ძალოვანები – მერხებში
„აქედანა და შენამდე“
განათლების რეფორმა კვლავაც ძალუმი გაფურჩქვნის ფაზაშია (მეტიც, უკვე ისე გადაიფურჩქნა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასაც კი შეუყენა წყალი), თუმცა მიდგომები მეტ-ნაკლებად მაინც შეიცვალა (ამ შემთხვევაში, მოზარდთა მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მაქვს მხედველობაში). მართალია, შს მინისტრმა ჩვენებურ პედაგოგებს ეპისტოლარულად სთხოვა ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეების დამორჩილების საქმეში თანადგომა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია (ან, შესაძლოა, მოჰყვა და ჩვენ, უბრალოდ, ამის შესახებ არაფერი ვუწყით). მეორე მხრივ, ამ უშედეგობის მიზეზი ისიც შეიძლება, იყოს, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა, მაგალითად, მაშინ 14 წლის ზერეკიძის მშობელს ძვირად დაუჯდა (ამ უკანასკნელმა თავისი ძნელად აღსაზრდელი ვაჟი საკუთარი ხელით მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში მასზე აღმზრდელობითი ზეწოლისა და მომავალში დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, პასუხად კი პატიმრობა მიიღო). ოღონდ, ისიცაა, ეს მაშინ იყო, როდესაც 12 წელზე უფროსი ასაკის სულიერი (განურჩევლად სქესისა, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა) მხოლოდ ნულოვანი ტოლერანტობის ნიშნით ფასდებოდა; ახლა კი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებს უშუალოდ მაღალჩინოსანი ძალოვანები ესაუბრებიან. სწორედ ამ ეგიდით თბილისის მთავარი პროკურორი, ბ-ნი საყვარელიძე, ამას წინათ, თბილისის მე-40 საჯარო სკოლაში შეხვდა მოსწავლეებს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, აქვს თუ არა თბილისის მთავარ პროკურორს აღმზრდელობითი ნიჭი და დარწმუნების უნარი (თუმცა თავად ბ-ნი საყვარელიძე მეტად კმაყოფილი ჩანდა გაწეული მუშაობით), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ის, სულ რაღაც 1981 წელსაა დაბადებული (ანუ ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და, შესაბამისად, 10-იოდე წლითაა უფროსი მეთორმეტეკლასელებზე), თუ დანაშაულის პრევენციას ვერ შეუწყობს ხელს, ასეთი გასვლების მიზანი იმის დემონსტრირებაც შეიძლება, იყოს, რომ სკოლის მერხიდან პროკურორობამდე ხელის ერთი გაწვდენაა (და, თუ კარგად მოიქცევი, პროკურორის სკამზეც გადაჯდები).