გრიპებთან მეომრები
სტამბულის კაჟები
ოკეანის გაღმა თუ ჩვენ გარშემო, „ღორის გრიპი“ მძვინვარებს. მეტიც, ჩვენს მეგობარ უკრაინაში, თუ ჩვენს ელმედიას ვერწმუნებით, არათუ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები, პირბადეებიც კი დეფიციტია. ამ ფონზე ჩვენს ბედს, რომ იტყვიან, ძაღლი არ დაჰყეფს, რადგან ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, H1N1-ის ვირუსის სამკურნალო პრეპარატების („ტამიფლუსა“ და „რელენზას“) საკმარისი მარაგიც გვაქვს (პირბადეები ხომ საერთოდ თავზე საყრელია). ჯერჯერობით, ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში „ღორის გრიპით“ ინფიცირების 36 შემთხვევაა აღნუსხული, მათგან არც ერთი ლეტალურად არ დამთავრებულა, მეტიც, ვირუსგადატანილები თავს სტამბულის კაჟებივითაც გრძნობენ. არავინ იცის, რატომ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები ღორის გრიპმედეგები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი იმუნიტეტის ამაღლებაში თავისი წვლილი ექსმინისტრ ლადო ჭიპაშვილის წინასწარმეტყველებასაც შეეტანა (ბედობის დღეს რომ გვახარა, „ქათმის გრიპით“ მოსახლეობის 40 პროცენტი დასნებოვნდება, მათგან ყოველი მესამე კი სულს დალევსო). სხვათა შორის, ზემოხსენებული პრეპარატების მარაგების შექმნაც სწორედ ბ-ნი ჭიპაშვილის მინისტრობისას დაიწყო (და ამაზე ბლომად უცხოური ფულიც დაიხარჯა). ასეა თუ ისე, სრული იდილიისთვის პანდემია დაგვრჩა, რადგან პეიჟაზს სრულყოფილებისთვის ერთი შტრიხიღა აკლია: როგორ ეფექტურად ებრძვის საქართველოს მთავრობა „ღორის გრიპს“ (რადგან ჭეშმარიტად მამაცნი მხოლოდ პრევენციას არ სჯერდებიან)! მანამდე კი თავის მოწონება იმით მაინც შეგვიძლია, რომ „მთავრობა მაინც გავზარდეთ (თუ მთლად ოკუპანტებთან ვერა) გრიპებთან მეომარია“!