რომელი რელიგიის მიმდევარია ახალი კონან-ბარბაროსი – ჯეისონ მომოა და რა აკავშირებს მის მეუღლეს ლენი კრავიცთან და რობერტ დენიროსთან
წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი უმთავრესი კინომოვლენა ლეგენდარული კინოგმირის, კიმერიელი რაინდის, კონან-ბარბაროსის დაბრუნებაა დიდ ეკრანზე. 80-იანი წლების პოპულარულ ბლოკბასტერში თავისი ვარსკვლავური როლი კალიფორნიის ექსგუბერნატორმა და დიდ კინოში დაბრუნებულმა არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა, სწორედ მისი გაგრძელებაა ამჟამად აგვისტოს ნომერ პირველი პრემიერა. მიუხედავად იმისა, რომ რკინის არნის ახალ ფილმში როლი არ შეუსრულებია, თუმცა ჭორი ეპიზოდურ როლში მისი გამოჩენის შესახებ გადაღებების დასრულებამდე მუსირებდა, პროდიუსერების გათვლით, ფილმი წარმატებული იქნება. „ფენტეზის“ ჟანრს ყოველთვის ჰყავს თავისი მაყურებელი, მით უმეტეს, რომ ახალი სერია 3D ფორმატშია გადაღებული, რაც მაყურებლის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. „კონან-ბარბაროსში” მთავარ როლს ბევრისთვის უცნობი მსახიობი, ჯეისონ მომოა ასრულებს, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერის მეორე დღეს, არნოლდის მსგავსად, ჰოლივუდის ახალი ვარსკვლავი გახდება.
ახალი კონანი – ჯოზეფ ჯეისონ ნამაკაეჰა მომოა ჰავაის კუნძულებზე, ჰონოლულუში დაიბადა 1979 წლის 1 აგვისტოს. მისი მშობლები – მამა ჰავაის კუნძულელი, ხოლო დედა გერმანელი და ირლანდიელი ემიგრანტების შთამომავალი გახლდათ. მოგვიანებით, ჯოზეფი აიოვას შტატში, ქალაქ ნორვოლკში გადასახლდა დედასთან ერთად. იქ კოლეჯის ბოლო კლასამდე სწავლობდა, თუმცა შემდგომ აზრი შეიცვალა, ჰონოლულუში დაბრუნდა და კოლეჯში სწავლაც იქ დასრულდა. სწორედ ჰონოლულუში შეამჩნია ის ცნობილმა დიზაინერმა ტაკეომ, რომელმაც გოლიათური აღნაგობის მომოა მოდელად წაიყვანა. 1999 წელს ჯეისონ მომოა ჰავაის კუნძულების „წლის მოდელად” დაასახელეს და მას შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო კუნძულების სამოდელო ინდუსტრიაში. ყოველწლიურად ის ჰავაის კუნძულებზე თინეიჯერებს შორის სილამაზის კონკურსს მართავს.
1999 წელს ჯეისონ მომოამ სამსახიობო კარიერა დაიწყო და პამელა ანდერსონის მონაწილეობით, ცნობილ ტელესერიალ „მალიბუს მაშველების” მე-10 და მე-11 სეზონებში, მაშველის როლი შეასრულა. 2004 წელს ჯეისონმა კიდევ რამდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა – „ჯონსონების ოჯახის არდადეგებში” და ლეგენდად ქცეული „ვარსკვლავური კარიბჭე ატლანტიდაში”, სადაც რონონ დიქსის როლი შეასრულა. 2010 წელს მან ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ სატელევიზიო მრავალსერიან ფილმში, „სატახტო თამაშებში” ველური ტომების მეთაურის, ხალ დროგოს როლი ითამაშა. ფილმი „ფენტეზის“ ჟანრშია გადაღებული და მასში ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, ბრიტანელი შონ ბინისა და ლენა ჰიდის ჩათვლით. სხვათა შორის, კონან-ბარბაროსი მომოას პირველი სერიოზული როლია დიდ კინოში და მთავარი გმირის როლის შესასრულებლად მან სერიოზული ქასთინგი გაიარა. თავდაპირველად, როლზე ჰოლივუდის ახალი თაობის სექს-სიმბოლო, ცისფერთვალება და ქერა – კელან ლუტცი მოიაზრებოდა. თუმცა, საბოლოოდ, პროდიუსერებმა და რეჟისორმა მარკუს ნისპელმა, რომელიც ბლოკბასტერ „ბენზოხერხით ტეხასური ჟლეტის” რიმეიკის ავტორია, თავისი არჩევანი 193 სანტიმეტრის სიმაღლის, შავგვრემან ჯეისონ მომოაზე შეაჩერეს.
