კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ცოლის გული ვერ მოვიგე
ძალიან პრეტენზიული და დაუნახავი ცოლი მყავს. ვიცი, კაცისთვის შეუფერებელია პირადი ამბების საქვეყნოდ გამომზეურება, მაგრამ, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ, იქნებ, წაიკითხოს ეს წერილი და დაფიქრდეს. თუმცა, ზუსტად ვიცი, მისი სახელი და გვარიც რომ დავწერო, მაინც სხვა ქალი ეგონება (თავისი სეხნია), იმდენად დარწმუნებულია, რომ თვითონ ყველაფერში უნაკლოა.
აღარც პატარები აღარ ვართ, რომ მისი საშინელი ჭირვეულობა ასაკს დააბრალოს კაცმა. სულ თვალებში შევყურებ, სულ იმას ვცდილობ, ვასიამოვნო, გავახარო, მაგრამ მისი გული ვერაფრით მოვიგე. რაც არ უნდა გავუკეთო, ყველაფერზე ცხვირს იბზუებს და უკმაყოფილოა. ერთი ღიმილი მენატრება მისგან, ერთი მადლიერი გამოხედვა, მაგრამ ისეთი ხასიათი აქვს – მტრისას. შეყვარებულობის პერიოდშიც ამჟღავნებდა თავის ჭირვეულობებს, თუმცა, არც ისე ხშირად და არც ისეთი დოზით, როგორც ახლა, მაგრამ, ვფიქრობდი, გოგოებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და გაუვლის-მეთქი. მაგრამ, გაუარა კი არა, გაუასმაგდა. სხვათა შორის, ჩემმა სიდედრმა, როცა გავიცანი, მითხრა, ჩემს შვილს ისეთი მძიმე ხასიათი აქვს, ეჭვი მეპარება, გაუძლოო. მაშინ ამ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, უფრო სწორად, მეწყინა კიდეც სიდედრისგან – თავის შვილზე ასეთ რამეს როგორ მეუბნება-მეთქი და იმ დღიდან ცოტა ალმაცერად ვუყურებდი. არადა, თურმე, რას ერჩი, ქალმა გაგაფრთხილა.
კარგა ხანია, ჩემს ცოლს ვაკვირდები – მინდა ამოვიცნო მისი ბუნება, ხასიათი, მისწრაფებები და საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივედი: საკუთარი აზრი საერთოდ არ გააჩნია, ყველაფერში თავის კიკიმორა დაქალებს ჰბაძავს. ორი ისეთი დაქალი ჰყავს, სულაც არ მინდა, მათთან არათუ იმეგობროს, ელემენტარული ურთიერთობაც რომ ჰქონდეს. ისინი საშინელ გავლენას ახდენენ მასზეც და დანარჩენ დაქალებზეც, მაგრამ, როგორ გავუბედავ და ვეტყვი, მათთან ურთიერთობას თავი დაანებე-მეთქი, ხომ გადამდგა სახლ-კარიანად!
ჩემი და და დედაჩემი ძალიან განიცდიან ჩემი ცოლის ასეთ ხასიათს, რადგან აშკარად ხედავენ, რომ ამას ვეღარ ვუძლებ და ოჯახი დანგრევის პირასაა. არადა, შვილი გვეზრდება, რომელზეც ვგიჟდები და გამოგიტყდებით, ცოლიც ისევ მიყვარს (ჯერჯერობით). ამიტომ, ვცდილობ, რაღაცნაირად დავარეგულირო ურთიერთობები, განვმუხტო ხოლმე დაძაბული სიტუაცია. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად გამომდის. ყველაზე მეტად კი იმას განვიცდი, მის ასეთ ხუშტურებსა და სცენებს ბავშვიც რომ უყურებს. რა ფსიქიკა უნდა ჩამოუყალიბდეს, როცა დედას მუდმივად უხასიათოდ, განერვიულებულს, უკმაყოფილოსა და გაანჩხლებულს ხედავს?!
