კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თემურ ახობაძე მსოფლიოში გამორჩეული პიანისტი და რატომ ყვებოდა ის 4 წლის განმავლობაში გამოცდებზე მხოლოდ „მელიას და მწყერჩიტას“

ამერიკაში მოღვაწე, ქართველ პიანისტს, თემურ ახობაძეს მკითხველის წინაშე წარდგენა აღარ სჭირდება. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ის პატივი, რაც ამ პიანისტს ხვდა წილად, – თემურ ახობაძემ ბარაკ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა. თუმცა, თემურ ახობაძემ ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადა, ამ ფაქტს ხაზს ნუ გაუსვამთ, ჩემთვის ეს რეკლამა არ არისო...

თემურ ახობაძე: თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შიო ჩიტაძის ქუჩაზე გავიზარდე. ბავშვობა საკმაოდ დაძაბული მქონდა, რადგან ჩვენი ოჯახი ჩემს დაბადებამდე რეპრესიებში მოყვა... 1937 წლის რეპრესიების დროს, ბაბუა ერთ ღამეს წაუყვანიათ და მეორე დღეს დაუხვრეტიათ. დედაჩემი იმ დროს, სულ რაღაც, 10 წლის იყო. დედაჩემის ოჯახი სახლიდან რომ გამოასახლეს იმის უფლებაც კი არ მისცეს, პიანინო წამოეღოთ. ისინი ჩიტაძის ქუჩაზე გადაასახლეს, სადაც საოცრად ლამაზი სახლი მახსოვს, – იქ ცნობილი კომპოზიტორი, ოთარ გორდელი ცხოვრობდა... 7 წლის რომ გავხდი, დედამ ნიჭიერთა ათწლედში მიმაბარა. მუსიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი, – დედა პიანისტია, მამა ვიოლინოზე უკრავდა, დედის ძმა კლარნეტზე... ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი ბებიას მიუძღვის. ის ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. ბებია ყოველთვის მაფრთხილებდა, ბავშვებთან რომ თამაშობ, ზედმეტი არ ილაპარაკოო... მაშინ მიზეზს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ჩვენი ოჯახი მეზობლებისგან რომ განსხვავდებოდა. ეს შიში და კომპლექსი დიდი ხანი გამყვა. ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ ახლაც ნიუ-იორკში, პოლიციელს რომ ვხედავ, ჩემი გული უფრო სწრაფად ძგერს. მოსკოვში რომ ვსწავლობდი, ერთხელ ქუჩა გადავკვეთე და პოლიციელმა გამაჩერა. იმდენად გაოგნებული ვიყავი, არც მესმოდა, პოლიციელი რას მელაპარაკებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი მიხვდა, პასუხს ვერ მივცემდი, ხელი ჩაიქნია და მითხრა, წადი და უკანა ქუჩაზე გადადი, ამ ადგილას თვალით აღარ გნახოო... ეს ფაქტი ჩემს სახლთან ახლოს მოხდა და ამის შემდეგ დიდ წრეს ვარტყამდი სასწავლებელთან მისასვლელად, იმ ადგილზე რომ აღარ მოვხვედრილიყავი.
– ნიჭიერთა ათწლედის მოგონებებსაც დავუბრუნდეთ...
– ნიჭიერთა ათწლედში გატარებული წლები ძალიან კარგად მახსოვს. ნიჭიერთა ათწლედის დირექტორი გივი სვანიძე იყო და მის „ფრთებქვეშ” ძალიან დაცული ვიყავი. ის პედაგოგებს ეუბნებოდა, მუსიკალური საგნების გარდა, ამ ბავშვს ნუ გააწვალებთ, როიალზე დაუკრას, ეს არის მისი ცხოვრებაო... მე რუსულ ჯგუფში ვსწავლობდი და ოთხი წლის განმავლობაში, ქართულად მხოლოდ „მელიას და მწყერჩიტას” ვყვებოდი გამოცდებზე. ბოლო გამოცდაზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა გაკვირვებით იკითხა, ეს ბიჭი 2 წლის წინ იმავე ისტორიას ყვებოდა, სხვა ვეღარაფერი ასწავლეთო?!
– რუსულ ჯგუფში რატომ სწავლობდით?
– ქართულ კლასში 14 გოგონა სწავლობდა, მე კი ბიჭების კამპანია მერჩივნა. პროფესიული თვალსაზრისით ჩვენი ჯგუფი იმდენად ძლიერი იყო, რომ სულ 12 ვიყავით და ნახევარზე მეტი ცნობილი მუსიკოსი გამოვიდა.
– თქვენ რომელ პედაგოგს ემადლიერებით?
– ნიჭიერთა ათწლედში ჩემი მასწავლებელი ჩუტა (ელენე) მგალობლიშვილი იყო. მან თავიდანვე მასწავლა ფორტეპიანოზე ყველა ნოტის კონტროლი – ბელკანტო ანუ სიმღერა როიალზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ბგერაზე – არც ერთი აკორდი დარტყმით. ეს პრინციპი მთელი ცხოვრება გამყვა... 