კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს თბილისში მცხოვრები კაცი თავის ჯარის მეგობარს ერევანში და რა მიზეზით დაიკარგა მათ შორის კავშირი ყარაბაღის ომის შემდეგ

48 წლის რაულ ვალიკოს ძე მირიანაშვილი ეძებს დაახლოებით 44-45 წლის ოვიკ პაპიკიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, დაახლოებით 44-45 წლის ოვიკ პაპიკიანს (მამის სახელი არ მახსოვს). მე და ოვიკამ ერთმანეთი 1985-1987 წლებში უკრაინაში, ქალაქ დრაგობიჩში „სამოქალაქო თავდაცვის“ ნაწილში მსახურობის დროს გავიცანით და დავმეგობრდით. ოვიკა ეროვნებით სომეხია. როგორც ვიცი, ამჟამად სომხეთში, ქალაქ ერევანში უნდა ცხოვრობდეს. მე და ჩემს მეგობარს შორის კავშირი დაახლოებით 1989-1990 წლებიდან, ყარაბაღის ომის შემდეგ შეწყდა. მე თბილისში ვცხოვრობ. იმედი მაქვს, რომ ჯარის მეგობარს მაპოვნინებთ.
– გვიამბეთ, როგორ დაუმეგობრდით ერთმანეთს და რატომ გადაწყვიტეთ ჯარის მეგობრის მოძებნა ახლა, ამდენი წლის შემდეგ.
– 1985 წელს გამიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. განაწილებით მოვხვდი უკრაინაში, კერძოდ, ლვოვის ოლქის ქალაქ დრაგობიჩში. ჯარში ჩემთან ერთად კიდევ 11 ქართველი მსახურობდა. ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ ოჯახებით. იმ ნაწილში, საერთოდ, კავკასიელები ცოტანი ვიყავით და ვცდილობდით, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა. კავკასიელებს შორის იყო 10 სომეხი ჯარისკაცი, მათ შორის – ოვიკაც. ოვიკამ ჩემს ჩასვლამდე 6 თვით ადრე დაიწყო იქ მსახურობა. ის ძალიან გამორჩეული პიროვნება იყო – მის თანამემამულეთაგან განსხვავებით, უფრო კომუნიკაბელური, გულიანი ბიჭი იყო, რითაც თავიდანვე დაიმსახურა ჩემი დიდი სიმპათია. დიდი დრო არ გასულა, რაც მე და ოვიკა დავმეგობრდით, რაც მის თანამემამულეებს დიდად არ მოსწონდათ (იცინის). რადგან გრძნობდნენ, რომ ოვიკა ჩვენთან უფრო მეტ საერთოს ნახულობდა, ვიდრე მათთან. ოვიკას მოძებნა ახლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქამდე ამის საშუალება არ მქონია. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე. სხვა ჩემს ჯარის მეგობრებს (ქართველებს) ყველას გვაქვს ერთმანეთთან კავშირი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოვიკას პოვნა მხოლოდ მე კი არა, მთელ ჩვენს სამეგობროს ძალიან უნდა. მას შემდეგ, რაც ჯარში სამსახური დავასრულეთ და სამშობლოში დავბრუნდით, წესად გვაქვს წელიწადში ერთხელ შეკრება და ერთმანეთის მონახულება, თან ოჯახებით ვმეგობრობთ. ოვიკასთან კავშირი 1989-1990 წლებში შეწყდა – ყარაბაღის ომის შემდეგ მე ოვიკას ვერ ვუკავშირდები, რასაც ძალიან განვიცდი. შეიძლება მან შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი (მე, მაგალითად, რა ხანია, შეცვლილი მაქვს), არც ის არის გამორიცხული, რომ იმავე მიზეზით, ისიც ვერ მიკავშირდება. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. მისი პოვნა მხოლოდ მე კი არა, ჩვენს ჯარის მეგობრებს გაამხნევებდა და გაახალისებდა, რადგან ოვიკასთან დაკავშირებით თითქმის ყველა ჩვენგანს უამრავი სათავგადასავლო და კურიოზული მოგონებები გვაქვს (იცინის).
