„ყვავილების“ სიმცირე
ანუ „ნეთბუქებით“ ხელში
თუმცა ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ არის ავტორი დევიზ-შეგონებისა – „ბავშვები ჩვენი ყვავილებია“, – უდავოა, რომ მისი მიმდევარია. ხოლო, რაკი, ჯერ ერთი, მიმდევარია; მეორეც, ისინი მართლაც ყვავილები არიან, ახალი სასწავლო წლისთვის მშობელი სამინისტროსგან არაერთი სიახლე ელით: განახლებული სკოლებით დაწყებული და მაქსიმუმ 10-ლარიანი სახელმძღვანელოების სახლში მიტანით დამთავრებული. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელი ნოვაციით განსაკუთრებით მოხიბლულებმა, ფოსტის ხელმძღვანელმა და განათლების მინისტრმა, თავადვე შეითავსეს (და მერე რა, რომ კამერებში მოსახვედრად?!) კურიერის ფუნქცია: საკუთარი ხელით მიუტანეს ერთ-ერთ ოჯახს ინტერნეტით გამოწერილი სახელმძღვანელოები (ჩემთვის რთული სათქმელია, რა გვაჩვენეს ამით, თუმცა შენ გაუგებ ჩინოვნიკთა ფიარ-ხელოვნებას?!).
ამის პარალელურად კი, გაირკვა, რომ დუშეთის რაიონის ორ სოფელში, აგრეთვე, ყაზბეგის რაიონის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლებში წელს პირველი კლასები არ გაიხსნება (ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სკოლები დაიხურება), იმ მარტივი (მე ვიტყოდი, ტრაგიკული) მიზეზით, რომ „ამ სოფლებში სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ არის.“ თიანეთის რაიონის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლის პირველ კლასში კი წელს მხოლოდ ერთი მოსწავლე ისწავლის.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველკლასელთა სტატისტიკა კი შემდეგნაირია: 2011/2012 სასწავლო წელს პირველ კლასში 1 015 მოსწავლე ისწავლის. კერძოდ: მცხეთის მუნიციპალიტეტში – 596; დუშეთის მუნიციპალიტეტში – 297, თიანეთის მუნიციპალიტეტში – 89, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 33.
მეორე მხრივ, რეგიონის ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, ისევე, როგორც ყველა პირველკლასელი (ბუნებრივია, სადაც დარჩა) „ნეთბუკებით“. ოღონდ აშკარაა, თუ დემოგარფიული პოლიტიკა არ შევაშველეთ, ცოტაც და „ნეთბუქების“ მიმღებები აღარ შეგვრჩება.