გახდება თუ არა თიკო სადუნიშვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი და რაში ეხმარება მეუღლის რჩევები ნოე სულაბერიძეს
თიკო სადუნიშვილი და ნოე სულაბერიძე „საერთო საქმისთვის” მთელი ზაფხულის განმავლობაში ქათქათა ბათუმში მუშაობენ და პროტესტი ამის გამო არც ერთს არ გასჩენია. როგორც ჩანს, თავს ამ ატმოსფეროშიც არაჩვეულებრივად გრძნობენ. ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ სექტემბრიდან ნოე და თიკო საერთო პროექტს იწყებენ, რომელიც, რა თქმა უნდა, „იმედის” ეთერში გავა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
ნოე სულაბერიძე
– კარგად ისვენებ?
– ამას დასვენებას ვერ დავარქმევ, ჩემო ნოე. დასვენება არის ის, როდესაც მიდიხარ, წყდები ყოველდღიურ რეალობას და საქმეებს, ვერ ნახულობ მათ, ვისაც ისედაც ყოველდღე ხედავ და არ გიწევს ფიქრი საქმეზე. თქვენ კიდევ აქ ჩამოხვედით ყველა – მთელი „იმედის” გადაცემები. თავი ისევ თბილისში მგონია. შენ განსაკუთრებით არასდროს მასვენებ. ტელეფონი არ ჩერდება. შემდეგი კითხვა!
– კარგად ისვენებ (იცინიან)?
– იცი რა, დასვენება არის ის, როდესაც მიდიხარ... (იცინიან).
– ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, რადგან ერთია საქმე... ვიცი, რომ ამ შემთხვევაში შენ ცრუობ, ცრუ განცხადება იყო. ჩვენ ხუმრობა გახსნილი გვაქვს. ახლა რამდენიმე დღით თბილისში ვიყავი წასული და ვერ დავთვლი რამდენჯერ დამირეკა და მითხრა, როდის ჩამოდიხარ, ბათუმი შენ გარეშე ნულიაო... (მე მომმართავს – ავტორი)
– აქვე მინდა, დავძინო, ნოეც თვითონ არაერთხელ შემოგვეხმიანა მეც და ჩვენს მეგობრებსაც და თქვა, ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გართობაო. თან, გუშინ მართლა ძალიან მაგრად გავერთეთ. აქვე, ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ მივდივარ. ესე იგი, ვისვენებ და ვერთობი (იცინიან)!
– ამიტომაც მეჩვენება ეს ყველაფერი უცნაურად. ყველას, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია როგორც აქ, ისე ზოგადად, აქვს ისეთი შეხედულება, რომ სულ ბედნიერი და გაღიმებული ხარ. ასე რომ, მიუხედავად რაღაც გარემოებებისა, გადასარევად ერთობი (იცინიან). არ შეგეკითხები პირდაპირ, საკურორტო რომანი გქონია თუ არა-მეთქი, რადგან შენ ის კატეგორია და შემთხვევა არ ხარ. არც მუშაობის პროცესში აბამ სამსახურებრივ რომანებს, ამიტომაც არის შენი საქმე ასეთი წარმატებული. მაგრამ, არის კითხვა – ბლეფზე ცხოვრებაში ხშირად მიდიხარ?
– (იცინიან) ბლეფი – რა საინტერესო სიტყვაა. არის ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც ბლეფზე წასვლა მიწევს, მაგრამ მაინც ვარიდებ თავს. საიდან მივედით ბლეფამდე? ვცდილობ, საქმე აქამდე არ მივიყვანო. თუ პროფესიონალურ ბლეფს გულისხმობ, ეს გამორიცხულია.
– გაქვს გარკვეული ტიპის იმიჯი, კონკრეტული ნიშა გიკავია, რომელიც ბევრისთვის შესაშურია. თუ უკვე არ დადგა, როდის დადგება ის მომენტი, როდესაც შენ, შინაგანად გექნება იმის სურვილი, იმიჯი შეიცვალო?
– იმიჯის შეცვლის სურვილი უკვე მაქვს, ოღონდ გარეგნულ იმიჯს ვგულისხმობ. იმიჯის სხვა დანარჩენი დეტალები შექმნილი არ არის, ჩემი შინაგანია, ხასიათიდან მოდის. ჩემი პლუსიც, ნოე, ძალიან თავმდაბალი ვიქნები და გეტყვი, სწორედ ეს არის, რომ ამ იმიჯზე არ გვიმუშავია, არ გვიფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო „თბილისი ლაივის” წამყვანი. თავიდანვე ასეთი ვიყავი. ვიზუალური იმიჯის შექმნაზე, ვფიქრობ, სერიოზულად. ჩემთვის კომპეტენტურ, რამდენიმე ადამიანს აზრს ვკითხავ. ალბათ, გახსოვს კომპეტენტური ადამიანების ათეული, რომელთაგან ბევრს შენც იცნობ (იცინიან). იმის მიხედვით, რას მირჩევენ, სექტემბრისთვის რაღაცას შევცვლი...
– ათეულში რომ ვარ, ვიცი, რიგითობა აღარ მახსოვს. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. შეიძლება, შენი იმიჯი, ხელოვნური კი არა, ბუნებრივი იყოს, მაგრამ თუ უკვე ამოწურა თავი, ახლა ახალი გახდება საჭირო – თუნდაც მოფიქრებული იმიჯის შექმნა. რაღაცის შეცვლის სურვილი, ადრე თუ გვიან, დგება ხოლმე და შენთვის თუ დადგა ეს მომენტი?
– სულ ეს არის, როგორიც ვარ. უბრალოდ, ჩემი ხასიათის სხვადასხვა თვისება, ზოგჯერ უფრო მეტად ჩანს – არის შემთხვევები, რომ უკანა პლანზე გადადის. მაგრამ, თუ ვიგრძენი, რომ საჭირო გახდა, ახალ იმიჯსაც მოვირგებ. ყველაფერთან ერთად, მსახიობის ნიჭიც ხომ მაქვს. თუ პროფესია მოითხოვს და ამაში გადამიხდიან, თან კარგად გადამიხდიან, აუცილებლად შევიცვლი იმიჯს. უბრალოდ, გააჩნია, იმიჯს.
– კარგი ანაზღაურების შემთხვევაში, პროფესიას თუ შეიცვლიდი?
– მესმის, რომ ეს კითხვა გადმონაშთია გადაცემისა, რომელზეც შენ ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდი (გულისხმობს „სიმართლის დროს” – ავტორი). გააჩნია ანაზღაურებას. ძალიან კარგი ანაზღაურების შემთხვევაში, შევიცვლიდი. დურგალი ვერ გავხდებოდი, ალბათ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ და ვერც ბოზი (იცინიან). „დივამ” რომ შემომთავაზოს ჩვენთან იმუშაოვეო, რაც არ უნდა კოლოსალური თანხა დამისახელონ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები. არც ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდები, იმედი მაქვს.
– როგორ გგონია, შეიძლება თიკო სადუნიშვილის ცხოვრებაში დადგეს დრო, როცა ის პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს?
– შეიძლება. არ გამოვრიცხავ. სადღაც შეიძლება, ამაზე ვფიქრობდე კიდეც. მაგრამ, კონკრეტულად, ეს მიზანი ჯერჯერობით არ მაქვს. არ გამაჩნია საჭირო ძალები და რესურსი იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, ეს არ მოხდება. მაგრამ, მერე რა იქნება, არ ვიცი. თუ ამაზე სერიოზულად დავფიქრდები, გაიგებთ.
– შენ რომ მამაკაცი იყო, როგორი იქნებოდი?
– მამაკაცად რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, ნოე სულაბერიძეც ვყოფილიყავი. ოღონდ, ცოტა უფრო... (იცინიან). „ცოტა უფრო” სამი წერტილით დავტოვოთ. ტელესივრცეში, ბიჭი წამყვანი არ ვიქნებოდი. თუ ბიჭი წამყვანი ვიქნებოდი, ყველაზე მაგარი წამყვანი ეყოლებოდა საქართველოს, რადგან მამაკაცებს გაცილებით მეტი საშუალება და პოტენციალი აქვთ იმისა, მაგარი წამყვანები გახდნენ. მსოფლიო ტელესივრცეს რომ გადახედო, ტოპ-წამყვანები მამაკაცები არიან.
– მაინტერესებს, ცხოვრებაში სამი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება რა არის?
– წარმატება, ერთგულება და სიყვარული.
– ფანტასტიკურია. დაბოლოს მინდა, გაიხსენო ყველაზე უცნაური საჩუქარი, რომელიც შენთვის მოურთმევიათ.
– იცი რა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო საჩუქრები მართლა არ მახსოვს, რატომღაც იშვიათად ვიღებ როგორც ჩვეულებრივ, ისე უცნაურ საჩუქრებს... არ ვწუწუნებ, ისე ვამბობ, მინდა, ნოე, შენ ამოიღო ის ნივთი, რაც ჯიბეში გიდევს და საჯაროდ მაჩუქო. თქვენ ეს უნდა გადაიღოთ (იცინიან) – ექსკლუზიურად ჟურნალ „თბილისელებს”.
– არ მგონია, ეს საჩუქარი ჩვენი იმიჯისთვის პოზიტიური იყოს. ამიტომ, ჯობია, ამ საჩუქრის გარეშე დაგტოვო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თიკო სადუნიშვილი
– ნოე, კმაყოფილი ხარ დღეს შენი სამსახურით?
– საინტერესო შეკითხვაა. გუშინდელი გადმოსახედიდან, ის, რაც გუშინ მინდოდა, დღეს მაქვს. თუმცა, სულ მაქვს ის განცდა, რომ ცოტა რამ მდომებია დღევანდელი დღისგან და ხვალინდელს მეტ მოთხოვნებს ვუყენებ. არ მგონია სწორი, რომელ საფეხურზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, გაჩერდეს და თქვას, ეს საკმარისია და მეტი არ მინდაო. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ინტერესი მაქვს.
– დღეს რა გინდა ხვალისთვის?
– კიდევ უფრო მეტი ცოდნა, იმასთან შედარებით, რაც მაქვს.
– იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, სწავლა სიბერემდე რომ აქვთ?
– არა. იმ ადამიანების კატეგორიაში ვარ, ვინც სულ ძიებაშია.
– ანუ, შეიძლება, ხვალ აღმოჩნდეს, რომ ამდენი ხანი იმ საქმით იყავი დაკავებული, რომელიც შენი მოწოდება არ იყო. და შენი მოწოდებაა, ვთქვათ, დიზაინერობა.
– (იცინიან) შენ კარგად ხვდები რასაც ვგულისხმობ. ტელევიზია ის სფეროა, რომელიც სულ მაინტერესებდა და საითაც მივდიოდი, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ, რაღაც საკმარისი არ არის, უფრო მეტის გაგება და შესწავლა შეიძლება.
– როგორც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერი, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, რადგან უამრავი პროექტი გაქვს გაკეთებული, შეაფასე ყველაზე წარმატებული რა იყო ბოლო ორ წელს ტელესივრცეში? შენი პროექტების ჩათვლით.
– პროექტებიც გაინტერესებს და ადამიანებიც?! მაინც, როგორ ჩანს, წამყვანი რომ ხარ, ჩემზე გაცილებით საინტერესო შეკითხვებს სვამ. რაც შეეხება პროექტებს, ყოველთვის ინოვაციის, გარკვეული სტერეოტიპების რღვევის მომხრე ვარ და ამის გაკეთებას ვცდილობ, ყველა ჩემი გადაცემით. ზოგი გადაცემა ამას ახერხებს, ზოგი კი – ვერა, მაგრამ ზოგით გამოსვლა უკვე ძალიან კარგია. ვერ ვიტყვი, რომ ასპროცენტიანი შედეგი მაქვს, შეიძლება ამის ნახევარი, მაგრამ რაღაც ნაბიჯები რომ იდგმება იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემ გვერდითაა, ეს უკვე ძალიან კარგია. ვგულისხმობ, უპირველესად, ნანკას, რომელიც „სიმართლის დროიდან” დაწყებული, დღემდე ჩემ გვერდითაა. მართალია, ჯერჯერობით, ერთად არ გვიმუშავია, მაგრამ მინდა, გამოვყო თიკო, რომელმაც სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრა ქართულ ტელესივრცეში. მართლა, არ ვპირფერობ. თავისი გამიჯნული ნიშა დაიკავა და არავის ჰგავს. თიკოს ვერავის შეადარებ, ვიღაცას კი ყოველთვის შეადარებ თიკოს სხვა არხებიდან.
– კარგი, მაშინ მითხარი, შენი გაკეთებული რომელი პროექტი მიგაჩნია ყველაზე წარმატებულად?
– „სიმართლის დრო”, ცალსახად. ამ გადაცემამ ახალი სიტყვა თქვა ქართულ ტელესივრცეში. ძალიან ობიექტური ვარ ამ პასუხის დროს. მიუხედავად ბევრი სკეპტიკოსისა, სკეპტიკოსებიც და კრიტიკოსებიც, ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად, ამ გადაცემას უყურებდნენ და მეორე დღეს მხოლოდ მასზე საუბრობდნენ. მაგრამ, ეს იყო აქამდე. ყოველთვის მივისწრაფი უკეთესისკენ. შინაგანად ყოველთვის მქონდა თიკოსთან საქმიანი კვეთის სურვილი და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. პირველად ჟღერდება ეს ნიუსი თქვენთან – ორიდან შვიდ სექტემბრამდე, საქართველოში, აქ, ბათუმის „შერატონში”, იმართება ამიერკავკასიის პირველი, ღია პოკერის ლიცენზირებული ტურნირი, რომლის გადაღებაც ხდება. პარალელურად კი, გაკეთდება გადაცემები. მისი წამყვანი ორივე მიმართულებით იქნება თიკო.
– აი, ასე.
– მგონია, რომ შენც არ იცი ბოლომდე, მაგრამ ეს იქნება, საწყისი მომავალი სერიოზული თანამშრომლობისა, რომელიც აუცილებლად შედგება. მაგრამ, ეს იქნება ოდნავ მოგვიანებით, თუმცა არც ისე შორეულ მომავალში.
– კიდობნის ეპოქა რომ დადგება მაშინ მაინც... (იცინიან) ნოე, როდესაც პროექტის მზადებაში ხარ, შენი სურვილების წინააღმდეგ მიდიხარ და ითვალისწინებ ქართულ მენტალიტეტს? ანუ, რაღაცის გაკეთება გინდა, მაგრამ საზოგადოება გზღუდავს და როცა წამყვანებს ირჩევ, ითვალისწინებ თუ არა ხალხის გემოვნებას? შეიძლება, შენ საერთოდ არ მოგწონდეს ის ადამიანი, მაგრამ იმის გამო, რომ რეიტინგული და პოპულარულია, ამიტომ აიყვანო.
– ყოველთვის ვერიდები კვლევების ჩატარებას. საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ კვლევა ჩაატარო (იცინიან). რაც შეეხება შეზღუდვას, არანაირად არ ვიზღუდები. ჩემი კვლევა გეტყვი, რაც არის – გავიგო იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. მათ შორის ხარ შენც. შემდეგ, მათი აზრის ანალიზს ვაკეთებ. მათი მსჯელობიდან რაღაც საერთო, საშუალო გამომყავს. შემდეგ ვცდილობ, წარმოვიდგინო, მაყურებლისთვის რა შეიძლება იყოს საინტერესო და ამით ვხელმძღვანელობ. ეს შეეხება წამყვანის არჩევასაც, რაშიც ვფიქრობ ყველაზე ნაკლები ცდომილება მქონია. ასევეა თემებთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობს კომერციული თემებიც, ტელევიზია მაინც ბიზნესია, მაგრამ იმ კომერციაშიც უნდა ეცადო, ის დეტალები ჩააქსოვო, რომლის ნახვის მოლოდინიც აქვს მაყურებელს ნებისმიერი გადაცემის დროს.
– ყველასთვის ცნობილია, რომ შენი მეუღლე, ეკა, კონკურენტ არხზე მუშაობს. ეს რაიმე დისკომფორტს არ გიქმნით?
– უპირველესად, ეს საინტერესოა. სახლში ყოველთვის გვაქვს ჯანსაღი კრიტიკა. ხშირად არის, რომ როგორც პროდიუსერი, გარკვეულ შენიშვნებს ვაძლევ, ის მეწინააღმდეგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ითვალისწინებს. ასევე ვცდილობ, მისი შეხედულება ყოველთვის გავითვალისწინო. ეკა საკმაოდ კი არა, მეტისმეტად ჭკვიანია თავისი პროფესიისთვის – იმისთვის, რასაც ჟურნალისტი ჰქვია. ანუ, ჩვენი კონკურენტ არხებზე მუშაობა, პირიქით, სასარგებლოა.
– ბოლოს მინდა გკითხო, ყველაზე უცნაური საჩუქარი რა მიგიღია?
– (იცინიან) სხვათა შორის, მადლობელი ვარ ეს კითხვა რომ შემომიბრუნე. სულ ველოდებოდი, როდის მომეცემოდა ამის თქმის საშუალება – ყველაზე უცნაური საჩუქარი მივიღე გუშინ, როდესაც ანუკა ქებურიამ მაჩუქა ქუსლი (იცინიან).
– და ჯიბეში გაქვს ეს ქუსლი?
– არა, ვერ წამოვიღე.
– ხომ არსებობს პროექტი „ცნობილი ადამიანის ჩანთაში”, ჩვენ უნდა გავაკეთოთ – ჯიბეში და ნოეს ჯიბეში ქუსლს ვიპოვიდით (იცინიან).
– დღემდე ვერ მივხვდი, რატომ მივიღე ეს საჩუქარი. როგორც ჩანს, ფეხსაცმლამდე მისული ჯერ არ ვარ, ჯერ ვერ დავიმსახურე.
– მთავარია, დაიძრა. შემდეგი თასმა იქნება, მერე ტყავი და ბოლოს ფეხსაცმლამდე მიხვალ.
– იმდენად გაოგნებული ვიყავი, იქვე შევპირდი, ამას სადღაც აუცილებლად ვიტყვი-მეთქი.