კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი ტექსტების ავტორის თანაავტორი გახდა ნინო წიკლაური და როგორ გაითქვა მან სახელი რუსულ შოუ-ბიზნესში

მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე, მეუღლესთან, ნინო წიკლაურთან ერთად, დღემდე მოსკოვში ცხოვრობს და რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობს. ადრე თუ მხოლოდ გიგა იყო დაკავებული საქმით და მომღერლებისთვის სიმღერებს წერდა, დღეს ნინოც აქტიურად არის რუსულ შოუ-ბიზნესში ჩართული. ის გიგას სიმღერებისთვის ტექსტებს წერს. ასე რომ, ოჯახური ტანდემი და ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაც მათ კომერციულ ინტერესებზეც დადებითად აისახა. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ნინო წიკლაურია, რომელიც მათი მოსკოვური ცხოვრების შესახებ გვიამბობს – გვეტყვის, თუ რა აძლებინებს საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს დიდ რუსეთში.

– მას შემდეგ, რაც მოსკოვში გადახვედი დროებით საცხოვრებლად, ბევრი რამ შეიცვალა შენთვის. ცხოვრობ მეუღლესთან, მომღერალ გიგა კვენეტაძესთან ერთად და ორივე საერთო საქმეს აკეთებთ. გიგა სიმღერებს წერს, რომლის ტექსტებზეც შენ ზრუნავ. ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ, რა სიახლეა თქვენკენ?
– მე და გიგა ერთ-ერთ მომღერალს ვუწევთ პროდიუსერობას. ის გახლავთ მოსკოვში მცხოვრები თამარ დუდუნია. ახლახან დავასრულეთ მის კლიპზე მუშაობა, რომელიც რეჟისორმა, კონსტანტინ ჩერეპკოვმა გადაიღო. ის ცნობილი რეჟისორია და რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე, თითქმის ყველა წარმატებული მომღერლისთვის აქვს გადაღებული კლიპი. ჩემი და გიგას ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და წინ მიდის. ვმუშაობთ სტუდიაში, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერალი მოდის და სიმღერებს წერს. ბოლო დროს აქ მცხოვრებმა ქართველებმა „შექუჩება” უფრო დავიწყეთ, რის გამოც გაცილებით გამიადვილდა მოსკოვში ყოფნა. თავიდან ისე გამიჭირდა, ღამეები არ მეძინა, მაგრამ ახლა შევეჩვიე და უკეთ ვარ. თუმცა, ყველა სიგიჟემდე მენატრება, ვინც თბილისში მყავს.
– ვისთან გაქვთ ურთიერთობა მოსკოვში, ანუ რომელ ქართველ მომღერლებთან?
– ვინც აქ არის, თითქმის ყველასთან. ხან ირაკლი ფირცხალავას ვხვდებით, ხან დიანა ღურწკაია მოდის ჩვენთან, მან ახლახან გიგას ორი სიმღერა იყიდა, რომლიდანაც ერთ-ერთზე კლიპს იღებს. სხვათა შორის, ორივე სიმღერის ტექსტის ავტორი მე ვარ. თამარ დუდუნიას ერთი ქართული სიმღერაც ჩავუწერეთ, რომელიც გიგას ეკუთვნის. რადგან ის ბავშვობიდან მოსკოვში ცხოვრობს და ქართულც კარგად არ იცის, არ ველოდით, ქართულად ასე კარგად თუ იმღერებდა, მაგრამ გენებმა მაინც თავისი ქნა.
– ანუ გამოდის, რომ შენ და გიგა, გარდა მეუღლეებისა, პარტნიორებიც ხართ?
