კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წავიდა ია ნინიძე ნიკუშა შენგელაიას ცხოვრებიდან და რა სისასტიკე ჩაიდინა მან წლების წინ

ია ნინიძემ საქართველოდან მოსკოვში შვილებთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება ყველაზე რთულ პერიოდში მიიღო – როდესაც თბილისში ცხოვრების პირობები, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. ამ მძიმე და გაუსაძლის პერიოდში ცხოვრობდა ყველა ჩვენგანი. ზოგმა გაუძლო დროს, ზოგმა – ვერა. როგორ განვითარდა მშვენიერი ქალის წლების წინ დაწყებული პირადი ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე, რა სირთულეებს გაუძლო და როგორ ააწყო ცხოვრება დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში, ყველაფერ ამას ია ნინიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ია, გვიამბეთ თქვენი ცხოვრების გამორჩეულად მძიმე პერიოდებზე. როგორ უყურებთ მათ ამ გადასახედიდან?
– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც თქვენ და ყველას, მეც მქონია პრობლემები ცხოვრებაში, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი ადარდებთ და არხეინად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. ძალიან ადრე დავკარგე ბებია-ბაბუა, დედა 44 წლის იყო, რომ გარდაიცვალა დეიდა – 38-ის და ჩემთვის ეს დღემდე რჩება, როგორც მოუშუშებელი იარა. ყველაფერს გადაიტან ადამიანი, მაგრამ, საყვარელი ადამიანების დაკარგვას ვერ გაუმკლავდები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მარტო დავრჩებოდი. არანორმალურად მენატრებიან.
– რამდენიმე წლის წინ თეატრში რეპეტიციის დროს სამასკილოგრამიანი დეკორაცია დაგეცათ და ლამის იმქვეყნად გაგისტუმრათ. იმ დროს, როცა საავადმყოფოში იწექით, ალბათ, ფიქრობდით, როგორ გაგრძელდებოდა მარტოხელა, ორი შვილით დარჩენილი ქალის ცხოვრება უცხო ქვეყანაში, დადგებოდით თუ არა კვლავ სცენაზე, მიგიწვევდნენ თუ არა ისევ ფილმებში...
– თქვენ არ იცით, რას გავუძელი. ფეხი გვერდზე მქონდა დაგდებული. ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ფეხის ამპუტაცია უნდოდათ. ამაზე უარესებიც ხდება, მაგრამ, ჩემთვის ეს მართლაც ყველაზე რთული პერიოდია. მაშინ ბავშვები პატარები მყავდნენ. რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა ქალს ასეთი რაღაც გემართება, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ, ჩემს შვილებს რომ ვუყურებდი, ამაზე აღარ ვფიქრობდი, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი. ყველა მპატრონობდა, მთელი მოსკოვი, მეგობრები, ვინც აქ არიან, ირინა პანაროვსკაია, ოქსანა პუშკინა, ირა როდნინა... თბილისიდან ჩამოვიყვანე ჩემი ბავშვობის მეგობარი მარინა ბაბუნაძე...
– თქვენი წონა ამას ხომ არ უკავშირდება?
– ისეთ წამლებს მიკეთებდნენ, კიდევ კარგად ვარ და კარლსონივით არ დავფრინავ, თუმცა, იმდენად არ მაწუხებს ჩემი წონა, რომ ჰაერის უკმარისობა მჭირდეს. ვიცი, რომ უნდა გავხდე და ამას ნელ-ნელა მივაღწევ კიდეც. ამასთან ერთად, ვფიქრობ, კალორიები განაწილებული უნდა გქონდეს ქალს, მით უმეტეს, როცა ასაკში შედიხარ.
– რაც უნდა ვარიდოთ თავი, მაინც იმ კითხვამდე მივდივართ, რაზეც საუბარი არ გიყვართ – გაიხსენეთ ნიკუშა შენგელაიასთან თანაცხოვრების პერიოდიც, რომელიც თქვენთვის ერთდროულად ლამაზიც იყო და მძიმეც.
