რატომ ცხოვრობდა ლია ანიაშვილი ერთ ჭერქვეშ აბრეშუმის ჭიებთან
პროფესიით ეკონომისტი ლია ანიაშვილი, ძალიან ლამაზი და ფერადი კოლექციის მფლობელია. მასში ასობით ნიმუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც მისივე მფლობელის ხელითაა შექმნილი. თუ როგორ და ვის მიერ „მოიწამლა“ ქალბატონი ლია ხელოვნების ამ დარგით მრავალი წლის წინათ და როგორ იქმნებოდა მისი კოლექცია, ამას დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ქალბატონო ლია, როგორ დაიწყო თქვენი კავშირი ხელოვნების ამ დარგებთან და შესაბამისად, როგორ შეიქმნა ეს კოლექცია?
– ბავშვობიდან მიყვარდა და მიტაცებდა თითქმის ყველანაირი ხელსაქმე: ქარგვა იქნებოდა ეს, ქსოვა, თუ კიდევ სხვა რამ... ვცდილობდი ქარგვის ყველანაირი ტექნიკა ამეთვისებინა. მოგვიანებით დავინტერესდი თექითაც. ვფიქრობდი ხოლმე, ალბათ, ჩემი სიბერის პროფესია ხალიჩებისა და ფარდაგების ქარგვა იქნება-მეთქი. იმთავითვე ძალიან მაინტერესებდა ჩვენი, ქართული ორნამენტები, ყველგან ვეძებდი, არ მაკმაყოფილებდა მხოლოდ ყვავილებისა და პეპლების ქარგვა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს სურვილი, თუ ინტერესიც ავისრულე.
– ვისი წყალობით და როგორ ეზიარეთ ქართული ფერებისა და ორნამენტების ხელოვნებას?
– ქალბატონი ელისო არაბულის წყალობით. მახსოვს, 19 იანვარი იყო, ნათლისღების დღესასწაული, როდესაც გავიცანი ქალბატონი ნინო ელერდაშვილი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობდა. მან ჩემი ნამუშევრები დაათვალიერა და დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდა სათანადო ადგილი დათმობილი ჩემს კოლექციაში ქართულ ნაქარგობას. მე ვუთხარი, – ვეძებ ისეთ პიროვნებას, ვინც მასწავლის-მეთქი. ქალბატონი ნინო დამპირდა, რომ გამაცნობდა ელისო არაბულს. მართლაც, მალევე მივედი მასთან სამრევლო სკოლაში. მას შემდეგ აღარ ვასვენებდი ქალბატონ ელისოს, დღე და ღამე მასთან ვიყავი. ქალბატონმა ელისომ „მოწამლა“ მთელი საქართველო ქართული ორნამენტებითა და ფერებით. (იცინის). ნათლისღების დღესასწაული ტყუილად არ ვახსენე, ფაქტობრივად, იმ დღეს მოხდა ჩემი ნათლობაც ქართულ ნაქარგობასა და ორნამენტთან.
– თქვენი აზრით, რა ნიშნით გამოარჩევდით ქართულ ნაქარგობას სხვა დანარჩენებისგან?
– პირველ ყოვლისა, ფერთა შეხამებით, ასევე – ორნამენტით. ქართულ ნაქარგობაში შვიდი ქართული ძირითადი ფერი გვაქვს. ესენია: მეწამული, ანუ წითელი, ლურჯი, თავთუხისფერი, ანუ ეგრეთ წოდებული კრემისფერი, ოქროსფერი, მწვანე, შავი და თეთრი. ეს ფერები ევროპელებსაც აქვთ, მაგრამ, მათი ნაქარგობა მკვეთრია, ჩვენი ფერთა შეხამება კი გაცილებით თბილია.
– რაც შეეხება მასალას?
– ვქარგავ აბრეშუმის ძაფით. ადრე ვყიდულობდი რუსულ აბრეშუმის ძაფს, ახლა ვეღარ ვშოულობ. ამიტომ, საკუთარი ძალებით გავუმკლავდი ამ პრობლემას.
– როგორ?
– თვითონ მოვიყვანე ნატურალური აბრეშუმი – ამისთვის აბრეშუმის ჭია მოვაშენე სახლში. ძალიან დამღალეს, მაგრამ, საყვარლები იყვნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სპეციალურად წავედი აბრეშუმის მუზეუმში, გავეცანი თანამშრომლებს და ვთხოვე ჭუპრები – ან მაჩუქეთ, ან მომყიდეთ-მეთქი. მომცეს ცოტა, სახლში ფანჯრის რაფაზე მოვათავსე. კატასტროფულად იზრდებოდნენ. ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა – ახალ-ახალი თუთის ფოთლები მოჰქონდა. საუკეთესო ხარისხის აბრეშუმი მივიღეთ.
– ძაფი მიიღეთ და შემდეგ თქვენ ამოახვიეთ?
– ამ მომენტში აბრეშუმის ინსტიტუტს მივმართე და მათ დამაკვალიანეს. როგორც ამიხსნეს, ერთი ცალი პარკიდან, თუ კარგი ხარისხისაა, იღებ 3 ათას მეტრ აბრეშუმის ძაფს, თუ ნაკლები ხარისხისაა – ათას ხუთასს მაინც. აბრეშუმის ამოხვევის ისტორია ჩინეთიდან იღებს სათავეს. როგორც ცნობილია, ყველაფერი შემთხვევითობასთანაა დაკავშირებული – საქმე ისაა, რომ საუკუნეების წინ დედოფალს შემთხვევით, ჩაის ჭიქაში ჩაუვარდა ამოსახვევი აბრეშუმის პარკი. რის შემდეგაც ცხელმა სითხემ საშუალება მისცა ამოეხვიათ აბრეშუმის ძაფი.
რაც შეეხება ღებვას, სულ ბუნერივ საღებავებში ვღებავ. ზაფხულობით მივდივართ ბარისახოსთან ახლოს, ქალბატონ ელისო არაბულის სოფელში და იქ მოვიპოვებთ სპეციალურ მცენარეებს ამისთვის, მაგალითად: წირთხალას, რომელიც ძაფს სხვადასხვა ფერად ღებავს, სხვადასხვა დანამატების საშუალებით.
– რა დანამატებს გულისხმობთ?
– თუნდაც, ნაცარწყალს, ძმარს...
– ქარგვის რომელ სახეობებს იცნობთ და ფლობთ?
– ჯვრებით ქარგვა, ეგრეთ წოდებული „სითვი“, ოქრომკედით ქარგვა, რომელსაც რამდენიმე მიმართულება აქვს, მაგალითად: თევზოფხურა, კალათურა და სხვა.
– თქვენს კოლექციაში ვნახე ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლები, სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟები, ნატურმორტები...
– ახალ ჟურნალებში რაც არის მოცემული, არ მაინტერესებს, ძველი უფრო საინტერესოა ჩემთვის. ამ ნაქარგებიდან თითქმის ყველა, მე რომ დავიბადე, იმ პერიოდის სქემებიდან არის შექმნილი. როგორ და სად მივაგენი, მეც არ ვიცი.
– ასაკის დაკონკრეტებას არ გთხოვთ, მაგრამ გამოდის, რომ თქვენი კოლექციის ნიმუშები რამდენიმე ათეული წლისაა.
– ნამდვილად (იცინის). ამ კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა 1998 წლიდან გროვდებოდა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში პეიზაჟებს ვქარგავდი. 2002 წელს ვეზიარე ქართულ ორნამენტებს და მას შემდეგ სხვა თემაზე აღარც მიმუშავია. მოგვიანებით ხალიჩებსა და ფარდაგებზეც დავიწყე მუშაობა.
– როგორც ვიცი, პედაგოგიური მუშაობითაც ხართ დაკავებული.
– ვასწავლით ბარისახოში, მაღაროსკარში... თექას ვასწავლი.
– სამრევლო სკოლაში დაეუფლეთ ამ საქმიანობას, დღეს კი ამ სკოლის სახელით თავად ეწევით პედაგოგიურ მუშაობას?
– დიდი მონდომებით სწავლობენ, თუმცა, განსაკუთრებულ ინტერესს თექისადმი იჩენენ. ალბათ, იმიტომ რომ ნაქარგების შექმნას დიდი დრო სჭირდება, თექით მუშაობისას კი შედეგს მალე ხედავენ.
– როგორ ამჩნევთ, ჩაცმულობაში თუ იყენებენ მიღებულ ცოდნას?
– ალბათ, უფრო დღესასწაულებზე. დღესასწაულებზე აქაც ხშირად გვიკვეთენ ტანისამოსს ქართული ნაქარგობით. ამ მხრივ განსაკუთრებით უცხოელებს გამოვყოფდი. ჩემს სამოსშიც შევიტანე ეროვნული ნაქარგობის შტრიხები. როდესაც გამოფენებზე, მაცვია, ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს ვიღებ ხოლმე.
– გამოფენები ხშირად გაქვთ?
– საკმაოდ ხშირად და ამ დროს სასიამოვნოდ ვიღლები. მაქვს მიღებული მადლობის წერილები, ბევრ კატალოგშია შეტანილი ჩემი ნამუშევრები, ფოლკლორის ცენტრის ლაურეატი ვარ. ბევრი უცხოელი მოდის ჩვენს გამოფენებზე.
მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ნამუშევრები. საერთოდ, ისინი დიდ პატივს სცემენ ხელით შესრულებულ ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი სამოსი მოსწონთ.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– პროფესიით ეკონომისტი გახლავართ.
– რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ?
– ბევრი, ასობით ნამუშევრის ავტორი ვარ.
– ერთი მათგანის შექმნას დიდი დრო სჭირდება?
– გააჩნია ნამუშევარს. სამოსის შექმნას დაახლოებით ერთ-ორ თვეს ვანდომებ, რაც შეეხება ნაქარგობას – სამი თვე სჭირდება. ფარდაგის სრულყოფასაც სამი თვე მოვანდომე. სამწუხაროდ, ახლა ვერ გაჩვენებთ, აქ არ მაქვს – თბილისის მერიამ თურქეთში წაიღო გამოფენაზე გასატანად. ეს საქმიანობა ისე მიყვარს, შემიძლია, მის გამო ყველაფერი გადავდო და ჩემი კოლექცია გავამდიდრო.
– რომელიმე ნამუშევარს თუ გამოყოფთ ამ კოლექციიდან?
– ამ კოლექციაში წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი საკუთარი შვილივით მიყვარს.