თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-34(556)
ზურაბი უხმაურო ნაბიჯებით შევიდა ოთახში. დარწმუნებული იყო, რომ მარიკას უკვე ეძინა. საწოლი რომ ცარიელი დაუხვდა, გაოცება ვერ დამალა. კარი გამოიხურა და სამზარეულოში გავიდა, სადაც ყავის სმაში გართულ ცოლს წამოადგა თავზე.
– თათა, იცოდი, რომ ბავშვი სახლში არ არის?
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– წესით, შენ უფრო უნდა იცოდე, მაგის მესაიდუმლე შენ ხარ.
– ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც დაურეკავს. თუმცა, იქნებ დარეკა კიდეც, მაგრამ, ოპერაციაზე ვიყავი შესული – მძიმე პაციენტი მყავდა... სად უნდა იყოს? სახლში მაინც აუცილებლად გადმორეკავდა.
– გადმორეკა, გადმორეკა, – დაამშვიდა ცოლმა, – ოპერატიული თათბირი მაქვს და დამაგვიანდებაო.
ზურაბმა საათზე დაიხედა:
– კი მაგრამ, თორმეტი სრულდება...
– შეამჩნიე, არა?! რა ქნას, ოპერატიული თათბირი აქვს. აბა, რა გეგონა, კრიმინალურ სამსახურში მუშაობა რომ არ დაუშალე? ყველაფერი შენი ბრალია.
– როგორ უნდა დამეშალა. თათა, რას ამბობ? რისი გაკეთებაც უნდა ბავშვს, ის უნდა აკეთოს.
– ჰოდა, მაშინ ნუღარ გაიოცებ, თუ ამაღამ სახლში საერთოდ არ მოვა.
– რომ მივაკითხო ან დავურეკო?
– არ გირჩევ. თუმცა, შენი საქმის შენ იცი. ერთნაირი ჯიუტები ხართ, მამაც და შვილიც.
– სიჯიუტე არაფერ შუაშია. მე, მაგალითად, მომწონს, ასეთი დამოუკიდებელი რომ არის.
– მით უმეტეს, საწუწუნო არაფერი გაქვს. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც შენ გინდა. დაჯექი, ყავა დალიე და დამშვიდდი. დამთავრდება ოპერატიული თათბირი და მოვა, არსად წავა.
ზურაბმა ყავა დაისხა და ცოლს გვერდით მიუჯდა.
– ჩემი ბრალია. ბოლო დროს საერთოდ ვეღარ მოვიცალე მისთვის. მინდა, იმ საქმემ, რასაც ის აკეთებს, სიხარული მოუტანოს.
– აუცილებლად. აბა, ისე როგორ იქნება? მოკლულები, დაჩეხილები, მკვლელებისა და ბანდიტების უკან დევნა აუცილებლად მოგგვრის სიხარულს.
ზურაბი შეიჭმუხნა:
– იცი, ერთმა ცნობილმა მილიონერმა რა თქვა? – ცხოვრებაში ორჯერ ვიყავი ბედნიერი: ერთხელ, როცა იახტა ვიყიდე და მეორედ, როცა ის გავყიდეო. ბედნიერი ყოველთვის ვიყავი – ღარიბიც და მდიდარიც. შენმა შინაგანმა ბედნიერებამ უნდა მოგიტანოს ფულიც და წარმატებაც ცხოვრებაში და არა, პირიქით.
ქალმა ამოიოხრა.
– მართალი გითხრა, ვერაფერი გავიგე. ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდრები ცოტას აფრენდნენ – თავისებურად, რა თქმა უნდა. სხვანაირად ვერც გამდიდრდებოდნენ.
– მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი შინაგანად უნდა იყოს ბედნიერი. ეს მხოლოდ საკუთარ „მესთან“ სრული თანხმობით მიიღწევა. საყვარელი საქმის კეთება – აი, რა არის ცხოვრებაში მთავარი.
– როგორი რომანტიკოსიც იყავი, ისეთივე დარჩი. წავედი, დავწვები. ხვალ მე მყავს მძიმე პაციენტი – ტყუპებს შენ უნდა მიხედო.
ქალმა ლოყაზე აკოცა ქმარს.
– თუ არ შეწუხდები, ფინჯანი გასარეცხ ნიჟარაში ჩადე და სინათლე გამორთე. ისე, თუ მაინცდამაინც, გინდა გაარკვიო, როდის დაბრუნდება შენი შერლოკ ჰოლმსი კაბაში, იმ ექსპერტს დაურეკე – მგონი, ერთადერთი სიმპათიური ადამიანია მაგის სამსახურში. მობილურის ნომერი მაქვს და გეტყვი.
