მწვანე კუთხე
კითხვა: ვერაფრით გავზარდე კალათეა. მაინტერესებს მიზეზი ან მირჩიეთ, რა პირობები შევუქმნა, რომ გაიზარდოს?
პასუხი: კალათეა უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს. ამ მცენარეს არ მოსწონს სიცხე და სიმშრალე. თუ მზის გულს მოარიდებთ და ფესვებს ხშირად დაუტენიანებთ, კალათეა მშვენივრად გაიზრდება და პრობლემებს აღარ შეგიქმნით. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად ის ხშირად გაწმინდეთ. წმენდისას გაითვალისწინეთ, რომ მცენარე ამოაყირავოთ და ფოთლები წყლიან ჯამში გაავლოთ.
კითხვა: რომელ მცენარეს მირჩევდით ჩაბნელებულ ადგილებში დასადგმელად?
პასუხი: ერთი შეხედვით, შეიძლება, შეუძლებელიც გეჩვენოთ ისეთი მცენარის პოვნა, რომელიც ბინის იმ ადგილას იხარებს, სადაც განათება სუსტია ან სულ არ არის, მაგალითად, კიბის ქვეშ ან ჰოლში. ზოგიერთი დიდი და მუქი ფოთლების მქონე მცენარე მიჩვეულია ბუნებაში მაღალ მეზობლებთან ცხოვრებას, ამიტომ ის მშვენივრად ერგება ოთახის ჩაბნელებულ კუთხეებს. ასეთი მცენარეებია: დრაცენა, ასპიდისტრა, ადიანტუმი და მონსტერა.
კითხვა: რისთვის არის საჭირო ნერტერას დანამვა?
პასუხი: მცენარის დანამვა საჭიროა ნაყოფის განვითარებამდე. ეს პროცესი ტენს უფრო მოუმატებს. ტენი კი ხელს შეუწყობს ნერტერას ყვავილობასა და კენკრის სწრაფად დამწიფებას. ყვავილობის პერიოდშიც და განსაკუთრებით კი ზაფხულში, მცენარის ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს.
კითხვა: მაინტერესებს, იოლად იტანს მანდევილა სიმშრალეს?
პასუხი: მანდევილას ნიადაგი მშრალი არასდროს არ უნდა იყოს. ზრდის პერიოდში რეგულარულად უნდა მორწყათ და მიწა ყოველდღიურად უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. მართალია, ზამთარში მას იშვიათად სჭირდება მორწყვა, მაგრამ ნიადაგი ამ დროსაც არ უნდა იყოს მშრალი. ტენი მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
კითხვა: ფინიკის პალმაზე ჩრდილი ცუდად ხომ არ მოქმედებს? ვამჩნევ, რომ კარგად ვერ ხარობს.
პასუხი: თუ ჩრდილში გიდგათ ეს მცენარე, ის, მართლაც, ვერ გაიხარებს. მისი გამძლე ფოთლები მზეს იტანს, მაგრამ ჩრდილს – ვერა. ამიტომ, მცენარე კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. გირჩევთ, ფინიკის პალმა ზამთრის ბაღში გადაიტანოთ.