„ნასა“ უცხოპლანეტელებზე ალაპარაკდა
შეიძლება თუ არა არადედამიწელ გონიერ არსებათა აღმოჩენის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობა... მოვლენების ჰიპოტეტიური განვითარების შესახებ, „ნასას“ პლანეტოლოგიის განყოფილებისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ერთობლივი მოხსენება გააკეთეს: „რას მოუტანს კაცობრიობას კონტაქტები უცხოპლანეტელებთან – სიკეთეს თუ ვნებას?“
მკვლევრები პოტენციურ კონტაქტებს სამ კატეგორიად ყოფენ: სიკეთის მომტანად, ნეიტრალურად და ზიანის მომტანად.
რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია მათთან თანამშრომლობა, რომელიც დაგვეხმარება დავამარცხოთ დაავადებები, სიღატაკე, შიმშილი... თუმცა, სწავლულები არ გამორიცხავენ, რომ უცხოპლანეტელები ნებსით თუ უნებლიეთ შეგვყრიან ჩვენთვის უცხო, განუკურნებელ დაავადებებს. განსაკუთრებით სავალალო იქნება, თუ უცხო ცივილიზაცია შემთხვევით მიუსევს კაცობრიობის არამეგობრულ ხელოვნურ ინტელექტს, ანდა ჩაატარებს ფიზიკურ ექსპერიმენტს, რომელიც გალაქტიკის ჩვენს ნაწილს დაუსახლებელს გახდის. განიხილება, ასევე, შემდეგი ჰიპოთეზა: „მოსულები პრევენციულად დაგვესხმებიან თავს, თუ შეაფასებენ პლანეტისადმი ჩვენ მიერ მიყენებულ ეკოლოგიურ ზიანს, როგორც ნიშანს, რომ დედამიწაზე ცივილიზაცია ვითარდება უკონტროლოდ, ანადგურებს სხვა ბიოლოგიურ სახეობებს... კერძოდ, გალაქტიკის მეზობლები შეიძლება გააღიზიანოს დედამიწის ატმოსფეროს დანგრევამ, რომელიც სამრეწველო გაზების გაფრქვევით არის გამოწვეული...
როგორც არ უნდა იყოს, სწავლულები გვირჩევენ, გამოვიჩინოთ საღი აზრი, სიფრთხილით მივუდგეთ ბუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოპლანეტელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ უნდა გავნადგურდეთ, რათა კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მოვუტანოთ პლანეტას. ასევე, დაკვირვებაა საჭირო კოსმოსში სიგნალების ტრანსლაციის დროს: „არ შეიძლება გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზმის აგებულების შესახებ – ამით შეიძლება, მათ დედამიწელთა წინააღმდეგ იარაღის დამზადებისას ისარგებლონ“.