სასტიკი ექსპერიმენტი
ამ დღეებში შესრულდება 40 წელი ცნობილი სტენფორდის ექსპერიმენტიდან. ეს გახლდათ საკმაოდ სასტიკი კვლევები, რომელშიც საცდელ პირები კალიფორნიელი სტუდენტები იყვნენ.
კვლევების ავტორია ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო – იდეა იყო ძალზე მარტივი – მოხალისეთა ჯგუფის აყვანა, მათი დაყოფა „პატიმრებად“ და „ზედამხედველებად“, შემდეგ მათი მოთავსება ციხის მოდელში და შედეგებზე დაკვირვება.
განცხადება მოხალისეთა აყვანის თაობაზე, გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში. სტუდენტები მოიხიბლნენ იმით, რომ საშუალება ეძლეოდათ არდადეგების პერიოდში გამოემუშავებინათ გარკვეული თანხა. ამ დროს მონაწილეებად შეარჩიეს მხოლოდ ყველაზე ძლიერები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
ექსპერიმენტი, რომელიც 1971 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და ორ კვირაზე იყო გათვლილი, მხოლოდ ექვს დღეს გაგრძელდა, რადგან საცდელმა „პატიმარმა“-სტუდენტებმა ძლიერი ნერვული სტრესი მიიღეს, ხოლო „ზედამხედველებმა“ საშინელი სადიზმი გამოავლინეს. ერთმა „პატიმარმა“ შიმშილობაც კი გამოაცხადა.
როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ პირველმა დღემ ჩაიარა წყნარად – დღის ბოლოს კი სტუდენტმა, დეივ ეშლემანმა – „მთავარმა ზედამხედველმა“, გადაწყვიტა, რომ ის ციხის ძალზე სასტიკი თანამშრომელი გახდება. პატიმრებმა კი, რომლებსაც აბუჩად იგდებდნენ და დასცინოდნენ, ბუნტი მოაწყვეს. „ზედამხედველებმა“ მათი ასეთი ქმედება თავიანთი ავტორიტეტის შელახვად მიიჩნიეს და გამოწვევად მიიღეს. პროტესტის აქცია აღკვეთეს და მთელი სისასტიკით დაიწყეს თავიანთი ძალაუფლების ჩვენება: აბუჩად იგდებდნენ მათ, აშიშვლებდნენ, თავზე ტომრებს აცვამდნენ, აიძულებდნენ შეუწყვეტლივ ეკეთებინათ რთული ფიზიკური ვარჯიშები. „ყველაზე ძნელი ასატანი ძილის საშუალების წართმევა იყო. ეს ეფექტური ტაქტიკა წამების ერთ-ერთი მეთოდია“, – ამბობს ყოფილი „პატიმარი“ კლეი რამსი.
საშიში ექსპერიმენტის ვადაზე ადრე შეწყვეტას, ხელი შეუწყო ზიმბარდოს საცოლემ, ფსიქოლოგმა კრისტინა მასლაჩმა. ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა ის „ციხეში“ დამკვირვებლად მოიწვია. კრისტინა შოკირებული იყო ნანახით და მკაცრად მოითხოვა, მაშინვე შეეწყვიტათ „სასტიკი ექსპერიმენტი“.