რატომ ვერ იგებენ კომპიუტერზე „შეერთებით“ ავტომობილის გაუმართაობის მიზეზს
ნებისმიერი, სხვადასხვა ტიპის დაზიანების შემთხვევაში, მძღოლები საშველად კომპიუტერულ დიაგნოსტიკას მიმართავენ. მართალია, უახლესი სერვისცენტრები, ჩვეულებრივ პროფილაქტიკებთან შედარებით, კომპიუტერიზებულია, მაგრამ ხშირია იმედგაცრუებული მძღოლებიც. როგორც აღმოჩნდა, კომპიუტერულ დიაგნოსტიკას ავტომობილის კონკრეტული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლია.
მევლუდ მელაძე: კომპიუტერული დიაგნოსტიკა შეგვიძლია, შევადაროთ ექოსკოპიას, რომელიც გარკვეული ჩივილის შემთხვევაში უტარდება ადამიანს. კარგი ექიმის, სხვადასხვა ანალიზისა და დამატებითი გამოკვლევების გარეშე, მხოლოდ ექოსკოპიით ხომ ვერაფერს გავიგებთ?! დაახლოებით ასეა ავტომობილის შემთხვევაში. კომპიუტერულ დიაგნოსტიკას ავტომობილს იმ შემთხვევაში უტარებენ, როცა მას ელექტრონული პრობლემები აქვს ან ისეთი პრობლემები, რასაც ავტომობილი თავადვე გვამცნობს. სალონში ინთება „ჩეკი” ან ძრავას ფორმის ნათურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავარიულ რეჟიმში მუშაობს, მას პრობლემები აქვს. ასეთ დროს კომპიუტერს პრობლემის აღმოჩენა უადვილდება. ეს ნიშნავს, რომ ელექტროსისტემები გამართულად მუშაობს და საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს დიაგნოსტიკურ კომპიუტერს. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც „ჩეკი” არ ინთება და ავტომობილის კომპიუტერს მიეწოდება ინფორმაცია, რომ სისტემაში ყველაფერი გამართულად მუშაობს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როცა ავტომობილში მექანიკური დაზიანება ხდება და მისი დანახვა კომპიუტერით შეუძლებელია.
– ვთქვათ, თუ ძრავას აქვს პრობლემები, არ მივიდეთ კომპიუტერულ ცენტრში?
– აზრი არ აქვს. ძრავაში, სავალ ნაწილში, ზოგადად, „ჩეკი” თუ არ ანთია, კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის ავტომობილს ცენტრში ნუ მიიყვანთ. თუ მიიყვანთ ნუ გაგიკვირდებათ თუ იქ ვერაფერი გაიგეს. შეიძლება, თქვენმა ავტომობილმა წვას მოუმატოს, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ელექტროსისტემებში არეულობასთან, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამის ამოკითხვაც უჭირს სადიაგნოსტიკო აპარატს. შეიძლება, სენსორია დაზიანებული ან არასწორ ინფორმაციას აწვდის კომპიუტერს და წვის მომატების რეალურ მიზეზს ვერ იგებს. კომპიუტერის საქმე არ არის გადაამოწმოს ინფორმაცია მცდარია თუ სწორი, ის იღებს მას და აწვდის დანარჩენ სისტემას. ამ შემთხვევაში, დიაგნოსტიკაზე უნდა მუშაობდეს ისეთი „ექიმი”, რომელიც მონაცემთა ბაზას ზედმიწევნით იცნობს. თუ მან მიიღო ინფორმაცია, რომ ძრავა ცივია და ხელოსანმა იცის, რომ ცივი ძრავის შემთხვევაში ამ მოდელს ამა და ამ რაოდენობის საწვავის მიწოდება სჭირდება, მაშინ ის იოლად მიხვდება, რა არის ამ პრობლემის მიზეზი. ანუ, შეძლებს, თუნდაც არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებას იმისთვის, რომ გაუმართაობა აღმოფხვრას.
– კი, მაგრამ ხელოსანს ათასობით მოდელზე ნებისმიერი სახის ინფორმაცია ხომ არ ექნება?
– სწორედ ამისთვის არსებობს სერვისწიგნები, რომელიც ყველა ავტომობილს მოჰყვება. კარგად თუ მოიძიებთ, თქვენს ავტომობილშიც იქნება სადმე მიგდებული. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში კი, თვით სერვისცენტრებში აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს პრობლემა აქვს, ხოლო კომპიუტერი აჩვენებს, რომ ის გამართულად მუშაობს, ხელოსანი იწყებს სერვისწიგნში არსებულ მონაცემთა ბაზის გამოყენებას. მაგალითად, სენსორი რა ინფორმაციას გვაწვდის და რეალურად რას უნდა გვაწვდიდეს. ამ ყველაფრის დაზეპირება ერთ მოდელზეც კი შეუძლებელია, თორემ ყველა მოდელისას ვინ დაიმახსოვრებს. ამიტომაც არის ჩვენთან ყველაზე რთული წვრილმანი გაუმართაობის პოვნა და აღმოფხვრა – იმის, რასაც ვერც კომპიუტერი კითხულობს, არც მექანიკურად ჩანს სადმე. სადღაც, ელექტროსისტემაში რაღაც სენსორი დაზიანდა, ის კი არასწორ ინფორმაციას აწვდის და ავტომობილიც ორჯერ მეტ საწვავს მოიხმარს. დროგამოშვებით კი ავარიულ რეჟიმზე მუშაობაში გადადის, გვიჩვენებს, რომ წყალი ცხელია და სხვა. ეს რაც შეეხება ელექტრონულ დაზიანებებს. მექანიკური დაზიანების შემთხვევაში კი, გამორიცხულია კომპიუტერი დაგეხმაროთ. დიაგნოზი უნდა დასვას ხელოსანმა, თან, რაც შეიძლება, გამოცდილმა, რომელსაც პრაქტიკაში სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევა ჰქონია. პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან იმისას, როდესაც ხელოსანს შეუძლია, პრობლემა გაართულოს, ვთქვათ, გარკვეული ხმა ისმის ძრავას სექტორიდან ან პირიქით – ერთ შემთხვევაში ხელოსანი ამბობს, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული „ვტაკლატელების” ხმა, რომელიც საშიში არ არის და შეგიძლიათ ჩვეულებრივად იმოძრაოთ, ან ეს არის „სტუკი”, პრობლემები მუხლა ლილვთან, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დაძვრაც არ შეიძლება. ძრავა უნდა დაიშალოს, დეტალები გაიჩარხოს და თავიდან აიწყოს.