კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა მესაფლავის მეშვეობით 9 მკვლელობის საქმე

– ეს რა არის, კაცო? – ჩაილაპარაკა კარლომ, საფლავის ღობეს ჩაავლო ხელი, წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა. შემდეგ გაირინდა და თვალი არ მოუშორებია ოთხი სილუეტისთვის, რომლებიც, როგორც ეტყობოდა, მძიმე ტომრებს მიათრევდნენ.
კარლო ბელქანია კუკიის სასაფლაოს თანამშრომელი იყო და სამუშაოს შემდეგ კოლეგებთან ერთად სვამდა. როცა ისე შექეიფიანდებოდა, რომ სახლში წასვლის თავი არ ჰქონდა, იქვე, საფლავებს შორის მიიძინებდა ხოლმე. იმ საღამოსაც, ბელქანია გვარიანად გამოთვრა და, ალბათ, დილამდე იძინებდა, რომ არა მთვარის შუქზე გამოჩენილი სილუეტები. კარლო ჯარისკაცულად ფრთხილად გახოხდა წინ და, ბალახებში ჩამალული, მაღლობიდან, ადევნებდა თვალყურს ოთხ მამაკაცს. მათ ოთხი ტამარა ოთხ გათხრილ საფლავში ჩააწყვეს, მიწა მიაყარეს და წავიდნენ.
– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა ლოთმა მესაფლავემ, – აქ რაღაც დიდი უბედურებაა. მგონი, ადამიანები უნდა იყვნენ, უფრო სწორად, მოკლულები, თორემ, ასე მალულად რატომ ჩაყრიდნენ მიწაში?
კარლო დაოთხილი მიიკვლევდა გზას ბალახებში. მას ძალიან აინტერესებდა, საით და რით წავიდოდნენ ის მამაკაცები, რომლებმაც ტომრები გათხრილ საფლავებში ჩაყარეს. უცნობები სათადარიგო გასასვლელიდან გავიდნენ. შემდეგ ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. კარლომ კარგად დაიმახსოვრა მანქანის ნომერი, შემდეგ ფრთხილად გაძვრა ღობეში და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
ლოთი მესაფლავე მიდიოდა და ფიქრობდა, მისულიყო მილიციაში და ყველაფერი მოეყოლა თუ არა. მას, ერთი მხრივ, სინდისი ქენჯნიდა, მეორე მხრივ კი, ეშინოდა. ბოლოს კი გადაწყვიტა – მოდი, დავრეკავ და ყველაფერს მორიგეს მოვუყვებიო.
ბელქანია ბნელი ქუჩის კუთხეში მდგარ სატელეფონო ჯიხურში შევიდა, მილიციის ნომერი აკრიფა და იკითხა:
– ალო, მილიციაა?
– დიახ, მორიგე გისმენთ!
– მე ახლა კუკიის სასაფლაოზე ვიყავი და შემთხვევით შევესწარი, როგორ ჩააგდო ოთხმა მამაკაცმა ოთხი ტომარა გათხრილ საფლავებში. შემდეგ ისინი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ წავიდნენ.
– მოქალაქევ! – შეუღრინა ბელქანიას მილიციელმა, – ამ შუაღამეს რა დროს ხუმრობაა?
– რა ხუმრობა, უფროსო, მანქანის ნომერი ჩაიწერეთ, – უთხრა კარლომ და მორიგეს „მოსკვიჩის“ ნომერი უკარნახა.
– კუკია დიდია, სად ვეძებოთ გათხრილი საფლავები? – ჰკითხა მორიგემ.
– ადვილი მისაგნებია. ისინი იქაა, სადაც ოლეგ სიდამონიძის ძეგლი დგას, – უპასუხა ბელქანიამ.
– თქვენი ვინაობა მითხარით, მოქალაქევ!
