კარებთან, სანამ არ გაირკვა, რომ მათ წინაშე მართლა მილიარდერი იდგა. „მე ფუფუნების წინააღმდეგი ვარ”, – აცხადებს ჯორჯ სოროსი და ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა.
უნდა ითქვას, რომ ჯორჯ სოროსის არცთუ ყველა კაპიტალდაბანდება იყო მომგებიანი. 1998 წელს მან რუსულ „სვიაზინვესტში” 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. იმ წელს კი რუსეთში დეფოლტი მოხდა, რამაც სოროსს მილიარდები დააკარგვინა. გარდა ამისა, მისმა ინვესტიციებმა რიგ ინტერნეტ-კომპანიებში განიცადა კრახი, ხოლო ევროპის ახალ ვალუტაზე – ევროზე გათვლამ, რომლის კურსის გაზრდასაც იმედოვნებდა სოროსი, სრული მარცხი განიცადა. ამით კი ერთ დროს დაუმარცხებელმა საბირჟო „გენიამ” – ჯორჯ სოროსმა 2000 წელს ხუთი მილიარდი დოლარი დაკარგა.
ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა ჯორჯ სოროსის ფინანსური გენია და ერთ დროს ინვესტიციების მეფე, ჩვეულებრივ უოლ-სტრიტელ საქმოსნად იქცა, რომელსაც ხელი უკანკალებდა. იმის ნაცვლად, რომ ჯორჯს ეს მძიმე პერიოდი ოჯახთან ერთად გაეტარებინა, მან სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ 70-ს გადაცილებულმა მილიარდერმა, რომანი გააბა იორდანიის ყოფილ დედოფალთან, პრინცესა რუნთან. რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, ჯორჯის შვილებს საბოლოოდ ეთქვათ უარი მამაზე, მისმა მეუღლემ კი, ნანატრი განქორწინება მიიღო. ამჟამად სოროსის საქმეებს მისი შვილები უძღვებიან პირველი ქორწინებიდან. თავად ჯორჯი კი მარტოობაში ატარებს დროს თავის პენტჰაუსში მანჰეტენზე. ხანდახან პრესაში ვრცელდება ცნობა სოროსის რომანების შესახებ. მის რჩეულთა სიაში არიან: სიმპათიური ამერიკელი ვიოლონჩელისტი ჯენიფერ ჩუნი და „მის რუსეთი 1998” – ანა მალოვა, რომელსაც დაშორების შემდეგ ნიუ-იორკში მდებარე ვილა აჩუქა. ბოლო დროს პრესაში ჯორჯს უფრო ხშირად გადაბერებულ იდიოტად უფრო მოიხსენიებენ, ვიდრე ინვესტიციების მეფედ.
P.S. ერთხელ ჯორჯ სოროსს ჰკითხეს, რას იზამდა, თუკი მთელ თავის ქონებას ერთ დღეში დაკარგავდა. სოროსმა ისე, რომ არც დაფიქრებულა უპასუხა – გავიცინებ.

скачать dle 11.3