რა როლზე დაამტკიცეს თბილისში ჩამოსული ქრისტინე ძიძიგური და რასთან დაკავშირებით აქვს მას პარიზში შეზღუდვები
არცთუ ისე ცოტა ხანია, რაც ქრისტინე ძიძიგური პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. ზაფხულში, როდესაც მის სააგენტოში შვებულებების დროა, ის თბილისში ჩამოვიდა დასასვენებლად. თუმცა, არც აქ გაჩერებულა უსაქმოდ: სხვადასხვა გადაღებაში, ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. ქრისტინე სექტემბრის შუა რიცხვებში ისევ პარიზში გაემგზავრება და კვლავ აქტიურად ჩაერთვება ევროპული ქალაქის სწრაფ რიტმში.
ქრისტინე ძიძიგური: როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, იმდენად მონატრებული ვარ ყველაფერს, ვცდილობ, ერთიანად ავინაზღაურო – ყველა ერთად ვნახო, მაგრამ ხშირად ეს არ გამოდის. რაც ჩამოვედი, ისე დაემთხვა, აქაც საქმეები მქონდა – გადაღებები, ქასთინგები. ფილმ „წმიდა ნინოს“ სინჯებზეც ვიყავი, დამამტკიცეს რიფსიმეს როლზე.
– მერე, მოახერხებ პარიზში მუშაობასაც და თან, ფილმში გადაღებას?
– როგორ არა, არ არის პრობლემა. შენზეა დამოკიდებული. შეიძლება, პარიზში რაღაცაზე თქვა უარი – თბილისში მივდივარ, გადაღება მაქვსო, ოღონდ ეს ადრე უნდა შეატყობინო მათ, რომ რამე არ დაგეგმონ. სერიოზული შეზღუდვები არ არის, უბრალოდ, გააჩნია, სად მიდიხარ, რას აკეთებ. ახლა ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პარიზში ძალიან მაგარ ფორმაში დავბრუნდე.
– ამ მხრივ, ალბათ, ცუდად მოქმედებს საქართველოს ჰაერი, გარემო, სამზარეულო.
– თავიდან ნამდვილად ცუდად მოქმედებს, მაგრამ მერე უკვე „სტოპ“, რადგან ჩემი პროფესია ასეთ რაღაცეებზე უარის თქმას მოითხოვს.
– სააგენტოში ამ მხრივ გაკონტროლებენ?
– არ გვწონიან, მაგრამ პარამეტრებს გვიზომავენ. იქ ერთ სანტიმეტრს რომ მოიმატებ, არ იცი, რა პანიკა ატყდება. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინვე გგზავნიან საუნაში, მასაჟებზე.
– კიდევ რაზე ტყდება პანიკა?
– თუ სახე არ გაქვს დასვენებული, სახე უნდა იყოს perfect, ისევე, როგორც თმა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– თქვენი პროფესია არცთუ ისე იოლია.
– ყველას ჰგონია, რა ადვილია – მოდელობას რა უნდა, ფოტოს როგორ ვერ გადაიღებო. „ერისიონში“ რომ ვცეკვავდი, წარმოიდგინე, რამდენი საათის განმავლობაში ვვარჯიშობდით, თან როგორი დატვირთვით, მაგრამ მაშინ არ ვიღლებოდი, ისე როგორც ერთი გადაღების დროს. ამ დროს ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობ, საკუთარ თავზე, კამერასთან მუშაობაზე – ყველაფერი შენი გასაკეთებელია და ამას დიდი ენერგია მიაქვს. სამაგიეროდ, შედეგს რომ ხედავ, ძალიან სასიამოვნოა. უფრო და უფრო მეტად მომწონს მოდელობა. მოდელს, პარიზში ძალიან აფასებენ, ანუ, რომ იტყვი, მოდელი ვარო, ეს უკვე ძალიან კარგი ტონია – მაშინვე დიდ პატივს გცემენ. ყველგან მიღებული ხარ, გიწვევენ ბევრ ადგილას. მე მხოლოდ „ფეშენ“ საზოგადოებას არ ვგულისხმობ. მიწვევენ ფრანგულ ივენთზე, სადაც საერთოდ არ საუბრობენ მოდაზე, მაგრამ რომ იტყვი მოდელი ვარო, შენ მიმართ უკვე ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.
– სირთულეებიც ხომ ახლავს?