ვინც იცის ჩემი ცოლის ხასიათი (ბევრი ახლობელი პირადად შესწრებია მის „გამოსვლებს“), ყველა მეუბნება, თავს რატომ აკვლევინებ, გაეყარეო, მაგრამ ამ ნაბიჯს ჯერჯერობით ვერ ვდგამ. ყველაფრის მიუხედავად, ჩემს დას მაინც არ უნდა, რომ ოჯახი დამენგრეს და ამას წინათ, ჩემი აზრით, საკმაოდ ჭკვიანური რჩევა მომცა: დაანებე თავი მისი ყველა სურვილის მაშინვე შესრულებას და თვალებში ყურებას. რაც არ უნდა მოგთხოვოს, „გაატარე“; თუ ისტერიკა ატეხა – გაერიდე, სულაც სადმე წადი და, ძალიან თუ „გაახურა“, მკაცრად გაეცი პასუხი – დამთავრდა შენი პრეტენზიების მოსმენა და შესრულებაო და გაყრით დაემუქრე. სხვათა შორის, რომ დავფიქრდი, ჭკუასთან ახლოსაა. რამდენიმე დღე ვამზადე თავი და, ერთხელაც, როცა ისტერიკებისა და პრეტენზიების მუზები მოაწვა, ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ჩემმა დამ მირჩია. ვერც კი წარმოიდგენთ, რა რეაქცია ჰქონდა. შეეშინდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, ისე გაუკვირდა, პირი დარჩა ღია და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაჩუმდა. ახლა ვატყობ, ახალი შემოტევისთვის ემზადება, რადგან შევამჩნიე, რომ ჩუმ-ჩუმად მაკვირდება – ალბათ, შესაფერის დროს მირჩევს, მაგრამ, მეც კარგი ეშმაკი გავხდი – მეც ვაკვირდები და ვიკრებ ძალებს ახალი შეტევის მოსაგერიებლად. უკვე ისეთ მუღამში ვარ, გაგეცინებათ და, ერთი სული მაქვს, როდის მომიწყობს მორიგ სცენას, თუმცა, გულში ბოლომდე მაინც არ ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული – რა ვიცი, იქნებ ჩემზე უკეთ მოემზადოს ორთაბრძოლისთვის!
თამაზი, 30 წლის.

ღალატისკენ ქმრის გულცივობამ მიბიძგა
მე „თბილისელების“ ერთგული მკითხველი ვარ და თქვენს რუბრიკას ყოველთვის ვკითხულობ, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, ჩემი გაჭირვების შესახებ მომეწერა, რადგან მეგონა, ზედმეტს ვითხოვდი ქმრისგან. მაგრამ, „თბილისელებში“ დაბეჭდილი წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც ერთი ქალბატონი წერს, მეუღლეს ბილწსიტყვაობის გამო ვშორდებიო, მეც გადავწყვიტე, გამერისკა და მესაუბრა ჩემი პრობლემების შესახებ – მე ქმარს უყურადღებობის გამო მინდა, გავეყარო. შვიდი წელია, ერთად ვართ და ერთხელაც არ მიგრძნია, ვუყვარვარ თუ არა; ისიც კი არ ვიცი, საერთოდ თუ ვჭირდები, როგორც ქალი, როგორც მეგობარი. არასდროს გვისაუბრია რაიმე თემაზე გულახდილად, არ გამოუთქვამს ჩემთან ერთად თუნდაც სადმე გასეირნების სურვილი, არაფერს ვამბობ უფრო სერიოზულ ადგილებში წასვლაზე. ჩემს ადგილას სხვა ცოლს, შეიძლება, ეფიქრა, რომ მისმა ქმარმა ან საყვარელი გაიჩინა, ან ორიენტაცია შეიცვალაო, მაგრამ მე ორივე ვარიანტი გამორიცხული მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ ასე არ არის. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, რა არის მიზეზი, მთავარი ისაა, რომ ასეთმა ურთიერთობამ საშინლად დამღალა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საშინელი უყურადღებოა, რამაც ერთგვარი კომპლექსები გამიჩინა – უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ ვარ სრულყოფილი, ნორმალური და არცთუ ულამამაზო ქალი; და ამიტომ ვერ დავიმსახურე ქმრისგან თუნდაც ოდნავი სითბო და ზრუნვა, რომ აღარაფერი ვთქვა სიყვარულზე. ერთი სიტყვით, მისმა ასეთმა მოპყრობამ თითქმის დამარწმუნა, რომ ამ ყველაფრის ღირსი არ ვარ და გათხოვებიდან ოთხი წელი შევჩერებოდი ჩემს ქმარს – ველოდებოდი, როდის გამიღიმებდა, როდის შემომხედავდა, როდის ჩამთვლიდა ღირსად, რომ ადამიანად ჩავეგდე, ქალი დაენახა ჩემში. მაპატიეთ და, ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობაც მხოლოდ მოვალეობის შესრულება იყო და სხვა არაფერი. არადა, ახალგაზრდა და, როგორც ამბობენ, საკმაოდ მომხიბლავი ქალი ვარ და, ცხადია, მქონდა სურვილი, მოვწონებოდი და ვყვარებოდი. მოკლედ, ოთხი წელი ისე ვიცხოვრე ქმართან, გვერდზე არ გამიხედავს, სხვა მამაკაცზე არ მიფიქრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს საზღვარი და, მათ შორის, მოლოდინსა და მოთმინებასაც. ერთ დღეს კი ვიგრძენი, როგორ ამომივიდა ყელში მარტოობა, დავიწყე ინტერნეტში ძრომიალი და სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საიტზე დავრეგისტრირდი. მაშინვე გამოჩნდნენ კეთილისმსურველები და მეგობრები, მეც გავერთე, ავყევი და იქამდე მივედი, ერთ-ერთ მათგანს შევხვდი კიდეც, მერე კი რომანიც გავაბი მასთან და ინტიმიც გვქონდა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ – გინდ გამამართლეთ და გინდ გამამტყუნეთ, მაგრამ ჩემს ადგილას, ალბათ, ბევრი მოიქცეოდა ასე. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვდი ქმრისგან განსაკუთრებულს? თავად განსაჯეთ, 25 წლის კაცი (ახლა უკვე 28 წლისაა) ახალგაზრდა ცოლის გვერდით რომ დაწვება და მაშინვე ხვრინვას ამოუშვებს, ისე, რომ ხმასაც არ გაგცემს, არ არის ამის ღირსი?! სხვა თუ არაფერი, ის ქალი ორ შვილს რომ გიზრდის, ამის გამო მაინც არ უნდა გამოიჩინო ელემენტარული კაცური ყურადღება?!
მე თვითონაც არ ვამართლებ ჩემს საქციელს, ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ცუდად მოვიქეცი, უნებისყოფობა გამოვიჩინე, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ყველა უყურადღებო ქმარი ამის ღირსია – ამაში დარწმუნებული ვარ და ამ აზრს, ამ პოზიციას ვერავინ შემაცვლევინებს. ყველაზე „საინტერესო“ კი ის არის, რომ ჩემს ქმარს იმდენად არ ვაინტერესებ, ვერც კი ხვდება, რომ ვღალატობ. არადა, რომ ჰკითხო, ვუყვარვარ, უბრალოდ, გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. არადა, ვუყვარდე თავისთვის, გულში და, თუ უნდა, საკუთარ თავსაც ნუ გამოუტყდება ამაში, სულ აღარ მაინტერესებს.
თიკა, 27 წლის.

მინდა, შვილს პატიება ვთხოვო
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ თქვენს რუბრიკას, ერთი ნომერიც კი არ გამომიტოვებია. ყოველი წაკითხვისას რაღაც უცნაური შური მიპყრობდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჰყოფნის სითამამე და გამბედაობა, თავისი პირადი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ ასე სახალხოდ ილაპარაკოს. შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს და თქვას, ეს გამბედაობა კი არა, უთავმოყვარეობააო, მაგრამ მე ასე არ მგონია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი გაამხელს თავის სატკივარს, სააშკარაოზე გამოიტანს ოჯახის წევრის, ახლობლისა თუ საკუთარი თავის პრობლემებს (თუნდაც სახელები და გვარები შეცვალოს), მით მეტი მკითხველი ჩაუფიქრდება საკუთარ საქციელს, სხვის შეცდომებს გაითვალისწინებს და თავად აღარ მოიქცევა ისე, რომ ცოლს, ქმარს, მშობლებს, შვილებს, და-ძმასა თუ მეგობრებს ტკივილი მიაყენოს.
