ეროტიკული საგადასახადო პოლიტიკა
ანუ ჩვენთან, სანაპიროზე
რაკი მსოფლიო ეკონომიკა კვლავაც შეჭირვებულია (კრიზისის პირველ ტალღას ხეირინად არც ჩაევლო, მეორე რომ წამოეწია), გერმანიის ქალაქ ბონის ხელმძღვანელობამ ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების კრეატიული წყარო გამოიგონა (ამ გზით, ისინი ბიუჯეტის 300 000 ევროთი გამდიდრებას აპირებენ (თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი, თბილისის ბიუჯეტი ამაზე ნაკლებია, ქალაქ ბონის ხელისუფლება, წესით, შავი დედალივით უნდა გაკეთდეს). კერძოდ, ახალი – „ეროტიკული გადასახადი“ წესდება, რომლის გადახდის ტვირთიც პროსტიტუტებს დააწვებათ. ამ მიზნით, ბონის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც ნებადართულია პროსტიტუცია, უკვე დამონტაჟდა სპეციალური ავტომატი. ადგილობრივ პუტანებს, მიუხედავად ღამის განმავლობაში კლიენტთა რაოდენობისა, ხსენებული აპარატისთვის ყოველ ღამე 6 ევროს გადახდა მოუწევთ, რის სანაცვლოდაც ტალონს მიიღებენ, რაც მათ ეროტიკულ თავგადასავალს საღამოს 9-ის 15 წუთიდან დილის 6 საათამდე სავსებით ოფიციალურ სახეს მისცემს. ისიც უნდა ითქვას, რომ, ჯერ ერთი, ბონი სახელდობრ ამ ნოვაციის პიონერიცაა და ეს ბონის ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტის შესავსები ერთადერთი კრეატიული გადაწყვეტილება არ არის: 2011 წლის დასაწყისიდან იქ უკვე დაწესდა გადასახადი ბორდელებისთვის, ეროტიკული ცენტრებისა და საუნა-კლუბებისთვის, რა თქმა უნდა, ეროტიკული მომსახურებისთვის (თორემ, საუნაში ოფლის მოდენა, ოღონდ ოდენ მაღალი ტემპერატურის დახმარებით, კვლავაც თავისუფალია გადასახადისგან).
თუკი ბონელ პუტანას ზემოხსენებული ტალონი არ ექნება, მას საგადასახადო ინსპექტორი პირველ ჯერზე დააჯარიმებს, რეციდივის შემთხვევაში კი, შესაძლოა, საერთოდაც, აეკრძალოს სექსუალური მომსახურების გაწევა. თუმცა, ბონელ ექსპერტებს (ამ საქმის ექსპერტებს, ბუნებრივია) ღრმად სწამთ, რომ ბონელ პუტანებს გადასახადის გადახდა არ გაუჭირდებათ („პროსტიტუტების ნიხრი 30-50 ევროა. ისინი კი ღამის განმავლობაში, მინიმუმ, ორ კლიენტს ემსახურებიან“).
იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენში პროსტიტუცია არც ლეგალურია და არც არალეგალური (კანონმდებლობა ამ საჩოთირო თემაზე დუმილს ამჯობინებს), ცხადია, რომ ჩვენი საგადასახადო ორგანოები ჩვენს სისხლსა და ხორც პუტანებს ალმაცერად ბუზსაც ვერ აუფრენენ, ხოლო, რაკი გერმანია ჩვენს პარტნიორთა შორის ერთ-ერთი გულითადია, იქნებ ბონელი პროსტიტუტები ჩვენს სანაპიროზე მოგვეპატიჟებინა: არც საგადასახადო წნეხი შეაწუხებდათ და ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი ევროპული შტრიხიც გაჩნდებოდა?!