მაკო დოლიძის ხელისმოწერა და უზარმაზარი გულები – სიურპრიზად
„პირველი სტერეოს“ ყოფილი წამყვანი, მოდელი, ულამაზესი მაკო დოლიძე გათხოვდა. მისი რჩეულია გოგა შამათავა, „ბილაინის” გაყიდვების განვითარების უფროსი სპეციალისტი. გოგა და მაკო ერთმანეთს უკვე ხუთი წელია, იცნობენ და ამდენივე ხანია, მეგობრობენ. მაგრამ, მეგობრობა მოულოდნელად სიყვარულში გადაიზარდა და ისინი მიხვდნენ, რომ თავ-თავიანთი მეორე ნახევრები ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით ჰყავდათ. მაკო სამსახურებრივი მივლინებით ჩინეთში იმყოფებოდა, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი გოგაც და მაკოც მიხვდნენ, რომ უკვე ერთად ცხოვრება უნდოდათ და, სრულიად მოულოდნელად, ხელის მოწერაც გადაწყვიტეს.
მაკო დოლიძე: უცებ გადავწყვიტეთ ხელის მოწერა, მოგვიანებით ჯვარს დავიწერთ და უფრო მეტ მეგობართან ერთად აღვნიშნავთ ჩვენს დაქორწინებას. ამ დღისთვის კი მეჯვარეებს დავურეკე და ვუთხარი, ხელს ვაწერთ, მოემზადეთ-მეთქი. ჩავედით სიღნაღში, მოვაწერეთ ხელი და იქვე, ულამაზეს რესტორანში აღვნიშნეთ ეს ამბავი. რესტორნის ეზოდან საჰაერო გულები გავუშვით ცაში, იყო ფოიერვერკიც და ეს ყველაფერი გოგამ სიურპრიზად მომიწყო, წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასეთ რამეს გეგმავდა.
მაკოს მეჯვარეები არიან ნუკი კოშკელიშვილი, ნინუცა აბრამაშვილი და სოფო ბაბუნაშვილი, გოგასი კი – თავისი ბავშვობის მეგობრები.
ვულოცავთ წყვილს დაქორწინებას და ვუსურვებთ, სიცოცხლის ბოლომდე ასე ჰყვარებოდეთ ერთმანეთი!