– მართლა? ესე იგი, სასამართლო ექსპერტის მობილურის ნომერი გაქვს? ყოჩაღ!
– შემთხვევით მოხდა. ტყუპების დაბადების დღეზე მარიკასთან ერთად რომ მოვიდა, მაშინ გავიცანი. საინტერესო ადამიანია. მობილურის ნომერიც მაშინ მომცა.
ზურაბმა ცოლს შეხედა.
– რატომ მიყურებ? არ მითხრა, რომ ეჭვიანობ. ძალიან გამაცინებ და გამართობ. დაურეკავ?
– არა, დაველოდები.
– როგორც გინდა, – ქალმა სიცილით აიჩეჩა მხრები...
***
დათომ მანქანის მინა ჩამოწია და სახე ღამის გრილ ნიავს შეუშვირა:
– უჰ, ძლივს არ აგრილდა? ძალიან ხომ არ გაბრაზდი, რომ დამინახე? ვეღარ მოვისვენე. ჩემი ძმაკაცის მამა იყო და...
– ეგ უკვე მითხარი, – ამოიოხრა თემომ და ცალი ხელით სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა. დათომ დაასწრო – კოლოფი იპოვა, ერთი ღერი ამოაძვრინა და თემოს გაუწოდა, – მე ხომ არ მოგიკიდო?
თემომ თავი დაუქნია.
– მაინც, რა მოხდა იმ აგარაკზე, მოკლეს თუ მართლა უბედური შემთხვევა იყო?
თემომ სიგარეტი გააბოლა და სიჩქარეს მიუმატა.
– გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხს ვერ მაძლევ... გასაგებია... მაგრამ, ვიფიქრე, რომ...
– არ არის პრობლემა. უბრალოდ, ვფიქრობდი. პასუხს კი იმიტომ ვერ გაგცემ, რომ არა მაქვს. შენი ძმაკაცის მამა იყო, არა?!
– ჰო.
– კარგად იცნობდი?
დათომ მხრები აიჩეჩა:
– მგონი, საკმარისად. ბევრი ფული ჰქონდა და არც ისე ნათელი წარსული.
– ეგ მეც ვიცი. სხვა რამე მაინტერესებს. გართობა უყვარდა, არა?
– გააჩნია, გართობაში რას გულისხმობ. ისე, გართობა ვის არ უყვარს?
– ძალიან კარგად მიხვდი, რაც ვიგულისხმე და თავს ნუ იკატუნებ, გუშინდელი ბავშვი არ ხარ.
– კარგი, სამართლიანი საყვედურია. ორგიები მისი სტიქია იყო, კი...
– აჰა. სწორედ ეს მაინტერესებდა. შვილთან ამის გამო კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?
დათო შეიჭმუხნა.
– როგორც ვიცი – არა. მიშა ძალიან მშვიდი ტიპია. თანაც, მამამისი კარგად აფინანსებდა – ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?!
– გააჩნია, ვისთვის, – ჩაილაპარაკა თემომ.
– ჰო, ესეც მართალია. ზოგისთვის პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, შენთვის.
თემო მოიღუშა:
– ამით რისი თქმა გინდა? პირდაპირ მითხარი.
– გეტყვი, არ არის პრობლემა. შენი და მაკას ურთიერთობას ვგულისხმობდი. გადაწყვიტე, რომ ეყრები?
– აი, ეს უკვე ნამდვილად არ არის შენი საქმე.
– ნუ ცხარობ. უბრალოდ, ვიკითხე. არც ისეთი უცხო ვარ თქვენთვის.
– ჰო, ვიცი, მაგრამ, ეს მაინც მარტო ჩვენ ორის გადასაწყვეტია.
– რა თქმა უნდა. ოღონდ, მეჩვენება, რომ მაკა ძალიან განიცდის. თუმცა, ცდილობს, არ დაგანახვოს. ხომ იცი, როგორი ტიპია – საშინლად ჯიუტი და ემოციური... და, თუ ვინმე მის ემოციებზე იწყებს თამაშს, უმართავი ხდება.
– მე მის ემოციებზე ნამდვილად არ ვთამაშობ. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. შევეცადე, ეს როგორმე ამეხსნა მისთვის, მაგრამ...
– ჰო, ვხვდები. ზოგჯერ მისთვის მხოლოდ საკუთარ აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ისე, სულ სხვანაირია.
