კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-34(556)

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებზე ვფიქრობდი. გონებაში კიდევ ერთხელ გავიხსენე ყველა ის შესაძლო ვარიანტი, რომელიც, შესაძლოა, მიუნხენში განვითარებულიყო და რაც გულდასმით შევიმუშავეთ ბალაშიხაში.
დაზვერვა და საიდუმლო სამსახური ისეთი პროფესიული სფეროა, სადაც ყველაფერს წინასწარ ანგარიშობენ, ითვლიან, ამზადებენ, საუკეთესო ხალხს ასრულებინებენ, ამ ყველაფრის უკან კი დიდი ფული და მძლავრი სახელმწიფო მანქანა დგას. ასეთ შემთხვევაშიც კი, კარგად გათვლილი და მომზადებული ოპერაციის წარმატების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, ასპროცენტიანი წარმატების შანსი ჩვენს საქმეში არ არსებობს. დაზვერვა, თვით ყველაზე ზუსტი და კარგად გაანალიზებული, უეჭველი წარმატების შანსს არასდროს იძლევა. ეს მათემატიკა არაა, რომ ერთადერთი და სწორი პასუხი გაგვცეს დასმულ შეკითხვაზე. ზოგჯერ მათემატიკაც კი ვერ იძლევა აბსოლუტურად სწორ პასუხს და დაზვერვაზე ბოლომდე დაყრდნობა, სადაც სხვადასხვა ფსიქიკისა და ცნობიერების ადამიანებთან გვაქვს საქმე და, არსებული გარემოება, შეიძლება, ყოველ წუთს შეიცვალოს, მაინცდამაინც სანდო არაა.
– ენდე, მაგრამ შეამოწმე, – ხშირად მიმეორებდა ხოლმე ზორინი ბალაშიხაში ერთად ყოფნის ორი თვის განმავლობაში და მართალიც იყო, რადგან, თავადაც მდიდარი სადაზვერვო გამოცდილება ჰქონდა და ხშირად ინტუიციით უფრო მეტისთვის მიუღწევია, ვიდრე სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.
სწორედ ინტუიციამ მიკარნახა, რომ, ვატერლოოს ხიდთან მდგარ წითელ „ბეემვეში“ სანამ ჩავჯდებოდი, ჩემი შინაგანი ნებისყოფისა და ენერგიის სრული კონცენტრაცია უნდა მომეხდინა, რადგან, გამორიცხული არ იყო, რომ იქ სიურპრიზი დამხვედროდა, ამისთვის კი მზად უნდა ვყოფილიყავი და სწორედ ამისთვის მჭირდებოდა სრული კონცენტრაცია. სწორედ ასეთი განწყობით გავემართე დათქმული ადგილისკენ და არც შევმცდარვარ: წითელ „ბეემვეში“ ჩავჯექი თუ არა, უკანა სავარძელზე მოკალათებულმა კაცმა სახეზე ჩამოფხატული შლაპა მოიხადა და მითხრა:
– გამარჯობა, ალფრედ! როგორ ხარ, შვილიშვილო, როგორ დავაჟკაცებულხარ და რამხელა გაზრდილხარ!..
ჩემ გვერდით ძებნილი „ესესელი“ პოლკოვნიკი კურტ შტაინერი იჯდა, „ბაბუა“ მიყურებდა და მიღიმოდა. შემდეგ ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა:
– არ ელოდი, ხომ, ჩემთან აქ შეხვედრას?
– ნამდვილად არ ველოდი, – მივუგე „ბაბუას“ ალფრედის სტილში, რასაც ორი თვის განმავლობაში გულდასმით „ვამუღამებდი“ ბალაშიხაში და დავამატე, – ამ სიშორეზე ჩამოსვლა როგორ გარისკე?
– რისკი ჩემი პროფესიაა, – მედიდურად მომიგო კურტ შტაინერმა და დასძინა: – უკვე ხუთი წელია, ლონდონში ვცხოვრობ, ეს დოყლაპია „ინტერპოლი“ და საბჭოთა დაზვერვა კი, ალბათ, გერმანიაში მეძებს.
