ექიმის რჩევები
კითხვა: რა არის ოქსალურია და რამ შეიძლება გამოიწვიოს?
პასუხი: ოქსალურია არის შარდში ოქსალატებიდან კენჭების წარმოქმნა. იწვევს შარდკენჭოვან დაავადებას, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომები ახლავს: ტკივილები, თირკმლისა და შარდსაწვეთის მიკროტრავმები. შესაბამის პროფილაქტიკას ნიშნავს ნეფროლოგი (დიეტა, მცენარეული ნახარშები).
კითხვა: მეუღლეს შეუშუპდა სათესლე ჯირკვალი. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: ესაა ჰიდროცელე (წყალმანკი) – სათესლე ჯირკვლის გარსებში სითხის დაგროვება. უფრო ხშირად მკურნალობა ქირურგიულია, რადგან კონსერვატიული მეთოდები უმეტეს შემთხვევაში უშედეგოა. დიაგნოზის დასადასტურებლად და მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად მიმართეთ უროლოგს.
კითხვა: 27 წლის ახალგაზრდა ქალს (მშობიარობა არ ჰქონია) სარძევე ჯირკვალში ლობიოსხელა წარმონაქმნი ესინჯება. შეიძლება თუ არა მისი მასაჟით დაშლა?
პასუხი: მიმართოს მამოლოგს და ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები (ექოსკოპია, მამოგრაფია). სარძევე ჯირკვლის მასაჟი ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
კითხვა: რა საფაღარათო საშუალებების მიღება შეიძლება ორსულობის დროს?
პასუხი: პირველ ყოვლისა ორსული უნდა ეცადოს, მოიწესრიგოს კუჭის მოქმედება კვებით. ზეთზე დამზადებული წვნიანი, მაწონი, ხილი (შავი ქლიავი და ლეღვი ან მათი ჩირი) და ბოსტნეული. დილაობით, უზმოზე დალიოს 1 ჭიქა წყალი ყლუპებით. თუ ეს არ გიშველით, მიმართეთ თქვენს მეან-გინეკოლოგს. ჩემი აზრით, მუკოფალკი საფაღარათო საშუალებებიდან ყველაზე მისაღებია.
კითხვა: ვარ ორსულად. ქალთა კონსულტაციაში მითხრეს, სტომატოლოგთან შევსულიყავი. რა საჭიროა ეს, როდესაც კბილები წესრიგში მაქვს?
პასუხი: ორსულობის დროს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ეგრეთ წოდებული ორსულების გინგივიტს. თუ ღრძილებსა და კბილებს შორის მიდამოებს შესაბამისი მოვლა არ აქვთ, ვითარდება საკმაოდ სერიოზული კარიესი.
კითხვა: როგორ მოქმედებს სტრესი კბილებზე და, საერთოდ, პირის ღრუს მდგომარეობაზე?
პასუხი: ხშირი სტრესის პირობებში კბილებისა და პარადონტის ქსოვილების დაზიანება ორჯერ უფრო ხშირია. ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ფონზე ხდება (უფრო ხშირად – ჰიპოფუნქციის), რომელიც მკვეთრად რეაგირებს სტრესულ სიტუაციებზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი