რატომ უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას ბევრჯერ ცხოვრებაში ეკა ჩხეიძე და რის გამო ვერ იქნება ის „რქიანი“ და შემტევი
მსახიობი ეკა ჩხეიძე საკმაოდ ძლიერი ბუნების ადამიანია. მიუხედავად ასაკისა, კარგად გამოიყურება და როგორც თავად ამბობს, ეს თავის მოვლის კი არა, უბრალოდ, გენეტიკის ბრალია. თუ რა გაანდო მას სიკვდილის წინ ბებიამ, რატომ არ მოსწონს ერთფეროვნად სახეშეცვლილი ადამიანები და რატომ ვერ დაისვენა ზაფხულში, ამაზე თავად გიამბობთ.
ეკა ჩხეიძე: ალბათ, წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზაფხული ჯერ ჩემთვის არ დამდგარა. უფრო სწორად, არ მიგრძნია დასვენება. თუ სადმე შორს არ წავედი დასასვენებლად, ისე ზაფხულს და დასვენებას ვერ შევიგრძნობ. შვილებთან ერთად, წყნეთში ვარ და იქიდან დავდივარ საქმეებზე თბილისში. არადა, ზღვაზე, მზეზე და აქტიურ დასვენებაზე ვგიჟდები. არ მიყვარს პასიური დასვენება და ისე, არც ახლა ვგრძნობ თავს დიდად გადაღლილად. ახლა რომ ვინმემ კარგი სამუშაო შემომთავაზოს, სულაც არ ვიფიქრებდი დასვენებაზე.
– ეკა, ბედნიერი ქალი ხარ? ბედი გწყალობს, პირადულ და კარიერულ ცხოვრებაში?
– ბედნიერი ვარ, რადგან ყველა ჯანმრთელად მყავს, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ, გარშემო მილიონი რაღაც არის, რაც გულს მტკენს და მწყინს. უკმაყოფილების გრძნობა სულ მაქვს, სრულფასოვნად ბედნიერი ადამიანი მე ჯერ არ მინახავს. უამრავ რამეზე ვფიქრობ და ვოცნებობ, რაც ჩემი სრულყოფილი ბედნიერებისთვისაა საჭირო. ყველაფერი იდეალურად და დაწყობილად ვერ გექნება ადამიანს. თუმცა, ეს საკამათო თემაა და ვისთვის რა ითვლება ბედნიერებად. ადამიანის ბუნებაა, რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა. იმიტომ კი არა, რომ გაღორებული ხარ, უბრალოდ, ეს ლოგიკურია და იმაზე მეტი გინდა, ვიდრე ეს აქამდე შეძელი.
– როდესაც პრობლემის წინაშე დგები, მებრძოლი თუ ხარ?
– ნაკლებად მებრძოლი ვარ, თუმცა ყველას ჰგონია, ყველა კარში შემიძლია შესვლა (იცინის). კბილებით და რქებით ვერ გავიტან ცხოვრებას და ასეთი ადამიანებიც არ მიყვარს. მე ბედისწერის მჯერა. ზოგჯერ, ისეთ სიტუაციას ვეჯახები, რომელიც არც კი დამიგეგმავს და ვერც კი წარმომედგინა. მჯერა, რომ ეს ბედისწერის ბრალია და არა შენი ბრძოლის.
– ამბობენ, ადამიანები სხვის შეცდომებზე თუ არა, საკუთარ შეცდომებზე მაინც სწავლობენო. ერთი და იგივე შეცდომა თუ დაგიშვია ცხოვრებაში?
– ერთი და იგივე შეცდომა დამიშვია და ალბათ, ეს ჩემი ხასიათის, სიჯიუტის ბრალია. არ მიყვარს მატყუარა ადამიანები და ვცდილობ, არც მე ვიყო ასეთი. ხშირად, ამ ჩემი პირდაპირობით, ბევრს ვტკენ გულს და შედეგსაც ვიმკი. მაგრამ, ჩემს პრინციპს ვერ ვუღალატებ და ვერც ტყუილში ვიცხოვრებ. ხშირად, რაღაცას ვამბობ და ვიცი, რომ ამას არ უნდა ვამბობდე. თუმცა, ვფიქრობ, რომ იმ წუთას, ამას სწორად გამიგებენ. სხვათა შორის, აზრის საკითხავად ბევრი მაკითხავს და ისეთ პირადულსა და ინტიმურს მანდობენ, წესით, რომ არ უნდა გამანდონ.
