კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ათანხმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში როსტოს და და რას აკეთებს ის „რაშა თუდეიზე“

მართალია, საქართველოში ლევან როსტოშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, მაგრამ ცოტამ თუ იცის თუ ვინ არის მისი და – ნატო როსტოშვილი. ჩვენთვის ეს ადამიანი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ნატო მოსკოვში ცხოვრობს, ყველა ჟურნალისტისთვის საოცნებო – „რაშა თუდეიში” მუშაობს და თუკი ვინმე მის გარშემოა, ცდილობს, ყველას საქართველო შეაყვაროს.

ნატო როსტოშვილი: პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. მეცხრე კლასიდან ჩავაბარე საყმაწვილო სტუდიაში, სასწავლო-სატელევიზიო ცენტრი დაერქვა მოგვიანებით. სამი წელი იქ ვსწავლობდი და შემდეგ უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სატელევიზიო ჟურნალისტიკის განხრით. იქ სწავლის მეოთხე, ბოლო წელს გავიმარჯვე კონკურსში, რომელსაც ყოველწლიურად, ჟურნალისტური კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია ატარებდა. კონკურსის მოგების შემთხვევაში, სტუდენტი მიდიოდა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ემგეუში”, მესამე კურსზე ჯდებოდა პირდაპირ. მოკლედ, გავიმარჯვე და იმ წელს ის ერთი სტუდენტი მე აღმოვჩნდი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და ვფიქრობდი მოსკოვში სწავლაზე, მაგრამ ასე უცებ თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა. საკმაოდ რთული იყო აქ მოხვედრა. ევროპასა და ამერიკაში წასვლა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე აქ ჩამოსვლა. „ემგეუს” არ აქვს ერთწლიანი, ექვსთვიანი პროგრამები. ან უნდა ჩააბარო და ხუთი წელი ისწავლო, ან მაგისტრატურა გაიარო.
– რუსული ტიპის განათლება ერთ-ერთი საუკეთესოა.
– გეთანხმები. ბევრი შესაძლებლობა იყო ევროპაში ან ამერიკაში წასვლის მცირე ხნით, „სქოლარშიპის” გაკეთება შეიძლებოდა სკოლის პერიოდში, მაგრამ ყოველთვის აქ მინდოდა წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება ამ ქალაქთან არ მქონია. არასდროს მიცხოვრია აქ. ჩამოვედი და ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა – იმ წუთში ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ქალაქი იყო. მეგონა, თითქოს აქ გავიზარდე, ვიცხოვრე... ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცამ განსაკუთრებულმა განაპირობა, ადამიანებმა, დამოკიდებულებებმა... თავისთავად მოხდა. იმდენად მოხიბლული ვიყავი, რომ პირველივე თვეს მოვიარე მთელი მოსკოვის გამოფენები, ქუჩები, მაღაზიები... დილიდან საღამომდე სულ დავდიოდი.
– რითაა მანდ სწავლა ასეთი განსაკუთრებული?
– ვერ ვიტყვი, რომ აქაური განათლება დიდად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც თბილისში ვსწავლობდი. აქაც ძალიან დიდი ყურადღება ერთმობა თეორიულ ცოდნას, ბაზას, ზოგად განათლებას, მაგრამ აქ, უბრალოდ, მასშტაბია ძალიან დიდი. გაცილებით დიდი სივრცე და საშუალებები გაქვს იმისთვის, ბევრი შეისრუტო და აიღო. პროფესიონალები უფრო მაგრები კი არა, მეტნი არიან, შესაბამისად, დიდი არჩევანი გაქვს იმისა, რა გინდა, აკეთო. თუმცა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც მოცულობით ჩვენი უნივერსიტეტის ხელაა, ევროპული და ამერიკული განათლების სტილიც იყო შემოჭრილი. ძალიან გამიმართლა და მოვხვდი ანა კაჩკაევას ჯგუფში, რომელიც უდიდესი პროფესიონალია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აქ. მთელი სწავლის განმავლობაში, ერთი ჯგუფი ერთ პედაგოგს მიჰყავს. ეს არის საოცრად აქტიური, ჭკვიანი, კვალიფიციური ჟურნალისტი. ის ახალი მოწვეული იყო უნივერსიტეტში და პირველი ჯგუფი, რომელიც აიყვანა, ჩვენი იყო. მას თავისი მეგობრები მოჰყავდა, რომლებიც ჩაბმულები იყვნენ სასწავლო პროცესში. ხშირად მოდიოდა პარფიონოვი, ასევე ისინი, რომლებიც მის გადაცემას აკეთებდნენ. უამრავი მოქმედი ჟურნალისტი მოდიოდა, რომლებიც დღესაც სატელევიზიო ამინდს ქმნიან. არასდროს დამავიწყდება, ვადიმ ტაკმინიოვი, „ენტევეს” ცნობილი ჟურნალისტი. ექვს თვეში ხატვით გვასწავლა, როგორ კეთდება სპეციალური რეპორტაჟი. მხეცია სპეცრეპორტაჟების. რეჟისორი პაველ ბარდინი გვასწავლიდა, როგორ უნდა გადაგვეღო სერიალი. გვყავდა მურატოვი, რომელიც გვასწავლიდა, რა არის კინო ტელევიზიაში. აქ არის სუფთა რუსული სკოლა. ტაკმინიოვი ახალგაზრდაა, ჩვენზე ცოტა დიდი იყო. ტელეფონზე ნინო ქათამაძის სიმღერა ჰქონდა ზარად დაყენებული და ჩემნაირი „კონვერსები” ეცვა. ერთხელ ლექციაზე შევდივარ და ვხედავ, ზუსტად ჩემნაირი კედები აცვია. თან, ერთი ფერის კი არა, რაღაც უცნაურ ნახატებში. შემომხედა, გაეცინა და ამბობს: ქართველები ყოველთვის გამოირჩოდნენ კარგი გემოვნებით. (იცინის).
