კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ყვირის 47 წელია, სტადიონზე ემოციისგან 73 წლის ანეტა ზურაბაშვილი

ალბათ ბევრს განუცდია სტადიონზე სიხარული. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია, ეს ადამიანმა თავად უნდა განიცადო. ქალბატონი ანეტა ზურაბაშვილი სწორედ ამ განცდით, ემოციით და საყვარელი თბილისის „დინამოს” გუნდის გულშემატკივრობით, აგერ უკვე 47 წელია, არსებობს. მისი თქმით, სტადიონი მისი მეორე სახლია, სადაც ყოველ დილით მიდის და დაღამებამდე რჩება. ის დღესაც მოლარედ მუშაობს და უამრავ ფეხბურთის გულშემატკივართან უწევს შეხება.

ანეტა ზურაბაშვილი: 73 წლის ვარ და აგერ უკვე 47 წელია, დინამოს სტადიონზე, მოლარედ ვმუშაობ. არ დამავიწყდება, ადრე უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა, ქომაგობდა საყვარელ თბილისის „დინამოს” და არაერთი წარმატება ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გაიზიარეს. ჩემი მეუღლე, ბატონ ბორის პაიჭაძის პირადი მძღოლი იყო. მთელი 40 წელი მანაც აქ იმუშავა. ბატონმა ბორისმა მითხრა, მოდი, შვილო და ჩვენთან იმუშავეო. მეც მოვედი და უკვე, ლამის ნახევარი საუკუნეა, რაც სტადიონი ჩემი მეორე სახლი გახდა. არც კი ვიცი, მის სიკეთეს როგორ გადავიხდი. სტადიონზე, მისი ძეგლი დგას და ყოველ დილით აქ მოსული, ჯერ მას ვასუფთავებ, ვუვლი, შემდეგ სტადიონს გადავხედავ და მერე ვიწყებ ჩემს საქმეს. ჩემი მეუღლე საკუთარი შვილივით უყვარდა. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ ერთი ოჯახივით ვიყავით. არ დამავიწყდება, ყოველ შესვენებაზე, ნახევარი საათით, მორბოდა ჩვენთან სახლში და სუფრას მიუჯდებოდა. ძალიან უყვარდა ჩემი გაკეთებული ლობიო, ტოლმა და ხაში. რომ ვიცოდი, ის უნდა მოსულიყო, უფრო გულით და მეტი ენთუზიაზმით ვამზადებდი სადილს.
– ესე იგი, მთელმა საფეხბურთო ეპოქამ, როცა თბილისის „დინამოს” სახელი ქუხდა, თქვენს თვალწინ გაიარა. ალბათ, უამრავი ადამიანი გაკითხავდათ ბილეთის გამო?
– მართლაც ჩემს თვალწინ გაიარა მთელმა საფეხბურთო ეპოქამ და არ დამავიწყდება ის რიგები, რაც სალაროსთან იდგა. ცეკა, ტეკა, მინისტრთა საბჭო და რა ვიცი, კიდევ რამდენ ორგანიზაციაზე არ ნაწილდებოდა მატჩზე დასასწრები ბილეთები. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა, ჩვენ კი ამ ბილეთებს სიებით ვანაწილებდით. რა დამავიწყებს, იმ გულშემატკივარს, თავისი ემოციით და სიხარულის განცდით. ასი ბილეთი რომ გვქონდა დარჩენილი სალაროში გასაყიდად მოლარეებს, თითო კაცზე მხოლოდ ერთის გაყიდვის უფლება გვქონდა. მთხოვდნენ ხოლმე, იქნებ ზედმეტი მომყიდოო, მაგრამ, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. ზოგი რას გვჩუქნიდა, ზოგი – რას. თუ დამრჩებოდა ბილეთი, რასაკვირველია, ვაძლევდი. ისინიც, მასაჩუქრებდნენ. ყველას უნდოდა, ჩივაძის, ხურცილავას, ძოძუაშვილის, ყიფიანის, კოტრიკაძის და სხვა ცნობილი და ახლა უკვე ლეგენდარული ფეხბურთელების თამაშზე დასწრება და მათი ხილვა საფეხბურთო მოედანზე. ბევრჯერ ეს ფეხბურთელები ჩემთანაც მოსულან და ბილეთები უთხოვიათ – ანეტა დეიდა, იქნებ დაგვეხმარო, არ გვყოფნის ბილეთებიო (იცინის). დღესაც, ერთი მოხუცი გულშემატკივარი მოდის სალაროსთან ბილეთის საყიდლად და რომ დამინახავს, ეღიმება, ქალბატონო, კიდევ აქ ხართო?! (იცინის).
– სახლში თუ ინახავთ რაიმე ნივთს, რომელიც ამ ცნობილი და ლეგენდარული ფეხბურთელების ნაქონია?