– ასეა. სხვანაირები ვართ და სხვანაირად ვიქცევით... – ამოიოხრა თემომ, – მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო არ არის. ჩილაჩავების ოჯახის ამბავი მაინტერესებს. ესე იგი, ბატონი ვახტანგი ორგიების მოყვარული იყო?
დათომ ჩაიცინა:
– უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – „ვარიკების“. ისეთი „ვარიკების“, ოქროს საკენკზე რომ კარგავენ ჭკუას და ყველაზე თამამი ექსპერიმენტებისაც კი არ ეშინიათ ბებერ მელასთან.
– ასეთი ექსპერიმენტებით, უფრო ხშირად, ბებერი მელა ზარალდება ხოლმე და, მაგ შენი ძმაკაცის მამის შემთხვევაში, მგონი, ასეც მოხდა. ექსპერტიზამ გარდაცვლილის სისხლში ჭარბი დოზით ალკოჰოლი და ვიაგრა აღმოაჩინა.
დათომ დაუსტვინა:
– არ მიკვირს. მაგრამ, ეგ „პერედოზიროვკა“ როგორ მოუვიდა? დარწმუნებული ვარ, პირველად არ დალევდა.
– საქმეც ეგაა... ან უნდა დავიჯეროთ, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ან, ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ ძალიან მოინდომა მისი სექსუალური შესაძლებლობების ისე გააქტიურება, რომ გულმა ვეღარ გაუძლო – მკვლელობის თითქმის იდეალური ვარიანტია: ყველაფერი ბუნებრივად ჩანს, მტკიცებულებები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს...
– ანუ, იდეალური მკვლელობა, – თქვა დათომ, – ესე იგი, მაინც მკვლელობა...
– არა, არა... მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ამ მეთოდით კაცის მოკვლა მკვლელისთვის სრულიად უსაფრთხოა-მეთქი. რაც შეეხება ვახტანგ ჩილაჩავას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ გადაჭარბებული დოზა თვითონ მიიღო. თუ ახალგაზრდა გოგონების „გამასპინძლებისთვის“ ემზადებოდა, ეს ბუნებრივადაც კი ჩანს. მოკლედ, არ ვიცი. შეიძლება, ძიება საერთოდაც შეწყდეს.
– მდაა... – თავი გადააქნია დათომ, – საწყალი მიშა. როგორია, მამა ვიაგრით რომ მოგიკვდება?! ის „ქათმებიც“ იქ იყვნენ?
– ვინ ქათმები?
– ნაშები, რა... ბებერს კარგი გემოვნება ჰქონდა.
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! არავინ გვინახავს, გვამისა და დამლაგებელი ქალის გარდა.
– ვა, რანაირად? მარტომ დალია ვიაგრა? ვერ დავიჯერებ, რომ ეს დამლაგებლისთვის გააკეთა, – დათოს საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა.
– გეყოფა მაიმუნობა. ფიქრისგან თავი მტკივა. შენ მიგიყვან სახლში და, მეც უნდა წავიდე, ცოტა დავისვენო და დღეიდან ისევ საქმეს მივხედო, დღეს არც ცოლს დავლაპარაკებივარ და არც შვილს. შეიძლება, შენც გამოგიძახო.
– მე რა შუაში ვარ? – ნირი წაუხდა დათოს.
– მე არ მითქვამს, შუაში ხარ-მეთქი. მაგრამ, შეიძლება, საქმეს დასჭირდეს. გაუგებარი რა არის?
დათომ ამოიოხრა:
– გაუგებარი არ არის. უსიამოვნოა.
– რას იზამ? ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს. მოვედით. შეგიძლია, გადაბრძანდე მანქანიდან.
– მაკასთან არაფერს დამაბარებ? – გაუღიმა დათომ.
– არა. ამ დღეებში მე თვითონ შევხვდები და დაველაპარაკები.
– კარგი იქნება, თუ რამეს მოიფიქრებ და გააოცებ. ხომ იცი, უყვარს ასეთი რაღაცეები.
– გმადლობ, ჭკუა რომ დამარიგე.
– არა, არა... ჭკუა არ დამირიგებია. მხოლოდ გირჩიე. ერთი კეთილი რჩევა – მეტი არაფერი... – დათომ მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი თემოს და მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ მაშინვე არ გადასულა, – ისე, წესით, ახლა მიშასთან უნდა მივსულიყავი. ბიჭები არიან იქ... ტაქსი ხომ არ გამოვიძახო?