„ბეემვე“ ქალაქიდან გადიოდა და ნელ-ნელა სისწრაფეს უმატებდა. ელვისებური მოქმედება იყო საჭირო, რადგან ნაცისტი ძებნილი გვერდით მყავდა და, საკმარისი იყო, ის დამეკავებინა და ჩემს კოლეგებთან მიმეყვანა, რომ საქმეც მოთავებული მექნებოდა. მანქანაში ჩემსა და „ბაბუას“ გარდა მძღოლი და მის გვერდით მოკალათებული პოლკოვნიკის „გალავარეზი“ მცველი ისხდნენ. საკმარისი იყო, ისინი გამენეიტრალებინა, რომ პოლკოვნიკსაც შედარებით ადვილად „მოვათვინიერებდი“, მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ საბჭოთა დაზვერვის არც ერთი კონსპირაციული ბინის მისამართი არ ვიცოდი და შტაინერს „სკოტლანდ იარდში“ ან „ინტელიჯენ სერვისში“ ხომ არ მივიყვანდი? ორივე უწყება, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მიიღებდა ჩემგან ასეთ საჩუქარს, მაგრამ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ კურტ შტაინერს სამუდამოდ დავკარგავდით, რადგან მას ბრიტანეთიც ეძებდა, საბჭოთა კავშირს მას არ გადმოსცემდნენ და 10 მილიარდის ღირებულების ოქრო სამუდამოდ წაგვივიდოდა ხელიდან, ეს კი ოპერაციის მთავარი მიზანი იყო. გარდა ამისა, გავიშიფრებოდი, დამაკავებდნენ და, შეიძლება, ციხეშიც კი ამომეყო თავი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სადაზვერვო-ოპერატიული ქმედებების გამო, რაც უცხოელისთვის კანონით აკრძალული იყო. ამიტომ, ერთადერთი გადაწყვეტილება მივიღე, მთელ ჩემს ცოდნასა და ენერგიას ერთ წერტილში მოვუყარე თავი და ავმოქმედდი: ჯერ „ბაბუას“ ჩავარტყი გაშლილი ხელისგული მარჯვენა საძილე არტერიაში და „მივთიშე“, შემდეგ „გალავარეზს“ მივამტვრიე კისერი და იქვე, წინა სავრძელზე მივასიკვდილე, ბოლოს კი მძღოლს ვწვდი უკნიდან ხორში და არაადამიანური ხმით დავუღრიალე, – სწრაფად გადახტი, თორემ, მოგკლავ-მეთქი...
მძღოლი დამემორჩილა, კარი გააღო და გაქანებული „ბეემვედან“ გადახტა, მე კი საჭეს მივუჯექი და ჯერ მკვდარი „გალავარეზი“ გადავაგდე მანქანიდან, შემდეგ „ბეემვე“ შემოვატრიალე, ლონდონში დავბრუნდი და პოლკოვნიკი კურტ შტაინერი პირდაპირ საბჭოთა საელჩოში მივიყვანე. „ბეემვე“, რომელშიც გონმიხდილი კურტ შტაინერი იწვა, იქვე გავაჩერე და საელჩოდან გამოსულ, ელეგანტურად ჩაცმულ მამაკაცს ვკითხე ინგლისურად:
– თქვენ აქ მუშაობთ?
– დიახ, სერ! რა გნებავთ? – მომიგო ლონდონური აქცენტით მამაკაცმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ინგლისის დედაქალაქში.
– მე საბჭოთა მზვერავი ვარ, – ვუთხარი გამართული რუსულით და დავამატე, – სწრაფად უკან შებრუნდით და საბჭოთა სამხედრო ატაშე იხმეთ, მას უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია უნდა გადავცე.
ყველა სამხედრო ატაშე უშიშროების წარმომადგენელი იყო, მე ეს ვიცოდი და სწორედ იმიტომ ვუხმე მას, მაგრამ საელჩოს თანამშრომელმა ზიზღით შემომხედა და რუსულადვე მომიგო:
– რას როშავთ, ახალგაზრდავ, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას, სანამ პოლიციისთვის არ მიმიმართავს!
დრო არ ითმენდა, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოსულიყო, ამიტომ მამაკაცს მგლური თვალებით შევაჩერდი და კბილებში გამოვცარი:
– ჩქარა, შე კრეტინო, სამხედრო ატაშე მომიყვანე აქ და უთხარი, რომ პოლკოვნიკი კურტ შტაინერი მყავს დაკავებული, თორემ ხელიდან რომ გაგვისხლტეს, სანამ შენ გაგასამართლებენ და დაგხვრეტენ, მანამდე მოგაგლეჯ თავს. აი, იმ წითელ „ბეემვეშია“ პოლკოვნიკი და მანქანა საელჩოს ტერიტორიაზე სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ!
ჩემმა მუქარამ გაჭრა და საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი შენობაში დაბრუნდა, ზუსტად სამ წუთში კი საელჩოდან ორი მამაკაცი გამოვიდა, მომიახლოვდნენ და ერთ-ერთმა მითხრა:
– „ბეემვეს“ გასაღები მომეცით.
მე მამაკაცს „ბეემვეს“ გასაღები მივეცი. მან მანქანა უკანა შესასვლელიდან შეიყვანა შენობაში, მე და მეორე მამაკაცი კი საელჩოში წინა კარიდან შევედით და, როგორც კი კარს გამოვცდით, სადაც გარედან აღარაფერი ჩანდა, საბჭოთა სამხედრო ატაშე შემომეგება და გაცნობის შემდეგ მკითხა:
– რა ხდება?