– მაინც, რას გაიხსენებდით თქვენი ჯარში მსახურობის პერიოდიდან, რატომ არის ეს პიროვნება ყველა თქვენი მეგობრისთვის სასურველი საპოვნელი?
– რადგან ოვიკას მთელი ნახევარი წლით ჩემზე მეტი ჰქონდა ნამსახურები, დამეგობრების შემდეგ მისგან იყო ასეთი შემოთავაზება: ერთად წავსულიყავით „სამავოლკაში“. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ასაკის ამბავი, არც ასაკი და არც ჭკუა მაშინ ხელს არ გვიშლიდა და ერთი სული გვქონდა, ნაწილიდან გავსულიყავით. ჩვენი ნაწილის შორიახლოს კი მდებარეობდა ქალთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც მთელი ჩვენი ჯარის ნაწილისთვის სამოთხის ტოლფასი იყო (იცინის). ნაწილის დაუკითხავად დასატოვებლად დიდი წვალება დაგვჭირდა, მთელი რიგი წინააღმდეგობები დავძლიეთ და, როგორც იქნა, გავედით ქალთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთანაც ორი ქუჩა გამოდიოდა: ერთი – განათებული, მეორე კი – ბნელი. მე და ოვიკა დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. მე ვურჩევდი ბნელი ქუჩით წამოსვლას (რადგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ ნაკლები შანსი იყო, სამხედრო პატრულს შევხვედროდით), გამოცდილმა ოვიკამ კი აიჩემა, განათებული ქუჩით მისვლა აჯობებს, რადგან მას სამხედრო პატრული ნაკლებად გააკონტროლებსო. მოკლედ, დიდი კამათის შემდეგ, ოვიკა დავითანხმე და ჩაბნელებული ქუჩით წავედით. როდესაც იმ ქუჩაზე შევუხვიეთ, სადაც ქალთა საერთო საცხოვრებელი იყო ერთ-ერთი „ტუპიკიდან“ დიდი სისწრაფით გამოვარდა სამხედრო პატრულის „ვილისი“. საფიქრალი დრო აღარ გვქონდა და ერთ-ერთი მოსახლის ღია ეზოს კარში თავზარდაცემულები შევცვივდით. ისე გავრბოდით, მგონი, „ვილისიც“ კი ვერ დაგვეწეოდა (იცინის). პირველი მე მივრბოდი, უკან კი ოვიკა მომდევდა ჩხუბით. ეზოში სიბნელე იყო და ვერ დავინახე მის ბოლოში მდებარე მესერი, სახით შევეჯახე და ცხვირ-პირი ჩავიმტვრიე. რაც ყველაზე სასაცილოა ამ ისტორიაში, თურმე, არავინ არ მოგვდევდა (პატრულმა ეზოში შესვლა და ჩვენი დევნა, ეტყობა, არ ჩათვალა საჭიროდ). ნაწილში რომ, დავბრუნდით, სახე სულ დალეწილი მქონდა და ცხვირიდან სისხლი მდიოდა. შევიპარეთ ჩვენ-ჩვენს ყაზარმებში. ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან ჩემი ქართველი მეგობრები შემოცვივდნენ თავზარდაცემულები. ჯერ გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი, შემდეგ კი, როცა მათი უეცარი გამოჩენის მიზეზი გავიგე, ერთი საათი ვიცინოდი. თურმე, ოვიკამ ქართველებს უთხრა, თქვენი თანამემამულე ისე ვცემე, ლოგინიდან ვეღარ დგება, თავ-პირი სულ დავულეწე, თუ არ გჯერათ, მიდით და ნახეთო. ასე ოხუნჯობდა ოვიკა. მის შესახებ შემიძლია ათასი ისტორია მოვყვე, ამგვარი ისტორია არაერთი გადახდენია თავს. მოგეხსენებათ, ჯარში მსახურობის პერიოდი წლების შემდეგ ძალაუნებურად ტკბილად გახსენდება. სამშობლოსგან შორს კი ხარ, მაგრამ, ჯარში შეძენილი მეგობრები აღარ უნდა დაკარგო.