– მივხვდი, ჩემი მანქანით იქ ვერ მიხვიდოდი. რა გითხრა, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე მოიქეცი, მაგრამ, მეც გავიმეტებ ერთ კეთილ რჩევას – ხვალამდე თავი შეიკავე, ასე აჯობებს.
***
დევის ნელა მიჰყავდა მანქანა. გვერდით მარიკა ეჯდა. გოგოს მინა ჩაწეული ჰქონდა და ხარბად ისუნთქავდა ღამის გრილ, შედარებით სუფთა ჰაერს.
– თუ ასე გაგრძელდა, ახვლედიანი გაგიჟდება, – თქვა და ექსპერტს შეხედა.
– დროა, შეეჩვიოს და ცოტა გაიზარდოს. ეს მისი სამუშაოა. აბა, რა ეგონა, ჩვენთან რომ მოდიოდა?! – ნიშნისმოგებით ჩაიცინა დევიმ, – შენც ხომ არ აპირებ უკან დახევას?
– მე? არა, საიდან მოიტანე? თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თქვენი, ექსპერტების სამუშაო გაცილებით საინტერესოა.
– აბა, რას ამბობ, ჩვენ ხომ არც ექიმები ვართ და არ გამომძიებლები. სადღაც შუა გზაში გავეჩხირეთ. ზოგჯერ ჩემს თავს მოფერებით „კენტავრს“ ვეძახი.
მარიკამ ხმამაღლა გაიცინა:
– კარგია. კენტავრი არაჩვეულებრივია.
– დამცინი, არა? დღევანდელ საქმეზე რას ფიქრობ?
– ანუ, მოკლეს თუ მოკვდა? სიმართლე გითხრა, არ ვიცი. გააჩნია, ამ ყველაფერს რა კუთხით შევხედავთ.
– არა, აშკარად დამცინი. რა კუთხეები უნდა ამას, გოგო... მის ასაკში იმის ნახევარიც რომ დაელია, რაც დალეული ჰქონდა, ყველა ვარიანტში დაიბრიდებოდა. პლუს – ალკოჰოლი. დედაშენი ხომ კარდიოლოგია, სახლში რომ მიხვალ, ჰკითხე და გეტყვის.
– არა... – მარიკამ ღიმილით გადააქნია თავი.
– რა არა, არ გჯერა?
– მაგას არ ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, მჯერა, მაგრამ, საქმე ისაა, რომ შენი სახის გამომეტყველება მაეჭვებს. კიდევ რაღაც არის ისეთი, რასაც არ ამბობ და რაც გაფიქრებინებს, რომ მკვლელობა იყო.
– ერთია, რას ვფიქრობ მე და მეორეა – რას გეუბნებიან ფაქტები – მთავარი ხომ სწორედ ფაქტებია.
– ჰო, მაგრამ... – დაიწყო მარიკამ.
დევიმ ხელის აქნევით შეაჩერა გოგო:
– არავითარი „მაგრამ“. კიდევ ერთი მკვლელობა – მეტისმეტია. ჯობია, უბედურ შემთხვევად დარჩეს – ასე გაცილებით მომგებიანია ყველასთვის.
– არ მჯერა.
– რა არ გჯერა?
– რომ შენ ამას შეძლებ.
– ჰმ, ვითომ რატომ ვერ შევძლებ? ხომ გითხარი, მნიშვნელობა ფაქტებს აქვს და არა ჩემს ვარაუდს-მეთქი. ვნახოთ, ძიება როგორ წავა. მე ჩემი საქმე გავაკეთე.
– ძიება იქნება?
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– ის, რაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს, თემოს ჰკითხე, რითი იწყება, თუმცა, პირობას ვერ მოგცემ, რომ საქმეს მალევე არ დახურავენ, ვახტანგ ჩილაჩავა ძალიან ცნობილი ტიპი იყო და საკმაოდ უხერხულად გამოემშვიდობა ამ ქვეყანას.
მარიკამ თვალები მოჭუტა:
– მოიცადე, წინასწარ ყლაპა ამდენი აღმგზნები საშუალება?
– ჰოო, სწორედ ეგ არის ყველაზე საინტერესო. იქ იყო ის, ვისთვისაც მაგ რესპექტაბელურმა ბატონმა მსხვერპლი გაიღო. ახლა შეკითხვა: – სად გაქრა ქალბატონი? სავარაუდოდ, შეეშინდა და გაიქცა. რისი შეეშინდა? იმის, რომ სკანდალში გაეხვეოდა... ან, კიდევ უარესი – მკვლელობას დააბრალებდნენ... მოკლედ, თემოს საქმე ნამდვილად აქვს.