– სანამ გერმანიის ხელისუფლება გაიგებს, რომ შტაინერი აქაა, ისიც და მეც სასწრაფოდ მოსკოვში უნდა გადაგვაგზავნოთ. „ბეემვეც“ მოიშორეთ. სწრაფად, დრო არ ითმენს! – ვუთხარი სამხედრო ატაშეს, რომელიც გამოცდილი მზვერავი აღმოჩნდა და, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მე და კურტ შტაინერი დიპლომატიურ ბარგში შეგვფუთეს და, აეროპორტში წაგვიღეს. ნაცისტი პოლკოვნიკის დატყვევებიდან სამი საათის შემდეგ, ანუ, ლონდონის დროით 14 საათსა და 15 წუთზე, „ჰიტროუდან“ აფრენილმა ავიალაინერმა მოსკოვისკენ აიღო გეზი...
ავიალაინერი საბჭოეთის კუთვნილება იყო, მას „აეროფლოტის“ პილოტები მართავდნენ და ის ოთხი საათი, რაც საბჭოთა კავშირის დედაქალაქამდე ფრენას დასჭირდა, მათ კაბინაში გავატარეთ, რომ უცხო თვალს მოვრიდებოდით. ჩვენთან ერთად გამოფრინდა საბჭოთა სამხედრო ატაშეც, რომელიც მოგვიანებით, ჩემი წყალობით დააწინაურეს და ეს წლების მერე შევიტყვე მისგან, როდესაც ჩვენ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით.
პოლკოვნიკი კურტ შტაინერი ხელებგაკოჭილი, უხმოდ, ზიზღიანი თვალებით გვიმზერდა და, ალბათ, გულში ნატრობდა, რომ ძველი დრო წამით მაინც დაბრუნებულიყო და ხელში ჩავეგდეთ, რომ ისევე სასტიკად გაგვსწორებოდა, როგორც ათასობით საბჭოთა ადამიანს უსწორდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპირებულ უკრაინასა და ბელორუსიაში.
საბჭოთა სამხედრო ატაშე საკმაოდ გამოცდილი მზვერავი აღმოჩნდა და შტაინერზე არაფერი უკითხავს. მაგრამ, უამრავი თავისუფალი დრო გვქონდა და, უხერხული პაუზა რომ არ ჩამოვარდნილიყო, რატომღაც, ფეხბურთზე გამიბა ლაპარაკი და მკითხა:
– ფეხბურთი თუ გიყვართ?
– ძალიან, – გულწრფელად მივუგე მე, რადგან ფეხბურთი მართლაც ძალიან მიყვარდა და ერთი პერიოდი ფეხბურთელობაც კი მინდოდა – თუმცა, ეს საქმე არ გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული ბოლომდე გამომყვა.
– ვგიჟდები ფეხბურთზე, – სახე გაუბრწყინდა სამხედრო ატაშეს, – ერთადერთი, რაც ინგლისში მართლა მომწონს, ესაა ფეხბურთი – ეს საქმე იქ უმაღლეს დონეზეა დაყენებული.
– ეს არცაა გასაკვირი, – მივუგე თანამოსაუბრეს, – ინგლისი ხომ ფეხბურთის სამშობლოა და ეს მშვენიერი თამაში მათი მოგონილია.
– და, იცით, რა მომწონს ყველაზე მეტად? – არ ცხრებოდა ჩემი თანამოსაუბრე.
– რა?
– რა და, დერბები, ანუ, როდესაც ერთი ქალაქის ორი გუნდი თამაშობს ერთმანეთში... ამ სანახაობას არაფერი შეედრება, – ნეტარი, გაბადრული სახით მითხრა ატაშემ და დაამატა: – აი, მაგალითად, ერთმანეთს ხვდებიან „ჩელსი“ და „ვესტჰემი“, „არისტოკრატები“ და „ჩაქუჩები“, ანუ, მედიდურნი და მდაბიონი და, იცით რა ჯახია? – სამკვდრო-სასიცოცხლო, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომზე...
– გაზვიადებული ხომ არ არის? – ღიმილით ვკითხე ატაშეს. მან კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს უდიდესი შეურაცხყოფა მივაყენე და მომიგო:
– როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ! ამ ყველაფრის ნახვა ერთ რამედ ღირს. ჯერ ხომ მინდორზე ომობენ და ეს ყველაფერი საათ-ნახევარი გრძელდება, მაგრამ, მთავარი მოვლენები მინდორს გარეთ, ფანებს შორის გრძელდება და, ეს კი უკვე სისხლის გარეშე არ მთავრდება. კოდლა-კოდლა დაწყობილი ფანები რომ ერთმანეთს დაერევიან, ცხვირ-პირს ამტვრევენ და ლონდონის ქუჩები სისხლით ირწყვება, ესაა ინგლისური დერბის ჭეშმარიტი დაგვირგვინება, აი, ესაა ინგლისური ფეხბურთი და ეს ერთიანი სისტემაა, რაშიც მილიონობით ადამიანია ჩართული.
– აი, კაპიტალიზმის კიდევ ერთი მინუსი და მანკიერი მხარე, – ვუთხარი ატაშეს, – ასეთი რამ საბჭოთა კავშირში ხომ არასოდეს მოხდება?