მორიგის სიტყვებზე მესაფლავეს გააჟრჟოლა, ყურმილი დაკიდა, ჯიხურიდან გამოვიდა და სახლისკენ მოკურცხლა.
წაშლილი კვალი
მილიციის მორიგეს ბელქანიას შეტყობინება ბოროტი ხუმრობა ეგონა, თუმცა, მაინც ჩაიწერა ყველაფერი, შემდეგ ქალაქის მილიციის სამმართველოს მორიგეს დაურეკა და ინფორმაცია მას მიაწოდა.
– გოგოლაძე, – გასძახა ქალაქის მორიგემ თენგიზ გოგოლაძეს, რომელიც გვერდით ოთახში იყო წამოწოლილი თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად, – შეტყობინებაა და გადაამოწმე!
თენგიზი სამმართველოს ერთ-ერთ წამყვან ოპერატიულ მუშაკად ითვლებოდა და კოლეგები მას „დაუზარელს“ ეძახდნენ. ის მარდად წამოხტა, ქალაქის მორიგისგან ბელქანიას ინფორმაცია მიიღო, ყურადღებით გაეცნო და კოლეგებს უთხრა:
– აბა, ბიჭებო, წავედით კუკიის სასაფლაოზე, ინფორმაციაა გადასამოწმებელი!
გოგოლაძის კოლეგები უხალისოდ წამოდგნენ, მაგრამ თენგიზისთვის არაფერი უთქვამთ და მორჩილად გაჰყვნენ უკან.
სამმართველოს „ოპერებმა“ ადვილად მიაგნეს სიდამონიძის ბიუსტს, რომელსაც ბელქანიამ ძეგლი უწოდა. შემდეგ გათხრილი საფლავებიც იოლად იპოვეს და თხრას შეუდგნენ. უკვე მამლებმა იყივლეს და ინათა, როდესაც მილიციელებმა საფლავებიდან ოთხი ტომარა ამოიღეს. შემდეგ ეს ტომრები გახსნეს და შიგნით ოთხი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
– ესეც ასე, – თავი გააქნია გოგოლაძემ, – როგორც ეტყობა, წუხელ სადღაც დიდი უბედურება მოხდა. ჩქარა, სამმართველოში დარეკეთ და კრიმინალისტებთან ერთად პათოლოგანატომებს გამოუძახეთ.
ცხედრები პროზექტურაში წაიღეს და ყურადღებით დაათვალიერეს, შემდეგ გაკვეთეს და დაადგინეს, რომ ოთხივე მამაკაცი „ტეტეს“ სისტემის ორი პისტოლეტიდან იყო დახოცილი და თითოეულ მათგანს 3-3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
მილიციის სამმართველოს უფროსმა ამ საქმის გამოძიება კაპიტან თენგიზ გოგოლაძეს მიანდო, რომელიც მისთვის ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მოქმედებას.
– როგორც ეტყობა, – უთხრა თენგიზმა ხელქვეითებს, – უცნობი მამაკაცები შავი სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ, რაზეც მათ სხეულებზე აღმოჩენილი ტატუები მიუთითებს. ჯერჯერობით, მათი პიროვნების დადგენა არ ხერხდება, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენი არქივის თანამშრომლები მუშაობენ. ვფიქრობ, თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ამ საქმეს სულ მალე გავხსნით. თანაც, „მოსკვიჩის“ ნომერიც ვიცით, რომლითაც სასაფლაოზე ცხედრები მიიტანეს და „გაიდან“ წუთი-წუთზე მოგვივა პასუხი.
სახელმწიფო ავტოინსპექციიდან სისხლის სამართლის სამძებროს შეატყობინეს, რომ „მოსკვიჩი“, რომლითაც კუკიის სასაფლაოზე მოკლულთა ცხედრები მიიტანეს, მოქალაქე ლენგერ კონიაშვილს ეკუთვნოდა. ის თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ექსპედიტორად. გოგოლაძემ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ კონიაშვილი მტკვარში გადავარდა თავისი მანქანით იმავე საღამოს 10 საათზე.
„მოსკვიჩი“ და მისი პატრონი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სოღანლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხიდის ქვეშ იპოვეს და გვამი პროზექტურაში გადაიტანეს გამოსაკვლევად.
– რამდენიმე საათის განმავლობაში ხუთი ცხედარი ბევრია. ვფიქრობ, კონიაშვილი თავიდან მოიშორეს, როგორც მოწმე, – თქვა თენგიზმა.
გოგოლაძის ვარაუდი მართალი აღმოჩნდა. ექსპერტებმა კონიაშვილის სხეულში კალიუმციანიდის დოზა აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის ჯერ მოწამლეს, შემდეგ კი თავის „მოსკვიჩიანად“ მტკვარში გადააგდეს.
– ვიღაც კვალს შლის და ჯერჯერობით ამას კარგად ახერხებს, – თქვა გოგოლაძემ მორიგ თათბირზე, – თუმცა, თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, მაშინ კიდევ ოთხ ცხედარს უნდა ველოდოთ.
კაპიტანი თენგიზ გოგოლაძე მართალი აღმოჩნდა და სამი დღის შემდეგ მტკვარში, ორთაჭალის ჰესთან, კიდევ ოთხი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან იყვნენ დახოცილები.
მივიწყებული საქმე
ცხრა მოკლული ერთი კვირის განმავლობაში იმდენად ანომალიური მოვლენა იყო მეოცე საუკუნის სამოციანი წლების საქართველოში, რომ მაშინდელი ცეკას პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე კაბინეტში დაიბარა და უთხრა:
– ამხანაგო ედუარდ, რას ჰგავს ეს?! თბილისი გვამებითაა მოფენილი, მილიცია კი პირდაღებულია. უკვე მოსკოვიდანაც დამირეკეს. საქმეს უნდა მიხედო და ყველაფერი სასწრაფოდ გაარკვიო!
– ჩემები ინტენსიურად მუშაობენ ამ საქმეზე, ვასილ პავლოვიჩ, და იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერს გახსნიან. პირობას გაძლევთ!
პირველი მდივნის კაბინეტიდან გამოსული შევარდნაძე სამინისტროში დაბრუნდა და სამძებროს უფროსთან ერთად გოგოლაძეც იხმო, მათ მჟავანაძის სიტყვები გადასცა და გაისტუმრა.
გოგოლაძე ისედაც ინტენსიურად მუშაობდა ამ საქმეზე, ამიტომ, არ გასჭირვებია კარლო ბელქანიას პოვნა, მაგრამ, ლოთი მესაფლავის დაკითხვამ დიდი ვერაფერი შეჰმატა ძიებას. კაპიტანმა პირველი მოკლული ოთხეულის ვინაობა დაადგინა – ისინი რუსეთიდან ჩამოსული საკმაოდ ცნობილი ბანდიტები აღმოჩნდნენ, რომელთა შორის იყო იური კორაგაკოვი, მეტსახელად „ბეშენი“. ის და მისი ბანდის წევრები რამდენიმე შეიარაღებული ძარცვის მონაწილეები იყვნენ. მათ მილიცია ეძებდა. სწორედ ისინი იყვნენ ტომრებით საფლავებში ჩაყრილები. დადგინდა მოკლულთა მეორე ოთხეულის, ანუ, იმ ადამიანთა, ვინაობაც, რომლებმაც ცნობილი ბანდიტები საფლავებში ჩაყარეს – ისინი თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის მუშები აღმოჩნდნენ. გოგოლაძე გაოცებული იყო ამ ფაქტით, რადგან, ვერ გაეგო, რა კავშირი უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან ცნობილ რეციდივისტებსა და ქარხნის