– „რაშა თუდეიში” როგორ აღმოჩნდი?
– პრაქტიკების დროს, თვითონ ირჩევ ადგილს ან ხელმძღვანელს და ეკითხები, სად ჯობია, რომ წახვიდე. „რაშა თუდეი” ახალი გახსნილი იყო და ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, რასკინიმ, რომელიც ძალიან მიყვარს, მითხრა, ნატო, შენ უნდა წახვიდე „რაშა თუდეიზეო”. (იცინის). არადა, მაშინ „ენტევეს” ბუმი იყო, სადაც წასვლა ძალიან მარტივად შეგვეძლო. მაგრამ, ავირჩიე „რაშა თუდეი” და დავიწყე პრაქტიკები. მახსოვს, როგორ გავიდა პირველად ჩემი მომზადებული სიუჟეტი, ჩემივე სტენდაფით ინგლისურ ენაზე. დღესაც ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხდა ეს. ბიზნესნიუსში რაღაც სიუჟეტი გავაკეთე, რომელიც უფროსს ძალიან მოეწონა და გავუშვებთო. მთელი ჩემი სამეგობრო იჯდა და ერთად ვუყურებდით სიუჟეტს, ისეთი კივილ-წივილი ატყდა, ექვსჯერ გადავახვიეთ (იცინის).
– პრაქტიკების მერე დაგტოვეს?
– დიდხანს ვიარე პრაქტიკებზე. სანამ სწავლას არ მოვრჩებოდი, მუშაობის დაწყების უფლება არ მქონდა. ივლისში უნივერსიტეტი დავამთავრე და წამოვედი თბილისში. თან, ვიცოდი და თან არა – უკან დავბრუნდებოდი თუ რას ვიზამდი. სექტემბერში ჩავედი მოსკოვში, შევედი უფროსთან, რომელმაც შემომთავაზა სამ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა. აქედან ერთ-ერთს, დოკუმენტური ფილმების პროდიუსერობას დავთანხმდი. ვაკეთებთ დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც რაღაც შუალედურია სპეცრეპორტაჟსა და ფილმს შორის. სულ ვმუშაობთ – როგორც გადაცემა, ისე გადის ოცდაექვსწუთიანი ფილმები, რომელსაც ჰქვია „იქსელ რიპორტს”. ვიღებთ ფილმებს ყველაფერზე, როგორც აქტუალურ მოვლენებზე, ისე ხალოვნებაზე, გარემოსა და სხვა.
– რა გევალება შენ?