უკვე რამდენი წელია, ვებრძვი თავს და ახლა, როგორც იქნა, გადავწყვიტე, ერთგვარი აღსარებასავით მომეწერა თქვენთვის. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კი თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულმა რამდენიმე წერილმა მიბიძგა.
მთელი ცხოვრება სინდისი მქენჯნის და ვიტანჯები იმის გამო, რომ ჩემი სიყრმის შვილი, ჩემი პირველი სიყვარულის ნაყოფი, რომელიც ახლა უკვე 20 წლისაა, თხუთმეტი წელია, არ მინახავს. ჩემს ამ განცდებს ვერც ვერავის ვუმხელდი, რადგან, მრცხვენოდა – ვიცოდი, ყველა გამამტყუნებდა.
პირველი ცოლი სიყვარულით შევირთე. მასზე უკეთესი გოგო დედამიწაზე არ მეგულებოდა. ისე მიყვარდა, ვაღმერთებდი. თვითონაც გიჟდებოდა ჩემთვის. ყველა, ვინც გვიყურებდა, გვეუბნებოდა, ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილებიო, მაგრამ, რატომღაც, პირველი დღეებიდანვე აითვალწუნა დედაჩემმა. არ ვიცი, შეიძლება, იმის ბრალი იყო, რომ შეეშინდა, ჩემი ერთადერთი შვილი ვიღაც ქალმა არ წამართვასო – ასე ეძახდა ჩემს ცოლს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს დედისერთა ბიჭების დედების სინდრომივით ყოფილა, მაგრამ ამის გაგებამ საქმეს ვერ უშველა – დედაჩემმა სამუდამოდ შეიძულა რძალი და იმდენი მოახერხა, მამაჩემიც გადაიბირა. მოკლედ, როცა სახლში არ ვიყავი, ისე ავიწროებდნენ საწყალ გოგოს, ისეთ დღეში აგდებდნენ, რომ, ერთ დღესაც, ჩაალაგა თავისი ნივთები, მოჰკიდა ხელი ბავშვს და დედამისთან დაბრუნდა. საქმე ისაა, რომ ცოლი არაფერს მეუბნებოდა. მართალია, რაღაცეებს ვხვდებოდი, მაგრამ მთლად „წვრილმანებში“ გარკვეული არ ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე სერიოზულად თუ იყო საქმე. სახლში რომ მივედი და ცოლ-შვილი იქ არ დამხვდა, გადავირიე, მაგრამ დედაჩემმა ისეთი ისტორიები შეთითხნა რძალზე (თან, ცხარე ცრემლით ტიროდა), რომ ყველაფერი დავიჯერე და გამწარებულმა დავურეკე ცოლს, რადგან ასე გძულს დედაჩემი, რადგან შეგიძლია, ხანდაზმულ ქალს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო და მერე შენს დაქალებს ეტრაბახო, როგორ „აჩმორებ“ დედამთილს, შეგიძლია, უკან დაბრუნებაზე აღარც იფიქრო-მეთქი. ჩემმა ცოლმა ჯერ ტირილი დაიწყო, მაგრამ გული რომ ვერ მომილბო, ტირილი შეწყვიტა და მითხრა, რადგან შენც დედაშენს ემხრობი და ცოლ-შვილი აღარ გინდა, იყავი დედიკოს ბიჭი, კარგად მოუარე, არ გაგიცივდეს, მე კი დღესვე შევიტან განცხადებას გაყრაზეო. დედაჩემის ასე მოხსენიებამ ძალიან გამაცოფა, ერთი კარგად შევუკურთხე და მივაძახე, არც შენი და არც შენი შვილის (ვითომ ჩემი არ იყო) დანახვაც კი აღარ მინდა-მეთქი. კარგად დაიმახსოვრე შენი სიტყვები და, მუხლებზე ხოხვით რომ დამიწყებ ხვეწნას, ბავშვი მაჩვენეო, იცოდე, გულს ვერ ამიჩუყებ. შვილს ჩემს გვარზე გადავიყვან და მარტო ჩემი შვილი იქნება, შენ კი, შეგიძლია, სხვა ქალი მოძებნო და ის შეაჭმევინო შენს აფთარ, ისტერიკიან დედას და უნებისყოფო მამას, რომელსაც კაცი ჰგონია თავი, სინამდვილეში კი ცოლის მონაა და მეტი არაფერიო. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ჩემი მშობლების ასე გალანძღვას ვერავის ვაპატიებდი, ვინც არ უნდა ყოფილიყო. აზრადაც არ მომსვლია, სიმართლე გამერკვია, სასწრაფოდ გავეყარე ცოლს და გულიდან ამოვიგდე ქალი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მთელ ქვეყანას მერჩივნა. ის კი არა, შვილის ნახვის სურვილიც კი არ გამჩენია მთელი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, დედაჩემი დამშვიდდა – სულ კარგ ხასიათზე იყო, ღიღინებდა, მხიარულობდა. ერთხელ კი, შემთხვევით გავიგონე, თავის დაქალს ეტრაბახებოდა ტელეფონში, ხომ ვაიძულე ის კეკელკა თავისი ნაბიჭვრიანად წათრეულიყო ჩემი სახლიდანო. ეს იყო ის წვეთი, რომელმაც დენთის როლი შეასრულა და ავფეთქდი. საშინელი დღე ვაყარე დედაჩემს, იქაურობა სულ დავლეწე და სახლიდან წავედი. იმ დღეს ვიგრძენი, როგორ მენატრებოდა შვილი (ცოლიც, მაგრამ შვილი უფრო მეტად). დავურეკე ჩემს ყოფილ მეუღლეს და შეხვედრა ვთხოვე. ცხადია, უარი მითხრა. მერე შევეხვეწე, ჩემი შვილი მაჩვენე-მეთქი, ამაზე გაიცინა და ჩემი სიტყვები გამახსენა. მოკლედ, ჩემი ყოველი მცდელობა, ბავშვი მენახა, უშედეგოდ მთავრდებოდა. ერთხელ ცოტა დავლიე (სიმხნევისთვის) და პირდაპირ მივადექი სახლში. კარი ჩემმა ბიჭმა გამიღო (უკვე 5 წლის იყო), რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და ბებიამისს დაუძახა. ჩემმა ყოფილმა სიდედრმა რომ დამინახა, გამლანძღა – ჯერ საერთოდ როგორ გაბედე აქ მოსვლა და, მით უმეტეს – მთვრალმაო. მოკლედ, კულტურულად გამომაგდო. გავბრაზდი და იმის მერე აღარ მიცდია ბავშვის ნახვა.
დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, მეორე ცოლი შევირთე. დედაჩემმა ისევ გამოაჩინა ბრჭყალები, მაგრამ ეკას ვერ მოერია და ასე შემინარჩუნდა მეორე ოჯახი. მეორე ცოლთან გოგონა შემეძინა და მეტი შვილი აღარ გვიჩნდებოდა, არადა, როგორც ყველა კაცს, ძალიან მინდოდა, ბიჭიც მყოლოდა. სულ მინდოდა, ჩემი ბიჭი როგორმე მენახა, მაგრამ ამ სურვილს ეკას ვერ ვუმხელდი და ასე ვიტანჯებოდი ჩემთვის.
