სასიკვდილო გამოცდა და სასწაულებრივად გადარჩენილი ტყუპისცალი
შეშინება
პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.
ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ – ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.
თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.
– ნახე, როგორ შევაშინო, – მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, – დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.
– თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, – ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.
– რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! – იწყინა ლოსევმა, – განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?
ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.
სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა... მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.
მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.
მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა.
ნათლობა
როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.
სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.
შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს...
პოდპოლკოვნიკ ომარ ნემსაძის
ნაამბობის მიხედვით მოამზადა