– ასეთი მეგობრობა თუ გქონდათ, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი?
– 1986 წელს, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების დროს, ათეული, რომელშიც ოვიკა ირიცხებოდა (სახანძრო ათეული), გაიყვანეს ნაწილიდან და მთელი ოთხი თვის განმავლობაში ოვიკა აღარ გვინახავს, როცა უბედურების ზონიდან ოვიკას დაბრუნების შესახებ გავიგეთ, უნდა გენახათ, რა შეხვედრა გვქონდა ერთმანეთთან. სწორედ მაშინ დავთქვით, რომ ერთმანეთს აღარ დავკარგავდით. მე ჩავიწერე ოვიკას მისამართი, მან კი – ჩემი. ჯარში სამსახურის დასრულების შემდეგ ოვიკა თავის ერევანში დაბრუნდა, მე კი – თბილისში. ერთმანეთს სულ ვწერდით წერილებს, მაგრამ, ყარაბაღის ომის შემდეგ ეს მიმოწერა შეწყდა. არ მინდა ცუდის ფიქრი, იმედია, ჩემი მეგობარი კარგადაა და მე მას აუცილებლად ვიპოვი.
– ბოლოს ერთმანეთი როდის ნახეთ და კიდევ რა იცით ოვიკას შესახებ?
– რადგან მე ჯარში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გამიწვიეს, მიწევდა ჯარის წელიწადნახევარში გავლა, ოვიკა კი უკვე 6 თვის ნამსახურები იყო და ამიტომ ერთად გვიწევდა დემობილიზაცია. გვქონდა, საერთო, როგორც ჯარში იტყოდნენ, „სადემობილიზაციო დავალება“ (საღორის აშენება), რომელიც ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამ სამუშაოს შემდეგ ჩვენი სამხედრო სამსახურიც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, ოვიკას ისევ რაღაც შეემთხვა: სხვა ჯარისკაცებს უნდა გავეცილებინეთ მსახურობადამთავრებული სამხედროები (ანუ, ჩვენ). ოვიკამ ამიხსნა, რომ ჩვენ უნდა გვეჭამა ჯარის „ბოლო ულუფა“ და სასადილოში ჯარისკაცებს სთხოვა, გამომშვიდობების ნიშნად, რკინის თეფშებზე კოვზები დაერტყათ (წარმოიდგინეთ, 200 ადამიანი ერთდროულად რომ დაარტყამდა რკინის თეფზე კოვზს, რამხელა ხმაური ატყდებოდა), მე ვუთხარი: შენ წადი, მე აქ დაგელოდები, გეგმებს დავალაგებ, ოღონდ, აუცილებლად მომიტანე „ბოლო ლუკმა“ ჯარის დასამახსოვრებლად-მეთქი და ყაზარმაში დარჩენა ვარჩიე. ცოტა ხანში კი ოვიკას გაოცებული თანამემამულეებისგან გავიგე, რომ სასადილოში მოწყობილი ხმაური გაიგო მორიგემ და გამოიკვლია, ვის აცილებდნენ. რადგან მე იქ არ ვიყავი, აღარ შემეხნენ, ხოლო საწყალ ოვიკას კი დემობილიზაცია ზუსტად ერთი თვით გადაუდეს. სწორედ მაშინ ვნახე ოვიკა ბოლოჯერ. მას შემდეგ, როგორც გითხარით, უკვე თავისი სამშობლოდან მწერდა ხოლმე წერილებს. ვიცი, რომ ჰყავს ორი და და ცხოვრობდა ერევანში. მაქვს მასთან გადაღებული ჯარის დროინდელი სურათი. ფოტოზე ოვიკა ხელმარცხნივაა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3