გამომშვიდობება
„კონკია“ და „უძღები შვილი“
გასულ კვირას რფ-ის ერთ-ერთმა რიგითმა „დუმელმა“ შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოპონენტების მადლი მოისხა, რაკი ბ-ნი ვაშაძისთვის რფ-ის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი დააყენა (მტრულ საქმიანობას ეწევაო). მართალია, რუს დეპუტატს იქვე განუმარტეს, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგებოდა რფ-ის კონსტიტუციას, თუმცა აშკარა გახდა, რომ ბ-ნი ვაშაძე თავის რუსულ პასპორტს უნდა გამომშვიდობებოდა. მეტიც, საქართველოს ნომერ პირველმა დიპლომატმა (რუსული მედიის ცნობით, საბჭოთა „მიდის“ ყოფილმა თანამშრომელმა რფ-ის მოქალაქეობა სსრკ-ის დაშლისთანავე მიიღო და საქართველოს მოქალაქე ოდენ 2007 წელს გახდა) მეორე დღესვე ბრძანა, რომ რფ-ის „დუმას“ დაუგვიანია, რადგან დიმიტრი მედვედევისთვის ბანდეროლით თავისი პასპორტი უკვე გაუგზავნია (და მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი ვაშაძე იძულებული შეიქნა, თავისი რუსული პასპორტი დაეთმო, ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას – რატომ არ ეთმობოდა ის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ). ხოლო, ვიდრე ბ-ნი ვაშაძე რფ-ის მოქალაქეობას ემშვიდობებოდა, საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატები მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე რეპეტიციას გადიოდნენ. ქართველი ბავშვების გასახარად ისინი „კონკიას“ დგამენ, რომელშიც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ელჩი კონკიას მამა იქნება, ამერიკის სამხედრო ატაშე – მეფე (ეკუთვნის!), „ბრითიშ პეტროლიუმის“ პრეზიდენტი – კონკია. მართალია, კონკრეტულად ამ სპექტაკლზე მხოლოდ უცხოელი დიპლომატები არიან დაკავებული, მაგრამ (რაკი ცოცხალი მაგალითი გადამდებია) ურიგო არ იქნებოდა, თუ მათ ამ წამოწყებას ადგილობრივი კოლეგებიც მიჰბაძავდნენ და, თუნდაც, ზემოხსენებულ თემაზე („უძღები შვილის დაბრუნება“) სპექტაკლს სცენაზეც გაითამაშებდნენ; ზედაც გულს გადააყოლებდნენ.