– თქვენ ასე ფიქრობთ, ახალგაზრდავ? – ირონიულად მითხრა ჩემმა ოპონენტმა და იქვე დაასკვნა: – ალბათ, მოსკოველი ხართ, ხომ არ მეშლება?
– დიახ, მოსკოველი ვარ, – ვიცრუე მე, ატაშემ კი თვითკმაყოფილებით მომიგო:
– იმიტომაც, ჩემო მეგობარო, იმიტომაც ფიქრობთ, რომ ასეთი რამ საბჭოეთში არ ხდება, რადგან მოსკოვი სანიმუშო ქალაქია და ასეთი რამ იქ მართლაც თითქმის არასდროს მომხდარა, თუმცა, საკმარისია, პერიფერიებში გახვიდეთ, რომ იქ უარესს წააწყდებით.
– უარესს? – გავიკვირვე მე, – მაინც, სად?
– თუნდაც, კავკასიაში, – უმალვე მომიგო ატაშემ, – ნებისმიერი კავკასიური დერბი, სიკვდილით თუ არა, საშინელი ცემა-ტყეპით მთავრდება და „ჩელსი“-„ვესტჰემი“ ან „იუნაიტედ-სიტი“, შეიძლება, ბავშვურ გართობადაც კი მოეჩვენოს კაცს.
– ნუთუ? – ვთქვი მე.
ატაშეს ჩაეცინა და მითხრა:
– იცით, რა ხდება, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან თბილისის „დინამო“ და ერევნის „არარატი“, ან, ერევნის „არარატი“ და ბაქოს „ნეფტჩი“?
– რა ხდება? – ვკითხე ატაშეს, თუმცა, „დინამო“-„არარატის“ თამაშებს რეგულარულად ვესწრებოდი და ეს სიტუაცია ჩემთვის კარგად იყო ნაცნობი.
– ჰმ, – მხარზე ხელი მომითათუნა ატაშემ – როგორ გეტყობათ, რომ კავკასიაში არ ხართ ნამყოფი და იქაურ გულშემატკივრებს არ იცნობთ, ხომ არ იცნობთ?
– არა! – იმედი არ გავუცრუე ატაშეს.
– კავკასია, ჩემო მეგობარო, აბობოქრებული ვულკანია და ის მდუღარე ლავა, რომელიც, თუ გადმოიფრქვა, ყველასა და ყველაფერს წალეკავს, მაგრამ, ეს სხვა თემაა, – უმალვე გამოასწორა ატაშემ, რომელიც მიხვდა, რომ უკვე პოლიტიკაში იჭრებოდა და დაამატა: – „დინამო“-„არარატის“ თამაში თუ მხოლოდ ქართულ-სომხური დაპირისპირებაა და ბოლოს მაინც რესტორანში ქეიფით მთავრდებოდა, „ნეფტჩი“-„არარატის“ თამაში, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგით დასრულდეს და გამოუსწორებელი საშინელება დატრიალდეს.
სამხედრო ატაშე ისეთი აზარტით ყვებოდა კავკასიური საფეხბურთო დაპირისპირების პერიპეტიებს, რომ ისევ პოლიტიკაში შეიჭრა, მაგრამ კვლავ დროზე „დაამუხრუჭა“, ბოლოს ხელი ჩაიქნია და გაჩუმდა.
– ვსხდებით, – გვამცნო ეკიპაჟის მეთაურმა, რომელიც ჩემი და ატაშეს დიალოგის უნებლიე მოწმე იყო და, მართალია, ჩემი ოპონენტი ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ მან მე მითხრა: – თუ შეიძლება, ადგილებიდან ნუ დაიძრებით. როდესაც თვითმფრინავი დაჯდება, მგზავრებს ჩასვლა და თვითმფრინავიდან მოშორება ვაცადოთ. ასე მიბრძანეს ხმელეთიდან და მთხოვეს, თქვენთვის გადმომეცა.
თვითმფრინავის დაჯდომიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ მე და ატაშემ კურტ შტაინერი ხელკავებგამოდებული ჩავიყვანეთ ტრაპზე. როგორც კი გარეთ გავყავი თავი, პირველად გენერალ ზორინის სახე დავინახე. ტიმოფეი საველიჩმა რომ დაგვინახა, კურტ შტაინერს ყურადღებით დააკვირდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად ის პიროვნება იყო, ვისაც საბჭოთა უშიშროება უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, სახე გაუბრწყინდა, თავი ვეღარ შეიკავა, გამოქანდა, გადამეხვია და წამოიძახა:
– ყოჩაღ, ყოჩაღ, ჩემო ძვირფასო, გილოცავ ამ დიდ წარმატებას და ამას არასოდეს დაგივიწყებ...
ტრაპთან ერთი „ვოლგა“ და ერთიც ფურგონიანი მანქანა გველოდებოდა. კურტ შტაინერი ორმა ბრგე ოპერმუშაკმა უშიშროების „ვორონკაში“ ჩასვა და წაიყვანეს, ხოლო ზორინი, მე და ატაშე კი „ვოლგაში“ ჩავსხედით და ლუბიანკის მოედნისკენ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გავემართეთ.
