რისი იმედი აქვს ქალს, რომელიც ქმარს ღალატს აპატიებს
ამბობენ, რომ წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი. მაგრამ, თუ წარსული ცხოვრებაში ხელს გიშლის და რეალობასთან ჰარმონიული არსებობისთვის მთავარი წინააღმდეგობაა?! როგორ უნდა აჯობო საკუთარ მეხსიერებას? რანაირად უნდა მოერიო გონებას, რომელიც ყოველდღე გიცოცხლებს მოგონებებს და გიახლებს ტკივილს. ყველა ადამიანს აქვს მომენტები, რომელთა დავიწყება და მეხსიერებიდან წაშლა უნდა. იქნებ, შესაძლებელია, წარსული დაუტოვო წარსულს და თუკი ადამიანს აპატიებ, აღარასოდეს ილაპარაკო ამაზე. შესაძლებელია თუ არა, ხელახლა შეიყვარო ქმარი, რომელმაც ერთხელ ნდობა გაგიცრუა და გული გატკინა?! ღალატი თითქმის საყოველთაო მოვლენად იქცა. მართალია, აქტუალური ყოველთვის იყო, მაგრამ ან არ ლაპარაკობდნენ ამაზე, ან ისეთ ტრაგედიად არ აღიქვამდნენ, როგორადაც დღეს. თუმცა, შეუძლებელია, ღალატი შენთვის სტრესი არ აღმოჩნდეს. ის მაშინაც კი ძალიან მძიმეა, როცა გღალატობს ადამიანი, რომელიც არც ისე ძალიან გიყვარს.
მანჩო (34 წლის): ის, რომ ქმარი მღალატობდა, თავიდან აბსურდადაც კი მეჩვენებოდა. იმიტომ არა, რომ მე შეუცვლელი და არაჩვეულებრივი ქალი ვარ. ჩემზე მაგარი, ანუ ლამაზი და ძლიერი ქალებისთვისაც უღალატიათ. ეს ისეთი რამეა, ყველას შეიძლება დაემართოს. მახინჯი ცოლები ჰყავთ და მთელი ცხოვრება „უძვრებიან“. ამაზე არ არის. ადამიანი ან უშვებს ღალატს და ეს თითქმის ნორმალურად მიაჩნია, ან რადიკალურად უარყოფს. თუმცა, ამ მეორე შემთხვევაშიც კი, არ ხარ დაზღვეული. როგორ ვთქვა ახლა, ყველა კაცი ერთნაირია-მეთქი, მაგრამ ფაქტს სად წაუხვალ?! ჩემ გარშემო ამის მეტი არაფერი მესმის. როცა მე თვითონ მიღალატეს, მერე კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა ეს. გეფიცებით, ლამის ყოველ მეორე დღეს ვიგებ მოღალატე ქმრებზე ნაირ-ნაირ ამბებს. სანამ შენ თვითონ არ გადაგხდება თავს ასეთი ტრაგედია, მანამ ვერც მის სიმწვავეს მიხვდები, ვერც სიტუაციის სერიოზულობას. სულ ვფიქრობდი, რატომ უნდა მიღალატოს ქმარმა, რა შეიძლება არ აკმაყოფილებდეს-მეთქი. არ მქონდა ამ კითხვაზე პასუხი. მგონი, თვითონაც არ აქვს და ზოგადად, კაცებმა რომ იცოდნენ, რატომ ღალატობენ ცოლებს, მაშინ ეს პრობლემაც არ იარსებებდა. ჭკვიანმა ქალმა კი ყოველთვის უნდა იგრძნოს, როდის ჩნდება მისი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი.
– თქვენ ვერ მიხვდით ამას?
– იცით, რაშია საქმე? უფრო არ მივხვდი და არ ვიგრძენი, თორემ მასში მომხდარი ცვლილება ბოლო დროს აშკარა იყო. ხომ ვამჩნევდი, როგორ გაცივდა ჩემ მიმართ და უყურადღებო გახდა. ზოგჯერ საერთოდ გულგრილი იყო. ზედაც არ მიყურებდა, არ მისმენდა ან ძალიან ცუდად მისმენდა, ისე, სასხვათაშორისოდ. მე მესმის, რომ ხუთი წლის ერთად ცხოვრების განმავლობაში, გრძნობა ის აღარ არის. ეჩვევი ადამიანს, სულ რომ თვალწინ გყავს და ისეთი ვნება, როგორც მანამდე გქონდა, ვეღარ გექნება. ჩვენი ცოლქმრობის დასაწყისში რასაც ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ, ის კიდევ სხვა იყო, აბსოლუტურად სხვა „ხარისხის“ და სიმწვავის ლტოლვა, რომელსაც ვერაფრით დავიბრუნებდით. მეც ვფიქრობდი ამაზე და ეტყობა, ისიც ფიქრობდა, თუმცა, სხვადასხვანაირად.
– ეგ რას ნიშნავს?
– მე ვფიქრობდი იმაზე, როგორ გამეხადა უკეთესი ჩვენი ურთიერთობა, როგორ გამეახლებინა, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო. რაღაც ისეთის გაკეთება მინდოდა, რაც ჩემს ქმარს ჩემ ხელახლა შეყვარებას შეაძლებინებდა. ის, თურმე, სხვაგან და სხვასთან ეძებდა ემოციების განახლების საშუალებას. მერე ჩხუბი გაგვიხშირდა. თავიდან თვითონაც ვერ ვიგებდით, რატომ ვჩხუბობდით და მალევე ვრიგდებოდით. მერე უკვე, მიზეზიც აღარ გვაინტერესებდა და ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, სახლიდან გარბოდა ხოლმე.
– თქვენი მეუღლე გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ ჩხუბების გამო? თქვენ ხომ არ გადანაშაულებდათ, რომ შეიცვალეთ, პრეტენზიული გახდით?
– ესეც იყო. მე სულს მიხუთავდა მისი უყურადღებობა და იგნორი. ვითომ საერთოდ არ ვარსებობდი. თავისთვის იყო და ბრაზობდა, როცა მე ძალით მივიქცევდი ხოლმე მის ყურადღებას.
– სახლიდან გარბოდა ხოლმეო... იცოდით, სად გარბოდა? ან, ღამე ბრუნდებოდა უკან?
– ზოგჯერ ბრუნდებოდა, ზოგჯერ – არა. მე ვეძებდი გამოსავალს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე ისეთი, რაც ჩვენი ცხოვრების ამ „სტილს“ როგორმე სასიკეთოდ შემოაბრუნებდა. პირიქით, დღითიდღე უარესდებოდა მდგომარეობა. ჭკუაზე ვიყავი გადასული და საშინლად განვიცდიდი. მერე მოხდა ისე, რომ ბავშვი გაგვიხდა ავად. საავადმყოფოში აღმოვჩნდით ორივე. იქ მარტო ხომ ვერ დავტოვებდი ბავშვს და ჩემს ქმარს ხელ-ფეხი გაეხსნა.
– ისარგებლა ამ სიტუაციით?
– ასე გამოვიდა. თვეზე მეტი მარტო იყო სახლში. მე საავადმყოფოში ვრჩებოდი და სულ აიწყვიტა. აღარაფრის ერიდებოდა, მეზობლებისაც კი. მეც ფეხებზე დამიკიდა და ბავშვიც. არ იფიქრა იმაზე, რომ ყველაფერს გავიგებდი და გული მეტკინებოდა. მამაკაცური, საზიზღარი ეგოიზმი – სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ. მეზობელმა მაშინვე „მომახარა“ „სასიამოვნო“ ამბავი, როგორც კი საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი. სანამ არ იყავი, შენს ქმარს ვიღაც ქერა გოგო მოჰყავდა და ღამეც აქ ტოვებდაო. იცით, რამ გამაგიჟა? – ჩემი ქმრის აბსოლუტურმა გულგრილობამ ჩემდამი – ჩემი რეაქციის მიმართ, თუ მის ღალატს გავიგებდი. ბოლომდე დამიკიდა. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი სტრესი იყო. დამანგრია. არავითარი პასუხისმგებლობა, ვითომ მე არაფერი ვიყავი. აი, ამის გაცნობიერება მშლის ჭკუიდან დღესაც. ყველაფერი მეზიზღებოდა სახლში, რასაც ისინი შეეხნენ. ცუდად ვიყავი. მრცხვენოდა კიდეც, ყველასი მრცხვენოდა. საკუთარი თავის, მეზობლების... ეს აუტანელი ტკივილი იყო. თან, მას ჩუმად ვიკლავდი გულში. ისეთი ადამიანი ვარ, არ შემიძლია, ჩემს სატკივარზე სხვებთან ლაპარაკი. მით უმეტეს, ახლობლებთან მრცხვენია იმის, რომ ჩემს პრობლემაზე დაიწყებენ ფიქრს. ვისაც გამოუცდია, ის გამიგებს. ისიც საშინელებაა, რომ გიცოდებენ და თანაგიგრძნობენ. ესეც განადგურებს. საკუთარი თავი არარაობა გგონია. ბავშვი რომ არა, შეიძლებოდა, სადმე გადავკარგულიყავი და თავისთვის რამე ამეტეხა. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, გაუკონტროლებელ საქციელამდე ნახევარი ნაბიჯიღა რჩება. ზოგჯერ, სახლში ყველაფრის დამტვრევა და დალეწვა მინდოდა... მთელ ხმაზე კივილი. საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, რომ როგორმე შინაგანი ტკივილი გადამეფარა. არ ვიცი, როგორ გამომიჩნდა იმდენი ძალა, რომ იმ მეზობელს ღიმილით ვუთხარი, ჰო, ეს ჩემი ბიძაშვილია და სანამ მე საავადმყოფოში ვიყავი, საოჯახო საქმეებში გვეხმარებოდა-მეთქი. რაღა უნდა ექნა იმ მეზობელს?! სახეზე კი ეწერა, მშვენივრად ვიცი, როგორ ბიძაშვილზეც ლაპარაკობო, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. მე მოვკვდი. ოღონდ არა ფიზიკურად. თუმცა, იყო მომენტები, როცა ამასაც კი ვნატრობდი. ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. სრულიად უუნარო ვიყავი. საკუთარი თავი მეცოდებოდა. მერე ამაზე მეშლებოდა ნერვები. უცნაურია, მაგრამ არც ყვირილის თავი მქონდა, არც ტირილს და კივილის. აგრესია მოგვიანებით მოვიდა. მანამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც გულს მგლეჯდა. ცხოვრებას ვწყევლიდი.
– თქვენი მეუღლე სად იყო?
– სახლში არ ბრძანდებოდა. კიდევ კარგი, რომ არ იყო, თორემ მართლა არ ვიცი, რა მოხდებოდა. გამორიცხული არ არის, ფიზიკურად შევხებოდი.
– სცემდით?
