მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: წინათ არსებობდა ასეთი წესი, რომ თუ ოჯახში ვინმე გარდაიცვლებოდა, არ შეიძლებოდა, ვინმე მოუნათლავი ყოფილიყო. ასე მოგვნათლეს მე და ჩემი და ბებიის გარდაცვალების დროს ჩვენსავე სახლში. ნათლობა შეასრულა იმ მღვდელმა, ვინც ბებიას წესი აუგო. ვითვლებით თუ არა მონათლულად, თუკი ჩვენი ნათლობა ტაძარში არ შესრულდა?
პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენც და თქვენი დაც მონათლულად ითვლებით. თუ ნათლობა ყველა წესის დაცვით შესრულდა, არ აქვს მნიშვნელობა, ნათლობის რიტუალი სახლში შესრულდა თუ ეკლესიაში.
კითხვა: როგორც გავიგე, იმ დღეს, როდესაც ვეზიარებით, არ შეიძლება მუშაობა. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?
პასუხი: თუ მუშაობაში კეთილი საქმეების კეთებას ან აუცილებელი საოჯახო საქმეების შესრულებას გულისხმობთ, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, თუ დიდ დღესასწაულზე ეზიარებით და საქმე კი, რომლის გაკეთებასაც აპირებთ, აუცილებელი არ არის, აჯობებს, ის გადადოთ და ეს დღე სხვაგვარად აღნიშნოთ.
კითხვა: ვართ ერთი ბავშვის ნათლიები. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინება გვინდა, რაზეც ეკლესია უარს გვიცხადებს. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: როდესაც საქმე ეხება სულიერ ნათესაობას, ეკლესია ასეთი ქორწინებისთვის კურთხევას არ იძლევა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ერთი ბავშვის მიმრქმელებს ეკრძალებათ დაქორწინება.
კითხვა: წლის განმავლობაში დაწესებულ ოთხივე მარხვას ვიცავ. მაგრამ ძალიან მიჭირს მარხვის დაცვა ოთხშაბათსა და პარასკევს. არადა, როგორც მითხრეს, ეს მძიმე ცოდვაა. თქვენ რას მეტყვით?
პასუხი: წლის განმავლობაში დაწესებული ოთხი ხანგრძლივი მარხვის გარდა, არის სხვა დღეები, როდესაც ქრისტიანს ევალება მარხვის დაცვა, მათ შორის არის წლის ყოველი ოთხშაბათი და პარასკევი (ოთხშაბათი იმიტომ, რომ ამ დღეს გასცა იუდამ მაცხოვარი, ხოლო პარასკევს – ჯვარს აცვეს იგი). აქედან გამომდინარე, მორწმუნე ადამიანისთვის ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დაცვა უნდა იყოს ცხოვრების წესი. ამის გარეშე თქვენი ნებისმიერი ღვაწლი არ იქნება სრულყოფილი, თანაც ამპარტავნებაში ჩავარდებით, რამეთუ არ ასრულებთ იმას, რაც წმიდა ეკლესიამ დააწესა.