ჰაეროვანი, ნაზი და ძალიან ჭრელი ზაფხული დაიან ფონ ფურსტენბერგისგან
ბელგიური მოდა ნელ-ნელა დამოუკიდებელ ორგანიზმად ყალიბდება, რომელიც მსოფლიო მოდაზე უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ინტელექტუალური მოდის ცენტრად მიიჩნიეს – ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყნის შვილია ისეთი დიზაინერი, როგორიც დრაის ვან ნოტია და ასევე სხვებიც. მართალია, დაიან ფონ ფურსტენბერგი ისეთ კოლექციებს ქმნის, რომელიც მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაც შესაძლებელია, მაგრამ ბელგიური გავლენა მაინც ეტყობა.
აღსანიშნავია, რომ დაიან სიმონ მიშელ ჰალფინი რამდენიმე ეროვნების, ეგრეთ წოდებული, ნარევია. რუსეთში დაბადებული მამა და საბერძნეთში დაბადებული დედა, ბელგიაში ბესარაბიიდან მოხვდნენ. დაიანის მომავალი ცხოვრება და კარიერა კი მისმა ქორწინებებმა განსაზღვრა. თვრამეტი წლის ასაკში მან პრინცი ეგონ ოფ ფურსტენბერგი გაიცნო, რომელსაც ცოლად გაჰყვა და მისგან ორი შვილი ჰყავს. ეს ქორწინება სიძის ოჯახში დიდად არ გახარებიათ, რა თქმა უნდა, პატარძლის წარმომავლობის გამო, ცისფერსისხლიანი რომ არ იყო. ამ ქორწინების შედეგად დაიანამ მიიღო ტიტული – ფურსტენბერგის პრინცესა, თუმცა ეს ტიტული პროფესიულ ცხოვრებაში არასდროს გამოუყენებია. 2001 წელს ის ცოლად გაჰყვა ბარი დილერს – ამერიკელ მედია მაგნატს და ახლა ის ამერიკის სრულფასოვანი მოქალაქეა. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, ყოფილი დიდგვაროვანი ქმრის გვარსა და ტიტულს ის დღემდე იყენებს.
გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება დაიწყო და პოდიუმზე გამოვიდნენ ფურსტენბერგის საყვარელი მოდელი-მეგობრები – ტინა ბრაუნი, მოურენ დაუდი, კანდის ბერგენი, ფრან ლებოვიცი...
ახალ კოლექციაზე, ფურსტენბერგმა პირველად ივან მისპელერთან ერთად იმუშავა. ივანი ფრანგი დიზაინერია, რომელზეც მოთხოვნაც მაღალი მოდის წრეებში სულ უფრო და უფრო იზრდება. ცოტა ხნის წინ ის „გუჩის” ქალის ხაზის მთავარი დიზაინერი გახლდათ, მუშაობდა პოებ პილოსთან, როდესაც ის „ქლოეს” კრეატიული ხელმძღვანელი იყო. ჯადოსნური პრინტები, საოცარი ფერები – ფურსტენბერგის მთავარი კოზირი ისევ პოდიუმზე დარჩა, თუმცა ფრანგული გავლენა რაღაც შტრიხებში დიზაინერს მაინც დაეტყო. მათ აისიდორა დუნკანი ქალღმერთად შერაცხეს მას შემდეგ, რაც პარიზში მისი ზებუნებრივი ცეკვა იხილეს მოცეკვავის შემოქმედების რეტროსპექტივის დროს. სწორედ აისიდორა დუნკანის გავლენით, კოლექციაც გამოვიდა საოცრად ჰაეროვანი, ულამაზესი პრინტებით გაფორმებული, ჭრელი, სადაც ჭარბობდა ყვითელი ფერი და რაც მთავარია უმაღლეს დონეზე შეკერილი და ხარისხიანი.
დიზაინერებმა განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭეს აქსესუარებს. ჩვენების დაწყებისთანავე ჩანდა, რომ ამ სეზონზე ვერ ვნახავთ ხილსა და ბოსტნეულს სხვადასხვა აქსუსუარებში – „აბადოკებად“ და მძივებად გადმოტანილს ჩვენ სხეულზე. როგორც ეს არაერთი სეზონის წინ იყო. ჩანთებს, სათვალეს კონცეპტუალურ დატვირთვას ანიჭებდნენ, თუმცა, პრაქტიკული დანიშნულების იყო. პატარა და დიდი ჩანთები, მრგვალი სათვალეები, მხოლოდ და მხოლოდ კოსტიუმის შემადგენელი ნაწილი გახლდათ და არა ცალკე აღებული ქმნილება. თუმცა, ალბათ, ამ ჩანთებსა და სათვალეებს სხვადასხვა ბრენდის სამოსზეც ხშირად ვნახავთ მოდის მიმდევრებს შორის და ალბათ, თბილისშიც.