– და თუ ქალბატონი არ არსებობს? – ვარაუდი გამოთქვა მარიკამ.
– გამორიცხულია. თუ ერთი პროცენტით მაინც დავუშვებთ ამის ალბათობას, მაშინ თვითმკვლელობამდე მივალთ. თვითმკვლელობა ვიაგრით საინტერესოა...
– უსუსური ვერსიაა.
– გეთანხმები. მაგრამ, უსუსურ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.
– უცნაურია... ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მსგავსი აუცილებლად მოხდებოდა, ანუ, მკვლელობას ვგულისხმობ. მაგრამ, ვიაგრამ ყველაფერი აურია.
– მაგარია „ვიაგრამ ყველაფერი აურია“... – თანაც, როცა ეს სიტყვები შენგან ისმის. შენ ახლა დაისვენე და, თუ გინდა, დილით გამოგივლი.
– დილაობით მამაჩემს მოვყავარ ხოლმე.
– კარგი, ნუ შეცვლით განაწესს. დილით, ალბათ, ისევ თათბირი იქნება. ახვლედიანს ჰგონია, თათბირების სიხშირე გამოძიებას ეხმარება... ეგ კიდევ კარგა ხანს არ გაიზრდება.
მარიკამ ჩანთა აიღო:
– მაინც არ მითხარი...
– რა? აა, მივხვდი... მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერია. მით უმეტეს, რომ თითქმის გითხარი, ვეძებოთ ქალი... მაგრამ, შენ ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი...
***
იამ სათვალე მოიხსნა და შვილს გაკვირვებულმა შეხედა.
– მოხდა რამე?
– შენ რა, მივლინებაში არ წახვედი? გადაიფიქრე?
– ჰო. ბოლო წუთს აღარ მომინდა. მნიშვნელოვანი არაფერია. დავიღალე ამდენი წინ და უკან ფრენით. მაგრამ, ახლა ის უფრო მაინტერესებს, ასე რამ აგაღელვა. ვითომ იმან, რომ არ გავემგზავრე?
ნიკა დივანზე ჩამოჯდა და ხელი ჩაიქნია.
– არა, რა თქმა უნდა. ჩემი თანაკლასელის მამა მოკვდა, – ნიკამ შეგნებულად არ თქვა მეგობრის მამაო. მიშა მის წარმოდგენაში ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ, რადგან მამამისის ცხოვრების წესი მისთვის მისაღები იყო, ამიტომ ზოგჯერ მიშაც მიუღებელი ხდებოდა ნიკასთვის.
– მართლა? ამიტომაც ხარ ასეთი დათრგუნული?
– დათრგუნულის რა გითხრა, მაგრამ...
– მოიცა, რას არ მეუბნები?
– მე? არა, სათქმელი არაფერი მაქვს. იმაზე ვფიქრობდი, პანაშვიდზე და გასვენებაში როგორ უნდა მივიდე-მეთქი. საშინლად მძულს, მაგრამ, აუცილებელია.
– მარიკა არ გინახავს? – ჰკითხა მოულოდნელად ქალმა.
– მარიკა? არა...
– ხომ არ იჩხუბეთ?
– არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვერ დავურეკე. ვიცოდი, რომ საქმე ექნებოდა.
– აი, ეგაა საქმე – ამას დასასრული არ ექნება.
– რას არ ექნება დასასრული?
– მის მოუცლელობას. შენ კი ამას ვერ გაუძლებ. სისულელეა, ქალს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, მოსთხოვო, სახლში დაჯდეს და შვილები ზარდოს. თუ ის ასეთ მსხვერპლს გაიღებს, აუცილებლად მოგთხოვს სანაცვლოდ რაღაცას. იფიქრე ამაზე.
– ვიფიქრე.
– მერე?
– ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში. მეც მინდა, რომ საყვარელი საქმე აკეთოს. დედა, შენ მე კარგად ვერ გამიგე. მარიკა მიყვარს, მაგრამ, მესაკუთრე არ ვარ. მეც არ ვაპირებ სახლში გულხელდაკრეფილი ჯდომას და იმაზე ფიქრს, როდის დაბრუნდება ცოლი სამსახურიდან. საერთოდაც, სულ ტყუილად ღელავ ასეთ წვრილმანებზე.
