ვისთვის – მოქნილი…
ორმაგი სიამოვნება
მართალია, ევროკავშირს არ მოსწონს (მეტისმეტად კაბალური და არაადამიანურიაო), მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენს პრემიერ-მინისტრს მოსწონს (მოქნილი და ინვესტორისთვის მიმზიდველიაო). ხოლო, რაკი ამ უკანასკნელს მოსწონს, ბუნებრივია, რომ „საქართველოს შრომის კოდექსს“ ვერაფერი შეცვლის (სულაც რომ მგლებად გადაგვაგვაროს). ჰოდა, რაკი ვეღარ შეცვლის, დაქირავებულებიც ბედის ანაბარა იქნებიან. მით უფრო, რომ თავად მათაც პირში წყალი ჩაუგუბებიათ (იმ წყლისგან პირს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ითავისუფლებენ). თუმცა, რადგან სწორება (თუ პრემიერ-მინისტრს ვერწმუნებით) ინვესტორზე მორგებასა და მისთვის სიამოვნების მინიჭებაზე აგვიღია, ვფიქრობ, პარიზული ნოვაცია ჩვენი ეკონომიკისთვის მისწრებაა: თუკი კორეელები ქარხნის მუშების რობოტებით ჩანაცვლებას აპირებენ (ხელფასის დაზოგვის მიზნით), პარიზის აეროპორტ „ორლიში“ ჰოლოგრამირებული თანამშრომლები გამოჩნდებიან (ჩვენთვის ეს ვარიანტი უფრო ხელსაყრელია, რადგან რობოტი მაინც რობოტია, ჰოლოგრამა კი უფრო მომხიბვლელია). ჯერჯერობით ჰოლოგრამები სასტარტო რეჟიმში იმუშავებენ, თუმცა სამომავლოდ აეროპორტის მუდმივ და კომფორტულ თანამშრომლებადაც იქცევიან: არც ავადმყოფობა შეაწუხებთ, არც ცუდ ხასიათზე დადგებიან და არც ხელფასის მომატებასა და სოციალურ გარანტიებს მოითხოვენ (რა თქმა უნდა, ვერც საპენსიო ასაკს გააპროტესტებენ!); რაც მთავარია: „საქართველოს შრომის კოდექსიც“ სავსებით დააკმაყოფილებთ. ჩვენ არ ვიცით, მიიქცევს თუ არა ბ-ნი გილაურის ყურადღებას ეს ფრანგული ნოვაცია, თუმცა, ის კი ვიცით, თუ მიიქცია, ინვესტორები მოქნილობითაც მოიზიდებიან და ორმაგად ნასიამოვნებიც დარჩებიან.