მუშებს. აშკარა იყო, ამ საქმეში სხვა პიროვნებაც ფიგურირებდა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანდა. თუმცა, კაპიტანი გოგოლაძე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხს ელოდა და მოლოდინმაც არ გააწბილა – ცხრავე პიროვნება „ტეტეს“ სისტემის ორი პისტოლეტით იყო დახოცილი. მილიციის მასროთეკის ნიმუშებთან შედარებამ ცხადყო, რომ ერთ-ერთი „ტეტე“ ჯერ კიდევ 10 წლის წინანდელ დანაშაულში ფიგურირებდა და ვინმე ზაურ ბობოხიძეს ეკუთვნოდა. კაპიტანი გოგოლაძე ყურადღებით ჩაუჯდა ბობოხიძის საქმეს და აღმოაჩინა, რომ ბობოხიძე, ბეშენი და დანარჩენი სამი მოკლული ბანდიტი, 10 წლის წინათ ერთ საქმეში ფიგურირებდნენ. მათ ლენინგრადში დიდი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. შემდეგ მილიცია დააჯდათ კუდზე, და ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ალყაშიც მოაქციეს. თუმცა ოპერმუშაკებმა მხოლოდ ბეშენი და სამი ბანდიტი აიყვანეს. ზაურ ბობოხიძე მათთან არ აღმოჩნდა.
– თქვენი მეხუთე ძმაკაცი სადაა? – ჰკითხა მაშინ ბეშენის გამომძიებელმა, – თანაც, ნაძარცვიც არ ჩანს.
– ჩვენმა ძმაკაცმა ყველა გადაგვაგდო. 170 ათასი მანეთის ოქრო და ბრილიანტი წაიღო და მოტყდა. ალბათ, მან შეგატყობინათ ჩვენი ადგილსამყოფელი, მაგრამ იცოდე, უფროსო, ოდესმე სვაბოდაზე თუ გავედი, ჯერ იმ გნიდა „ქორს“ მოვძებნი და მოვკლავ, უთხრა გამომძიებელს ბეშენიმ.
„ქორი“ ზაურ ბობოხიძის მეტსახელი იყო და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. ბეშენი და მისი მეგობრები კი 12-12 წლით ჩასვეს ციხეში.
– ნუთუ ქორი გამოჩნდა? – მხრები აიჩეჩა გოგოლაძემ, – მაგრამ, რისთვის? თუ მას ამდენი ოქრო და ბრილიანტი აქვს გატაცებული, გადაგდებული პაძელნიკების ნახვა რაღაში დასჭირდა? აქ სხვა ამბავია და, მგონი, ქორი მართლა გამოჩნდა.
თენგიზ გოგოლაძემ არქივიდან ზაურ ბობოხიძის სურათი ამოიღო, შემდეგ ის გაამრავლა, თავის ხელქვეითებსა და სამძებროს სხვა თანამშრომლებს დაურიგა და უთხრა:
– იცოდეთ, ეს კაცი, მაქსიმუმ, ერთ კვირაში საღ-სალამათი აქ უნდა გვყავდეს – ასეთია ედუარდ ამბროსოვიჩის ბრძანება და იმოქმედეთ!
„ქორი“
ერთი მხრივ, ედუარდ ამბროსოვიჩის შიშით, მეორე მხრივ კი, პროფესიონალიზმის წყალობით, ზაურ ბობოხიძე, იგივე ქორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერმუშაკებმა კუკიაზე, ერთ-ერთ კერძო ბინაში დააპატიმრეს. ბინა ვინმე ალა ივანოვას ეკუთვნოდა. ქორთან ერთად აიყვანეს სახლის პატრონიც და მათგანვე ამოიღეს ის ორი „ტეტე“, რომლითაც რვა ადამიანი იყო მოკლული. დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს და ჯვარედინი დაკითხვა მოუწყვეს, რომელსაც მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. დაკითხვას თენგიზ გოგოლაძე და გია ცეცაძე აწარმოებდნენ.
– ბეშენი და შენი სხვა მეგობრები რატომ დახოცე? – ჰკითხა ქორს ცეცაძემ, – რას ერჩოდი მუშებს, რატომ დახოცე?
– მუშები მე დავხოცე, – საუბარში ალა ივანოვა ჩაერთო, – ქორმა მხოლოდ ის გნიდები დაბრიდა.
დაკავებულების დაკითხვა ექვს საათს გაგრძელდა და გაირკვა, რომ ლენინგრადში საიუველირო მაღაზიის ძარცვის შემდეგ, ბეშენი და ქორი ნევის პირას განმარტოვდნენ და მომავალ გეგმებზე საუბრობდნენ. უცებ ბეშენიმ ქორს ორი ტყვია ესროლა მუცელში და წყალში ჩააგდო, თვითონ ნაძარცვ ნივთებთან ერთად იქაურობას გაეცალა, დანარჩენები კი დააჯერა, თითქოს ოქრო და ბრილიანტები ქორმა გადამალა. სინამდვილეში მას წილის მიცემა არ უნდოდა და ნაძარცვი ქონება მიითვისა, მაგრამ, ის და მისი მეგობრები მილიციამ შეიპყრო.
– როგორ გადარჩი? – დაინტერესდა გოგოლაძე.
– მე გადავარჩინე, – თქვა ალამ, – მე ექთანი ვარ სრულიად შემთხვევით შევესწარი ქორისა და ბეშენის შეხვედრას. მანქანით ვიყავი მისული ნევის პირას. როდესაც ბეშენიმ იქაურობა დატოვა, ქორი წყლიდან ამოვიყვანე და ჩემს ძმას, ვიტალი ივანოვს მივუყვანე სახლში. ცხონებული ვიტია კარგი ქირურგი იყო და მე და მან გავუკეთეთ ქორს ოპერაცია, შემდეგ კი მოვუარეთ.
– ბეშენი როგორღა მოიხელთე? – ჰკითხა გოგოლაძემ.
– მე და ალამ მათ გაქცევა მოვუხერხეთ პერმიდან. ალა იქ ექთნად მოეწყო და ზონაში დაუახლოვდა მას. შემდეგ თბილისში იმ საბაბით ჩამოიტყუა, რომ 31-ე ქარხნის სალარო უნდა გაეძარცვათ, – თქვა ქორმა.
– მუშებიც პრესტუპნიკები იყვნენ და ამ საქმეზე მუშაობდნენ, – დაამატა ალამ.
– ძვირფასეულობა სადღაა? – საუბარში უკვე მინისტრი შევარდნაძე ჩაერთო, რომელიც მანამდე ყურადღებით ადევნებდა თვალს დაკითხვას.
– მაგის გარკვევა ვერ მოვასწარით, – თქვა ქორმა, – ბეშენიმ არ თქვა და მოვკალი.
მორიგი ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ დაპატიმრებულები ცალ-ცალკე საკნებში გადაიყვანეს. მაგრამ, ორი დღის შემდეგ ალა ივანოვამ, რომელიც ბადრაგს ქალთა ციხეში გადაჰყავდა, გზიდან გაქცევა მოახერხა – საბადრაგო მანქანა გაურკვეველ ვითარებაში ბოძს შეეჯახა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ქალმა ამით ისარგებლა. მილიცია მის ძებნას უშედეგოდ შეუდგა...
ქორი გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ მას სასჯელი შეუმსუბუქეს და თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ზაურ ბობოხიძე 6 წელი იჯდა ნოვოჩერკასკის მკაცრი რეჟიმის ციხეში. შემდეგ კი სვერდლოვსკის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. თუმცა, ორი წლის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა და მისმა ძებნამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
ბობოხიძე და ივანოვა დღესაც ძებნილები არიან. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ნაძარცვი ნივთებით უცხოეთში მოახერხეს გაქცევა და იქვე დაიდეს ბინა.

скачать dle 11.3