ზორინს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. აშკარად ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დამელაპარაკებოდა, მაგრამ, ატაშეს ერიდებოდა. ხოლო, როდესაც „კაგებეს“ ეზოში მანქანიდან გადმოვედით, გენერალმა ატაშეს მეორე სადარბაზოსკენ მიუთითა და უთხრა:
– იქ შებრძანდით! მეორე სართულზე 201-ე კაბინეტში გელოდებიან და იქ გეტყვიან ყველაფერს.
ატაშე გამოგვემშვიდობა და წავიდა, ზორინმა კი თქვა:
– თავის უფროსს პატაკს ჩააბარებს, შემდეგ ის პატაკი ჩემთან ამოვა, რომ გავეცნო, მაგრამ, პატაკი რად მინდა, როდესაც შენ აქ ხარ? აბა, წავედით ჩემთან და ყველაფერი დეტალებში მომიყევი, შემდეგ კი, ალბათ, კომიტეტის თავმჯდომარე დაგვიძახებს...
ზორინის კაბინეტი ლუბიანკის ცენტრალური ფლიგელის მესამე სართულზე მდებარეობდა. მისაღებში რომ შევედით, მან ადიუტანტს ყავა შეუკვეთა, მე კი კაბინეტში პირველი შემიშვა, უკან მომყვა, სავარძელში ჩამსვა, თვითონ კი ძვირფასი კონიაკი „ვარციხე“ გამოიღო სერვანტიდან და ჩემ პირდაპირ მოკალათდა, მერე ჭიქები შეავსო და თქვა:
– ასეთი წარმატების აღნიშვნა და თითო ჭიქის შესმა აქაც შეიძლება. ასე რომ, ჩემო კოკი, გილოცავ ამ დიდ წარმატებას და გისურვებ, კიდევ არაერთი სახელოვანი გამარჯვებისთვის მიგეღწიოს. ვიცი, რომ არ სვამ, მაგრამ დღეს გამონაკლისს ვუშვებთ და თითო ჭიქას არა უშავს.
გენერალს ჭიქა მივუჭახუნე, ჩვენი გამარჯვება ვადღეგრძელე და სამარკო ქართული კონიაკი დავლიე. ამასობაში ყავაც მომიტანეს და ზორინმა მითხრა:
– მიირთვი, გეთაყვა და თან ყველაფერი მიამბე.
კურტ შტაინერის დატყვევებიდან სულ რაღაც ათი საათიც არ იყო გასული, რომ მას ლუბიანკის „სპეცები“ კითხავდნენ, მე კი გენერალ ზორინს ყველაფერს დაწვრილებით ვუყვებოდი. ტიმოფეი საველიჩის სახეს კმაყოფილი გამომეტყველება არ მოსცილებია. თხრობა რომ დავასრულე, შემაქო:
– ყოჩაღ, ყოჩაღ, კოკი, ტყუილად არ მითქვამს კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომ შენ საუკეთესო კადრი ხარ, ვისაც კი ჩემთან გაუვლია.
– ტიმოფეი საველიჩ, კურტ შტაინერმა რომ არაფრის თქმა არ ისურვოს და არ ალაპარაკდეს? – ვკითხე ზორინს, რომელმაც გულიანად გადაიხარხარა და მომიგო:
– შენ რა გითხარი, კოკი, გულიანად გამაცინე. დაიხსომე, შვილო, რომ ლუბიანკაზე ქვასაც კი აალაპარაკებენ, არამცთუ ქეციან ფაშისტ პოლკოვნიკს. ასე რომ, ჩათვალე, ოქრო ჩვენია და ეს ყველაფერი დროისა და ტექნიკის საქმეა.
„ვეჩემ“ დარეკა. ზორინმა ყურმილი აიღო, უპასუხა და, რომ დადო, მითხრა:
– მოემზადე, კოკი, კომიტეტის თავმჯდომარესთან შევდივართ.
ამ დროს უზარმაზარმა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და მაშინღა შევნიშნე, რომ უკვე შუაღამე იყო.
„კაგებეს“ შეფი, რომელსაც ხალხში „გაუცინარის“ მეტსახელი შეარქვეს, ჰაბიტუსის გამო და ეს იყო არა ხელოვნურად შექმნილი იმიჯი, არამედ, მისი ცხოვრების წესი, ღიმილით შეგვეგება მე და ზორინს. მეტიც, ჩვენ ის კაბინეტის შუაგულში შეგვეგება, შემდეგ დაბალ მაგიდასთან, სავარძლებში ჩაგვსხა, ადიუტანტი იხმო და უთხრა:
– კონიაკი და ყავა მოგვიტანეთ!
