კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ცოლმა ქმარი, რომელიც ძალიან უყვარდა

ცოლმა ქმარი მოკლა! სამი შვილის დედას, 36 წლის ნინო ფ-ს, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. განსასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, კვალიფიკაცია შეეცვალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მკვლელობის მომენტში ქალი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იყო, რაც ქმრის პროვოცირებით იყო გამოწვეული და საბოლოოდ სულ რაღაც ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისელ ნინო ფ-სა და სოფელში მცხოვრებ რეზო ქ-ს ერთმანეთი ბავშვობიდან მოსწონდათ. მათი სიყვარული ქორწინებით უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ, ასე არ მოხდა, რადგან გოგონას მშობლები შვილის სოფელში გათხოვების წინააღმდეგები იყვნენ. ამიტომ, შესაფერისი დრო შეარჩიეს, შვილზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინეს და ის მათთვის სასურველ სასიძოზე გაათხოვეს. თუმცა, მანამდე თავად შეყვარებულებმა იჩხუბეს, რამაც მათ დაშორებას შეუწყო ხელი. მიზეზი კი სადედამთილოს მხრიდან მომავალი სარძლოს დაწუნება გახდა – გოგონას პირდაპირ უთხრა, ჩემი შვილის შესაფერისი არ ხარ, ჩვენს ოჯახს ქალაქელი რძალი არ გამოადგება და, ჯობია, თავი დაგვანებოო.
ასეა თუ ისე, ნონო გათხოვდა. რაღაც პერიოდის შემდეგ რეზომაც ცოლი მოიყვანა, მაგრამ მასთან რამდენიმე თვეში განქორწინდა. რაც შეეხება ნინოს, მას გოგონა შეეძინა, მაგრამ, ოჯახს მაინც ვერ შეეწყო და მისი ქორწინებაც უიღბლოდ დასრულდა. ამ ამბით კი ყველაზე მეტად რეზომ გაიხარა. ყოფილი შეყვარებულები ჯერ საყვარლები გახდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, მას შემდეგ რაც ნინო დაორსულდა, დაქორწინდნენ და ერთობლივი ცხოვრება რეზოს სახლში დაიწყეს. ამ ამბავს კი რეზოს დედა შეეწირა – შვილსაც და რძალსაც დაუპირისპირდა და მათგან განცალკევებულად ცხოვრობდა. მოგვიანებით ის გულით დაავადდა და მათი დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა...
დედამთილის გარდაცვალების შემდეგ ნინომ თბილისში სამსახური მიატოვა და, რადგან მესამე შვილსაც ელოდებოდა, საყვარელ ქმართან ერთად სოფელში საბოლოოდ დასახლდა. რეზო ქ. პირველ წლებში ნორმალურად იქცეოდა, ნინოს მოყოლილ შვილს საკუთარი შვილებისგან არ არჩევდა, მაგრამ, ბოლო პერიოდში სმა დაიწყო და ყოველდღიური ლოთობის გამო ცოლის მიმართაც შეიცვალა – ეჩხუბებოდა, ლანძღავდა და მოკვლით ემუქრებოდა, ბოლოს კი ცემაც დაუწყო. ასეთ აყალმაყალში ნინომ წელიწადზე მეტი გაატარა, მაგრამ, ვეღარ გაუძლო, ქმარი დატოვა და თბილისში, ისევ მშობლებთან გადაბარგდა. მან იქ მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა, რადგან რეზო ქ. გონს მოეგო, სიდედრ-სიმამრის სახლში მუდარით მივიდა და პირობა დადო, რომ წვეთს აღარ დალევდა. ნინოს ისევ უყვარდა ქმარი და სახლში დაბრუნდა, მაგრამ რეზომ პირობა დაახლოებით ექვსთვიანი იდილიის შემდეგ დაარღვია – ისევ სმა დაიწყო და ცოლს კვლავ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
25 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე რეზო ქ. სახლში მთვრალი დაბრუნდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თავდაპირველად უკმაყოფილება ცოლის მიერ მომზადებულ სადილზე გამოთქვა. გარდა ამისა, არ მოეწონა, რომ ნინოს უფროსი შვილი ტელეფონის ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მან ბავშვს ტელეფონი გამოჰგლიჯა. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა. შემდეგ კი, ქმარი საწოლზე დაჯდა და ცოლს ყველა მის მიეს ნაჩუქარი ოქროს სამკაულის მიტანა უბრძანა. ქმარი რომ დაწყნარებულიყო, ცოლმა არა მხოლოდ მის მიერ მიცემული, არამედ საკუთარი ოქროულობაც მიუტანა, მაგრამ რეზო ქ. ედავებოდა, რომ სამკაულებს დედამისის ნაქონი ერთი ბეჭედი აკლდა. ამასთან, ოქრო წონაში ცოტა იყო და ასე შემდეგ.
ვინაიდან ნინო ფ. კონფლიქტის გარდაუვლობაში დარწმუნდა, შვილებს უთხრა, მეზობელთან წასულიყვნენ. ბავშვების წასვლის შემდეგ კი ცოლ-ქმრის ჩხუბი გამძაფრდა. ქმარი ცოლს აიძულებდა, შვილებიანად წასულიყო სახლიდან, მაგრამ ვერაფერს წაიღებდა, რადგან ფულის შოვნა არ გაუჭირდებოდა – საყვარლები მისცემდნენ. ნინო ქმარს ამშვიდებდა, სთხოვდა, დაეძინა, მაგრამ ქმარი ჩხუბს განაგრძობდა და ემუქრებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მოძებნიდა და ცხოვრებას გაუმწარებდა. შემდეგ მან ჯერ ღუმელთან დაგდებული ძელი, მერე კი დანა აიღო და ცოლს მოკვლით დაემუქრა.
მსგავს ძალადობასა და შეურაცხყოფას ნინო მეუღლისგან თითქმის ყოველდღე იტანდა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობიდან გამოვიდა და ქმარს ჯერ ძელით, შემდეგ კი დანით, სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა... ჭრილობების შედეგად რეზო ქ. ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე თავიდან სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. თავად ნინო ფ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობდა, მაგრამ ქმრის განზრახ მკვლელობას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა სპონტანურად მოხდა.
ნინო ფ-ს ჩვენებიდან: „სიმთვრალეში რეზო ყველას მიმართ აგრესიული იყო, განსაკუთრებით ჩემი და ჩემი უფროსი შვილის მიმართ. მაგინებდა, მცემდა. ის თავის შვილებსაც ცუდად ექცეოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, მასთან ცხოვრება აუტანელი იყო. იძულებული გავხდი, მშობლებთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შერიგების თხოვნით მოვიდა, დამპირდა, კარგად მოვიქცევიო და მეც ოჯახი აღარ დავანგრიე, სახლში დავბრუნდი. რამდენიმე თვის შემდეგ კი იგივე დაიწყო. იმ დღესაც სახლში მთვრალი მოვიდა. ჯერ იმაზე მისაყვედურა, კარები ჩაკეტილი რატომ არ გაქვთო. შემდეგ სადილი დაიწუნა და ბავშვს ეჩხუბა, მუსიკებს რატომ უსმენდა. სამკაულები რომ მომთხოვა, ვიცოდი, უარესს გააკეთებდა და ბავშვებს ვანიშნე, სახლიდან წასულიყვნენ. დედამისის ბეჭედი მე არასდროს მქონია, მაგრამ, მაიძულებდა, მეთქვა, რომ გადავმალე. ამაზე ჩხუბს განაგრძობდა, მერე დიდი ძელი აიღო, თავზე დამადგა და რამდენჯერმე მომიქნია. ამის შემდეგ კარი ჩაკეტა, სიგარეტს მოუკიდა და მკითხა, როდის აპირებ სახლიდან წასვლასო. ვთხოვე, თავი დაენებებინა და დაეძინა, მაგრამ, მიპასუხა, სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოგძებნი და არც შენ გაგახარებ და არც შენს პირველ ქმარს, ვიცი, მასთან გინდა წასვლაო; შემდეგ კი დაამატა – პრინციპში, აქ ხარ და აქვე მოგკლავო. დავინახე, დანა აიღო და ჩემკენ წამოვიდა. რომ დავიხარე, საწოლის ქვემოთ მის მიერ დაგდებული ძელი დავინახე, ავიღე და თავში დავარტყი... საწოლზე დაეცა, დანა ავიღე და შემდეგ რა მოვიმოქმედე, აღარ მახსოვს. გონება ისე მქონდა დაბინდული, აზრზე არ ვიყავი, რას ვაკეთებდი ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდი. არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო. მართალია, საწოლზე იწვა, მაგრამ, საბანი გადავაფარე და თოკი გადავუჭირე – მეშინოდა, არ წამომდგარიყო. ბავშვები დაბრუნდნენ და დაიძინეს. მე მხოლოდ დილით მივხვდი, რომ ქმარი მოვკალი”.
ანალოგიური შინაარსის იყო განსასჯელის წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. პოლიციამ, რომელმაც ნინო სახლში დააკავა, შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის იარაღები – ძელი და დანა ამოღო, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობოდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რეზო ქ-ს სიკვდილის მიზეზი საფეთქლისა და თხემის ძვლების მოტეხილობა გახდა, რამაც ქალას ფუძე დააზიანა. მას, ასევე, აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობები გულმკერდის არეში, კიდურებზე, ნაკვეთი ჭრილობები სახისა და თეძოს არეში, რომლებიც დაზიანების მძიმე ხარისხს მიეკუთვნა.
გამოძიებამ მოწმედ დაკითხა ასევე მოკლულის ბიძაშვილი, რომელმაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტური სიტუაცია დაადასტურა.
გარდაცვლილის ბიძაშვილის ჩვენებიდან: „ცოლ-ქმარს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ჩხუბი შემდეგ დაიწყეს. რძალს ვურჩევდი, როგორღაც მოეთმინა, რომ ოჯახი არ დაენგრიათ.
მკვლელობის წინა დღეს ნინოც ვნახე და რეზოც. მეორე დღეს ნინომ ჩვენს ნათესავს სთხოვა, ნივთების ჩალაგებაში დახმარებოდა, რადგან სახლში გამჩერებელი აღარ იყო. ეს საუბარი რომ მოვისმინე, გადავიცვი და ჩემი ბიძაშვილის სახლში მივედი. მაშინ გავიგე, რომ რეზო მკვდარი იყო. მხოლოდ პოლიციის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ის ცოლმა მოკლა. არ უარვყოფ, ისინი ჩხუბობდნენ, მაგრამ, სერიოზული შეხლა-შემოხლა არასდროს ჰქონიათ”.
განსასჯელის შვილის, ანუ გარდაცვლილის გერის ჩვენებიდან: „ფხიზელი მამა დედას არ ეჩხუბებოდა, მაგრამ, მთვრალი მეც მეჩხუბებოდა და მასაც. მე სულ იმას მეუბნებოდა, დედაშენს მარტო შენ უყვარხარო. რაც შეეხება ჩემს პატარა დებს, მათ არ ეჩხუბებოდა, კარგად ექცეოდა, მე კი მცემდა კიდეც. იმ დღეს მუსიკებს ვუსმენდი. სახლში შემოსულმა მამამ ჯერ მე დამიწყო ჩხუბი – რატომ არ გააკეთე არაფერიო, შემდეგ – დედას. ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და დედას ოქროები მოსთხოვა. რომ დაათვალიერა, თქვა, რომ ბეჭედი აკლდა და მისი მოპარვა მე და დედაჩემს დაგვაბრალა. დედამ უთხრა, ჩვენ არ აგვიღიაო. ამის შემდეგ მე და ჩემი დები მეზობელთან წავედით. ჩემი მშობლები ერთმანეთს ვერ უგებდნენ”.
ცოლ-ქმრის გაუთავებელი ჩხუბი მეზობლებმაც დაადასტურეს: „როცა ჩხუბობდნენ, ნინო საშველად გვიხმობდა. ერთხელ ვნახე, როგორ გამეტებით ურტყამდა მუშტებს. ნინომ მითხრა, მოკვლას მიპირებდაო. ბევრჯერ მინახავს ნაცემი. რეზო კი მეტყოდა ხოლმე – ჩემი ცოლია და, რასაც მინდა, იმას ვუზამო”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ.
ჩვენებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო კოლეგიამ საჭიროდ ჩათვალა, განსასჯელისთვის ხელახალი ექსპერტიზა დაენიშნათ იმის გასარკვევად დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა ის ფსიქიკური აფექტის მდგომარეობაში. საბოლოოდ კი დადასტურდა, რომ ნინომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ამიტომ მას ბრალი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დაედო. განაჩენის გამოტანისას, ასევე, გაითვალისწინეს, რომ პატიმარი მცირეწლოვანი შვილების დედაა, ადრე სამართალში ნამყოფი არ არის, დადებითად ხასიათდება და მას მხოლოდ ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

скачать dle 11.3