ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: საგადასახადო საკითხზე მაქვს სასამართლო დავა, გთხოვთ გვაცნობოთ, რა ვადებში განიხილავს სასამართლო საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ დავებს?
პასუხი: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა. სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო დავის განხილვის ვადა, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
კითხვა: მეზობლის ოჯახში სისტემატური ხასიათი აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტებს, რის გამოც შეწუხებულები ვართ მეზობლებიც. ოჯახის წევრი, რომლის მიმართაც ხორციელდება ძალადობა, უარს აცხადებს მიმართოს შესაბამის ორგანოს. გთხოვთ განგვიმარტოთ, გვაქვს თუ არა მეზობლებს მათი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მივმართოთ სასამართლოს ან სამართალდამცავ სტრუქტურებს?
პასუხი: ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, რა კონკრეტული ქმედითი მექანიზმები არსებობს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად?
პასუხი: ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი. კერძოდ, ყველაზე ქმედითია მოძალადის მიმართ დამცავი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ხოლო თუ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები შეინიშნება, შესაძლებელია, დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. დამცავი ორდერი შესაძლებელია, გამოცემული იქნეს სასამართლოს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, დროებითი ღონისძიების სახით, ოპერატიული რეაგირებისთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე, განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით პირველი ინსტანციის სასამართლოში, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც წერილობითი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ეს ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. აუცილებელია, შემაკავებელი ორდერი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში, დასამტკიცებლად წარედგინოს სასამართლოს, რომელიც, წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის, ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მოძალადისთვის დაწესებული შეზღუდვის პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები. სასამართლო უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, ასევე, განსაზღვრავს ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები, ქვემდებარეობის შესაბამისად, ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.
კითხვა: ვარ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებული, როგორც ვიცი, სასჯელის გარდა, ჩამომერთმევა გარკვეული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გთხოვთ, გვაცნობოთ შესაძლებელია თუ არა, არ ჩამომერთვას უფლებები და დამენიშნოს მხოლოდ სასჯელი?
პასუხი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დამატების შესაბამისად, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელია, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისგან სრულად გათავისუფლება. შესაბამისად, შესაძლებელია, თქვენ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შეგიმცირდეთ კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადა ან სრულად გათავისუფლდეთ უფლებების ჩამორთმევისგან.
კითხვა: როგორც მეუბნებიან, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის უფრო მძიმე სასჯელია გათვალისწინებული, ვიდრე გასაღების მიზნის გარეშე ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე მუხლითაა გათვალისწინებული ორივე ქმედება. გთხოვთ განგვიმარტოთ, რა განსხვავებაა ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობსა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს შორის?
პასუხი: მართალია, ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას და გასაღებას სისხლის სამართლის ერთი და იგივე მუხლი ითვალისწინებს და სანქციაც ერთი და იგივეა, მაგრამ გასაღება საზოგადოებისთვის მეტი საშიშროებით გამოირჩევა. აღნიშნული განსხვავება მოცემულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობია პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), ხოლო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელია პირი, რომელმაც ჩაიდინა ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი). ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს მოცემული კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა უფრო ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ხელშემწყობს.