ადიუტანტი კაბინეტიდან გავიდა, „კაგებეს“ შეფმა კი უაღრესად კეთილგანწყობილი ტონით გვითხრა:
– თქვენ სამშობლოს უდიდესი სამსახური გაუწიეთ და არც სამშობლო დაგივიწყებთ ამას. თქვენ, ტიმოფეი საველიჩ და თქვენ – კოკი, „წითელი ვარსკვლავის ორდენებით“ ჯილდოვდებით.
„კაგებეს“ შეფმა იქვე გადმოგვცა ჯილდოები. ამ დროს კონიაკი და ყავა შემოიტანეს და კომიტეტის თავმჯდომარემ დაგვლოცა და კონიაკი ბოლომდე გამოცალა, რაც დაუჯერებელი რამ იყო, რადგან ის საერთოდ არ სვამდა ღვიძლის დაავადების გამო. კონიაკი მე და გენერალმაც გამოვცალეთ, შემდეგ კი „კაგებეს“ შეფმა ახალი სასიხარულო ამბავი გვამცნო.
– გარდა ამისა, ჩემო მეგობრებო, ტიმოფეი საველიჩს გენერალ-პოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი და პერსონალური აგარაკი გადაეცემა, ხოლო თქვენ კი, კოკი, პირდაპირ ლეიტენანტობას განიჭებთ და ოთხოთახიან კეთილმოწყობილ ბინას გჩუქნით მოსკოვში.
თუ ჩათვლით იმას, რომ ჩემმა ქმედებამ სახელმწიფოს 10 მილიარდი მანეთის ღირებულების ოქროს ზოდები დაუბრუნა, ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინის ჩუქება ჩემთვის მოსკოვში ზღვაში წვეთიც არ იყო, მაგრამ, 20 წლის ბიჭს მეტი რა მინდოდა?! ამიტომ, ეს ყველაფერი უდიდეს წყალობად ჩავთვალე და კიდევ უფრო მეტი პატივისცემითა და სიყვარულით განვიმსჭვალე საბჭოეთისა და ჩემი უწყების მიმართ.
„კაგებეს“ თავმჯდომარემ მოღიმარი სახით გვითხრა:
– კურტ შტაინერი გამოტყდა და გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ოქრო შვეიცარიის ბანკის საცავებში ყოფილა. ჩვენ ეს ინფორმაცია ოპერატიულად გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს. ოქრო უკვე ჩვენი კუთვნილებაა და გამთენიისას საბჭოთა კავშირში ჩამოიტანენ. ასე რომ, თქვენმა მისიამ სრული წარმატებით ჩაიარა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედია, – „კაგებეს“ შეფის სიტყვები მე მეკუთვნოდა, – ერთმანეთს კვლავ შევხვდებით.
ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ „კაგებეს“ თავმჯდომარესთან აუდიენცია დასრულებული იყო.
მე და ზორინი შეფისგან რომ გამოვედით, ღამის ორის ნახევარი იყო. ტიმოფეი საველიჩმა მითხრა:
– მადლობელი ვარ შენი, კოკი, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა და არასდროს დაგივიწყებ. თან, გილოცავ ჯილდოს, ჩინსა და საჩუქარს.
– გმადლობთ, ტიმოფეი საველიჩ, მეც გილოცავთ, – მივუგე ზორინს.
მან კი მითხრა:
– ალბათ, მერისთან შეხვედრას ნატრობთ, ხომ?
– დიახ, – მორცხვად მივუგე გენერალს.
ზორინმა ღიმილით მომიგო:
– ხვალ დილით მერი თბილისში მიფრინავს და მის გვერდით ადგილი უკვე დაჯავშნული გაქვს. ახლა კი რვა საათი დრო გაქვს და წამოდი, შენი ახალი ბინა მოვინახულოთ.
მე და ზორინი რიგის პროსპექტზე აშენებულ ახალ ბინაში გავემართეთ, რომელიც თექვსმეტსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე მდებარეობდა.
– ადგილიც კარგია, ბინაც და აღჭურვილობაც, – თქვა ზორინმა, კიდევ ხუთიოდე წუთი გაჩერდა და წასვლის წინ მითხრა: – აბა, შენ იცი, კოკი, კიდევ ერთხელ გილოცავ ყველაფერს. იმედია, ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. ახლა კი დაისვენე, მაგრამ, თვითმფრინავზე არ დაგაგვიანდეს. ნახვამდის.
– ნახვამდის, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო! – ზორინს მაგრად ჩამოვართვი ხელი და ასე გამოვემშვიდობე.
ტიმოფეი საველიჩი ორი თვის შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა, მას მეტად აღარ შევხვედრივარ, თუმცა მასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს და დღემდე მიმაჩნია, რომ გენერალი ზორინი დადებითი პიროვნება იყო.
