კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აბრკოლებენ მართლმადიდებლები სხვა სარწმუნოებისა და სექტის წარმომადგენლებს და რა შემთხვევაში ხდება ნათლისღებით მართლმადიდებლური რწმენის დაკნინება

დღეს აქტუალურ საკითხებს შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს სხვა სარწმუნოების, აღმსარებლობის ადამიანთან, როგორ უნდა მოექცეს მას. ამ თემაზე გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– სანამ რელიგიათა შორის ურთიერთობაზე ვისაუბრებდით, კარგი იქნება, განვმარტოთ ტერმინი რელიგია, რომელიც რომაული სიტყვაა – „რელიგიოს“ და ნიშნავს ადამიანის განახლებულ კავშირს უფალთან. შენ თუ ხარ რელიგიური პიროვნება, გიყვარს უფალი, გინდა განახლება მასთან, სხვა რელიგიებთან არ უნდა გქონდეს დაპირისპირება, არ უნდა განიკითხო სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს, მოძღვარი იქნება ის თუ რიგითი წევრი, გააჩნია პრეტენზია საკუთარი რელიგიის ერთადერთობაზე, რომ მხოლოდ მისი რელიგია არის მაცხონებელი, ჭეშმარიტი და სხვა რელიგიები ცრუ და ამაოა.
– რადგან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ასე ფიქრობენ, საინტერესოა, როგორი ურთიერთობა, დამოკიდებულება უნდა იყოს მათ შორის. დღეს ძალიან ხშირად, განსხვავებული რწმენის ადამიანების შეხედულებები, მრწამსი ურთიერთშორის დაპირისპირების მიზეზი ხდება.
– ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია მეიდანზე, ამოსულა ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, დარწმუნდება, რომ ქართველი ერი, მართლმადიდებლები, არანაირ კონფლიქტურ ურთიერთობაში არ ვყოფილვართ, არ ვართ და არ ვიქნებით სხვა რელიგიებთან. სანამ ავმაღლდებით ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, ჩვენ შეგვხვდება ებრაული სინაგოგა, ანუ იუდეველთა სალოცავი. ხელმარცხნივ არის მონოფიზიტური, ანუ სომხური ტაძარი, ოდნავ ხელმარცხნივ კი გვხვდება მუსლიმანთა მეჩეთი. ამას წინათ ერთ-ერთი ინდუსი ტურისტი მომიახლოვდა და მეკითხება: არ შეიძლება, აქ ჩვენი სალოცავიც იყოსო. ანუ, როდესაც მან ჩვენი დედაქალაქის რელიგიური ცენტრები იხილა, სურვილი გაუჩნდა, მისი სალოცავიც ყოფილიყო თბილისში. ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართველი მართლმადიდებლები ტოლერანტები ვართ და არასდროს საქართველოში სხვა რელიგია არ იდევნებოდა. პირიქით, შეიძლება ითქვას, როდესაც საქართველო აყვავების ხანაში იყო, დავით აღმაშენებელმა და თამარმა ხელი შეუწყვეს სხვა რელიგიის ადამიანებს, რომ ისინიც პრივილეგირებულები ყოფილიყვნენ, თავისუფლად შეძლებოდათ საკუთარი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს მცნება რელიგიების შესახებ, ანუ, არ უნდა ვთქვათ, ღმერთი ერთია, ყველა რელიგია ჭეშმარიტია, თავისთავად ყველა რელიგია მიდის ღმერთთან – ეს ცრუ სწავლებაა, არასწორია. არ უნდა ვიქადაგოთ, რომ ღმერთი ერთია და ვისაც როგორ უნდა, ისე მიდის მასთან. ჩვენ მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, აღმსარებლობა არის მართლმადიდებლობა, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებსა და საკულტო ნაგებობებს. ხშირად თანამედროვე ადამიანები არასწორად იგებენ დავით აღმაშენებლის, დიდი მეფის ქმედებას, როდესაც ის შედიოდა მეჩეთში და მოლებთან რწმენის საკითხებზე საუბრობდა. თანამედროვე ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები კი ამბობენ, რომ დავით აღმაშენებელი თითქოს ლოცულობდა მეჩეთში, ეს მკრეხელობაა. მართლმადიდებელ ქრისტიანს არა მხოლოდ მეჩეთში, არც ერთ სხვა რელიგიურ შენობაში არ შეუძლია აღავლინოს ლოცვა. დავით აღმაშენებელი ყოველმხრივ განსწავლული იყო, ის მუსლიმანურ სალოცავებში იმიტომ შედიოდა, რომ მას ჰქონდა დიალოგი, პოლემიკა სარწმუნოებრივ საკითხებში და მათ ამხელდა უმეცრებაში – რომ მათ კარგად ისლამიც არ იცოდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ ერთი რამ, საერო პირი იქნები თუ სასულიერო, კარგად უნდა იყო განსწავლული ჯერ შენს რელიგიაში და შემდეგ ისე უნდა უქადაგო სხვას ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამას წინათ ჩემთან მოვიდნენ სკოლის პედაგოგები და მთხოვეს, გარკვეული მუხლები მიმეთითებინა მათთვის ბიბლიიდან, რომელიც ამხილებდა იეღოველთა სექტის სიბნელესა და უმეცრებას. მე მათ ასეთი დარიგება მივეცი: ჯერ შევისწავლოთ საკუთარი სარწმუნოება უკეთ, სიღრმისეულად და შემდეგ მივხვდებით სხვა რელიგიები რაში ცდებიან. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ბიბლიაა და როდესაც ადამიანს პრეტენზია გააჩნია რელიგიურობაზე, ქადაგებს ბიბლიიდან, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის ღვთივსულიერი წიგნი, ანუ დიდ ღვთივსულიერი პიროვნების მიერ სხვადასხვა საუკუნეებში იწერებოდა და შესაბამისად, მისი განმარტება ღვთივსულიერი საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს. რელიგია, რომელიც არ არის ბაზირებული ამ ბიბლიაზე, გამოცხადებითი სწავლება არ არის მასში გადმოცემული, ბუნებრივია, ამ რელიგიას არ ექნება ჭეშმარიტი პრეტენზია ადამიანის უფალთან მიყვანისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკუთარი რელიგია ცხოვრების წესით უნდა აღვასრულოთ და ამით მიხვდებიან სხვა რელიგიის წევრები, თუ რით ვართ მათზე აღმატებულები.
– რას გულისხმობთ?
– ნერსე ერისთავი როდესაც არაბეთში იყო დატყვევებული, დაინახა აბომ, რომელიც მუსლიმანი იყო და ნერსე ერისთავის ქმედების, რელიგიურობის შემხედვარემ იწამა ჭეშმარიტი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა – არა ნერსე ერისთავის ქადაგებით, არამედ მისი ცხოვრების წესით. რადგან ჩვენ გაგვაჩნია პრეტენზია იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება ეს არის მართლმადიდებლობა, ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ არა რეგალიებით, გაბრწყინებული ჯვრებით, ფსკვნილებით, სახეზე მოშვებული წვერით, არამედ გარეგნობით, მიხრა-მოხრით, საუბრით, დამოკიდებულებით სხვა რელიგიის ადამიანებისადმი. ხშირად ძალიან ბევრი მოძღვარი და მრევლიც დიდ აგრესიას გამოხატავს სხვა რელიგიის ან სექტანტების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია და დაუშვებელია. ჩვენ მათთან ვერტიკალური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ჰორიზონტალური ურთიერთობა. ისინი წარმოადგენენ ჩვენს მოყვასს და ჩვენი ხელიდან ელოდებიან დახმარებას. როგორც ტიტეს არიგებს პავლე მოციქული: პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაეშორეო, ჩვენ არანაირ შეგონებას არ ვაძლევთ მათ და პირდაპირ აგრესიას გამოვხატავთ. ის ადამიანი, რომელიც სხვა რელიგიას ან სექტას წარმოადგენს, დაინახავს მართლმადიდებელ ქრისტიანში აგრესიას და მას უკვე ჩვენთან ურთიერთობის, მოსმენის არანაირი სურვილი აღარ უჩნდება. თუ შენ მოციქული ხარ, ჭეშმარიტად დაგადგინა იესო ქრისტემ, მას შენთვის არ უსწავლებია ბილწსიტყვაობა, ჩხუბი. გვითხრა, თუ არ მიგიღებენ, ფეხები გაიბერტყეთ და წამოდით. არ უთქვამს: თავი გაუტეხეთ, ჯვარი ჩაარტყით თავში, სახეში შემოარტყითო. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ასე იქცევა სექტანტებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ. ასეთი ქმედება სამარცხვინოა და პირიქით, ჩვენ ვაბრკოლებთ იმ ხალხს, ვისაც სურს მოვიდეს ეკლესიაში. მინახავს მუსლიმანი ქალბატონი, რომელიც კდემამოსილად არის ჩაცმული, თავზე აფარია, მუხლებამდე აცვია კაბა და იმავდროულად, ჩვენს მართლმადიდებელ გოგონას მოღიავებული აქვს ყველაფერი, არ აცვია შესაფერისად. მე როგორ დავიწყო პოლემიკა მუსლიმანთან და როგორ ვუმტკიცო, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტია და მისი სარწმუნოება – ცრუ. ის მეტყვის, შეხედე შენი მრევლის ჩაცმულობას და მერე ჩვენს ჩაცმულობასო. ჩვენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან უნდა ვიყოთ მშვიდობიან ურთიერთობაში, ისევე, როგორც ჩვენი წინაპარი იყო, სხვანაირად ჩვენი რელიგიური ცხოვრების წესი არ იქნება უფლისგან მოწონებული. ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებზე აღარ ფიქრობს, ჩხუბობს, განიკითხავს, ბილწსიტყვაობს სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, თვითონ არის გადასული სარწმუნოებისგან. მაგალითად, თუ იეღოვას მოწმეს ენდომება გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიქრობს, თუ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია, მაშინ მისი წარმომადგენლები რატომ არ არიან მსგავსი ქმედების მქონე, რატომ ბილწსიტყვაობენ, ჩხუბობენ, არ აცვიათ შესაფერისად, ის დაბრკოლდება და აღარ მოინდომებს მართლმადიდებლად გახდომას. ქრისტე ამბობს: ვინც დააბრკოლებს ჩემკენ მომავალს, მას ურჩევნია, ლოდი დაიკიდოს კისერზე. ჩვენ შეიძლება ლოდებდაკიდებულები დავდივართ, რადგან ჩვენი ჩაცმულობით, მეტყველებით დაგვიბრკოლებია სხვა რელიგიის წარმომადგენლები.
– დღეს ძალიან ბევრი გოგონა ცოლად სხვა რელიგიის წარმომადგენელს მიჰყვება. როგორ უყურებს ამ საკითხს ეკლესია?
– სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში წასული ჩვენი ქალბატონები იქ თხოვდებიან და ხშირად არა იმიტომ, რომ სიყვარულია ამის მიზეზი, არამედ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა დაიმკვიდრონ იქ. შემდეგ ჩამოდიან საქართველოში და უნდათ, რომ მათი რჩეული მონათლონ. როდესაც ვეკითხებით უცხოელებს, რატომ გინდათ მონათვლა, იჩეჩავენ მხრებს და ამბობენ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არის მართლმადიდებელიო. ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა, ასეთი რამ არ შეიძლება. მართლმადიდებელი უნდა გახდეს ის, ვისაც სჯერა მართლმადიდებლობის, აღიარებს მის უცდომელობას და მის დოგმატებს და არა – მე ჯვრისწერა მინდა და ამიტომ უნდა მოვინათლო. ეს სიმბოლური დამოკიდებულებაა. დაკნინება ხდება ნათლისღების საიდუმლოს და ჩვენი რელიგიის. ჯერ არის ქრისტე, ეკლესია და შემდეგ არის ოჯახი, ურთიერთობა. თუ ადამიანი გულით იწამებს, ის ჯერ უნდა მოინათლოს და მერე დაიწეროს ჯვარი. მაგრამ, არ უნდა მოინათლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ სიმბოლურად დაიწეროს ჯვარი და ევროპაში დალხინებული ცხოვრება ჰქონდეს. ევროპაში არსებობს შერეული ქორწინება, მართლმადიდებლობაში ეს არ ხდება. თუ ჩვენ უღელში შევებმებით სხვა სარწმუნოების ადამიანთან, ამით ბევრ პრობლემას დავიტეხთ თავზე. არ შეიძლება, ერთი ადამიანი ლოცულობდეს უფალთან, მეორე – ეშმაკთან. ორივე უფალთან უნდა ლოცულობდეს და სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ღმერთთან, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ჭეშმარიტ რელიგიაში არის.

скачать dle 11.3