– მე შენზე ვღელავ და არა წვრილმანებზე და ეს ერთი და იგივე არ არის, უკვე იმდენჯერ გითხარი...
ნიკამ ჯიბიდან მობილური ამოიღო:
– დათო მირეკავს... ამდენ ხანს იქ იყავი? მერე? კარგი რა, რას ამბობ!.. მიშამ იცის?.. შენი სიძეც მაგარი ტიპია... ეგ რას ნიშნავს?.. უფრო გასაგებად ვერ აგიხსნა? დაკითხვაზე?... შეიძლება, მეც? რა სისულელეა, მე რა შუაში ვარ... ახლა სად უნდა მოხვიდე, შუაღამეა... კარგი... გავიგე... ჰო, როგორც კი გავიღვიძებ, გირეკავ...
იამ სიგარეტს მოუკიდა:
– რატომ დამიმალე, ჩილაჩავაზე რომ იყო ლაპარაკი? – უკმაყოფილოდ ჰკითხა შვილს.
– შენ რა, იცნობდი? ჩემთვის რომ არასდროს არაფერი გითქვამს?
– მე? საიდან უნდა მცნობოდა? მაგრამ დღეს ტელევიზორში იყო ინფორმაცია და დათოსთან შენი საუბრით მივხვდი... მგონი, უბედურ შემთხვევაზე იყო ლაპარაკი.
– ეტყობა, მთლად უბედური შემთხვევაც არ ყოფილა, რადგან ჩემი დაკითხვაც უნდათ.
ქალს თვალები აენთო:
– კი მაგრამ, შენი რატომ?
– ზუსტად არ ვიცი. დათოს დილით ვნახავ და გავარკვევ.
– კარგი. მე წავალ, დავიძინებ... რაღაც მინდოდა მეთქვა... უფრო სწორად, მეთხოვა. რას იტყოდი, პატარა მოგზაურობაზე? მე და შენ სადმე შორს რომ წავსულიყავით, რამდენიმე დღით...
– ფრენა რომ მოგწყინდა?
– ეს სულ სხვა რამეა. დავისვენებდით...
– გინდა, მარიკას მომაშორო? ეს შედის შენს სამოგზაურო გეგმებში?
იას სახე დაუსევდიანდა:
– აი, თურმე რა იფიქრე... გული მატკინე. ძალიან, ძალიან მატკინე გული. ეს რომ მცოდნოდა...
ნიკამ სინდისის ქენჯნა იგრძნო:
– მაპატიე...
ქალმა ამოიოხრა:
– მივხვდი: თუ შენთან მშვიდობა მინდა, მარიკა უნდა შევიყვარო...
– ეს შენთვის ასეთი ძნელია?
– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში უნდა ვცადო.
– მადლობის მეტი რა მეთქმის?! – გაეღიმა ნიკას, – ამ მცდელობას აუცილებლად დაგიფასებ...
***
მარიკასთვის დღე ადრე იწყებოდა. მაღვიძარა ყოველთვის რვის ნახევარზე რეკავდა, მაგრამ იმ დილით გაუჭირდა. მაღვიძარას ხმა კი ესმოდა, მაგრამ, თავი ვერ წამოსწია... თვალი რომ გაახილა, მაღვიძარა დედამისს ეჭირა ხელში...
– რა კარგია, რომ გამაღვიძე... – უთხრა და გაუღიმა.
– არ ვაპირებდი შენს გაღვიძებას, პირიქით, მაღვიძარა უნდა გამეტანა. ისე გვიან მოხვედი, რომ გამოძინება არ გაწყენდა.
– ჰო, თათბირი გვქონდა. ახლაც უნდა წავიდე, – მარიკა ასადგომად მოემზადა.
– მამაშენი ნერვიულობდა.
– მართლა?! არ უთხარი, სადაც ვიყავი?
– როგორ არ ვუთხარი, მაგრამ, მაინც ნერვიულობდა. მიხვდა, რომ შეცდა, თავის დროზე შენს არჩევანში რომ არ ჩაერია.
– დედა!.. – შეიჭმუხნა მარიკა, – რაღა დროს ამაზე ლაპარაკია?
– ჰო, მაგაში მართალი ხარ, უკვე გვიანია. მაგრამ, შენ თვითონ მოგწონს, რასაც აკეთებ? მოგწონს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ არ ცხოვრობ?
– რატომ არ ვცხოვრობ ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანივით? შენ და მამას ოპერაცია არ გაგგრძელებიათ?