ახალ ბინაში მარტო რომ დავრჩი, საწოლზე ტანსაცმლიანად წამოვწექი და ბოლო 48 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ხელახლა დავატრიალე გონებაში. ამასობაში ინათა, დილის 6 საათი შესრულდა და ძილი მომერია, მაგრამ, თავს ვძლიე, სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, შემდეგ მომშივდა და, რატომღაც, მაცივარი გამოვაღე, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, კონსერვებითა და წვენებით იყო გამოტენილი. „ყოჩაღ, „კაგებე“, რომ ახალბედა თანამშრომლებზე ზრუნავთ“, – გავიფიქრე გუნებაში და მადიანად ვისადილე. შემდეგ ბინის ხელახლა დათვალიერებას შევუდექი, მაგრამ ამჯერად ყველაფერს უკვე გულდასმით ვამოწმებდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ აქ გამოცდილი და მზრუნველი ხელი მოქმედებდა. კარადასა და კომოდის უჯრებში ორ-ორი ხელი ჩემი ზომის ყველა სახის სამოსი და თეთრეული ელაგა. სახლში იყო ყველა ის საჭირო ნივთი თუ ინსტრუმენტი, რაც ნებისმიერ ოჯახშია. „ფულს ნამდვილად არავინ დამიტოვებდა“, – გავიფიქრე გუნებაში, საწერი მაგიდის პირველი უჯრა გამოვაღე და გავშეშდი: უჯრაში ათასი მანეთი, „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი, ვაზნებით სავსე ყუთი და იარაღის ტარების მოწმობა ელაგა. პისტოლეტი შევამოწმე და უჯრაში დავაბრუნე, გვერდით კი წითელი ვარსკვლავის ორდენი მივუდე, ფული ამოვიღე და უჯრა ჩავკეტე. ამასობაში, ცხრა საათი შესრულდა, თვითმფრინავი კი ათზე მიფრინავდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, ბინა ჩავკეტე, ქვევით ჩავედი და ქუჩაში დავდექი, რომ ტაქსი გამეჩერებინა, მაგრამ, ჩემ წინ თეთრმა „ვოლგამ“ დაამუხრუჭა და მძღოლმა მითხრა:
– დაბრძანდით, აეროპორტში წაგიყვანთ.
მივხვდი, რომ „ვოლგა“ უწყების კუთვნილება იყო და ულაპარაკოდ ჩავჯექი. აეროპორტში რომ მივედით, მძღოლმა თვითმფრინავის ბილეთი მომცა და მითხრა:
– ეს თქვენი ბილეთია, მშვიდობით ფრენას გისურვებთ...
– კოკი, შენ?! – აღმოხდა მერის, როდესაც თვითმფრინავში ამოვიდა. რომ დაჯდა, მხოლოდ მაშინღა შემამჩნია.
– მერი, ძვირფასო, – ჩავეხუტე შეყვარებულს, – ყაზახეთიდან ტრანზიტით მოვფრინავ და დარეკვაც კი ვერ მოვასწარი.
– სამაგიეროდ, ერთად ვართ, – მერიმ მხარზე დამადო თავი, – ნამდვილად განგების ნებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.
„ეს განგება „კაგებეა“, – გამეცინა გულში, მერის კი ვუთხარი:
– მართალი ხარ და მადლობა განგებას.
– კოკი, კოკი, – უცებ გაახსენდა მერის და მისაყვედურა, – მანამდე ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც მირეკავდი, ეს ბოლო ერთი თვე კი რა მოხდა, ერთი ზარიც რომ არ მაღირსე?
მერის ხომ არ ვეტყოდი, ლონდონში ვიყავი და ალფრედ შტაინერის ტყავში ვძვრებოდი-მეთქი? ამიტომ, მივუგე:
– ცენტრალური სატელეფონო კაბელი გაწყდა, ახლომახლო კი ტელეფონის მსგავსი არაფერი იყო.
– თუ, მოგბეზრდი და ვინმე ვიწროთვალება ყაზახი ლამაზმანი იპოვე? – ნახევრად ხუმრობით მითხრა მერიმ და მეც ხუმრობითვე მივუგე:
– მართალი ხარ, ძვირფასო, ვიპოვე და ჯიბითაც წამოვიყვანე, – მერე ჯიბეები მოვიქექე და დავამატე: – ფაფუ, ლამაზმანი გაქცეულა და თავის უკიდეგანო სტეპებს დაბრუნებია.
ყაზახ ლამაზმან გოგონას აღარ დავბრუნებივართ. სამაგიეროდ, მთელი გზა ჩვენი ერთკვირიანი ერთად ყოფნის გეგმებს ვაწყობდით და იმაზე ვმსჯელობდით, თუ როდის სად წავსულიყავით და როგორ გაგვეტარებინა დრო. თუმცა ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ასე დაგვემართა ჩვენც – თბილისში რომ ჩავფრინდით, ახალი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი.