13 წლის რომ ვიყავი, დედამ მოსკოვში, ცნობილ მუსიკოსთან სასწავლებლად წამიყვანა. მან 7-8 გაკვეთილი მომცა და მერე დედაჩემს შესჩივლა, არაფერი გამოდის, დროს ტყუილად ვკარგავთ, მაინც ისე უკრავს როგორც თვითონ უნდაო... თბილისში რომ დავბრუნდით დედაჩემი ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და თავის პედაგოგთან, თამარ ჩხარტიშვილთან მივიდა რჩევის საკითხავად. მან დედას უთხრა, ბავშვი სხვა მიმართულების პიანისტთან უნდა წაგეყვანა, უფრო პოეტური და ლირიკული სულის მქონესთანო... – ისევ მატარებელი, ისევ გზა, ისევ სასტუმრო და რამდენიმე დღეში დედამ მოსკოვის კონსერვატორიის წამყვან პროფესორთან, იაკობ მილშტეინთან მიმიყვანა. პირველი დღიდანვე მასთან არაჩვეულებრივი, მუსიკალური კონტაქტი შედგა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კი იაკობ მილშტეინმა დედაჩემს უთხრა, თქვენ უკან დაბრუნდით თემური კი ჩემი მოწაფეა. იაკობ მილშტეინის მფარველობით 17 წელი გავატარე... მინდა გითხრათ, რომ პედაგოგების მხრივ ძალიან გამიმართლა. ჩუტა მგალობლიშვილი ლირიკულ-პოეტური, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ნოდარ გაბუნია უაღრესად განათლებული, დიდი იუმორით. იაკობ მილშტეინი რომანტიკული ტალანტი, ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცოდა, რაც კი ფორტეპიანოსთვის იყო დაწერილი... მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, ხუთი წელი იაკობ მილშტეინის ასისტენტად ვმუშაობდი.
– შემდეგ თბილისში დაბრუნდით?
– დიახ, შემდეგი ბედნიერი 12 წელი თბილისის კონსერვატორიაში გავატარე. ფორტეპიანოს კათედრის დოცენტის თანამდებობა მეკავა. ამ პერიოდში კონსერვატორიის რექტორი სულხან ცინცაძე იყო. ის სიყვარული, სითბო და კეთილგანწყობა მუდამ მახსოვს, რაც იქ სუფევდა. სულხან ცინცაძეს არ უყვარდა, როდესაც საგასტროლოდ მივდიოდი. როგორც კი წავიდოდი, მეორე დღეს საფორტეპიანო განყოფილების დეკანს, ედგარ დავლიანიძეს ეჩხუბებოდა, – კიდევ წავიდა, კიდევ გაუშვი, ერთ კვირაში აქ გაჩნდეს, თორემ არ ვიცი რას ვიზამო... ჩამოსვლისას კი, ყოველთვის კეთილი ღიმილით მხვდებოდა.
– ასეთი სასიამოვნო გარემო თუ იყო, რატომ გადაწყვიტეთ უცხოეთში გამგზავრება?
– რამდენიმე წელიწადში სიტუაცია სხვა მიმართულებით წავიდა. პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ყველაფერი აირია და ბევრი მუსიკოსი პრაქტიკულად, უსაქმურად დარჩა. საქართველოში ჩემი მომავლის პერსპექტივა თითქმის ნულის ტოლი იყო და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ოთხასი სოლო კონცერტი მქონდა გამართული ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში... თავდაპირველად, ავსტრიაში გავემგზავრე. ვენა ულამაზესი ქალაქია, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მხოლოდ ვენის სილამაზე ჩემი მომავლის შესაქმნელად არ იკმარებდა და ისევ თბილისში დავბრუნდი. ცოტა ხნის შემდეგ, საფრანგეთში წავედი. პარიზი კიდევ უფრო ლამაზ და პოეტურ ქალაქად მეჩვენა, შეყვარებული ვიყავი მის არქიტექტურაზე, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც მივხვდი, რომ ის ყველაფერი საკმარისი არ იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად.
– ამ რთულ მდგომარეობაში რა გამოსავალი იპოვეთ?
– საქართველოში დავბრუნდი. თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე იყო ჩემი სახლი კანცელარიის გვერდით და სამოქალაქო ომის დროს, თითქმის აღარც ერთი ფანჯარა აღარ შერჩა. ქუჩაში გამოსვლაც კი სახიფათო იყო. მივხვდი, რომ დრო იყო, ბედი კიდევ ერთხელ მეცადა. ჩემმა მეგობრებმა აეროპორტის დაკეტვის წინ, ერთ-ერთ უკანასკნელ რეისზე დამსვეს მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავზე. ეს იყო პირველ ოქტომბერს, შვიდ ოქტომბერს კი ჩვენი თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტში დაჯდა. ნიუ-იორკში ჩემი მეგობრის მეგობარი დამხვდა და ერთი კვირით შემიკედლა. მაშინ ჯიბეში სულ ოთხასი დოლარი მქონდა. ასე დავიწყე ახალი ცხოვრება ნიუ-იორკში, მაგრამ პირველი დღეებიდანვე ნიუ-იორკი იმდენად შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე, იქ მეცხოვრა. დარწმუნებული ვარ, მეორე ასეთი ქალაქი მსოფლიოში არ არის. ნიუ-იორკი თავისუფლებისა და იმედის სიმბოლოა. უსაზღვრო მასშტაბის ქალაქია, სადაც მე ბედნიერი ვარ.
– რამდენი წელია ნიუ-იორკში იმყოფებით?
– მალე 20 წელი გახდება. დრომ საოცრად მალე გაირბინა. დასაწყისში ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ რამდენიმე კონცერტის მერე, მივხვდი, რომ მე შემეძლო ამ თავისუფალ ქალაქში თავისუფლად მეცხოვრა.
– ამჯერად რა მისიით იმყოფებოდით საქართველოში?
– კონსერვატორიის რექტორმა, ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა, საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა ჟიურის წევრად მომიწვია. მინდა გითხრათ, რომ ეს კონკურსი უმაღლეს დონეზე ორგანიზებული იყო, ყველაფერი შვეიცარიული საათის მექანიზმივით მუშაობდა. გაოცებული ვიყავი კონკურსგარეშე მონაწილეების დონით. ეს ჩვენი იმედია და ვხედავ, რომ რამდენიმე მათგანი ნამდვილი ვარსკვლავი გახდება.

скачать dle 11.3