– კი, ასეა. ამ ეტაპზე გიგას სიმღერებისთვის ტექსტებს მე ვწერ. საკმაოდ კარგი ტანდემი შევქმენით და ერთად კარგად ვმუშაობთ. ინა კამენსკაია, რუსულ შოუ-ბიზნესში სიმღერის ტექსტის ავტორთა შორის ყველაზე პოპულარულია. ერთი სიმღერის ტექსტის ჰონორარი 3 000 ევროა. როცა ასეთი ადამიანისგან კომპლიმენტს და კარგ შეფასებას იღებ, ცოტას არ ნიშნავს. მან ჩემი ტექსტები რომ მოისმინა, თანაავტორობაც კი შემომთავაზა. ამჯერად ერთი ტექსტი გვაქვს გამზადებული, რომელიც ვლად ტაპალოვს გვინდა ვაჩვენოთ. მოსკოვში საავტორო უფლებების დარეგისტრირება კომპანია „რაოში” ხდება, სადაც მეც დავარეგისტრირე ჩემი საავტორო უფლებები. ჩემი და ინას ტექსტებით სიმღერები უკვე „რუსსკაია რადიოს” ეთერში აქტიურად ტრიალებს, რაც დიდი მიღწევაა. თავიდან ტესტების წერას სერიოზულად არ ვუყურებდი და ასე ვთქვათ, ვიხუმრე. მაგრამ, თამარ დუდუნიას სიმღერისთვის ტექსტი რომ დავწერე და სხვადასხვა რადიოს ეთერში ითხოვდნენ და ითხოვდნენ ამ სიმღერას, ვიფიქრე, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებ ხელს-მეთქი და არც ვნანობ.
– შემოსავლიანი თუ არის შენს შემთხვევაში ეს საქმე?
– რადგან ჩემი და გიგას ტანდემი შედგა, რა თქმა უნდა, ეს საქმე ორივესთვის შემოსავლიანია. წარმოიდგინე, თუ ადრე გიგა სიმღერის დაწერის შემდეგ, მელოდიას ტექსტის ავტორს აძლევდა და მასში 2 000 ევროს იხდიდა ჰონორარიდან, დღეს ეს თანხა ოჯახში რჩება. შესაბამისად, ეს პროფესია ჩვენი ოჯახისთვის შემოსავლიანია. ჩემი აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი განსხვავება არ არის, უბრალოდ აქ გასაქანი და შოუ-ბიზნესში დიდი ბაზარია. მხოლოდ თანხებია ამ ყველაფერში განსხვავებული, რადგან რუსულ შოუ-ბიზნესში გაცილებით კოლოსალური თანხები იხარჯება მომღერლის გაფიარებისთვის. წამყვან არხებზე აქ როტაციები 30 000 დოლარიდან იწყება, ადის 100 000-მდე და უფრო მეტზეც. წამყვან რადიო-არხებზე კი როტაციაზე შენი სიმღერა რომ ჩასვან, ოფიციალური გადასახადი 50 000 დოლარია. პლუს ამას, მათ ფორმატში უნდა ჯდებოდეს.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მომღერალს შენი ტექსტით ემღერა რომელიმე კონცერტზე?
– კი, არის ასეთი მომღერალი ანჟელიკა აგურბაში, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. საკონკურსო სიმღერის ტექსტი ჩემი გახლდათ. მერე კიდევ უნდოდა სიმღერის ყიდვა ჩემგან და გიგასგან. კონტრაქტის დასადებად უნდა მოსულიყო, მაგრამ რამდენიმე დღე აღარ გამოჩნდა. ჩვენ არ დაგვირეკავს, სად ხარ, იღებ სიმღერას, რატომ არ მოხვედიო. აქ ასეთი რამ მიუღებელია. ამასობაში დიანა ღურწკაია გვესტუმრა სახლში. ეს სიმღერა რომ მოვასმენინეთ და ვუთხარით ვინც ყიდულობდა, გაგიჟდა, რას ჰქვია ამ სიმღერას სხვას აძლევთ, ძალიან მომწონს, მე უნდა ვიმღეროო. საბოლოოდ, ეს სიმღერა მართლა დიანას დარჩა და ახლა მისი ჩაწერის პროცესი მიდის. აგურბაში რომ გამოჩნდა, სიმღერა უკვე დიანას ჰქონდა. ის მაინც მითხარით, ვინ წაიღო ჩემი სიმღერაო. რომ გაიგო დიანა ღურწკაიას მივეცით, რა თქმა უნდა, ქართველი ქართველს მისცემდა სიმღერასო, გვითხრა ხუმრობით.
– შენც ხომ არ დაიწყე სიმღერა? ვიცი, რომ ვოკალური მონაცემები ხელს გიწყობს.
– ერთხელ კლუბში ვისხედით, სადაც წავიმღერე. ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, რომ მომისმინა, მითხრა, ნინაჩკა, რა კარგი ხმა გაქვთ და რატომ არ მღერითო? გამეცინა და ვუპასუხე, ყველა ქართველმა ხომ არ უნდა იმღეროს-მეთქი. კომპოზიტორი გვერდით გყავს, ტექსტებს თვითონ წერ, რეჟისორიც აქ ვარ და მეტი რაღა დაგრჩენია, იმღერეო. მე მხოლოდ საქართველოში ავმღერდები (იცინის). აქ გული მაინც დარდიანი მაქვს. ისე მენატრება საქართველო, დილით რომ გავიღვიძებ და „იუთუბიში” შევძვრები, სულ ქართულ სიმღერებს ვუსმენ. თან, მარტო მე კი არა, რუსებსაც ვასმენინებ, ჭკუაზე არ ვარ.
– საქართველოში არ გეგმავ ჩამოსვლას?
– აგვისტოში ვგეგმავდი საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ როგორც მითხრეს, ძალიან მაღალი ტემპერატურაა. მე გულის პრობლემები მაქვს და ჩემი ორგანიზმი სიცხეს ვერ იტანს. თავდაპირველად, სწორედ გულზე სამკურნალოდ ჩამოვედი აქ. ამიტომ, ჩამოსვლა სექტემბრისთვის გადავდე. თუ სექტემბრისთვისაც ვერ მოვახერხე, ახალი წლის გატარება ნამდვილად საქართველოში მინდა. ძალიან მენატრება ყველაფერი, უკვე ტანსაცმლიან გიჟს მეძახიან. აქ სულ ამბობენ, საქართველოზე არ დაიწყოთ ლაპარაკი, თორემ ნინოს ცრემლები წამოუვაო. ჩემს თავს რომ ვუყურებ, „მიმინო” მახსენდება. საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარია, არ ვყოფილვარ, რაც ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. რომ არა ჩემი მეუღლე და მისი მხარში დგომა, ამდენ ხანს მართლა ვერ გავძლებდი. ძალიან ძნელია, ამდენი ხნის განმავლობაში არ ნახო შვილი, დედა, დები, დისშვილები და რა თქმა უნდა, მეგობრები. არ იცი, რამდენი რუსი წამოვიდა აქედან დასასვენებლად ბათუმში ჩემი რეკლამით. ყველას ვეუბნები, იქ ისეთი კარგია, როგორც არსად-მეთქი. აქ უკვე მაშაყირებდნენ, საზაფხულოდ ტურისტულ ფირმასაც ხომ არ გახსნი ბარემო. ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა ყველა და აღნიშნავდნენ, რომ დღეს ბათუმი ნიცას არ ჩამოუვარდება სილამაზითო. ძალიან მენატრება საქართველო და აუცილებლად ჩამოვალ. გიგასი არ იყოს, ამათი პლასტმასის პომიდვრების ჭამით მოვკვდი. ონკანიდან წყლის დალევა მომენატრა. გიგას სიყვარულით ამ ყველაფერს ვეგუები. შეიძლება, არ ვარ ღირსი, მაგრამ, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ასეთი კარგი ქმარი მყავს.

скачать dle 11.3