რომელ დღეებში იკრძალება დედისგან შვილის მიმართ ნეგატიური ენერგიის სიტყვებით გაგზავნა
როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ოჯახი ენგრევა, სამსახურში პრობლემები ეწყება და ფსიქიკურად არაჯანსაღად გრძნობს თავს, ესე იგი, მასზე ხდება მავნე ძალების ზემოქმედება. მსგავსი პრობლემები შეიძლება, კონკრეტული ადამიანისკენ გაგზავნილმა წყევლამ გამოიწვიოს.
წყევლა, ეს არის გარკვეული ენერგოველის შექმნა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გარკვეული დადებითი და უარყოფითი ენერგიების ველი. ადამიანს ყოველთვის შესწევს უნარი, ეს ენერგიები მოიკრიბოს და შექმნას აურა. ამ ენერგეტიკული ველის შეგროვება ხდება მენტალური, ანუ აზრის, ფიზიკური და ემოციური ენერგიით. ეს სამი სახის ენერგია ქმნის ჩვენს გარშემო ენერგეტიკულ ველს. ამის ფონზე ჩვენ შეგვიძლია, დავაგროვოთ გარკვეული, კონცენტრირებული ენერგია, რომელიც დამცავი ფარიც იქნება სხვა ნეგატიური ენერგიების შემოტევისას და ასევე, შეგვიძლია, ეს ენერგია გამოვიყენოთ, კერძოდ, გავტყორცნოთ სხვისკენ. მთავარია, რა ზრახვები ამოძრავებს ადამიანს, როცა ასეთი ენერგიის სხვისკენ გატყორცნას აპირებს. როცა ადამიანი გვიყვარს, ჩვენ ვხსნით გულს და ვაგზავნით გულის, ანუ სიყვარულის ენერგიას მისკენ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე. ის ამას გრძნობს და გაცილებით უკეთაა, ივსება სიყვარულის ენერგიით, ვაძლევთ ძალას. ანუ, უფრო მეტად ვაძლევთ მას ცხოვრებაში წარმატების შანსს.
იწყევლება ხშირად ის, ვინც შურიანი, ბოღმიანი, ზედმეტად ამპარტავანი, ქედმაღალი, ამბიციურია და არ უხარია სხვისი წინსვლა, კარგი ცხოვრება და წარმატება. ცხადია, ასეთებს სურთ დათრგუნონ წარმატებული ადამიანები. გეტყვით იმასაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებს სწორედ წყევლით შეუძლიათ წარმატებული ადამიანების მოსპობაც კი. შავმაგიური ლოცვების საშუალებით ხდება ნეგატიური ენერგიის დაგროვება და შემდეგ ამ ენერგიის წყევლის მუხტის სახით გაგზავნა კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ წყევლა მსგავსი კონცენტრირებული საშუალებით იგზავნება, მტრისას, მას ისეთი დამანგრეველი ძალა გააჩნია. კერძოდ, ამით ხდება ადამიანის ბიოველის დარღვევა, მასში შეღწევა და ბინძური ენერგიის შეტანა. ამ დროს ეწყება მას პრობლემები, ხდება წარუმატებელი, უიღბლო, პრობლემური, წინ ხვდება წინაღობები და უსიამოვნებები. ადამიანს აქვს შიდა ენერგოველში თორმეტი არხი, ეგრეთ წოდებული, მერიდიანების სისტემა. ამ მერიდიანებში უნდა გადიოდეს აუცილებლად ნათელი კოსმიური ენერგია. ამ ენერგიით ხდება ადამიანის საზრდოობა. თორმეტივე არხი კი მართავს სხვადასხვა სფეროს. კერძოდ, ზოგი მერიდიანი მართავს კარიერულ ხაზს, ზოგი პირად სასიყვარულო სფეროს, ზოგი – ჯანმრთელობის, ზოგიც – საოჯახო საკითხებს და ასე შემდეგ. ანუ, ყველა მერიდიანი უნდა იყოს სუფთა. მაგრამ, როცა ხდება ნეგატიური ენერგიის შესვლა და ამ მერიდიანების დაზიანება, თუნდაც გამიზნული წყევლით, მაშინ ის საერთო ბიოველსაც აზიანებს და ადამიანს ანგრევს. ის ნეგატიური ენერგია, რომელიც წყევლით გამოიხატება, არის ზიზღითა და უარყოფითი ემოციებით სავსე ენერგია. ის შედის სხვა ადამიანის ბიოველში, მის მერიდიანებში ჭედავს ბინძურ ენერგიას და ნათელი კოსმიური ენერგიის შესვლაც ფერხდება. ამის ფონზე იწყება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, ოჯახში და სამსახურში პრობლემები და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის შავმაგიური ძალის ზეგავლენა და ამ შავმაგიური ზეგავლენის ერთ-ერთი შტო არის წყევლა. ასტროლოგია გვასწავლის, რომ ყველაზე დიდ ზეგავლენას ადამიანებზე მთვარე ახდენს. მთვარე, ეს არის ადამიანის ემოციური ცენტრი – აყალიბებს მის ემოციებს და ქვეცნობიერ სამყაროს. ადამიანი კი ბევრად არის დამოკიდებული ემოციებზე. როგორც ვიცით, არსებობს მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეები. მთვარის უარყოფით დღეებს ჩვენ ვუწოდებთ სატანურ დღეებს და ისინი დგება ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეცხრე (განსაკუთრებით საშიში დღეა) დღეს. ასევე, თვით ახალმთვარეობა, რომელიც ამ ოცდამეცხრე დღეს მოჰყვება. ეს დღეები, ძალიან მძიმე და ნეგატიურია. კოსმოსიდან დედამიწაზე ძალიან უარყოფითი ენერგია მოდის და სწორედ ამ დღეებში იწყებენ მაგები მუშაობას. ამ დღეებში ძალიან ძლიერ ძალას იძენს წყევლაც. ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი ენერგია იგზავნება კოსმოსში, მას ემატება მთვარისგან წამოსული ნეგატიური ენერგია და ეს საშიში ენერგია ორმაგდება სწორედ მთვარის სატანურ დღეებში. ამიტომ, ასეთ დროს იწყებენ გააქტიურებას ისინი, ვინც სხვის მიმართ არაკეთილმოსურნენი არიან, ცხადია, წყევლით აორმაგებენ ამ ნეგატიურ, უარყოფით ენერგიას. შეიძლება საქმეში სიყვარული ჩააქსოვო, მაგრამ ეს ნეგატიური ენერგია სიყვარულის ენერგიას ანეიტრალებს. მსგავსი საქმიანობა ასტროლოგიურად უმჯობესია, დადებითი მთვარის დღეებში. სხვათა შორის, მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეების შესახებ, ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები და შესაბამისადაც მოქმედებდნენ. სატანურ დღეებში უმჯობესია, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ახალი არაფერი დაგეგმოთ, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორები. რაც შეეხება დედის წყევლას, გეტყვით რომ, დედის წყევლა შვილის მიმართ ყველაზე სუსტია და ნეიტრალდება, რადგან ეს არ არის გულითა და ზიზღით წამოსული ენერგია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ყველა დედას ვურჩევ, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაწყევლოს შვილები. რადგან, გვინდა ჩვენ თუ არა, წყევლა მაინც უკავშირდება აგრესიის ენერგიას. გასაგებია, რომ დედისგან შვილის დაწყევლის დროს, ეს გულიდან არ მოდის, და არ არის ისეთი ძალის, რომ ძალიან დააზიანოს საკუთარი შვილი, მაგრამ ნეგატიურ ენერგიას და ინფორმაციას ის მაინც შეიცავს. ანუ, მშობელი იმ მომენტში, წყობიდან გამოვიდა, სამყაროში გააგზავნა აგრესიის ენერგია და კოსმოსი ხომ ბუმერანგის პრინციპზეა აწყობილი?! ამიტომ, რაც იქ იგზავნება, უკანვე გვიბრუნდება. ასე რომ, დედის წყევლის დროს აგრესიის ნაწილი კოსმოსიდან შვილს მაინც უბრუნდება და ეს უკვალოდ არ ჩაივლის. კერძოდ, თუ დედა სატანურ დღეებში დაწყევლის შვილს, შეიძლება ბავშვი ქუჩაში გავიდეს, წაიქცეს და ტრავმა მიიღოს. მერე იმტვრიოს თავი მშობელმა და მიხვდეს რამ წააქცია, რა მოხდა და რატომ დაზარალდა ბავშვი; შეიძლება, მივიდეს ინსტიტუტში და იქ კონფლიქტი მოუვიდეს თავის მეგობართან ან თანაკურსელთან; ან შეიძლება, თავი შეუძლოდ იგრძნოს და ამის არავითარი მიზეზი არ ჰქონდეს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ფორმით შეიძლება დედის წყევლის შედეგი შვილზე აისახოს. თან, წყევლა მაწყევარსაც ხომ უბრუნდება და ეს ერთგვარი დასჯაა კოსმოსისგან. ეს იმ დღეს შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ დედისგან კოსმოსში გასული ნეგატიური ენერგია ბუმერანგივით ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს და მაშინ შეექმნას პრობლემები ბავშვს. ამიტომ ვამბობ, რაც უწყობს ხელს სამყაროში აგრესიის გაგზავნას, უნდა მოერიდოთ. ამაში შედის მშობლის წყევლაც. თუ ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის, მას აბსოლუტურად არ ესმის კოსმიური კანონები. აბა, დაფიქრდით, თქვენ სამყარომ მოგიყვანათ იმ დღეს, იმ წუთს და იმ წამს, როცა გაჩნდით, ეს შემთხვევით, რასაკვირველია, არ მომხდარა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია. მოგიყვანათ იმ დღეს, როცა გარკვეული პლანეტარული სისტემა იყო და მათმა ზემოქმედებამ შეიძლება, გაგაბედნიეროთ ან გაგაუბედუროთ კიდეც. მაგრამ, ეს თქვენი ხვედრია და ის უნდა მხრებით ატაროთ. ასეთი მძიმე ხვედრი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს და მას ვერაფერი შეცვლის.