– ალბათ, რაღაცას ჩავარტყამდი. ვესროდი რამე მძიმე ნივთს. საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებდი. სრულიად არაადეკვატური ვიყავი. ერთი მომენტი ხავსსაც კი მოვებღაუჭე, იქნებ და, სიმართლეც არ არის-მეთქი. როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო მაშინ, როცა მთელი შენი სხეულით გრძნობ, რომ გიღალატეს. იქნებ მეზობელს უნდა, რომ გვაჩხუბოს. იქნებ შურს ჩვენი ბედნიერი ოჯახის-მეთქი. მზად ვიყავი, თვალებიც დამებრმავებინა, ოღონდ რეალობა არ დამენახა. საკუთარი თავი თითქმის დავარწმუნე იმაში, რომ ბოროტმა მეზობელმა თავად მოიგონა ეს ამბავი და დავუწყე ქმარს ლოდინი. მოვიდა. განსაკუთრებულად კარგ გუნებაზე იყო. გაბადრული შემოვიდა სახლში, ლოყაზე მაკოცა – რიტუალი არ დაარღვია. სუნამოს სუნი ვიგრძენი. უცხოს სუნი. სულში ბომბივით ამიფეთქდა წყენა და იმედგაცრუება. ვიგრძენი, როგორი განადგურებული და „გასრესილი“ ვიყავი. იმ ადამიანმა გამწირა, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვენდობოდი. მთელ ქვეყანაზე მასზე ახლობელი არავინ მყავდა... იმ წუთში არაფერი ვუთხარი. არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე, მაგრამ პირი რომ გამეღო, საშინელება მოხდებოდა. დაბნეულიც ვიყავი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა უნდა ვქნა-მეთქი. სკანდალი მომეწყო, გამეგდო სახლიდან, თუ დავლაპარაკებოდი და მისი ვერსია მომესმინა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დამეჯერებინა ტყუილი, რომელსაც ის მეტყოდა. ყველაზე ცუდი ვარიანტიც წარმოვიდგინე, ხომ შეიძლებოდა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა და ეთქვა: სხვა შემიყვარდა და იმასთან მივდივარო.
– ეს იყო ყველაზე ცუდი ვარიანტი თუ თავად ღალატის ფაქტი?
– ღალატის ფაქტიც და ესეც. უცებ გავაცნობიერე, რომ ოჯახის დანგრევისთვის მზად არ ვიყავი. შვილი გვყავდა. მას მამა უნდოდა გვერდით. უცებ ძალიან შემეშინდა და ვერ წარმოვიდგინე საკუთარი თავი ჩემი ქმრის გარეშე. ბავშვი გულში ჩავიკარი. თითქოს უბედურებისგან მინდოდა მისი დაცვა და ტირილი დავიწყე. ამით ჩემი ქმარი ყველაფერს მიხვდა. არაფერი უარუყვია. ყოველგვარი ყვირილისა და ჩხუბის გარეშე მითხრა, ჰო, ვხვდებოდი ქალს, რომელიც ჩემში ფიზიოლოგიურ სურვილს იწვევდაო... მე ხომ მომაყენა შეურაცხყოფა და არც ის დაინდო, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი თავი დაამცირა. რატომ არ ფიქრობენ კაცები იმაზე, რომ ასეთი ზნედაცემულობით და სულმდაბლობით ცოლზე მეტად საკუთარ თავს აზარალებენ. გული ლამის გამისკდა. ის უფრო საშინელი მოსასმენი აღმოჩნდა, რაც მერე მითხრა: მე შენ მიყვარხარ და განქორწინების წინააღმდეგი ვარო. რა ვქნა, არ მესმის და არ მჯერა ასეთი სიყვარულის. თურმე, არც ჩემს გარეშე შეეძლო ცხოვრება და არც ბავშვის. შოკში ვარ. ნუთუ ფიზიოლოგია ასეთი ძლიერია? ნუთუ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმად ღირს, რომ საყვარელ ადამიანს გული მოუკლა? არ ვიცი მე, რანაირი სიყვარული აქვთ ამ კაცებს. რატომ ვერ ხვდებიან, რომ ღალატის პატიება კი არ არის ძნელი, იმ ნდობის გაქრობაა მტკივნეული, რომელიც საყვარელი ადამიანის მიმართ გქონდა და რომლის გარეშეც ძალიან ძნელია მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. პატიებას რა უნდა? ნამდვილად არ არის რთული. პრობლემა, სწორედ ნდობის გაქრობაა. მერე მუდმივი ტანჯვა იწყება. შეუძლებელია, ეს ნდობა სრულად აღდგეს. ეჭვი იმისა, რომ კიდევ გიღალატებენ, მუდმივად არსებობს.