– ყველას და ყველაფრის მოძებნა, შეთანხმება, კურირება, თან მარტო ამ ქალაქში კი არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით... სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე, თემა არასდროს მეორდება და სულ აღმოჩენებში ვარ, არასდროს მბეზრდება. ვიყავი ყაზახეთში, ბაიკანურში, იმ ადგილას, საიდანაც რაკეტას უშვებენ. ვნახე და გადავიღეთ ეს ყველაფერი. ვიყავი შვეიცარიაში, სადაც ვიღებდით შავი ხვრელის ამბებს. შვეიცარიას და საფრანგეთს შორის არის პატარა ქალაქი ცერნი, სადაც ინტერნეტი შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ სწორედ დიდ ანდრონულ კოლაიდერში წარმოქმნილი შავი ხვრელები, სამყაროს დასასრულს გამოიწვევს. მოკლედ, ამ კოლაიდერის გადასაღებად ვიყავი ჩასული. შარშან ვიყავი პერმში, იმ ადგილას, სადაც კლუბი დაიწვა. უმძიმესი, ურთულესი მივლინება მქონდა. წარმოიდგინე, მინუს ორმოცდახუთ გრადუს სიცივეში, ოცდაექვსწუთიანი ფილმისთვის მასალა უნდა მომეგროვებინა ქალაქში, სადაც ასორმოცდაათი ახალგაზრდა კლუბში დაიწვა. საშინელება იყო. ახლა, მაგალითად, ვაკეთებთ ფილმს პირადულობაზე ინტერნეტში და ვცდილობ, „გუგლიდან” ან „ფეისბუქიდან” ვინმე დავითანხმო (იცინის). იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე მიწევს მუშაობა. საერთოდ, ეს გარემო, არხი, რომელიც ჩემთვის საოცრად მშობლიურია, რეალურად მართლა საოცნებო ადგილია ნებისმიერი ჟურნალისტისთვის. სხვებთან შედარებით, მართალია, მშვიდად ვმუშაობ და კვირაში ორი ფრენა არ მაქვს ინტერვიუებზე, სამაგიეროდ, ნიუსებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ფიქრი და მუშაობა მიწევს არა ერთწუთიანი, არამედ ვრცელი ინტერვიუსთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გმირი ინტერვიუზე დამთანხმდეს, სახლში შემიშვას, ჩემთან ერთად გაისეირნოს, მომიყვეს, ხელი მოკიდოს, მაჩვენოს... ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ აზარტული და საინტერესო.
– სტატუსს – როსტოს და, უკვე შეეგუე? ვიცი, რომ მთელი ცხოვრება პირიქით, ლევანი იყო ნატოს ძმა.
– (იცინის) როსტოს და – ნატო გავხდი, რაც ცოტა მეუცნაურება. მანდ რომ არ ვარ, ვერ ვხვდები, თუ ასეთი პოპულარულია. ჩვენ შორის ორწელიწად-ნახევარია სხვაობა და პრაქტიკულად, ერთად გავიზარდეთ. სულ ერთად ვიყავით. „რია ნოვოსტიში” შარშან კონფერენცია იყო, ლანჩი გვქონდა და ჩემმა კოლეგამ მითხრა, ქართველები მოვიდნენო. გავიქეცი, გამოვეცნაურე. არ არსებობს, ქართველი დავინახო და არ გავეკიდო (იცინის). რომ გაიგო ჩემი გვარი, მეუბნება, შენ როსტოსი ვინ ხარო. გავგიჟდი, სიცილი ამიტყდა. რომ გაიგეს „როსტომის” და ვიყავი, გაგიჟდნენ. ისე, მე კი არა, მგონი, ჩემი ძმაც ვერ აღიქვამს ნორმალურად თავის მდგომარეობას. არა, ძალიან მიხარია, თუ მართლა ყველას ისე უყვარს, როგორც მესმის და როგორც ჩემი მეგობრები მიყვებიან...
– რამდენი ისწავლე, იშრომე, ის კი დაჯდა ლეპტოპთან და ერთ თვეში გახდა პოპულარული...
– აბა?! ორი ინსტიტუტი, ამდენი შრომა... რაღაცისთვის რომ მიმეღწია და უცებ როსტოს და... (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია მისი წარმატება. ოღონდ, ის ჩემთვის მაინც არ იზრდება, გიჟივით ვნერვიულობ ყველაფერზე. მშვიდად ვარ იმ დროს, თუ ძილის წინ, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა დამირეკავენ და მეტყვიან, მორჩა, ვიძინებთო. კონტროლი კი არ არის ეს, მთავარია, ვიცოდე, რომ კარგად არიან. ალოს, რომ ვიგებ, უკვე კარგად ვარ. თბილისში ცხოვრების დროსაც ასე იყო. ერთმანეთს ყოველთვის ვეუბნებით – სად ვართ, ყველაფერი გამჭვირვალეა. მათ კიდევ ჩემი საყვარელი ძმისშვილი – სანდრო მიემატა. ევროპაში ჩემი მაღაზიებში სიარული იწყებოდა და მთავრდებოდა იმით, ეს ლევანს მოუხდება, ის ლევანს მოუხდება და ახლა იმავე დოზით, ბავშვის ტანსაცმელს დავეძებ (იცინის). ისეთი სისწრაფით იზრდება, ვეღარ ვხვდები, რა ზომის ტანსაცმელი ვიყიდო.
– ნატო, გათხოვილი ხარ?
– არა. ძალიან მიყვარს ერთი ადამიანი, მაგრამ, მირჩევნია ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრო.
– თბილისში როდის ჩამოდიხარ?
– ქრონიკულად თბილისში ჩამოსვლა მინდა. თან, ჩამოსვლაზე ბევრი მეგობრით მოვდივარ. მინდა, ყველას შევაყვარო ჩვენი ქალაქი. ერთი ჩემი ჯგუფელი თბილისში გათხოვდა კიდეც (იცინის). ალბათ, სექტემბერში შევძლებ, ბევრი მეგობრით ჩამოსვლას.

скачать dle 11.3