კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რა ლამაზი იქნება მთაში სიკვდილი“ – ეს სიტყვები გიორგი ქრისტესიაშვილმა მწვერვალზე ასვლამდე ცოტა ხნით ადრე თქვა

ტრაგედია გასულ კვირას მოხდა. სამსახურში ეჩქარებოდა და მთის ნისლიან, მისთვის კარგად ნაცნობ კალთებს გამოჰყვა. გიორგი ქრისტესიაშვილის ცხედარი მაშველებმა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის მალე 30 წლის გახდებოდა. ამ საოცრად შრომისმოყვარე კაცის, ნამდვილი პროფესიონალის ყველაზე დიდი გასართობი და სიყვარული მთა იყო. სიკვდილის წინ უთქვამს, რა ლამაზი იქნებოდა მთაში სიკვდილიო... თურმე ლამაზი არ ყოფილა... საერთოდ არა!

გიორგი რეხვიაშვილი (მეგობარი): „შტირლიცა” (გიორგი ქრისტესიაშვილის მეტსახელი – ავტორი) უნივერსიტეტში, პოლიტოლიგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბიდან მოხვდა ის პირველად მთაში. ჩვენც მთაში გავიცანით ერთმანეთი, დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის წინ. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ, მთა ნარკოტიკივითაა, თუ ერთხელ გაუსინჯე გემო და მოგეწონა, მორჩა, უკვე მოწამლული ხარ, ვეღარ შეეშვები, სულ გეძახის... რაც უნდა დაკავებული იყო, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, სულ ცდილობ, დროს რამდენიმე დღე გამოსტაცო და მთაში წახვიდე. გიორგის შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო. ყაზბეგში, ხდის ხეობაში, მწვერვალ გორზე ასვლის ბოლო მცდელობა სამი წლის წინ ერთად გვქონდა.
– რთული მწვერვალია?
– არც ისე. მწვერვალების სირთულეები იყოფა კატეგორიების მიხედვით: იწყება ერთიანი „ბე“-დან, ექვსიანი „ბე“-მდე. შუაში მიჰყვება ორიანი, ორიანი „ბე“ და ასე შემდეგ. ეს იყო ორიანი „ა“ კატეგორიის მწვერვალი, ანუ, საკმაოდ მარტივი. მისი სიმაღლეა დაახლოებით 4 200 მეტრი. გიორგი ათი წელი იყო მოყვარული მთამსვლელი, მაგრამ, იმხელა ალპინისტური გამოცდილება ჰქონდა, რომ ეს მწვერვალი მისთვის პრობლემა არ იქნებოდა. რამდენიმე წლის წინ ჰქონდა გორზე ასვლის მცდელობა და ვერ ავიდა; სამი წლის წინ ერთად ვეცადეთ და ვერ ავედით – უკვე ბნელდებოდა; ახლა კი, მესამედ, შეძლო ასვლა.
– ეტყობა, ბედისწერა იყო.
– ალბათ. არ მოეშვა არაფრით ამ მწვერვალს. მწვერვალზე ავიდნენ და საიერიშო ბანაკში რომ დაბრუნდნენ, გიორგიმ თქვა, სამსახურში მეჩქარება და უნდა ჩავიდეო. სხვებსაც ეჩქარებოდათ, მაგრამ, ამინდი ფუჭდებოდა და დარჩნენ. მარტო წამოსვლის არ შეეშინდა, რადგან ეს გზა ორჯერ თუ სამჯერ აქვს გავლილი და, იფიქრა, სანამ დაბნელდება, ჩავალო. როგორც ჩანს, ნისლი შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ხილვადობა იქნებოდა სამი-ხუთი მეტრი. მთამსვლელების პირველი წესია, ნისლში აუცილებლად უნდა გაჩერდე ზუსტად იმ ადგილას, სადაც ხარ. ალბათ, მაინც ბედისწერა იყო ეს ყველაფერი. წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე იმ გოგონასთვის, რომელიც ალპინისტურ ჯგუფში იყო, უთქვამს, რა ლამაზი იქნება მთაში სიკვდილიო. თუმცა, ესეც, ალბათ, ლოგიკურია. მთაში სიკვდილი ყველა ალპინისტისთვის საოცნებოა, მაგრამ, ეს ამბავი უდროოდ და აბსოლუტურად უაზროდ მოხდა.