მერი რომ სახლში მივაცილე, შინ ფეხით დავბრუნდი. მერისთან საღამოს 6 საათზე პაემანი მქონდა და შევთანხმდით, რომ დროს ღამის კლუბ „მუხამბაზში“ გავატარებდით. ეს ღამის კლუბი იმ პერიოდის თბილისური ბომონდის ცენტრი იყო და იქ მოხვედრა ან დიდი ნაცნობობის წყალობით იყო შესაძლებელი, რადგან ბილეთი ან მოსაწვევი უნდა გქონოდა, ან, დიდი ფული უნდა გადაგეხადა იქ შესაღწევად. მე ფულიც მქონდა და, რაც მთვარია, „ძიას“ იმედი მქონდა, რომელსაც გაფრთხილებული ვყავდი, რომ, თუკი რამე სფეროში წინააღმდეგობას შევხვდებოდი, თუნდაც დეფიციტური საქონელი ან ნივთი დამჭირვებოდა, მისთვის მიმემართა და ყველაფერს უპრობლემოდ მომიგვარებდა. სწორედ ამის გამო ვუთხარი დაუფიქრებლად მერის, დღეს საღამოს „მუხამბაზში“ მივდივართ და მოემზადე-მეთქი...
პლეხანოვზე უდარდელად მივაბიჯებდი და მომავალ საღამოზე ვფიქრობდი, როდესაც ჩემს ეზოსთან მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანა შევნიშნე. „ნეტავ, ბაბუას ხომ არ დაემართა რამე?“ – გავიფიქრე, ნაბიჯს ავუჩქარე და სწორედ იმ დროს გამოიყვანა ორმა სანიტარმა საკაცეზე დაწვენილი ბაბუა და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩააწვინა.
– ბაბუ, რა გჭირს, რა მოგივიდა? – სულს ძლივს ვითქვამდი, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანასთან მივირბინე და ბაბუას დავხედე.
– ინფარქტი აქვს, – მოკლედ მომიჭრა სასწრაფოს ექიმმა და მანქანაში ჩაჯდა.
– შვილიშვილი ვარ და მეც წამოვალ, – ვუთხარი ექიმს.
– კი, ბატონო, წამოდი, – მხრები აიჩეჩა ექიმმა. მე ფურგონში შევძვერი და მანქანა სირენების კივილით დაიძრა ადგილიდან.
საცოდავი ბაბუა შემთხვევით ერთ-ერთ მეზობელს უპოვია იატაკზე უგონოდ დაგდებული. იქვე კი ჩვენი ოჯახური ალბომი ეგდო.
– კოკი, შვილო, – მითხრა მეზობელმა, ვინც ბაბუა უგონოდ იპოვა, – მაღაზიაში რომ მივდივარ ხოლმე, ბაბუაშენს ყოველთვის ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. დღესაც მივუკაკუნე და ხმა რომ არ გამცა, დავეჭვდი. ისევ მივუბრახუნე, კიდევ რომ არ გამცა ხმა, ჭუჭრუტანიდან შევიხედე და დავინახე, რომ ანტონ პავლოვიჩი ძირს ეგდო? აბა, დავაწიოკე მეზობლები, კარი შევამტვრიეთ და, რომ ვნახეთ, სუნთქავდა, მაშინვე „სკორიში“ დავრეკეთ. იქვე თქვენი საოჯახო ალბომი ეგდო და ალბათ, მისი თვალიერებისას დაარტყა საცოდავს ინფარქტმა.
საცოდავმა ბაბუამ სულ რაღაც ორიოდე საათი იცოცხლა და კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციული განყოფილების პალატაში გარდაიცვალა. ის უგონოდ იყო, მაგრამ, სიკვდილის წინ სამიოდე წუთით დაუბრუნდა გონი და, რომ დამინახა, მითხრა:
– ჩამოხვედი, ბაბუ?
– კი, ბაბუ, ჩამოვედი, როგორ ხარ? – ვკითხე ბაბუს, თუმცა, უკვე აშკარა იყო, რომ ცალი ფეხი სამარეში ედგა.
– ისე იყოს შენი მაწყევარი, ბაბუ, როგორც ახლა მე ვარ, – მითხრა ბაბუამ, დამაკვირდა და მკითხა: – კოკი, ბაბუ, რამე ხათაბალაში ხომ არ გაგაბეს?
– არა, ბაბუ, რას ამბობ, რა ხათაბალაში!
– კოკი, ბაბუ, კარგად დაიმახსოვრე: არავინ მოგატყუოს და ისეთი არაფერი გააკეთო, რომ მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს. აბა, ჭკუით იყავი, ბაბუ, მშვიდობით, – მითხრა ბაბუამ, ერთი ამოიხვნეშა და სული მიაბარა უფალს. მინდოდა მეთქვა, რომ „წითელი ვარსკვლავის ორდენით“ დამაჯილდოვეს, მაგრამ, ვერ მოვასწარი.
ბაბუა საღამოს 7 საათზე მივასვენეთ სახლში. იქ მერი დამხვდა. პაემანზე რომ არ მივედი, თავად წამოსულა ჩემთან და, ბაბუას ამბავი რომ გაუგია, დამელოდა.
– ვიზიარებ, კოკი, გულით თანაგიგრძნობ. ანტონ ბაბუა კარგი კაცი იყო და ღმერთმა აცხონოს, – მითხრა ატირებულმა მერიმ და ჩამეხუტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3