– სულ ვმუშაობდი, ერთი ფილმიდან მეორეზე გადავდიოდი. პატარა გოგო ვიყავი, რომელიც ყველაფერზე ოცნებობდა. სწორედ ამ პერიოდში შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ნიკუშა. ის ჩემი უსაყვარლესი ადამიანების – გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელის შვილია. დიდი ქორწილი გვქონდა, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, თავზე მინდვრის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი მეკეთა. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ნიკუშა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში გადავიდა და მეც იქ ჩავაბარე „ვგიკში“ ბონდარჩუკისა და სკოპცოვის კურსი გავიარე. ერთად დავიწყეთ გზის გაკვლევა. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. თბილი და ლამაზი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ნიკუშამ იმ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ვერ გაუძლო.
– რა სიძნელეებზეა საუბარი?
– მოგეხსენებათ, რუსეთში ცხოვრება იოლი არ არის, მით უმეტეს, როცა ფუფუნებაში ხარ გაზრდილი. თუმცა, არც ჩემთვის აღმოჩნდა ეს ყველაფერი იოლი, დედისერთა ვარ და მეც ფუფუნებაში გამზარდეს, ამ დროს კი, დიდი საქმეების კეთება მომიწია. ინსტიტუტში დავდიოდი, თან ქმარს ვურეცხავდი, ვუუთოებდი, სადილს ვუკეთებდი. ყველაფრის გაკეთება მიწევდა, როგორც ზრდასრულ ქალს. მახსოვს, მოსკოვში რომ მივდიოდით, ბებიაჩემმა თეთრი, ლამაზი, მაქმანებიანი ლოგინის თეთრეული გამატანა და მითხრა: სამრეცხაოში არ ჩააბარო, შენი ხელით გარეცხეო. მეც ვრეცხავდი და ვრეცხავდი. მერე კი ვინანე, რატომ დავუჯერე და არ ჩავაბარე-მეთქი. ხომ არ ჩამოვიდოდა და შემამოწმებდა! ჩვენი საცხოვრებლიდან ინსტიტუტი შორს იყო, რაც ათმაგად დამღლელი იყო ჩემთვის, ამიტომ შაბათ-კვირა სანატრელი მქონდა.
– არადა, როგორი საამაყოა, როცა ასეთი ადამიანების ოჯახის წევრი გქვია! ალბათ, კარგი იქნებოდა, ერთმანეთს არ დაშორებულიყავით, არა?
– ახლაც თვალწინ მიდგას: „ვერის უბნის მელოდიებს“ რომ ვახმოვანებდით, გიორგიმ თავზე მაკოცა და მითხრა, შენ აუცილებლად ჩემი რძალი გახდებიო. სახლში რომ მოვედი და ეს ვთქვი, ბებიაჩემმა თავში ხელები წაიშინა – ეს რა უთქვამსო. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ოჯახში შევედი, მათთვისაც სასიამოვნო იყო, უბრალოდ, მათ მიაჩნდათ, რომ ჯერ ამისთვის პატარა ვიყავი.
– რა იყო მიუღებელი თქვენთვის ნიკუშასთან თანაცხოვრების პერიოდში?
– მე სულ ინსტიტუტში ვიყავი, ის კი სულ გასული იყო – ხან მუზეუმებში, ხან დასახატად დადიოდა. ბოჰემურ ცხოვრებას იყო მიჩვეული, მე კი მას მიწიერ და ლამაზ ცხოვრებას ვუქმნიდი. ერთად სულ ორწელიწად-ნახევარი ვიყავით. ჩემმა ოჯახმა ძალიან განიცადა ჩვენი დაშორება. ჩემთვისაც არასასიამოვნო იყო ის, რაც მოხდა და ნიკუშაც გულდაწყვეტილი დარჩა. არ ვფიქრობდით დაშორებაზე, მაგრამ, ცხოვრებამ მოიტანა. ის სულ სხვა ცხოვრებას იყო მიჩვეული მოსკოვში – ინსტიტუტში აღარ დადიოდა, არ სწავლობდა – რუსეთში ცხოვრება არ მოსწონდა. ხომ ასეთი მიმნდობი ვარ, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ძლიერი აღმოვჩნდი. ცხოვრებამ სხვა ქალად ჩამომაყალიბა. თავიდან ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ მერე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. გარდა ამისა, კიდევ ბევრი ტკივილი განვიცადე – ის, რაც ბევრმა არ იცის. ფეხმძიმედ ვიყავი. ვხედავდი, რომ მას სხვა გართობები, მიზანსწრაფვა ჰქონდა და ბავშვი მოვიცილე. როდესაც პატარა გოგო ამას აკეთებს, საშინელებაა. მაგრამ იმ მომენტში ასე გადავწყვიტე. რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ყველაფერი ბედისწერაა, უფალმა ჩემთვის დაწერა ბედის წიგნი. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ, რა პირობებში იცხოვრებ, მაინცდამაინც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჯანმრთელად იყო. თავში რომ ჩაგარტყას ცხოვრებამ, ისე ლამაზად წამოდგები, როგორც არაფერი. ცხოვრება კარდიოგრამასავით არის – სულ აღმა-დაღმა დაცურავ.