– ეს ერთი და იგივე არ არის.
– რატომ? – გაეცინა მარიკას, – სამსახური – სამსახურია. ჰო, მართლა, შენთან ლაპარაკი მინდოდა – შენი პროფესიული რჩევა მჭირდება.
ქალმა მაღვიძარა მიაჩეჩა და ფარული ინტერესით ჰკითხა:
– რა რჩევა? რასთან დაკავშირებით?
– ვიაგრასთან დაკავშირებით.
– რა? – თვალები გაუფართოვდა თათას, – მოიცა, შენ ეგ რატომ გაინტერესებს?
– არა, არა, ბებერი საყვარელი ნამდვილად არ მყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო. გუშინდელ საქმესთან დაკავშირებით დამჭირდა. უბედური შემთხვევა მოხდა... შეიძლება, მკვლელობაც... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ პრეპარატს რა ასპექტში განვიხილავთ.
– მოიცა, მოიცა, კარგად ამიხსენი, კონკრეტულად რა გაინტერესებს. ჩაიცვი და სამზარეულოში გამოდი, იქ ვილაპარაკოთ.
***
ზურაბმა ტყუპებს კაკაო დაუსხა გასაცივებლად და სამზარეულოში შესულ უფროს შვილს გაუღიმა:
– შენც ხომ ისაუზმებ?
– დედასთან რაღაც საქმე მაქვს... ულტიმატუმი ასეთია – თან უნდა ვისაუზმო.
– კარგია. მაგრამ, მე რომ ვერ დაგელოდები? ესენი ბაღში უნდა მივიყვანო და სამსახურში გავიქცე. რამე მნიშვნელოვანი მოხდა წუხელ?
– არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია... ნელ-ნელა ვეჩვევი, ისევე, როგორც შენ შეეჩვიე ოპერაციებს. ხომ მართალი ვარ?
– არა, რატომ? ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი ოპერაციები, რომლებიც არასდროს მავიწყდება... მერე მომიყევი, კარგი?! საღამოს, თუ ისევ შენი თათბირი არ შეგვიშლის ხელს... რით წახვალ სამსახურში?
– დევის დავურეკავ. წუხელაც იმან მომიყვანა.
– უჰ, კიდევ კარგი, არ თქვი საპატრულო მანქანას გამოვიძახებო. გული მისკდება, როცა ის მანქანა გაკითხავს. მეზობლებისაც მრცხვენია, – თქვა თათამ.
მარიკას გაეცინა:
– დედა, რა უცნაური ხარ...
– კიდევ მე ვარ უცნაური?! – გაიოცა ქალმა, – აბა, მოყევი, რაში დაგჭირდა ჩემი პროფესიული რჩევა ვიაგრასთან დაკავშირებით?
კართან მდგარი ზურაბი შემობრუნდა:
– რასთან დაკავშირებით?!
მარიკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– დედა, რანაირი ხარ, პროვოკაციის შემოგდება კარგად გეხერხება. მამა, ყურადღებას ნუ მიაქცევ, დანაშაულთან დაკავშირებით მჭირდება, სწორედ გუშინ მომხდარ ამბავთან, დედა კი ცდილობს, გააზვიადოს და დაგაეჭვოს.
– არაფერს არ ვცდილობ. მოყევი, აბა, რა გაინტერესებს? – თათამ ყავა დაისხა.
– „პერედოზიროვკა“ თუ იწვევს სიკვდილს და, საერთოდ, როგორ ხდება ეს? სექსუალური აქტი აუცილებელია?
თათამ ხელები გაშალა:
– ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი, ვერაფერს იტყვი...
– ჰო, ვიცი. ჩვენ გვაინტერესებს. ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
– მაინც, რა?
– ის, რომ თვითმკვლელობა იყო თუ უბედური შემთხვევა, ან სულაც, მკვლელობა...
– აჰა... თათბირი მაგის თაობაზე გქონდათ? – ქალმა ქმარს შეხედა, – შენ არ გაგვიანდება?
– ძალიან მაგვიანდება. გავიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი საუბრის თემა.
– კიდევ უფრო დაინტერესდები, როცა გაიგებ, ვის ეხება, – ჩაილაპარაკა ქალმა.
მარიკამ გაკვირვებით შეხედა:
– შენ რა, იცი? საიდან გაიგე?
თათამ ნიშნისმოგებით ჩაიცინა:
– ეს ქალაქი ძალიან პატარაა, ჩემო კარგო. რადგან არ ვლაპარაკობ, ამიტომ არაფერი ვიცი? ვახტანგ ჩილაჩავა... – ხომ მართალია?
