რა დაავადებაა პიელონეფრიტი და როდის მწვავდება ის
პიელონეფრიტი თირკმელების ტუბულო-ინტერსტოციული ქსოვილისა და შარდგამომყოფი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციურ-ანთებითი დაავადებაა. ის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. როდესაც უარესდება საშარდე გზების სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, პიელონეფრიტით დაავადების საფრთხეც იქმნება. პიელონეფრიტის განვითარება ყოველთვის უკავშირდება ინფექციას. შემთხვევათა უმრავლესობაში, გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელიც ძირითადად პათოგენურ ფლორას წარმოადგენს. ინფექცია თირკმელში ხვდება ჰემატოგენური, ლიმფოგენური გზებით, შარდსაწვეთის, ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლექსის დროს.
პიელონეფრიტის განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: შარდგამომყოფი გზების დახშობა, სხვადასხვა დონის რეფლექსები, ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. მიმდინარეობის მიხედვით კი გვხვდება მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ფორმებიც.
მწვავე პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, წელის ტკივილი, შარდის გამოყოფის დარღვევა. ხშირია გულისრევა. იშვიათად ვითარდება თირკმლის ჭვალი. ამ დროს შარდის გამოყოფა დარღვეულია. აღინიშნება ხშირი და მტკივნეული შარდვა. ამ დროს აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება.
ქრონიკული პიელონეფრიტი ცუდად ნამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტის შედეგია. აქტიური ანთებითი პროცესის შემთხვევაში, კლინიკური სიმპტომები გაცილებით მკვეთრია. მომატებულია ტემპერატურა, გახშირებულია შარდვა. აღინიშნება ტკივილი წელის არეში, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მადის დაკარგვა, გულისრევა, თავის ტკივილი, წყურვილის მუდმივი შეგრძნება. თირკმელების უკმარისობის განვითარებისას აღნიშნულ სიმპტომებს ემატება არტერიული ჰიპერტენზიაც.
პიელონეფრიტის პროფილაქტიკის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნორმალური შარდვის პროცესის აღდგენას. თირკმლის კენჭების არსებობის შემთხვევაში, ასევე, მნიშვნელოვანია უროსეპტიკური თერაპიის კურსის ჩატარება. პიელონეფრიტის განვითარების დროს, გამწვავების პროფილაქტიკისთვის, აუცილებელია, თავიდან აიცილოთ გაციება, გამწვავების დროს კი უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი. საკვებიდან უნდა ამოიღოთ მწარე და სანელებლებიანი კერძები. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უცხიმო რძის პროდუქტს, ფაფებს. ამ დროს ეფექტურია ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება.