„სიკვდილი“ – სიტყვისა და ცნების წარმოშობა
მიცვალებულის მომზადება დაკრძალვისთვის
დაკრძალვის წესი მოცემულია სახარებაში, სადაც აღწერილია მაცხოვრის ჩვენის – იესო ქრისტეს დაკრძალვა. მართლმადიდებლური წესი დაკრძალვისთვის ცხედრის მომზადებისა შემონახულია უძველესი დროიდან და გულისხმობს განბანას, შემოსვას და კუბოში ჩასვენებას.
განბანის დროს იკითხება: „წმიდაო ღმერთო, ძმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!“
უნდა განიბანოს მთელი სხეული თბილი წყლითა და საპნით. ტრადიციის მიხედვით, განბანას ასრულებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.
მიცვალებულს აცმევენ ახალ, სუფთა სამოსს, ადებენ ჯვარს და დაასვენებენ მისთვის განკუთვნილ ადგილზე სახით აღმოსავლეთისკენ. ბაგეები მას მოკუმული უნდა ჰქონდეს, ხელები – მკერდზე ჯვრისებურად დაწყობილი (მარჯვენა მარცხენაზე ზემოდან), ხელში უდებენ ჯვარს.
მიცვალებულს თავქვეშ უდებენ ბამბით ან თივით გატენილ ბალიშს. არსებობს ჩვეულება, წინასწარ მოიმზადონ ეგრეთ წოდებული „სასიკვდილო ბალიში“ ეკლესიაში ნაკურთხი ტირიფის რტოებითა და არყის ხის ფოთლებით. კურთხევა ხდება ბზობისა და სულთმოფენობის დღესასწაულებზე.
ცხედარს აფარებენ თეთრ, სუფთა ქსოვილს ან სპეციალურ სუდარას იესო ქრისტეს გამოსახულებით, ნიშნად იმისა, რომ მიცვალებული, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, აღდგება მკვდრეთით, როგორც აღდგა ჯვარცმული ქრისტე, რომ მიცვალებული იმყოფება ქრისტეს ჯვრის მფარველობის ქვეშ. ასეთი სუდარის შეძენა შეიძლება ეკლესიაში.
კუბოს, ჩვეულებისამებრ, დგამენ ოთახის შუაგულში, ხატების წინ. მის გარშემო სანთლებს ანთებენ. თუ არის შესაძლებლობა, დგამენ ოთხ სასანთლეს (კანდელს): ერთს თავთან, ერთს ფერხთით და ორსაც – კუბოს ორივე მხარეს რაც ჯვარს გამოხატავს და სიმბოლურად მიანიშნებს მიცვალებულის გარდასვლას სულთა საუფლოში.
ლოცვები მიცვალებულთათვის წესის აგებამდე
განბანისა და შემოსვის შემდეგ მღვდელი ან ნათესავთაგან ვინმე კითხულობს კანონს „სულის ამოსვლის შემდეგ...“ თუ ადამიანი სახლს გარეთ დაიღუპა, სულერთია, კანონი მაინც იკითხება გარდაცვალების დღეს იმ მიზნით, რომ შეუმსუბუქოს სულს ხორცთან გაყრა. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს წესი „ფსალმუნთა“ კითხვისა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.
ლოცვების კითხვისას მიცვალებულის სახელს ემატება სიტყვა „ახლადშესვენებული“ – ასე უწოდებს ეკლესია გარდაცვლილს 40 დღის განმავლობაში.
7 წლამდე ასაკის ბავშვებს ყრმებს უწოდებენ. სხვა დამაკონკრეტებელი დასახელებების გამოყენება, როგორიცაა: ქალიშვილი, ცოლი, მოკლული, დამხრჩვალი, დამწვარი – არ არის კანონიკური და არ გვხვდება ღვთისმსახურების წესებში.
იმ დროს, როცა სხეული მკვდარია, სული გადის გამოცდას და ამიტომ სჭირდება მას ეკლესიის დიდი დახმარება. გაძლიერებული ლოცვები უადვილებს სულს სხვა ცხოვრებაში გადასვლას.
„პანაშვიდი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მწუხრის ლოცვა-გალობას. ჯერ კიდევ ქრისტიანთა დევნის ეპოქაში დამკვიდრდა ჩვეულება ღამით ლოცვისა.
პანაშვიდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ლოცვით მოვიხსენიოთ მიცვალებულები, რომლებიც, მართალია, დაიხოცნენ, როგორც ქრისტეს ერთგულნი, მაგრამ, მთლიანად მაინც არ იყვნენ თავისუფალნი ადამიანურ სისუსტეთა და ცოდვათაგან და ეს უძლურება ჩაიყოლეს კუბოში. პანაშვიდის შესრულებით წმიდა ეკლესია ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ მიცვალებულის სული როგორ გადადის მიწიდან ზეცაში, როგორი კრძალვითა და შიშით უნდა წარდგეს იგი უფლის სამსჯავროზე. აქ მან გულთამხილავი ღმერთის წინაშე უნდა აღიაროს თავისი თავის ყველა დიდი თუ მცირე ცოდვა და შეცდომა. იგი ვერ გაბედავს, დაუმალოს უფლის სამართლიან სამსჯავროს რაიმე. ეკლესია აცხადებს ამ სამსჯავროს ძირითად კანონს – ღვთიურ გულმოწყალებას და გვაგულიანებს ჩვენ ლოცვისთვის, აძლევს რა სულს სრულ თავისუფლებას – გამოხატოს თავისი განწყობა ლოცვებით, მონანიებითა და ცრემლებით და ითხოვოს შეწყალება. პანაშვიდი მთავრდება დიაკვნის სიტყვებით: „უფალო, შეიწყალე მონა შენი (სახელი), მიანიჭე საუკუნო ხსენება!“
„ეს ლოცვითი მოწოდება, – ამბობს თესალონიკის არქიეპისკოპოსი ნეტარი სვიმონი, – არის საჩუქარი, დასასრული ყველაფრისა. ის გზავნის მიცვალებულს ზეცაში და აბარებს ღმერთს მის სულსა და ხორცს“.