გიორგი მაჭავარიანი (მეგობარი): ერთმანეთი მთაში გავიცანით 2000 წელს. ჩემი წასვლიდან ერთი წლის მერე წამოვიდა ის პირველად მთაში. წვიმდა და ადამიანი იდგა ისე, კარავი არ ჰქონდა. შემეცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, კარავში შემოვიყვანე. ის ერთი კვირა ხევსურეთში სულ წვიმდა და სამი დღე ჩვენს კარავში იყო. გაირკვა, რომ ჩვენს კურსზე ყოფილა, ის პოლიტოლოგიაზე სწავლობდა, მე – დიპლომატიის ისტორიაზე და იმის მერე დავმეგობრდით. სახლშიც მოდიოდა ჩემთან, უცხოვრია კიდეც, ერთი კვირაც დარჩენილა. იმ პერიოდში არ მუშაობდა, ოჯახიც არ ჰყავდა შეძლებული. ზაჰესში ჰყავდა ნათესავები და იქიდან უნივერსიტეტში სიარული რთული იყო. ამიტომ, ხან ჩემთან, ხან ჩვენს სხვა მეგობრებთან ათევდა ხოლმე ღამეს. კვირის განმავლობაში ერთი შვიდგან რჩებოდა. ახლა უკვე კარგ თანამდებობაზე მუშაობდა „ვისოლში“, დიდი ხელფასიც ჰქონდა, მაგრამ, მაინც „ბატაში“ მივიდოდა, იაფიან ფეხსაცმელს იყიდდა. არ იცოდა, ამ ფულისთვის რა ექნა, დარჩა ისევ ისეთ უბრალო ადამიანად. ბოლო ერთი წელი „ვისოლში“ ერთად ვმუშაობდით. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ავარია შეემთხვა, რომლის დროსაც მანქანაში მისი ნათესავი გოგონა გარდაიცვალა. უკან იჯდა ეს გოგო, თირკმელი გაუსკდა, თურმე, რაც ექიმებმა დიდხანს ვერ გაიგეს. მანამდე ღმერთის კი სწამდა, მაგრამ, ეკლესიაში არ შედიოდა, სანთელს არ ანთებდა...
– ამის შემდეგ შეიცვალა?
– კი, ძალიან. ეკლესიაში დაიწყო სიარული, მოძღვარი აიყვანა, რომელსაც ხშირად ელაპარაკებოდა და მან დაამშვიდა. საოცრად შეიცვალა დადებითისკენ. ცუდი არასდროს ყოფილა, მაგრამ, სულ სხვანაირი გახდა ადამიანების მიმართ. კადრების განყოფილებაში მუშაობდა და ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, ხელი გაეწოდებინა. ერთი-ორჯერ ბათუმში ერთად ვიმგზავრეთ და სულ ჭკუას მარიგებდა. იცი, როგორი ბიჭი იყო?! ლექსების, განსაკუთრებით კი პატრიოტული ლექსების კითხვა უყვარდა. სადმე რომ დავსხდებოდით, ლექსებს გვიკითხავდა. ალბათ, აქედან წამოვიდა მთის სიყვარულიც. მისთვის დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ასე: უნივერსიტეტი, წიგნი, დაძინება. ახლაც ასე იყო, 6 საათზე ვამთავრებდით სამსახურს, გიორგი 10-12 საათამდე სამსახურში რჩებოდა. მარტო ცხოვრობდა და, ეტყობა, მაინც ცუდი ფიქრები ეძალებოდა სახლში. გინდა-არგინდა, მარტო რომ რჩები, სულ გიტრიალებს ის, რაც სულიერად გაწუხებს. ბოლო ხუთი თვეა, აღარ უხსენებია თავის მოკვლა, მაგრამ, მანამდე ხშირად ამბობდა ამას, გორში ჩასვლა მრცხვენიაო. სახლში გვიან ჩამოდიოდა და დილით ადრე მიდიოდა. არ უნდოდა ხალხის დანახვა. ყველა ვუმტკიცებდით, რომ ეს შემთხვევით იყო, ძალით არავის არაფერი უქნია.
