კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან უნდა დავიცვათ ზაფხულის პერიოდში ლეკვები და ასაკოვანი ძაღლები და რა უქმნის ამ პერიოდში მათ სიცოცხლეს საფრთხეს

ზაფხულში ცხოველი არ არის დაცული სეზონური ალერგიებისგან, რაც არც ერთ შემთხვევაში უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგის მომსწრე გავხდეთ და ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ვეღარ გადავარჩინოთ. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, გაეცნოთ ინფორმაციას, რომელსაც ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგაწვდით.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზაფხულის ცხელ პერიოდში აქტიურდება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები. განსაკუთრებით კი ისეთი დაავადებები, რომლებიც აქტუალურია ლეკვებში. ესენია პარავირუსული ენტერიტი და დიარეითა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით მიმდინარე სხვა ინფექციები.
– უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს პარავირუსული ენტერიტი?
– ძაღლის პარავირუსული ენტერიტი არის ნაწლავების მწვავე ანთება, რომელიც გამოწვეულია ვირუსით.
– ეს ყველა ასაკის ძაღლისთვის საშიშია?
– აღმძვრელის მიმართ ძაღლი ამთვისებელია ყველა ასაკში, განსაკუთრებით – ლეკვები 2 კვირიდან 1 წლამდე და ბებერი ძაღლები. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან დეკორატიული და კულტურული ჯიშის ძაღლები. უფრო ხშირად ავადდებიან ლეკვები, რომლებიც მიღებული არიან არავაქცინირებული ძუებისგან.
– ზაფხულის პერიოდში რა არის ინფექციის წყარო?
– ინფექციის წყაროა დაავადებული ძაღლები, მღრღნელები და მწერები.
– დარწმუნებული ვარ, ძაღლების მეპატრონეებს დააინტერესებთ, საშიშროებას შექმნის თუ არა ეს ვირუსები ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
– ის ვირუსი არ არის ადამიანისთვის საშიში, მაგრამ, ადამიანი შეიძლება გახდეს დაავადების გადამტანი ავადმყოფი ცხოველიდან ჯანმრთელ ცხოველზე.
– როგორ ხდება დაავადების გადაცემა?
– დაავადების გადაცემა ხდება ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით, დაინფიცირებული საკვებისა და წყლის საშუალებით. ასევე, კონტაქტით ძაღლის მოვლის საშუალებებთან.
– კიდევ რა ქმნის პარავირუსული ენტერიტით დასნებოვნების საშიშროებას?
– ცუდი მოვლა-შენახვის პირობები, არასრულფასოვანი კვება, სტრესული სიტუაცია, მაგალითად, პატრონის შეცვლა, ოპერაცია, ჭიებით დაინვაზირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობები.
– რა პერიოდი გრძელდება ინფექცია?
– ჩუმი (ინკუბაციური) პერიოდი გრძელდება 4-დან 10 დღემდე. 2 თვემდე ასაკის ლეკვებში კი – 1-3 დღე. ვირუსი აზიანებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებს და იწვევს მათ სიკვდილს. უჯრედების დაშლის პროდუქტები ძალიან ტოქსიკურია და იწვევს თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციის მოშლას.
დაავადების მიმდინარეობის ხასიათი დამოკიდებულია დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების მოცულობაზე, იმუნური სისტემის დაზიანების ხარისხზე, ასაკსა და ცხოველის ზოგად მდგომარეობაზე.
– რა არის დაავადების პირველადი ნიშნები?
– ხშირად დაავადების პირველი ნიშნებია უმადობა და ღებინება. ამონაღები მასა ლორწოვანია; ასევე – კუჭის აშლა: ფეკალური მასა წყალივითაა და რუხი ან ყვითელი ფერისაა, ხშირად კი სისხლიანია და ძალიან ცუდი სუნი აქვს. ღებინებისა და ფაღარათის ნიადაგზე, ორგანიზმიდან წყლის დაკარგვის შედეგად, ვითარდება გაუწყლოება, რის გამოც ხდება თვალის კაკლების ჩაცვენა.
ზოგიერთ ცხოველში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას თან სდევს სასუნთქი სისტემის დაზიანებაც, რაც ფილტვების შეშუპების დაზიანებამდეც შეიძლება გართულდეს. სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39,5-41 გრადუსამდე.
– ეს საშიშია ცხოველის სიცოცხლისთვის?
– ორგანიზმის შოკური მდგომარეობა და გაუწყლოება იწვევს ლეკვის სიკვდილს, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 24-26 საათში. დაავადების ასეთ ფორმას ეწოდება ელვისებრი ან ზემწვავე ფორმა. მწვავე ფორმის დროს ცხოველი კვდება 4-5 დღის შემდეგ. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს გულის კუნთის ანთებით. ამ დროს პულსი გახშირებულია და აღინიშნება ტაქიკარდია. ცხოველი ძალიან სუსტად არის და კვდება 0,5-24 საათის განმავლობაში. ამ დროს სიკვდილიანობა აღწევს 70 პროცენტს. საერთო შემთხვევებიდან გამომდინარე, არაკეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს ცხოველი კვდება დაავადების მეორე-მეოთხე დღეს. თუ ამ პერიოდს გადაურჩა, მეოთხე დღიდან გამოჯანმრთელების შანსი იზრდება.
აღნიშნული დაავადების შემთხვევაში, ცხოველის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მივიყვანოთ ის ვეტერინართან, ანუ, დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე. გახსოვდეთ, მსგავს სიტუაციაში ყოველი საათი მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს ტარდება ანტიბიოტიკურ-სიმპტომატური თერაპია; ასევე, გაუწყლოების საწინააღმდეგოდ და დეზინტოქსიკაციისთვის ელექტროლიტური სითხეების მიცემა და სადიფუზიო ხსნარების გამოყენება.
– პროფილაქტიკისთვის რას ურჩევდით ძაღლების პატრონებს?
– დაავადებასთან ბრძოლა და თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ცხოველების აქტიური იმუნიზაცია, ანუ ვაქცინაცია პარავირუსული ენტერიტის საწინააღმდეგოდ, 1,5 თვის ასაკიდან – მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სასურველია და რეკომენდებულია, გამოვიყენოთ მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული ფირმების მიერ მოწოდებლი ვაქცინები. ასევე, დაავადებასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებული ცხოველის იზოლაციას, მისი ადგილ-სამყოფლის საგულდაგულოდ გასუფთავებასა და დეზინფექციას სხვადასხვა საშუალებით. ცხოველების სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება აუცილებელია, რადგან ეს განაპირობებს მყარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

скачать dle 11.3