მარიკამ მოწონებით გადააქნია თავი:
– ყოჩაღ! ამას ნამდვილად არ ველოდი შენგან.
– ვიაგრაზე რომ დაიწყე ლაპარაკი, თორემ, ერთმანეთთან ვერაფრით დავაკავშირებდი შენს სამსახურს და იმას, რაც მაგ კაცის თავს მოხდა.
– არ მითხრა, რომ ახლოს იცნობდი.
– არც ისე ახლოს. მისი ცოლი ჩვენთან მუშაობს, ლაბორატორიაში. ასეთი ამბები კი სწრაფად ვრცელდება, ჩემო კარგო.
– ძალიან კარგი. ესე იგი, სამსახურში „ხელცარიელი“ არ მივალ. კიდევ რისი თქმა შეგიძლია შენს თანამშრომელზე?
თათამ გამაფრთხილებლად დაუქნია შვილს თითი:
– ხომ იცი, ჭორაობა არ მიყვარს...
– დე... ჭორაობა რა შუაშია? შენ ახლა გამოძიებასთან თანამშრომლობ და საჭირო ინფორმაციას აწვდი – სულ ეს არის.
– რა გაინტერესებს?
– ჯერ იმ კითხვაზე მიპასუხე – ვიაგრასთან დაკავშირებით...
– ჰო, მანდ ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს: შეიძლება, აქტამდე დამართნოდა და აქტის შემდეგაც. მით უმეტეს, რომ სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.
მარიკას თვალები აუციმციმდა:
– რა? გული აწუხებდა? სტენტირება ჰქონდა გაკეთებული?! აი, თურმე, რა არ მითხრა დევიმ. აუ, ეს რა მაგარი ამბავი გავიგე!.. მადლობა, დე... – მარიკამ სწრაფად აკოცა ლოყაზე დედას და მობილურს ეცა.
– ბატონო დევი... კარგი, დევი... უკვე სამსახურში ხარ? ესე იგი, გამიმართლა. ძალიან კარგი, თითქმის მზად ვარ... ათ წუთში? რა თქმა უნდა... და, კიდევ... საინტერესო რაღაც უნდა გითხრა – შენი საიდუმლო გავიგე... ანუ, ის, რაც არ მითხარი... არა, არა, როცა შევხვდებით, მაშინ გეტყვი... – მარიკამ ტელეფონი გათიშა და გახარებულმა ხელი ხელს შემოჰკრა, – დევი... დევი... პატარა გამოცდა მომიწყვე?
– რა გამოცდა, ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა თათამ, – არ შეგიძლია, ნორმალურად დამელაპარაკო?
– საღამოს, დე... ახლა ძალიან მეჩქარება, ათ წუთში მომაკითხავენ...
– მაინც ვერ გავიგე, რა არის ასეთი აღმაფრთოვანებელი იმაში, რომ ჩილაჩავას სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. საკმაოდ შედეგიანი და აქტუალური პროცედურაა... ლამის ყოველ მეოთხეს აქვს გაკეთებული... ნუ, მეხუთეს მაინც...
– დედა, შენ ვერც წარმოიდგენ, რა მაგარი რამე მითხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩილაჩავას თავი არ მოუკლავს. მას ხომ ზუსტად ეცოდინებოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობით დალევას. ახლა მიხვდი?
– რა გითხრა?! თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, რომ ჩილაჩავა მოკლეს?
– არა, რა თქმა უნდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიმართლის დადგენაა. საღამოს კიდევ დაგელაპარაკები მის ცოლზე, კარგი?
– კარგი, მაგრამ, დიდი იმედიც ნუ გექნება, რომ მათ ოჯახზე ბევრს მოგიყვები. ძალიან არ მიყვარს სხვის ჭუჭყიან საცვლებში ქექვა.
– ჰო, მაგრამ, შენ აუცილებლად გეყოლება თანამშრომლები, რომელთაც ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ისარგებლე ამით.
თათამ ცხვირი შეიჭმუხნა:
– მარიკა, მარიკა... რას მთავაზობ, ექთნებთან ჩავჯდე სალაყბოდ?
მარიკამ ყელი ორი თითით გამოსწია:
– ძალიან გთხოვ, დე... მხოლოდ დღეს და მხოლოდ ჩემი ხათრით. იცოდე, ძალიან დამეხმარები...
გაგრძელება შემდეგ ნომერში