როგორ მოვუაროთ მზით დამწვარ კანს და როგორ დავიცვათ თმა გამოშრობისა და გახუნებისგან
მოგეხსენებათ, გაგანია პლაჟის სეზონია და, შესაბამისად, სწორედ დროულია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს (და არა მარტო ქალბატონებს), როგორ უნდა აიცილონ თავიდან დამწვრობა, ან, როგორ მოუარონ მზით დამწვარ კანს და რა ზომები უნდა მიიღონ, რომ მზის სხივებმა თმა არ დაუზიანოთ.
პირველ ყოვლისა, ანგარიში გაუწიეთ თქვენს ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, რომ თუ გაწუხებთ ჰიპერტონია, ვენების გაგანიერება, ნეიროდერმიტი ან ნებისმიერი სახის ალერგია, მზეს მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ თავი. ასეთ შემთხვევაში, პლაჟზე უნდა გახვიდეთ დილის 10 საათამდე და საღამოს 19 საათის შემდეგ, თან, შეეცადეთ, ქოლგის ქვეშ იჯდეთ. გვერწმუნეთ, მაინც გაირუჯებით, ოღონდ, მზის სხივებით ზიანს არ მიიღებთ.
მათ კი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, შეუძლიათ, პლაჟზე ინებივრონ დღის 12 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ, ოღონდ, თუ გსურთ, რომ ნამზეური თანაბარი, ოქროსფერი და მყარი იყოს, ნუ დაგეზარებათ და ყოველ 5 წუთში გადაბრუნდით, ანუ პოზიცია შეიცვალეთ. ცხადია, გამორიცხეთ ყოველგვარი მცენარეული ნახარში, სხეულზე წაისვით მხოლოდ მზისგან დამცავი კრემი. თუ მაინც ისე მოხდა, რომ კანი დაგეწვათ, გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი ლოსიონი (სპირტზე დამზადებული) ან ოდეკოლონი თუ ასეთი რამ არ გაქვთ, შეგიძლიათ, წაისვათ ჩვეულებრივი არაყი – ის, აშუშებს დამწვრობას აგრილებს კანს და იცავს მას აქერცვლისგან. ნებისმიერი ხარისხის დამწვრობის შემდეგ, ორი-სამი დღით მოერიდეთ მზეზე გასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამწვარ ადგილებზე ლაქები გაჩნდება, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოიშორებთ.
და, კიდევ ერთი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ გარუჯვის დროს: წყლიდან ამოსვლის შემდეგ მთელი ტანი კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით და ისე განაგრძეთ რუჯის მიღება. თუ ასე არ მოიქცევით, კანზე აუცილებლად გაგიჩნდებათ წვრილი ბუშტუკები, რომლებიც მერე აიქერცლება და, გარდა იმისა, რომ საშინელ დისკომფორტს შეგიქმნით, თქვენი ნალოლიავები ნამზეურიც უსიამოვნო შესახედავი იქნება.
პლაჟიდან დაბრუნებისთანავე მიიღეთ შხაპი, წაისვით კრემი და გრილ ოთახში წამოწექით, რომ კანმა კარგად დაისვენოს.
რაც შეეხება თმას, გახსოვდეთ, რომ პლაჟზე ყოფნისას აუცილებლად უნდა დაიხუროთ კეპი, შლაპა ან ნებისმიერი თავსაფარი, რადგან თმა ძალიან მგრძნობიარეა, ადვილად შრება მზეზე, ხუნდება და ხდება მტვრევადი. გარდა ამისა, ზიანდება თავის კანი და სუსტდება თმის ძირები, რაც თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს. გამოფიტული, მტვრევადი და დაუძლურებული თმის სტრუქტურის აღსადგენად კი ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის კურსის ჩატარება მოგიწევთ. გარდა მზისა, თმას ძალიან ვნებს ზღვის მარილიანი წყალი. ამიტომ, პლაჟიდან შინ დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ თავი სპეციალური ვიტამინიზებული შამპუნით და არავითარ შემთხვევაში არ გაიშროთ ფენით. გარდა ამისა, სასურველია, 2-3 დღეში ერთხელ, თმის ძირებში შეიზილოთ ერთმანეთში შერეული (10-10 წვეთი) აბუსალათინის ზეთი, A, D, და E ვიტამინები (ზეთოვანი) და ღვინის ძმარი, გაიჩეროთ 1-2 საათით და მერე ათქვეფილი კვერცხით ჩამოიბანოთ.
თუ არ დაიზარებთ და ამ წესებს დაიცავთ, თქვენი თმაც და ნამზეურიც გამორჩეულად ლამაზი და ეფექტური იქნება.