– ხომ არ უშვებთ იმ ვერსიას, რომ განგებ წამოვიდა მარტო?
– ყველაფერზე ვიფიქრე, სულ სხვადასხვა ვერსიები მქონდა. ბოლო რამდენიმე თვეა, გამოვიდა მდგომარეობიდან, სულ ხუმრობდა, კარგ ხასიათზე იყო. მანამდე, რამდენჯერაც დავლევდით, მარტო ამაზე მელაპარაკებოდა – ცოდვა მაწევსო, ახლა კი ამას იშვიათად ახსენებდა. ვიცოდი, რომ ორშაბათს სამსახურში უნდა ყოფილიყო, ტელეფონი გამორთული რომ ჰქონდა, შემეშინდა და ბათუმიდან წამოვედი. გზაში ათასი რამ ვიფიქრე. მანამდე ასჯერ მითხრა წამოდიო, დავბერდი, აღარ მინდა ბოდიალი გორზე და რაღაცეებზე, უნდა დავისვენო-მეთქი. სამსახურში დაიბარა, ორშაბათს თუ არა, სამშაბათს დილით აქ ვარო. ვრეკავ – გათიშული აქვს, სამსახურშიც უკვე ნერვიულობდნენ. გაიგეს გორის სახლის ტელეფონის ნომერი და იქაც არაფერი იცოდნენ. სამშაბათს, ცოცხალ-მკვდარი რომ ყოფილიყო, მაინც ჩამოვიდოდა, ყოველ მიზეზს გარეშე. დავიწყეთ გადარეკვა-გადმორეკვა და გაირკვა, რომ ალპინიადის ჯგუფი უკვე თბილისში იყო. მხოლოდ ის იციან, რომ გიორგი თბილისისკენ მარტო დაეშვა. წამოვედი ბათუმიდან და გზაში ყველანაირი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და გამოვრიცხე, რომ მას რამე ძალით გაეკეთებინა. იმასაც ვფიქრობდი, ჯგუფში ყველანი მასზე პატარები, გამოუცდელები იყვნენ, სადმე ხომ არ გადაიჩეხა და ხომ არ მალავენ-მეთქი, მაგრამ, დამალვას რა აზრი ჰქონდა. ჩხუბი არავისთან მოუვიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ძალიან კარგი ადამიანი იყო წასული. მოკლედ, ათასნაირი ვერსია გადავხარშე ტვინში, მაგრამ რეალობისგან ყველა შორს იყო.
– შენ ეძებდი?
– კი, ჩამოვედი თუ არა, ავიღე აღჭურვილობა და წავედი. სხვათა შორის, ჩემი ფანარი გიორგის ჰქონდა წაღებული. მოკლედ, მივედი, მესაზღვრეებს ვუთხარი, ზეპირად ვიცი იქაურობა, სად რა ბილიკი გადის და გამიშვით-მეთქი. მომცეს საშვი და წავედი მარტო. მდინარეს მივყვებოდი, იქნებ რამე ნიშანი ვიპოვო-მეთქი. იქ დათვიც არის, მოკლედ, ყველანაირ ნიშანს ვეძებდი. იმ ადგილებში ვიარე, სადაც წესით უნდა გამოევლო. იქით არანაირი კვალი არ არის, ტყუილად მიდიხარო, მეუბნებოდნენ, მაგრამ, არ ვჩერდებოდი, მივდიოდი. ერთი ხუთი ვერსია მაინც მქონდა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. მისი გვამი ბოლოს მაშველებმა იპოვეს. გადავიხედეთ ზემოდან და დავინახეთ, რომ ხელნაკეთი საკაცით მოასვენებდნენ. ყველამ ერთად, წვალებ-წვალებით გამოვიყვანეთ. იქ ისეთი ადგილებია, ორ კაცზე მეტი რომ ვერ გამოივლის, რიგრიგობით ერთმანეთს ვენაცვლებოდით და, სადღაც, ოთხი საათი ვატარეთ. ბანაკამდე ორი საათის გზა იყო დარჩენილი, ვერტმფრენი რომ მოვიდა და ცხედარი გადმოიტანა. დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ ორი პროცენტით ვუშვებდი გადარჩენას – სხვა თუ არაფერი, გაიყინებოდა მაინც. მაგრამ, ნაშალზე კვალი რომ შენიშნეს და, თან, იმ გზებზე, სადაც, წესით, უნდა გამოევლო, ცუდი არაფერი ხდებოდა, ეს 2 პროცენტი 20 პროცენტამდე გავზარდე. მაგრამ, შემდეგ ერთმა ბერმა მესიჯი მომწერა, რამაც საშინელ საგონებელში ჩამაგდო.
– ამ ბერს იცნობ?
– არა. ჩემი და „საქართველოს ბანკში” მუშაობს დაზღვევებზე და მასთან ერთი თვის წინ მივიდა ბერი, რომელიც ძალიან უცნაურად ელაპარაკა, ისეთი რაღაცეები მითხრა, რაც მე და ოჯახის ერთმა-ორმა წევრმა თუ იცისო. მეორედაც მოვიდა და ლამის ჭკუიდან გადამიყვანაო. ამბობდა განდეგილი ვარ და, ხან იქ ვარ, ხან – აქო. უცხოეთში წასულა და, რომ ჩამოვიდა, სალომესთვის მესიჯი მიუწერია. ამას უთქვამს, ძალიან ცუდად ვარ, მეგობარი დაგვეკარგა და ჩემი ძმა მთაშია წასული, ნახევარი საქართველო ეძებსო. ამასობაში მე პოლიციის განყოფილებაში ვზივარ და მილიონ ვერსიას ვუშვებ, იმასაც კი, რომ გზაში ოსებს ჩაუჯდა მანქანაში, რამეზე იჩხუბეს და სადმე ხომ არ დააგდეს-მეთქი. და ამ დროს ჩემი და მიგზავნის იმ მესიჯს, რომელიც მამაომ მისწერა. პირველი მესიჯი ასეთი იყო: „უფალთან არის. თქვენ მთაში ეძებთ, მაგრამ, დაგავიწყდათ მისი ადგილსამყოფელი. უკვე უფალთან არის. მესმის, რომ ნერვიულობთ, ილოცეთ და უფალს მიანდეთ. კარგად არის”... როგორც ჩანს, ჩემმა დამ კიდევ რაღაც მისწერა და ბერის მეორე მესიჯი ასეთი იყო: „მე მეტის თქმა არ შემიძლია, უფალთან ეძებეთ. ძაან არ უნდა მას, არაფერი უჭირს, მალე გამოჩნდება. მე ის ვნახე, აქ არის უფალთან, სადაც მე ვარ და ყველა”. გავგიჟდი, დავურეკე ჩემს დას, იმ ბერის ნომერი მომეცი-მეთქი. დავურეკე და ვეუბნები, იქნებ, დაგვეხმაროთ, თქვენი ვერსია მითხარით-მეთქი. ამის მეტი დახმარება არ შემიძლია, მხოლოდ იმას გეუბნებით, რომ იპოვითო. ათ წუთში მომდის მესიჯი: „ძამი, უფალმა დაგლოცოს და შეგეწიოს წმიდა გიორგი მეგობრის პოვნაში. იქნებ, უფალმა შეისმინოს ვედრება და უკან დააბრუნოს. ვლოცულობ მისთვის, ძალიან უჭირს. იქნებ ნებისმიერ ეკლესიაში ჯანმრთელობის პარაკლისი გადაახდევინოთ. სული უფალთან არის, სხეული კი ტანჯვას გადის. შეეწიეთ ლოცვით, სხვანაირად გაგიჭირდებათ ნახვა. მალე გამოჩნდება, მაგრამ, უფალში, უფალთან ერთად, მეტის თქმა არ შემიძლია...” მერე წავედით და ეს მესიჯები მეუფეს ვაჩვენეთ. არ ვიცი, ვინ არის, თან, ორაზროვნად წერსო. ვერ გეტყვით, რა გირჩიოთ, ამას ბოლომდე მაინც არ ენდოთო. მერე ავიკაზმეთ ბიჭები მეორე ჯერზე, დავიძარით და, დაგვირეკეს კიდეც – გარდაცვლილი ვიპოვეთო.

скачать dle 11.3