ერთხელ თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში წავიკითხე, მამა წერდა მიტოვებულ შვილზე – ვინ იცის, ჩემი ბიჭი ყოველდღე მხვდება ქუჩაში, მაგრამ სახითაც კი ვერ ვცნობ და ეს ძალიან მაწამებსო. მაშინ მივხვდი, რომ მეც იმ კაცის დღეში ვიყავი და ვიგრძენი, მეტს ვეღარ გავუძლებდი, მეორე დღესვე დავიწყე ჩემი შვილის ადგილსამყოფლის გარკვევა (გავიგე, რომ მისამართი შეიცვალეს). როგორც იქნა, დავადგინე, სად ცხოვრობს, სად სწავლობს და გადავწყვიტე, დაიწყება თუ არა სასწავლო წელი, პირველივე დღეს დავხვდე ინსტიტუტთან. არ ვიცი, მიმიღებს და მაპატიებს თუ არა, მაგრამ მე მაინც არ მოვეშვები, სანამ ყველაფრისთვის ბოდიშს არ მოვუხდი. მინდა, ახლა მაინც გამოვასწორო ჩემი შეცდომა და ჩემს სიყრმის შვილს ნამდვილი მამობა გავუწიო.
დათო, 45 წლის.

თანახმა ვარ, ყოფილი ქმრის საყვარელი გავხდე
ხუთწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ გავეყარე ქმარს, რომელიც დღემდე მიყვარს. ალბათ, იკითხავთ, თუ გიყვარს, რაღას ეყრებოდიო. მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ნამდვილად არ გავშორდებოდი და ყველაფერს მოვითმენდი, მაგრამ, თვითონ აღარ უნდოდა ჩემთან ცხოვრება. ერთ დღეს დამსვა და მითხრა: კარგი გოგო ხარ, მაგარი ქალი ხარ, გამოგიტყდები, რომ ისევ მიყვარხარ, მაგრამ მე ოჯახის კაცად არ გამოვდგები, რადგან ბოჰემური ცხოვრება მომწონს, შენ კი ამას ვერ გაუძლებო. მე ვთხოვე, ოღონდ შენ გვერდით მამყოფე და ყველაფერს გავუძლებ-მეთქი. კარგიო, მითხრა და მეორე დღიდან ვიღაც საეჭვო ქალებისა და კაცების მოყვანა დაიწყო სახლში (დამავიწყდა, მეთქვა, რომ ჩემი ქმარი მხატვარია) და ამბობდა, ჩემი „ნატურშჩიკები“ არიანო. მერე იწყებდნენ სმას, ხორხოცს, თითქმის მთლიანად შიშვლდებოდნენ და მთელ ბინაში უცერემონიოდ დაბოდიალობდნენ. ერთხელ კი მისი ერთ-ერთი ლოთი სტუმარი ჩემს ოთახში შემოვიდა ტრუსების ამარა, შამპანურის ფუჟერით ხელში და „თავის წრეში“ დამპატიჟა – სწორედ ასე მითხრა: მშვენიერო ქალბატონო, ჩვენს წრეში გეპატიჟებით, წამობრძანდითო. ამას კი ვეღარ გავუძელი, მაშინვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და ჩემს დაქალთან წავედი. ჩემს ქმარს არც კი გაუგია ჩემი წასვლა, არც შემდეგ დღეებში მომიკითხა. ამან საშინლად გამაბრაზა და გაყრაზე შევიტანე განცხადება. დანიშნულ დღეს მობრძანდა და მითხრა, ეს ადრევე უნდა გაგეკეთებინაო. განვქორწინდით და წავიდა. გარეთ თავისი საეჭვო მეგობრებით სავსე მანქანა ელოდებოდა. რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ცოლად თავისი მენატურე ქალი შეურთავს და სახლში, თურმე, ორგიებს აწყობენ. შეიძლება, ეს ჭორი ძალიან გაბუქებული და გაზვიადებულია, მაგრამ, მისი ხასიათიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ასეც რომ იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება.
და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დღემდე მიყვარს, რადგან უამრავი ლამაზი დღე და წუთი მახსოვს მასთან ერთად გატარებული. რომც მთხოვოს, ცოლად, ალბათ, არ გავყვები, მაგრამ, მის საყვარლობაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. ვინ მთავაზობს, თორემ, კი...
თაკო, 28 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3