მხიარულება მტვერსასრუტით
რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად? – მამაკაცებს ჰგონიათ, რომ სილამაზის სალონებში სიარულით... არავითარ შემთხვევაში! ქალი თავისი დროის ყველაზე დიდ ნაწილს საოჯახო საქმეებს ახმარს და, ეს დრო, სწორედაც რომ ფუჭად არის დაკარგული. ამ შემთხვევაში არ იქმნება თვალსაჩინო პროდუქტი. ამას ყველა ქალის ვალდებულებად მიიჩნევს და, მადლობას ვინ ჩივის, შეიძლება, გისაყვედურონ კიდეც, თუკი წაიწუწუნებთ და იტყვით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოგბეზრდათ... ოჯახური ვალდებულებებისგან ვერავინ გაგათავისუფლებთ. დამხმარე რომც გყავდეთ, თქვენი საკეთებელი, მაინც საკმარისზე მეტი დაგრჩებათ, ამიტომ, სცადეთ, სიამოვნება მაინც მიიღოთ ამისგან ან, თუ სიამოვნება არა, ცოტათი მაინც გამხიარულდეთ.
მაგალითად, შეგიძლიათ, სანამ სახლს დაალაგებთ და ჭურჭელს რეცხავთ, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას ან აუდიოწიგნი „წაიკითხოთ“ – დღეს ამისი საშუალება უკვე არის. ბევრი დიასახლისი შესანიშნავად იყენებს რადიო-ტელეფონს. სახვევით ყურზე თუ მიიკრავთ, ხელები თავისუფალი გექნებათ, საქმესაც გააკეთებთ და დაქალთან ჭორაობითაც იჯერებთ გულს.
ზოგჯერ წარმოიდგინეთ, რომ მარათონელი ხართ და, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულოთ დაკისრებული სამუშაო. ეს თამაშია. ითამაშეთ და გაერთეთ მტვერსასრუტით, იფიქრეთ სასიამოვნო თემებზე. ბოლოს და ბოლოს, რომ არა დასარეცხი ჭურჭელი და დასალაგებელი ოთახები, აგათა კრისტი თავის შედევრებს ვერ შექმნიდა – სიუჟეტებს ხომ სწორედ ჭურჭლის რეცხვისას იგონებდა. შეიძლება, დიდი მწერალი ვერ გახდეთ, მაგრამ, იქნებ, პატარა ნოველების ან ლექსების დაწერა გეცადათ?! ერთი სიტყვით, თუ მოინდომებთ და საოჯახო საქმიანობას შემოქმედებითად მიუდგებით, ამით საქმეც მოიგებს, თქვენც ნაკლებად დაიღლებით და, იქნებ, საზოგადოებამაც იხეიროს.