“ღამის სერენადებით„ გაგრილებული ქათქათა ბათუმი
ბათუმის ულამაზესი, განახლებული ოპერის თეატრი მხოლოდ ასეთი დონის საღამოებს უნდა მასპინძლობდეს. თეატრის შენობაში შესვლისთანავე გრძნობ, მთლიანად მზად ხარ რაღაც ზეამაღლებულის მოსასმენად. სწორედ ასეთი იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის – „ღამის სერენადების” გახსნა. ფესტივალი უკვე სამი წელია, არსებობს, მაგრამ წელს ყველაზე პომპეზურად და მასშტაბურად ჩატარდა. ქალბატონმა ლიანამ სოციალური ქსელი საკმაოდ უცნაური და საინტერესო მიზნებისთვის გამოიყენა: „ფეისბუქის” მეშვეობით ის დაუკავშირდა მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობდნენ, მათ დაუმეგობრდა და თავი მოუყარა „ღამის სერენადებში”. ასე შეიქმნა უმაღლესი კლასის მუსიკოსებისგან საოცნებო ორკესტრი. საქართველოში ჩამოვიდნენ ჩელოისტი ალექსანდრ რუდინი, პიანისტი თამარ ლიჩელი, მევიოლინე ანალიზა ბეზროდნაია და სხვები. ფესტივალი სულ სამი საღამოსგან შედგება, ბათუმის შემდეგ კონცერტები გონიოს ციხესიმაგრეში გადაინაცვლებს.
ფესტივალის დასკვნითი საღამო კი ყველაზე უჩვეულო და საინტერესო იქნება, სახელწოდებით „ვირტუოზები ხუმრობენ”. კონცერტს რეზო ჩხიკვიშვილი გაუძღვება.