რას ატყუებს მამასთან დაკავშირებით უფროს შვილს სოფო ჩიკვილაძე და რატომ ზრდის ის შვილებს გამსახურდიების ოჯახისგან დამოუკიდებლად
ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი, სოფო ჩიკვილაძე საკმაოდ აქტიური და ენერგიული ადამიანია. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა უკვე ორი შვილის დედაა და როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ შვილებს მარტო, მამის გარეშე, ზრდის, მათ არაფერს აკლებს.
სოფო ჩიკვილაძე: ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ და მომწონს ჩემი სამუშაო, თუმცა ზაფხულის პერიოდში აქტიურად დავისვენე. ორი შვილის დედა კი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს კლუბებში სიარული, ოღონდ თბილისში – იშვიათად. ზამთარში არ მიყვარს ღამის ცხოვრება, კლუბებში გართობა, უბრალოდ, ზაფხულში, როდესაც ბათუმში ხარ, სხვა რა უნდა აკეთო? ამიტომ, დავდივარ კლუბებში, ვცეკვავ და მერე აგონიაში ვარ, ძალიან მიყვარს ცეკვა, მეგობრებთან ერთად გართობა. ჯერ პატარა ვარ, 23 წლის და იმედია, ამის გამო არავინ დამძრახავს. წელს განსაკუთრებულად აქტიური დასვენება გამომივიდა, სულ დავდიოდი – ბათუმი-თბილისი. სამსახურიდან გამომდინარე, მთელი თბილისიც მოვიარე. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა ზღვა, პლაჟი, გარუჯვა.
– ბავშვები ხასიათით უფრო გამსახურდიების მხარეს არიან თუ შენ გგვანან?
– მე არც ერთი არ მგავს, ორივე იქით არის – თათოც და ცოტნეც. თათო გარეგნობით ზედგამოჭრილი მამაა. ცოტნიკოზე ამბობენ, რომ გიორგისა და ზვიადს ჰგავს. მე არც ერთის ბავშვობა არ ვიცი, მაგრამ ვინც მათ იცნობდა, ყველა ამას ამბობს. თათოს, 4 წლის ბავშვს ისეთი ამბიციები აქვს, ჭკუიდან გადაგიყვანს. ყველაფერი უნდა, სურს მაქსიმალურად დაიტვირთოს, ძალიან აქტიურია. მეუბნება ხოლმე, დედიკო, წამიყვანე სადმე, გამართეო. ცოტნე ჯერ პატარაა, დადის და ცდილობს, ილაპარაკოს. ჯერ ვერ ვხვდები, როგორი ხასიათი აქვს. მთავარია, თავიანთი ხასიათი ცხოვრებაში გამოადგეთ, თორემ მე ჩემი ხასიათიც მეყოფა.
– ცოტნე ნახეს შენი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებმა?
– არავისაც არ უნახავს. თუ საჭირო გახდება, არც ნახავენ.
– შენ არ გინდა, რომ ბავშვები ნახონ?
– უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ მეც გავწყვიტე მათთან ურთიერთობა და მათაც. თან: ყველანაირად ვცდილობ, მათ თვალში არ მოვხვდე. ჩემთვის წყნარად მინდა ცხოვრება – ჩემს შვილებს ვზრდი მშვიდად, წყნარად, არაფერს ვაკლებ, მერე გაზრდილებს ჩავაბარებ.
– ჩააბარებ?
– არა, კი არ ჩავაბარებ, რომ გაიზრდებიან, ნახონ და იმედია, მოეწონებათ. არ მინდა, ჩემს შვილებს ვინმე შეეხოს. ასე მგონია, რადგან ამ გვარისანი არიან, განმარტოებით უნდა გაიზარდონ. თათოს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს, კარგად ერთობიან და არ მინდა ან ერთი ან მეორე ჩაკეტილ წრეში გაიზარდოს, – ვინმე გააღმერთოს, კერპად გაიხადოს. ამ ცხოვრებაში სხვა რაღაცეებიც არსებობს და ადამიანს ლავირება უნდა შეეძლოს. ცოტა რომ გაიზრდებიან, მერე თვითონ მიხვდებიან ყველაფერს.
– არ ინტერესდებიან იმით, თუ როგორ ცხოვრობენ ბავშვები, როგორ იზრდებიან?
– ვიცი, რომ ძალიან აინტერესებთ – როგორ, რანაირად?! ოცდამეერთე საუკუნეში, თან საქართველოში, რომელიც ერთ-ერთ ძვირ ქვეყნად მიიჩნევა, ორი შვილის გაზრდა, დედისთვის მარტო, ძალიან ძნელია. თუმცა, მისდით ხმები, რომ ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ. ალბათ, შვილები უნდა ვაშიმშილო და მერე იქნებ, რამე იფიქრონ.
– თამარი, ალბათ, უკვე გისვამს კითხვებს, აინტერესებს, სად არის მამამისი...
– ვერაფრით ვერ ვატყუებ. ვეუბნები, რომ მოსკოვშია და ესეც თავს მიქნევს. მანგლისში მყავდა ცოტა ხნის წინ, არ იძინებდა, გავუბრაზდი და ვუთხარი, – იცოდე, მამიკოს დავურეკავ, თან ტელეფონი ავიღე და ყურზე მივიდე. კარგი, არ დამალაპარაკო მამიკო, დავიძინებო. მეორე დღეს ჩემი მეგობრის დედას ეუბნება, – იცი, დედიკო მატყუებს, ვითომ მამიკოსთან რეკავს, მაგრამ ვიცი, ჩემს მამისკოსთან ვერ დარეკავს. კი მეუბნება, მოსკოვშიაო, მაგრამ იქ არ არის, სააკაშვილს ჰყავს ჩაკეტილიო. ცუდად გავხდი, რომ გავიგე. საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, ტელევიზორშიც საინფორმაციო გამოშვებას არ ვაყურებინებ, საიდან გაიგო, არ ვიცი.
– მესმის, შვილზე ძვირფასი არაფერი არსებობს, მაგრამ არასდროს გინანია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ცოტნეს დაბადება მოჰყვა?
– არ მინანია, რადგან არაფერი ყოფილა დაგეგმილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ღმერთმა ცოტნე მაჩუქა, მაგრამ ის რომ არ დაბადებულიყო, ახლა მე სულ სხვა სიტუაციაში, სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ცოტნეს დაბადებით ჩემს პირად ცხოვრებასა და, საქმეში ძალიან ბევრი რამ აირია, მაგრამ მილიონჯერ მირჩევნია, მყავდეს ჩემი შვილი ჯანმრთელი, ბედნიერი, ვიდრე რაღაცეებს გამოვკიდებოდი.
– ანუ, რაღაცეებზე მოგიწია უარის თქმა?
– კი. ბევრ რამეზე ვთქვი უარი, თუნდაც ამერიკაში გამგზავრებაზე, საიდანაც ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა. მაგრამ, ამას არ ვნანობ.
– რომ გამოვა ციხიდან, არ აპირებ შერიგებას? იმ გრძნობიდან, რაც ადრე ცოტნესთან გაკავშირებდა, არაფერი დარჩა?
– არ ვაპირებ შერიგებას, თუმცა, ხანდახან მართლა მაგრად მენატრება, ოღონდ ის სიყვარული კი არა, შვილების გარდა ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაკავშირებს, ურთიერთობა, დრო.. ხშირად მახსენდება ყოველდღიური ურთიერთობა, სასაცილო რაღაცეები, ისტორიები... წელს ნოსტალგიაში ჩავვარდი. რა დრო იყო... რაც არ უნდა გაბრაზებული იყო, ურთიერთობიდან რაღაც ნათელი წერტილები ყოველთვის რჩება.
– ფიქრშიც არ დაგიშვია შერიგება?
– შერიგება ჩემთვის წარმოუდგენელი თემაა, ტაბუდადებული. გათხოვებას აღარ ვაპირებ და არც ორი ბავშვით ცოტნესთან შერიგებას. ცოტნე თითქმის ორი წელია, არ მინახავს, ამიტომ მასთან ურთიერთობა, ადაპტირება ძალიან გამიჭირდება და მით უმეტეს, ბავშვებს. თათოს მამა ოცნებებში ჰყავს წარმოდგენილი, და ის, სულ სხვანაირია.
– ასე თუ უდგები საკითხს, მათ სხვა მამაკაცთან, რომელიც შეიძლება, შენს ცხოვრებაში გამოჩნდეს, უფრო გაუჭირდებათ შეგუება.
– სხვა რომ გამოჩნდეს, მერე ახალი ეტაპი დაიწყება. მაგრამ, როცა ძველი რაღაცეები გიბრუნდება, შეიძლება, ხვალ ან თუნდაც დღეს, რაღაც წამოგაძახოს და არ გინდა. მაგრამ, თუ ვინმე გამოჩნდება და შეგიყვარდება, რატომაც არა, უნდა იფიქრო ურთიერთობაზე. თუმცა, აქაც დიდი დაფიქრება გმართებს – ორი ბავშვით, მათთვის უცხო კაცთან ერთად იცხოვრო, ძნელია. ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმისგან დიდხანს შევიკავებ თავს.
– შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც შვილების გამო პირად ბედნიერებაზე უარს იტყვის...
– არანაირად არ ვიტყვი უარს. მე ვარ ისეთი დედა, რომელიც არც შვილებს აკლებს რამეს და არც საკუთარ თავს. დედაჩემიც ხელს მიწყობს და მეც კარგად გამომდის. ვცდილობ, შვილებს არაფერი მოვაკლო – ელემენტარულიდან დაწყებული ფუფუნების საგნებით დამთავრებული. ჩემს თავსაც არაფერს ვაკლებ და გამომდის კიდეც. რომ ვიყო დეპრესიული, ჩავიკეტო სახლში, მერე სახეზე გამიჩნდება ნაოჭები, ფეხებზე – ცელულიტები. ამას არ ჯობია, თქვან, რა ლამაზი გოგოა და არა ის, რას დამსგავსებიაო?
– არასდროს გქონია დეპრესიული მომენტები?
– მაშინ მქონდა დეპრესია, როცა გავიგე, რომ ცოტნეს რუსეთში მეორე შვილი ჰყავდა. ამაზე ძალიან ვინერვიულე. საკუთარი თავის გამიკვირდა, ძლიერი ხასიათი მაქვს, მაგრამ ამის გადახარშვა გამიჭირდა. თუმცა, ახლა, სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ აღარ მაინტერესებს.
– პირველი შვილი რომ გააჩინე, არცთუ ისე დიდი იყავი.
– 18 წლის ვიყავი, ამიტომაც არის, რომ თათოს „ქლაბერი“ დედა ჰყავს. ჩემთვის შვილების გაზრდა არ ყოფილა რთული, დედაჩემი მეხმარება, მაგრამ მუშაობს და ბავშვებთან ხშირად მე ვარ. არც ერთი არ ყოფილა რთულად გასაზრდელი. თათოს ახლა დაეწყო რაღაცეები, როგორც ფსიქოლოგებმა მითხრეს, 4-5 წლამდე ბავშვს ისეთი პერიოდი აქვს, არ უნდა უყვირო და ეჩხუბოო. ჩემმა შვილებმა არ იციან, რა არის ყვირილი. თათომ შეიძლება, გამაგიჟოს, გამაცოფოს, მაგრამ ვერ ვსჯი, გარეთ გავდივარ, ვმშვიდდები და მერე შემოვდივარ. ერთადერთი შეშინება ის არის, რომ ვეუბნები – იცოდე, მამიკო საჩუქარს არ გამოგიგზავნის-მეთქი.
– საჩუქრებს ყიდულობ და მამიკოს სახელს არქმევ?
– რაც უნდა ვიყიდო, ყველაფერზე ვეუბნები – მამიკომ გამოგიგზავნა-მეთქი. ჯერ პატარაა, მერე ფსიქოლოგებთან გავივლი გასაუბრებას და ბავშვს ნელ-ნელა ვეტყვი ყველაფერს.
– მოდელობას თავი დაანებე?
– ფოტოსესიებში ვიღებ მონაწილეობას. მოდელობას საქართველოში აზრი არ აქვს. არ არის კარგად აწყობილი, თორემ მე კი არ ვამბობ, რომ მაგარი ვარ-მეთქი. მალე ცოტა თამამ ფოტოებს გადავიღებ, ანუ ჩაცმულობას ვგულისხმობ, მაგრამ ძალიან ესთეტიკური და ლამაზი სანახავი იქნება.
– ამჟამად თუ არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მოგწონს?
– „პაკლონიკები“ არსებობენ, მიმრავლოს ღმერთმა მაგათი თავი. არ მიყვარს, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს. სხვათა შორის, ასაკით არ არის დიდი. მიკვირს, რადგან აქამდე სულ ასაკით უფროსები მომწონდა. ერთმა ადამიანმა ერთხელ მითხრა, შენი გაცნობა 9 თვე მინდოდა და ვერ მოვახერხეო. ახლა, რომ გამიცანი, რა-მეთქი? ასეთი რაღაცეები არ მესმის. ჩვენ სამეგობრო წრეში გავიცანით ერთმანეთი, დაქალის ახლობელია და სიმპათიები გვაქვს, ვავითარებთ ურთიერთობას. საწყის ეტაპზე ვართ და მგონი, კარგი გაგრძელება მოჰყვება.
– რას გულისხმობ?
– გათხოვებას არა. ვიქნებით ერთად, შეყვარებულები თუ რაც ჰქვია ამას, ანუ ერთად ყოფნა. ხომ არის სტარტი და მერე – ფინიში, ჩვენ სტარტის დასაწყისში ვართ და იმედია, ფინიშიც მოჰყვება.