– როგორ არა. სხვათა შორის, მთელი თამაშების პროგრამები მქონდა. ასევე, მაქვს ორი ბურთი, ჩივაძის მაისური, თავისივე წარწერით და ტაშკენტში, 1964 წლის თამაშის ბილეთი, როცა ჩვენი ფეხბურთელები „ოქროს ბიჭები” გახდნენ – აი, ასეთი შეუფასებელი განძი და ამ „ოქროს ბიჭებითან” ერთად მთელი საფეხბურთო ეპოქაც მაქვს გავლილი. სულ ვამბობ, მე რომ აქედან გამიშვან, მაინც ყოველდღე მოვალ, ბორისის ძეგლს გადავუსვამ ტილოს და დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების ქომაგად დავრჩები-მეთქი. ბევრჯერ ავადაც ვყოფილვარ, სიცხეც მქონია, მაგრამ სამსახური არ გამიცდენია. ნომერი პირველი სალარო ჩემი პატარა ბინასავითაა და ვხუმრობ ხოლმე, აქ ჩემი ძეგლი უნდა დადგათ-მეთქი (იცინის). ერთხელ, სალაროში ვარ და ბილეთის საყიდლად მოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი. მთხოვა – ბებო, კარგ ადგილზე მომეცი ბილეთიო. მეც შევურჩიე. გავიხედე, მეორე დღეს მოვიდა, ფრანგული სუნამო მომართვა და მითხრა, ბებო, მე ამ ბილეთით, ინსტიტუტში საგანი ჩავთვალეო. თურმე ლექტორისთვის მიუცია (იცინის). სულ პირველი ბილეთი კი 1967 წელს გავყიდე, თბილისი-ქუთაისის თამაშზე.
– თავად რომელი ფეხბურთელის ფანი ხართ?
– თავად, ზიდანის ფანი ვარ და თბილისის „დინამოს” დიდი გულშემატკივარი, სხვა გუნდი არ არსებობს ჩემთვის. წარმოიდგინეთ, მოედანზე რომ თამაშობენ ჩვენი ბიჭები, მე ვყვირი ლოჟიდან – მიდი, ბებო, შეუტიეთ, აბა, თქვენ იცით-მეთქი. 11 ფეხბურთელის ბებია ვარ იმწუთას და ამაზე დიდი განცდა და სიხარული რა უნდა იყოს. ჩემი შვილიშვილი, სერგიც ფეხბურთელია. ძალიან მინდოდა, ოჯახშიც გვყოლოდა ფეხბურთელი და ეს ოცნებაც ავიხდინე.
– ადრე, საფეხბურთო ბილეთებით, პირდაპირ სტადიონზე, პრიზებიც თამაშდებოდა. თუ გაგიყიდიათ ბედნიერი ბილეთი?
– კი, როგორ არა. მახსოვს, ავლაბრელი კაცი იყო, სერგო, ჩემი ძმის მეგობარი და მანქანა მოიგო. თავად შეიძინა ბილეთი სალაროში და მერე გავიგე, რომ თურმე ბედნიერი ბილეთი სწორედ ჩემგან უყიდია. მერე მომაკითხა და ასი მანეთიც „ჩამახუტა” (იცინის).
– სტადიონის ყველა კუთხე-კუნჭული მართლა იცით?
– დიახ, ვიცი და ყველა სკამზეც ვმჯდარვარ. 1975 წელს სტადიონის რეკონსტრუქცია რომ მოხდა, თავიდან ბოლომდე აღვრიცხეთ სკამებისა და რიგების რაოდენობა. მართლა ყველა სკამზე ვიჯექი. ვაკვირდებოდი, საიდან როგორ მოჩანდა სტადიონი, რომელი კუთხიდან უკეთესი ხედი იყო და თამაშის დროს რომელი მხრიდან უკეთ გამოჩნდებოდა მოწინააღმდეგის შეტევა. ადრე, 74 628 სკამი იყო და ყველას შევხებივარ. დიუსელდორფში რომ იყო თამაში, ის განცდა დღესაც მომყვება. არ დამავიწყდება, რომ მოვიგეთ, მთელი თბილისის გულშემატკივარი მოცვივდა, მოიყვანეს ცხვრები, დაკლეს, გამართეს ტაშ-ფანდურა, მაგრამ არც ერთი მათგანი სათამაშო მოედანზე არ გადასულა. აი, ასეთი გულშემატკივარი იყო მაშინ – თბილი და მოწესრიგებული. ახლა კი გული მწყდება, ამდენ ნაგავს რომ ტოვებენ, სკამებს რომ აფუჭებენ და აგრესიას გამოხატავენ. „ლივერპულს“ რომ ეთამაშნენ ბიჭები, მაშინ იმდენად ინერვიულეს გულშემატკივრებმა, რომ ბევრი ცუდად გახდა. ერთ კაცს კი ემოციით ინფარქტი დაემართა და სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს. მეც ძალიან მიყვარს ჩვენი ბიჭების თამაშის ყურება და, თითქმის არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია. ჩვენთვის სპეციალური ლოჟა იყო გამოყოფილი და რაც მე მიყვირია და მიწივლია, მიკვირს, როგორ გადავიტანე (იცინის). თქვენ ჩემი გიკვირთ და აქ, მთელი 65 წელი იმუშავა ბატონმა კოსტა შანიძემ ინჟინერ-ელექტრიკოსად. ასეთი სიყვარული იცის ქართულმა ფეხბურთმა. 90 წლის რომ გახდა, აქ, გადაიხადა დიდი პურმარილი და ყველა დაპატიჟა – ფეხბურთელებიც და მომუშავე პერსონალიც.
– რთულია, აუღელვებლად უყურო ადამიანმა იმ კადრებს, სადაც საფეხბურთო მატჩი ბატონ ეროსი მანჯგალაძეს ან განუმეორებელ კოტე მახარაძეს მიჰყავს. მათ თუ იცნობდით პირადად?
– რასაკვირველია, ვიცნობდი. კოტე რომ შემოვიდოდა, ყურადღებას იქცევდა ნამდვილი ჯენტლმენობით. ეროსის და კოტეს წაყვანილი საფეხბურთო მატჩების ყურება კი ერთ სიამოვნებად ღირდა. არ დამავიწყდება, კოტეს ხშირად მოჰყავდა თავისი მეუღლე, სოფიკო ჭიაურელი და წამყვანის კაბინიდან ორივე ერთად გულშემატკივრობდნენ. მათი ემოცია, კი უნდა გენახათ, ამის მოყოლა ცოტა რთულია.

скачать dle 11.3