„კონან-ბარბაროსის” პრემიერასთან დაკავშირებით, უცხოურმა საინფორმაციო სააგენტოებმა ჯეისონ მომოაზე საინტერესო ფაქტები გაავრცელეს. როლისთვის აუცილებელი იყო კუნთოვანი მასის განვითარება და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, ამიტომ ჯეისონი დღეში 6-7 საათს ატარებდა სატრენაჟორო დარბაზში პირადი ფიტნესმწვრთნელის მეთვალყურეობით. გარდა ამისა, ორ საათში ერთხელ მას სპეციალური კვების რეჟიმი ჰქონდა და ძირითადად, ქათმისგან დამზადებულ კერძებს მიირთმევდა. სხვათა შორის, ჯეისონი მუდამ პარალელს ავლებს არნოლდ შვარცენეგერის კონან-ბარბაროსთან. „ალბათ, კონანის როლით, მე მას კვალდაკვალ მივყვები, რადგან ჩემთვისაც და მისთვისაც ეს იყო პირველი სერიოზული როლი დიდ კინოში. ჩემს თავს ვერასდროს მივცემ უფლებას, არნოლდს შევედარო, რადგან ის უდიდესი ვარსკვლავი და ბრწყინვალე მსახიობია. ვფიქრობ, ფილმი მას უნდა მოეწონოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას ფილმი არ მოეწონება, მე პირობას ვდებ, რომ სამსახიობო კარიერას არ მივატოვებ”. ჯეისონის თქმით, ახალი ისტორია სრულიად განსხვავებულია და არაფრით ჰგავს 1982-1984 წლებში გადაღებულ ფილმებს. ჯეისონს არც არნოლდთან შედარება უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავის საყვარელ მსახიობად მიიჩნევს. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით „პოლიციელი საბავშვო ბაღიდან”. თუმცა, ტელევიზორის და ფილმების დიდი მოყვარული არ გახლავთ. გარდა ამისა, მას არც ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი აქვს. ხოლო თავისუფალ დროს ბავშვებთან ან წიგნების კითხვაში ატარებს, უპირატესობას იაპონურ პოეზიას და შარლ ბოდლერის ნაწარმოებებს ანიჭებს. გარდა ამისა, ჯეისონი ველოსიპედით, სნოუბორდითა და სერფინგით არის გატაცებული. ჯეისონ მომოა ბუდიზმის მიმდევარია და წელიწადში რამდენჯერმე ტიბეტს ესტუმრება ხოლმე, სადაც სულიერ სიმშვიდეში ეზიარება ბუდიზმს.
ჯეისონ მომოა სამოქალაქო ქორწინებაშია მსახიობ ლიზა ბონეტისთან, რომელიც მასზე 12 წლით უფროსია. ახალ კონან-ბარბაროსს ლიზასთან ორი შვილი ჰყავს. სხვათა შორის, ლიზა თავის დროზე მუსიკოს ლენი კრავიცის მეუღლე იყო და მათ ერთი საერთო შვილიც ჰყავთ – ასევე მსახიობი, ზოე კრავიცი, მან სულ ახლახან გამოსულ ბლოკბასტერში „ადამიანი-იქსები: პირველ კლასში”, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. თავად ლიზამ კი ყველაზე ცნობილი როლი 80-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ თრილერში ალან პარკერის „ანჯელის გულში” შეასრულა, სადაც მისი პარტნიორები სუპერვარსკვლავები მიკი რურკი და რობერტ დენირო იყვნენ.
„კონან-ბარბაროსში” შესრულებული როლის შემდეგ ჯეისონის პერსონის მიმართ ჰოლივუდელ პროდიუსერებს შორის ინტერესი გაიზარდა. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს ეკრანებზე გამოვა ჰოლივუდის ვეტერანის უოლტერ ჰილის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „გასროლა თავში”, სადაც ჯოზეფის პარტნიორი, 80-იანი წლების „ბოევიკების” სუპერვარსკვლავი სილვესტერ სტალონე იქნება.
P.S. როდესაც 1982 წელს კინოეკრანებზე პირველად გამოვიდა ფილმი კონან-ბარბაროსის თავგადასავლებზე, მისი პროდიუსერი, ოლივერ სტოუნი ოცნებობდა, რომ ამ სერიის კიდევ 12 ფილმი გადაეღო, თუმცა, არნოლდ შვარცენეგერი მხოლოდ ერთხელ დაუბრუნდა ბარბაროსის როლს. მომოასთან დაკავშირებით კი, საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან ჯეისონს კიდევ სამ ფილმზე აქვს მოწერილი კონტრაქტი. ასე რომ, შესაძლოა, რომ ლეგენდარული რეჟისორის და პროდიუსერის ოცნება რეალობად იქცეს.