– ეს აუხსენით თქვენს ქმარს?
– ვცდილობდი. უნდა გენახათ, როგორ მემუდარებოდა, ოჯახი არ დავანგრიოთო. ლამის დამიჩოქა. ჩუმად ვუყურებდი. არაფრის თქმის სურვილი არ მქონდა. ჩხუბსა და ყვირილზე ძნელი ასატანი დუმილი ყოფილა. სწორედ ეს მითხრა ჩემმა ქმარმა. თუ ხმას არ გამცემ, ჭკუიდან შევიშლებიო. რას ელოდები, რომ გეტყვი-მეთქი. უნდა მაპატიო და ამას ნუღარასოდეს გავიხსენებთო. თითქოს ღალატზე კი არა, კოღოს ნაკბენზე იყო ლაპარაკი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სჯეროდა, ვაპატიებდი. ასეც მოხდა. ვაპატიე. თუმცა, ეს თავმოყვარეობაზე გადაბიჯების ფასად დამიჯდა. ერთადერთი ჭკვიანური, რაც მაშინ ჩემმა ქმარმა მითხრა, იყო – არ მოვიღოთ გადაწყვეტილება ცხელ გულზეო. დავიცადოთ თუნდაც ერთი დღე და ხვალ გადავწყვიტოთ, რა ვქნათო. ვიცი, ახლა ჩემი დანახვა, ატანაც არ შეგიძლია, მაგრამ საერთოდ არ დაგენახვები, ცოტა მოითმინეო.
– ეთანხმებით მას ამაში?
– დიახ. დიდ სისულელედ მიმაჩნია, ნებისმიერ სიტუაციაში ემოციების აფეთქების პიკში მიიღო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დევს სასწორის პინაზე. ოჯახის დანგრევა ძალიან ადვილია. აშენებაა რთული და მაინც, მიმაჩნია, რომ ბოლომდე კბილით უნდა გეჭიროს.
– მაშინაც კი, როცა გღალატობენ?
– მაშინაც. ერთი შანსი აუცილებლად უნდა მისცე იმასაც და საკუთარ თავსაც, რომ მერე არ ინანო. შეიძლება, ქმარს „ღალატის პერიოდი“ აქვს. კაცებს აქვთ ასეთი პერიოდები. გადაუვლის და მერე უფრო დააფასებს ოჯახსაც და ცოლსაც, რომელმაც იმ პერიოდში გაუგო.
– ძალიან ძნელი გასაგებია.
– გეთანხმებით. თითქმის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ თითქოს იფლითები. ურთულესია, მაშინვე არ მიიღო გადაწყვეტილება და მოიცადო. მაინც ვფიქრობ, რომ უდიდესი როლი ჩვენმა შვილმა შეასრულა. ის რომ არა, აუცილებლად დავშორდებოდით. ურთულესი დღეები გადავიტანეთ. ორი კვირის შემდეგ ჩემმა ქმარმა რომ მითხრა, მე და შენ უნდა ვილაპარაკოთო, ძარღვებში სისხლი გამეყინა, ვიფიქრე, მეტყვის, იმ ქალის გარეშე არ შემიძლია და შენ ამას უნდა შეეგუოო. საკუთარ თავს ვუთხარი, ამას კი აღარ ვაპატიებ-მეთქი. მაგრამ, სრულიად მოულოდნელი რაღაც მითხრა: რამდენიმე დღით სადმე წავიდეთ, იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. იქნებ, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვანაირად წარვმართოთ და თავიდან შეგვიყვარდეს ერთმანეთიო. მე ახლა ამ თავიდან შეყვარების პროცესში ვარ. უფრო სწორად, ნდობის აღდგენის პროცესში. არ ვიცი, რა გამოვა. გულწრფელად მინდა, წარსული დავივიწყო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქნებ ცოტა დრო კიდევ მჭირდება?!