– ჩემთვის სირთულე ის არის, რომ ძალიან ბევრს ვზრუნავ საკუთარ იმიჯზე. პარიზში იმიჯი, სტილი – ეს ტაბუდადებული თემაა, ოღონდ ინდივიდუალიზმი უნდა შეინარჩუნო. სააგენტო უბრალოდ გეხმარება საკუთარი სტილის პოვნაში, კარგ ადგილებზე გიშვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სად დადიხარ, ეს სააგენტოს პრესტიჟზე მოქმედებს. ამიტომ, სააგენტოც მაკონტროლებს და მეც ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, სად მივდივარ. შესაბამისად, სულ პრესტიჟულ ადგილებში დავდივარ. საელჩოს ორგანიზებულ საღამოებზეც ხშირად ვარ, საქველმოქმედო ღონისძიებებშიც ვიღებ მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პარიზში კარგ ტონად მიიჩნევა. ფრანგები იმდენად კონსერვატორები არიან, გიჟდებიან საკუთარ ფრანგობაზე, ამას სულ უსვამენ ხაზს – მე ფრანგი ვარ. საინტერესო ხალხია, განსაკუთრებით, ვინც პარიზში მაღალ ფენას ეკუთვნის, ვინც ბევრს მოგზაურობს – ისინი ძალიან გახსნილები, კომუნიკაბელურები მეგობრულები არიან.
– წელიწადზე მეტია, პარიზში ცხოვრობ, მუშაობ, რა მოგცა ამ პერიოდმა?
– პიროვნულად გავიზარდე, უფრო დამოუკიდებელი გავხდი. რაც მთავარია, თითქოს მსოფლიოს ყველაზე აქტიურ ცხოვრების რიტმში ჩავერთე. პარიზი ძალიან განვითარებული ქალაქია და თვითონ ქვეყანაც ამ რიტმშია საოცრად ჩართული. იქ რომ ცხოვრობ, შესაბამისად, შენც ამ ცხოვრებაში ხარ ჩართული. რაც მთავარია, არ ჩამოვრჩები არანაირ ახალ ამბავს. ნებისმიერ საქმეში თუ რამე სიახლეა, იქვე ვითვისებ, ვიღებ.
– მომჭირნე ხარ?
– პარიზში ძალიან რთულია, მომჭირნე იყო. მუშაობის შედეგად დაგროვილ თანხას თვის ბოლოს იღებ. გადასახადებისთვის იცი რაც გჭირდება და ფული რომ გრჩება, იმას რა უნდა უყო პარიზში? რა და უნდა წახვიდე საშოპინგოდ. ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. პარიზში არის თვეები, სამუშაო მოდის და მოდის, შესაბამისად, ფულიც, მაგრამ ზოგჯერ არის პერიოდი, საერთოდ ნულზე ზიხარ. ამისთვის მაქვს ხოლმე ფული გადანახული, საკუთარ თავს კრიზისულ სიტუაციაში ხომ არ ჩავიგდებ.
– როგორც ვიცი, სორბონაში აპირებ სწავლის გაგრძელებას.
– ინგლისური ენის მხრივ, საფრანგეთში პრაქტიკა მივიღე, თან ეს ენა „ფეშენში“ იმდენად აქტუალურია, ყველა ინგლისურად ლაპარაკობს. მაგრამ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობ, თუ გინდა იქ გააგრძელო ცხოვრება, უნდა იცოდე მათი ენა. ძალიან მინდა, მაგისტრატურის გავლა, მაგრამ ამას სორბონაში ფრანგული ენის ცოდნის გარკვეული დონე სჭირდება. ამიტომ, სექტემბრიდან სორბონაში ვისწავლი ფრანგული ენისა და ცივილიზაციის ფაკულტეტზე. შევისწავლი ენას და ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელებ სწავლას – ივენთ-მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
– ძალიან კარგია ამდენი საქმე, მაგრამ პირადი ცხოვრება არ დაგრჩეს გვერდით.
– ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი, კარიერის მოწყობას ისე გადაჰყვა, რომ ოჯახის მოწყობა გვერდზე დარჩა. ეს მეც მაქვს მხედველობაში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ – 21 წლის, მინდა, მქონდეს განათლება, მყარად ვიდგე ფეხზე, არსად მეჩქარება. ოჯახი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი აკადემიაა, ამის დრო აუცილებლად მოვა და რატომ დავაჩქარო.
