სიბერის უპირატესობა
– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ამას თავად გავაკეთებდი, – თქვა ჯონ ჰარპერმა, – მაგრამ ასაკთან ერთად, ადამიანი მოქნილობას კარგავს. იმიტომაცაა ცუდი სიბერე, რომ ორგანიზატორი ხდები და პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება გიწევს.
კასლი დუმდა.
– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, – განაგრძო ჰარპერმა, მაგათ თავად დავხოცავდი. დავტენიდი რევოლვერს და სანადიროდ გავიდოდი. სათითაოდ მოვძებნიდი და „მივაბრიდავდი“. ალბათ, ახლა ცოტა უცნაურად გამოვიყურები – ჯონ ჰარპერი, რომელსაც სისხლი სწყურია. ბანკის პრეზიდენტი, ორი კლუბის მფლობელი და სავაჭრო პალატის ყოფილი წევრი და უცებ, ვიღაცეების მოკვლა უნდა.
– ამიტომაც მქირაობთ მე, არა? – უპასუხა კასლმა.
– დიახ გქირაობთ. უფრო ზუსტად ჩვენ გქირაობთ. უკვე ყელში ამოგვივიდა, წყნარი, მშვიდი ქალაქი. ჩვენს თვალწინ ის, ვიღაც მოყვარული ბანდიტების სათარეშო ადგილად იქცა, ხოლო ადგილობრივი პოლიცია კი უძლურია.
ჰარპერმა ბრენდი მოსვა და დაფიქრდა. საჭირო სიტყვებს არჩევდა.
– პროსტიტუცია! – უცებ წამოიძახა მან, – აზარტული თამაშები, „დაკრიშვა”. მაღაზიების მეპატრონეები იძულებული არიან ფული იხადონ იმისთვის, რომ თავისივე მაღაზიის მფლობელად დარჩნენ. ვიღაც ოთხმა კაცუნამ მთელი ქალაქი ხელში ჩაიგდო.
კასლმა თავი დააქნია. მას უკვე გაგონილი ჰქონდა ეს ამბავი, მაგრამ სიტყვაუხვობის გამო, მოხუცზე არ ბრაზობდა. არასოდეს არის ზედმეტი კიდევ ერთხელ შეისწავლო ვითარება და საქმის არსი. იმისთვის, რომ სამუშაო კარგად შეასრულო, საერთო სურათზე წარმოდგენა უნდა გქონდეს. ამიტომაც, მოსაუბრეს ყურადღებით უსმენდა.
– სამწუხაროა, რომ მათ საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით, – აგრძელებდა ჰარპერი, – ამიტომ, გადავწყვიტეთ თქვენი დაქირავება. ასეთი პრეცედენტებიც არსებობს. გაგიგიათ, ალბათ?
– ქალაქების „მშვიდობისმყოფელი” – ჩაიბურტყუნა კასლმა.
– ზუსტად. ველური დასავლეთის მოვლენა. ადამიანი, რომელსაც ფულს უხდიან, ის კი, ამის სანაცვლოდ, ქალაქს ყველანაირი სიბინძურისგან წმენდს. არღვევს კანონს, როდესაც ეს გარდაუვალია; იყენებს პისტოლეტს, პოლიციელის მოწმობის მაგივრად, როდესაც ამ მოწმობისგან არანაირი ხეირი არაა.
– ფულს უხდიან, – ხაზი გაუსვა კასლმა.
– ფულს უხდიან, – ექოსავით გამოეპასუხა ჯონ ჰარპერი, – ამ სამუშაოსთვის ათი ათას დოლარს მიიღებთ. ათი ათასს მიიღებთ იმისთვის, რომ არლინგტონი და მთელი დანარჩენი სამყარო ოთხი კაცუნასგან, ოთხი ავთვისებიანი სიმსივნისგან გაათავისუფლოთ. თქვენც ხომ იცით ისინი: ლუ ბერონი, ჯო მილეინი, ალბერტ ჰოლანდერი და მაიკ როსი.
– მხოლოდ ოთხია მოსაკლავი?
– მხოლოდ ოთხი. მათი მოკვლით მათ ბანდას წელში გავტეხთ. მერე უკვე, წვრილფეხობა თავისით დაიფანტება. ქალაქი ისევ თავისუფლად ამოისუნთქავს. თქვენ არა მარტო მშვენიერ ჰონორარს მიიღებთ, არამედ მთელ კაცობრიობასაც კარგ სამსახურს გაუწევთ.
კასლმა მხრები აიჩეჩა.
– არ ვხუმრობ, – აგრძელებდა ჰარპერი, – მე ვიცი, თქვენ როგორი სახელი გაქვთ. თქვენ უბრალოდ დაქირავებული მკვლელი არ ხართ. თქვენ მეოცე საუკუნის ქალაქების მშვიდობისმყოფელი ხართ და მე პატივს გცემთ ისე, როგორც ვერასდროს ვცემდი პატივს უბრალო დაქირავებულ მკვლელს. პატივს გცემთ იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ და საზოგადოებისთვის სარგებელი მოგაქვთ.
კასლმა სიგარეტს მოუკიდა.
– ჩემი ჰონორარი, – შეახსენა მოსაუბრეს.
– ათი ათასი დოლარი. ფულს წინასწარ გადაგიხდით. ვიცი, ასეთ დროს ჯერ ნახევარს უხდიან და სამუშაოს შესრულების შემდეგ – მეორე ნახევარს, მაგრამ თქვენ ისეთი რეპუტაცია გაქვთ, გენდობით და მთელ ფულს წინასწარ მოგცემთ. ხომ შეიძლება, სამუშაოს შესრულების შემდეგ, იძულებული გახდეთ, არლინგტონი სასწრაფოდ დატოვოთ?
კასლმა კონვერტი აიღო და გულის ჯიბეში ჩააცურა.
– ბერონი, მილეინი, ჰოლანდერი და როსი, – გაიმეორა მოხუცმა, – ოთხი დიდი თევზი. ჩააძაღლეთ ისინი, მისტერ კასლ. ისინი გადამდებ დაავადებასავით არიან, შავი ჭირივით.
კასლმა თავი დააქნია.
– სულ ესაა?
– კი.
საუბარი დასრულებული იყო. კასლი ადგა და კაბინეტიდან გამოვიდა. მას დასახელებული ოთხი ტიპი ნანახი არასდროს ჰყავდა, მაგრამ თითოეულ მათგანს იცნობდა. ისინი წვრილი ბანდიტები იყვნენ, რომლებსაც დიდ ქალაქებში, ჩიკაგოში ან ნიუ-იორკში არავინ გააჭაჭანებდა. მათ იცოდნენ თავიანთი გაქანების საზღვრები და პატარა ქალაქს მოასხდნენ. ნელ-ნელა ქალაქი პირად საკუთრებად აქციეს.
კასლი სასტუმროში მივიდა, ათი ათასი დოლარი ჩემოდანში ჩადო, იქიდან ორმოცდახუთკალიბრიანი პისტოლეტი ამოიღო და იმ ჯიბეში ჩაიცურა, სადაც ცოტა ხნის წინ ფული ედო. გარეთ გამოვიდა და ცენტრალურ ქუჩას გაუყვა. ახლა ის სამსახურში იყო. ოთხი კაცი უნდა მოეკლა. თავიდან ლუ ბერონით დაიწყებს.
კასლი მის სახლთან მივიდა, ბნელი ადგილი იპოვა და ლოდინი დაიწყო. ათი იყო დაწყებული, ბერონი სახლიდან რომ გამოვიდა. მსუქანი, ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი დონდლო. იგი გრძელი, შავი მანქანისკენ მიაბიჯებდა. კასლი დაელოდა, ვიდრე მის სამალავს ჩაუვლიდა და ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო.
– ბერონ...
მსუქანა მობრუნდა. კასლი რბილად დააწვა სასხლეტს. გასროლის ხმა გაისმა. ტყვია ბერონს პირში მოხვდა და კეფიდან გამოუვიდა. კასლი სიბნელეში გაუჩინარდა.
სირთულეები არც მილეინთან დაკავშირებით წარმოიქმნა. იგი საკუთარ ხის სახლში ცხოვრობდა და ცოლიანი იყო. ამან ცოტა გააკვირვა და გაამხიარულა კასლი. მას არ ეგონა, რომ მილეინს შეიძლებოდა არლინგტონში უძრავი ქონება ჰქონოდა. მილეინს სახლში დახვდა. კასლმა ზარი დარეკა და ჯომ თავიც არ შეიწუხა, რომ სათვალთვალოში გაეხედა. ის ხომ უკვე მაგარი ტიპი იყო და არაფერი ემუქრებოდა. კარი გამოაღო და შუბლში ტყვიაც მიიღო.
ჰოლანდერი მკვლელი იყო. ჩიკაგოში პირად მცველად მუშაობდა. ადამიანების დახოცვა უყვარდა. პისტოლეტის გარეშე თავს დედიშობილად გრძნობდა. მას საკუთარი სახლი არ ჰქონდა. მარტო ცხოვრობდა ერთ პატარა ბინაში. კასლმა კარზე დააკაკუნა. სათვალთვალო გაიხსნა და მაშინვე დაიხურა. ჰოლანდერმა ტყვიები პირდაპირ კარს უკნიდან დაუშვა, თუმცა ვერ მოარტყა. კასლმა საკეტს ესროლა და კარი ფეხით შელეწა. ჰოლანდერმა ისევ ააცილა. მას კი ტყვია ყელში მოხვდა.
სამი უკვე მზად იყო. ერთი რჩებოდა.
– ჩვენ შეგვეძლო შევთანხმებულიყავით, – თქვა მაიკ როსმა, – თქვენი ფული უკვე მიიღეთ და ოთხიდან სამიც მოკალით. მე თავს რატომ არ დამანებებთ?
კასლი დუმდა. ისინი მარტონი იყვნენ. არლინგტონის სინდიკატის მეთაური სავარძელში იჯდა და სახეზე ღიმილი შეყინვოდა. როსმა უკვე იცოდა ბერონის, მილეინის და ჰოლანდერის ამბავი.
– თქვენი დავალება შესრულებულია, – განაგრძო მან, – თქვენ გადაგიხადეს. კიდევ გინდათ ფული? თხუთმეტი ათასი და ქრებით.
კასლმა თავი გააქნია.
– რატომ? ჰარპერი სასამართლოში ხომ არ გიჩივლებთ? აიღებთ მის ათი ათასს, ჩემს თხუთმეტს და გაემგზავრებით. უკან არავინ დაგედევნებათ, რომ ანგარიში გაგისწოროთ. სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, ის სამი ფეხებში რომ აღარ შემეჩხირება. მეტი დამრჩება.
– მე დავალება უნდა შევასრულო.
– ოცი ათასი. ოცდაათი. თქვენი აზრით, რამდენი ღირს ადამიანის სიცოცხლე? დაასახელეთ ფასი!
– მე არ ვვაჭრობ.
მაიკ როსმა გაიცინა.
– ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ადამიანსაც. მათ შორის თქვენც. მე შემიძლია, თქვენც გიყიდოთ.
მაგრამ კასლმა სიცოცხლე კი არა, სიკვდილი იყიდა. მან მხოლოდ ერთი ტყვია იყიდა და მომენტალურად მოკვდა. კასლმა პისტოლეტი გაწმინდა, იატაკზე დააგდო და ოთახიდან გავიდა.
სხვა ოთახში, ოღონდ ჩიკაგოში ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა ყურმილი აიღო:
– კასლი ვარ.
– საქმე გაკეთებულია?
– ასი პროცენტით.
– რამდენი მიაწვინე?
– ოთხი, – უპასუხა კასლმა, – მეთაურები.
– და ახლა რა გვაქვს?
– დაზგა, რომელზეც არავინ მუშაობს, – თქვა კასლმა, – პატარა, უპატრონო ქალაქი.
კაცმა ჩიკაგოში ჩაიცინა.
– ყოჩაღ, – შეაქო კასლი, – ყოჩაღ, დაგველოდე, ხვალ მანდ ვიქნებით.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – უპასუხა კასლმა, – მდინარეში წყალი ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