– მართალია, თავიდან მითხარით, რომ პირადზე, მით უმეტეს, ნეგატიურზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ, ჩვენი საუბრის თემა სწორედ ეს არის და ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მეტად ჩაგეძიეთ. რატომ მოხდა ასე, რომ თქვენისთანა ლამაზი, ჭკვიანი, პოპულარული ქალის პირადი ცხოვრება ვერ აეწყო?
– ქმრებისგან არასდროს არაფერს განსხვავებულს არ ველოდი, მით უმეტეს, ერთხელ რომ დავიწვი, მეორედ და მესამედ უკვე ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ ფანტაზია იყო. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და სამივეს დღემდე ვუყვარვარ, რადგან ცუდი მათთვის არ გამიკეთებია. მეც ყველა ქმარი ნამდვილად მიყვარდა და ყოველ მათგანზე თავისებური განცდები და დამოკიდებულება მქონდა. დღემდე სამივეს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელსაც ია ნინიძე ჰქვია. ნიკუშას შემდეგ იყო ჩემი გიორგის მამა, რომელიც ქალაქ ივანოვოს გუბერნატორია, შემდეგ ნინოს მამა – მხატვარ-დიზაინერი. ეს ჩემი ავტობიოგრაფიაა. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს და ყველა თავისებურად საინტერესოა. მათგან თვითონ წამოვედი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რომ ჩემი სახით ყველას ხვდებოდა ძლიერი ქალი, ძლიერი ქალი კი არავის უნდა. შინ თუ გარეთ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. ჩემს შვილებსაც ვეუბნები, რომ სიყვარულს არაფერი კარგი არ მოაქვს. ახლანდელი მამაკაცები თითქოს გადაგვარდნენ. გარედან ისე ჩანს, ყველას ჰგონია, რომ ვიღაც მყავს, მაგრამ, შიშით ვერ მეკარებიან. რუსეთში ყველამ კარგად იცის, როგორია ქართველი ქალი.
– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება მოსკოვში?
– „ვგიკი“ რომ დავამთავრე, რუსთაველის თეატრში გამანაწილეს სამუშაოდ, სადაც დაახლოებით თხუთმეტი წელი ვიმუშავე. ნინო და გიორგი პატარები იყვნენ, როცა მოსკოვში წამოვედი სამუშაოდ – მუსიკალურ თეატრში მიმიწვიეს. სხვათა შორის, ყველა პოპულარული მიუზიკლი, რაც ბროდვეიზე იდგმებოდა, ამ თეატრიდან იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე მუსიკალურ თეატრში მუშაობა რომ დავიწყე, ლუჟკოვმა ოროთახიანი ბინა მაჩუქა. წერილი დავწერე: ფეხი მაქვს მოტეხილი, საცხოვრებელი პირობები არ მაქვს, შემიძლია, თბილისის ბინა ჩავაბარო-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, ბინა რომ ჩამებარებინა, აქ აღარაფერი მრჩებოდა.
– ოჯახს, ფაქტობრივად, თქვენ განაგებთ. ალბათ, გქონიათ ისეთი მომენტები, როცა გითქვამთ: აღარაფერი აღარ მინდა, მინდა, მხოლოდ დავისვენო, ცოტა ხნით მოვწყდე ამ ორომტრიალსო.
– ზოგჯერ მართლა ძალიან ვიღლები, მაგრამ, ამისგან რომ გამოვითიშო, ალბათ, გავგიჟდები, რადგან უკვე აწყობილი ვარ ცხოვრების ამ რიტმზე.

скачать dle 11.3