– როცა ვიღაც გიყვარს, მაშინ მგონი, ასე აღარ ფიქრობ. შეიძლება, არაფერს არ აჩქარებდე, მაგრამ თავისით ვითარდებოდეს...
– ხომ ამბობენ, სიყვარული ისე მოვა, ყველაფერს დაგავიწყებსო. ჯერ არ მოსულა, მაგრამ თუ მოვა და ვიფიქრებ გათხოვებაზე, ვიტყვი – ეს ადამიანი მინდა მხოლოდ, მაშინ, ალბათ, გადავწყვეტ. რაც არ ვიცი, იმაზე ვერაფერს ვიტყვი.
– არასდროს ყოფილხარ შეყვარებული?
– ძალიან ბევრჯერ მომწონებია. სიმპათიური ბიჭები ვის არ მოსწონს, მაგრამ შეყვარებული არ ვყოფილვარ. სერიოზული არაფერი ყოფილა. ყველაზე მეტად მოკლეხნიან ურთიერთობებს ვერ ვიტან, არასერიოზულად მიმაჩნია. ბიჭებმა უფრო იციან ასეთი რაღაცეები, ვინ იქნება მათ ცხოვრებაში, არ უყურებენ. შეიძლება, ასეთი რამ გოგონებსაც შეუძლიათ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. უბრალოდ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ორ კვირაში ერთხელ ახალი ვინმე გყავდეს. ნებისმიერ საქმეში სერიოზულობა მომწონს. სერიოზული თუ ხარ, სპონტანურობისგან შორს ხარ. არ მიყვარს სპონტანურობა და ასეთ გადაწყვეტილებას იშვიათად ვიღებ, ყოველთვის ყველაფერს ვუფიქრდები. მეშინია, დიდი შეცდომების და ვერიდები. ამიტომ, პატარა რაღაცასაც სულ ვწონი.
– შესაბამისად, ალბათ, სერიოზულ შეცდომებსაც არ უშვებ.
– არა. თან, ოჯახი იმდენად მყავს „ბექრაუნდზე“, ისე არიან ჩემს ცხოვრებაში ჩემთან ერთად ჩართულები, რომ არ მქონია სერიოზული შეცდომები. ასეთ რამეს ვერ გავიხსენებ.
– როგორები არიან ფრანგი ბიჭები?
– ფრანგები ხშირად ამბობენ, ფრანგი ცოლის მოყვანა ძალიან რთულიაო და ამიტომაც გიჟდებიან უცხოელებზე. ფრანგ ცოლებს უყვართ მამაკაცებისთვის „მოჭერა“ და მერე ძალიან „ტასკაში“ ჰყავთ. ამიტომ, ურჩევნიათ, უცხოელი ცოლები. საერთოდ, ფრანგი მამაკაცები ბევრად უფრო თბილები და ყურადღებიანები არიან, ვიდრე ქალები. თან, ფრანგი ბიჭები ძალიან სიმპათიურები არიან.
– მათ შორის შენი თაყვანისმცემლები თუ არიან?
– რამდენიმე არის. ყურადღებას „ტონკად“, „დასტოინად“ გამოხატავენ, რაც ძალიან მომწონს მათში. თითქოს არც გაგრძნობინებენ, რომ მოსწონხარ, მაგრამ ზედ გადაგყვებიან, ოღონდ, შენ „გაგისწორდეს“ და მის გვერდით კარგად იგრძნო თავი. ყველაფერს ძალიან კულტურულად აკეთებენ, ყვავილების გამოგზავნაც იციან. არასდროს შეგაწუხებენ, რაც მთავარია, რასაც გეუბნება, ის სიმართლეა, მართლა ასე ფიქრობს. რამდენჯერმე გამოვცადე და ამაში დავრწმუნდი. რასაც გეუბნება, ეს მისთვის მისაღებია და შენს გადაწყვეტილებასაც პატივს სცემს. არავინ გეტყვის თავიდანვე – მიყვარხარო, ჯერ კარგად უნდა გაგიცნოს.
– გაჰყვებოდი უცხოელს ცოლად?
– ფრანგს? სიმპათიური ბიჭები კი არიან და რა ვიცი... მენტალურად ძალიან ევროპელები არიან, ჩემი მენტალიტეტისგან, იდეოლოგიისგან ძალიან განსხვავდებიან. ქართველი ვარ, ყველგან ჩემი მენტალიტეტით ვცხოვრობ, შესაბამისად, ჩვენი აზრები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა.