რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე – „ჯე”-კლასის „მერსედესი” თუ „ტოიოტას” „ჯიპი“ „ლენდ კრუიზერი 200“. ორივე მათგანს დიზელის ძრავა აქვს. მე უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
პასუხი: ორივე ეს ავტომობილი გამძლეა და ორივე ამართლებს თავის სახელს, ანუ „ჯიპს“. ასე რომ, მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ, ორივეს თავისი, განსაკუთრებული ღირსება აქვს, ანუ რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში კი – მეორე. პირადად მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას თუ რომლის შენახვა უფრო იაფი დამიჯდებოდა, თორემ გამძლეობით ორივე არაჩვეულებრივია. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას” შენახვა გაცილებით იოლია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივად და თან, ნაკლები დეტალებით არის აწყობილი, განსაკუთრებით სავალ ნაწილში. თანაც, მისი ნაწილები გაცილებით იაფია. მეორე მიზეზი ისაა, რომ „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მისი გაფუჭება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, ისეა მოწყობილი, რომ თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, როგორიცაა სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში” ის სწორკუთხოვნად არის განთავსებული და მიუხედავად იმისა, რომ „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გატეხასაც შუა ნაწილში ვცდილობთ, ის ასე ძალიან იოლად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაშიც, ეს ჯოხი ისეა გადებული, რომ მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა. შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად აღსაქმელია. ანუ „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული და ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მასიური, ძლიერი დეტალებისგან არის აწყობილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. ანუ, იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს ავტომობილს უფრო იაფად შესანახად, თორემ როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.