– როგორ ფიქრობ, რატომ გენდობიან?
– ალბათ, ჩემი პირდაპირობითა და გახსნილობით მათში ნდობას ვიწვევ. შეიძლება, ბევრს ამ პირდაპირობით ვაწყენინო, მაგრამ მერე ხვდებიან, რომ მე მართალი ვიყავი. ყველას ამბავი გულთან ახლოს მიმაქვს და მათ სიტუაციაში რომ წარმოვიდგენ თავს, რთულია, არ ვთქვა ხმამაღლა, რასაც განვიცდი და ვფიქრობ. რა ვქნა, არ მენაღვლება, მისი ცხოვრებაა და გულთან ახლოს ვერ მივიტან-მეთქი ასე ვერ მოვიქცევი, როცა ჩემთან ადამიანი ბოლომდე იხსნება. ისე, რაც არ მინდა, რომ მე გამიკეთონ, იმას სხვას ვერ გავუკეთებ. აი, ასეთი ვარ. სხვათა შორის, თავად ბევრის მესაიდუმლე ვარ, მაგრამ მე მესაიდუმლე არ მყავს. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ, ბოლომდე ვერავის ვენდობი. უფრო სწორად, ყველას თავისი პრობლემა აქვს და მე ჩემს პრობლემას თავს აღარ ვახვევ. ჩემს პრობლემას თავად მოვაგვარებ და მოვერევი. თან, ის ადამიანი ძალიან კომპეტენტური უნდა იყოს, რომ მე მისი აზრი გავითვალისწინო. ბევრი რამ ჩამიკლავს გულში და ბევრი პრობლემა მარტოს გადამილახავს. შინაგანად ძლიერი ვარ, უფრო ძლიერი კი, გარეგნულად ვჩანვარ. მე ისეთი პროფესია მაქვს, სხვაზე ვარ დამოკიდებული. თუ აქ რაიმე შეფერხებაა და დიდი პაუზაა, დაიწყებ რაღაცას და პრობლემების გამო არ გამოგდის, „მატორმუზებს” რაღაც საქმეში და წინ ვერ მივდივარ, – ამას ჭკუიდან გადავყავარ, მაგრამ გარეგნულად არ მემჩნევა და არც სამყაროს დასასრულად მივიჩნევ. პესიმისტი არ ვარ და არც ოპტიმისტივით დავქრივარ გიჟივით. რეალურად ვუყურებ და ვაფასებ მოვლენებს. მირჩევნია, არ მქონდეს რაღაცის იმედი, ვიდრე ამ იმედით ვცხოვრობდე და მერე – გამიცრუვდეს. მგრძნობიარე და ემოციური ვარ, ჩემი გულის ტკენაც ადვილია და იმედი რომ არ მიმართლებს, ამაზე საშინლად ვრეაგირებ. თუმცა, გამოსავალს ყოველთვის ვეძებ, რადგან ვიცი, ნებისმიერი სიტუაციის ალტერნატივა არსებობს. ამას დრო უნდა, მაგრამ უნდა მოითმინო. ისევ შენ უნდა დაძლიო ეს და ამაში სხვა ვერავინ ვერ გიშველის. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენი ტვინის ხლართები მაგიჟებს, რაებს ფიქრობ, სად წახვედიო (იცინის).
– ასაკთან შედარებით, საკმაოდ კარგად გამოიყურები. თავს განსაკუთრებულად უვლი, თუ ეს გენეტიკის ბრალია?
– რომ არ მოგატყუო, სახეზე ნიღაბსაც არ ვიკეთებ. უბრალოდ, სახის კრემს ვხმარობ და მორჩა. გარუჯულიც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს კანს აბერებს და ცუდია. მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს ფორმაში და თუ მას რაიმე პროცედურის ჩატარება სჭირდება, ის აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. მე გენეტიკაში გამიმართლა და ამ მხრივ, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით პრობლემა არ მაქვს. არც წონის პრობლემა მაწუხებს, თორემ, თავს მოვიკლავ, ჭამას გადავეჩვევი და მაინც ფორმაში ვიქნები. ამაში ნებისყოფა ნამდვილად მეყოფა. გარშემო მყოფების, ოჯახის წევრებისა და უბრალოდ, საკუთარი თავის პატივისცემაა, როცა ქალი მუდმივად ფორმაშია. თავი თუ მიუშვი, მერე ფორმაში ჩადგომა ძნელია.
– დღეს მოდაშია ტუჩების გადიდება, სახეზე და სხეულზე გარკვეული კორექტივების შეტანა და ასე შემდეგ. ამაზე რა აზრის ხარ?
– არასდროს დავიბერავ ტუჩებს, რადგან ყოველთვის ვამჩნევ, ვისაც ეს პროცედურა აქვს ჩატარებული – ცოტა თოჯინური იერი აქვთ და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ტუჩებს არ დავიბერავ, მაგრამ მკერდის გაკეთება მიფიქრია, მაგრამ ვერ გავრისკე (იცინის). თან, შემოგხედავენ და გეტყობა, გაკეთებული რომ გაქვს, იმაზე უარესს იფიქრებენ, ვიდრე გაკეთებამდე გქონდა. თუმცა, ასაკში რომ დამჭირდეს რაიმეს კორექტივი სხეულზე ან სახეზე, რასაკვირველია, დავფიქრდები და არ არის გამორიცხული, გავიკეთო. ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. თუ დაბოტოქსებული სახე გაქვს, ნაკვთებს ვერ ამოძრავებ და ემოცია არ იკითხება შენს სახეზე, ეს ცოტა არ იყოს უხერხული შესახედია და არა იმის დამადასტურებელი, რომ შენი თავი გიყვარს და უვლი. ქალი ფორმაში, რასაკვირველია, უნდა იყოს, მაგრამ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. არ დამავიწყდება, ბებიაჩემმა, მედეა ჩახავამ 80 წლის ასაკში აიჩემა, გინდა თუ არა, ლიპოსაქცია უნდა გავიკეთოო და ძლივს დავაკავეთ (იცინის). არადა, 87 წლის ასაკშიც კი გადასარევად გამოიყურებოდა, თავსაც უვლიდა და სულ იპრანჭებოდა. საავადმყოფოში რომ იწვა და ცუდად იყო, სულ გაკეთებული ჰქონდა მანიკიური, პედიკიური, ესვა ტუჩზე პომადა და სახეზე ტონი. ხალათი ეცვა თუ ლოგინში იწვა, სულ მოწესრიგებული იყო. ეს ქალური მომენტია და მისი აბსოლუტურად მესმის. არ დამავიწყდება, სანამ გარდაიცვლებოდა, რამდენიმე ხნით ადრე, მედეა, მამაჩემს თემურ ჩხეიძეს სთხოვდა – ოჯახში გვყავს ყველა თაობის მსახიობი, მხატვარი, მოცეკვავე და იქნებ, ერთი სპექტაკლი ოჯახზე დადგაო. სამწუხაროდ, ეს სურვილი სურვილად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი და კოტეს სიყვარულის ისტორია დასრულებული იყო, მაინც ძალიან უყვარდა კოტე მახარაძე. სიკვდილის წინ კი, შეგვკრიბა შვილიშვილები და გვითხრა: სიყვარულს ძალით ვერ დაიჭერ, გალიის კარი უნდა გააღო და გაუშვა მამაკაცი. თუ ის ისევ უკან მოფრინდა, ესე იგი, შენი ბედია, თუ არადა უნდა გაუშვაო.
– თავად თუ გაგიღია გულის „გალიის” კარი და გაგიშვია საყვარელი მამაკაცი, რომ უკან დაბრუნებულიყო?
– მე გულის „გალიის” კარი სულ ღია მაქვს. ასე რომ, ვისაც წასვლა უნდა წავიდეს (იცინის).