ფულდაზოგილად გაკაჟებულები
ანუ ყველანი ველოსიპედებზე!
რაკი ქუთაისის მეორე ცენტრად გადაქცევის დიადი მიზანი დაგვისახავს, ბუნებრივია, მას, გარდა იმ პატივისა, რასაც ქართველ პარლამენტართა გადაბარგება ჰქვია, სხვა ატრიბუტებიც სჭირდება. ჰოდა, რაკი სჭირდება, გასულ კვირას პირველი პირი ქუთაისს ეწვია და საკუთარი თვალით შეაფასა როგორც საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესი, ისე საკუთარი ორთავ ხელით გახსნა ქუთაისის ახალი, 6-კილომეტრიანი ველოტრასა. მას არც იმერეთის გუბერნატორი ჩამორჩა და ველოსიპედზე ამხედრებულმა პირობაც კი დადო, რომ ეს ორფეხა ტრანსპორტი ამიერიდან მისი ჩინოვნიკური ცხოვრების „თანამდევი სული გახდება“ (ჩვენც, აბა, სხვა რა გზა გვაქვს, ვუთვალთვალოთ, როგორ აქცევს ბ-ნი მაქაცარია სიტყვას საქმედ).
თუმცა, განა მხოლოდ ველოტრასა და პარლამენტის შენობა, ქუთაისის ცენტრში ტროტუარებიც მოეწყო და პალმებიც გაშენდა. თანაც, პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ასეთივენი მალე თბილისშიც მოეწყობა, სამეგრელოშიც და კახეთშიც. რატომ? იმიტომ რომ „ველოსიპედი არის ევროპული ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ მეტიც, მერებს, გუბერნატორებსა და ცნობილ ადამიანებს (რაკი არ დაუკონკრეტებია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცნობილ ადამიანებში, მაგალითად, ნინა წკრიალაშვილსაც იგულისხმებდა და, რა თქმა უნდა, სოფო ნიჟარაძესაც) ველოსიპედებზე გადასხდომისკენაც მოუწოდა.
ჩვენ, ბუნებრივია, გვეეჭვება, ჩვენებურმა სახმოხელეებმა თავიანთი (ბიუჯეტის ხარჯით შეძენილი) მრავალნულიანი ფასის მქონე ავტოები ველოსიპედებზე გადაცვალონ, ან, მაინცდამაინც, ჩვენი მოსახლეობა მიეძალოს ევროპული ცხოვრების წესთან მხოლოდ ველოსიპედებით მიახლებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მგზავრობა ლამის ფუფუნებად იქცა, ველოსიპედებზე გადასხდომა არ უნდა იყოს რაციონალურობას მოკლებული გადაწყვეტილება: ფულიც დაიზოგებოდა და ჯანმრთელობაც გაკაჟდებოდა!