კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი

თანამედროვენი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს, ევროპულ წყაროებში ნიკიფორე ირბახად წოდებულს, „ღირსსა ყოვლისა სიკეთისა”, უდიდეს პატივს სცემდნენ, რაც მან საქართველოს საკეთილდღეოდ მიმართული ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის წყალობით დაიმსახურა. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა თავისი მისია ამქვეყნად პირნათლად აღასრულა, აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე – ის თავდაუზოგავად ემსახურა სათაყვანებელ სამშობლოს.

გოჩა საითიძე: ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაიბადა დაახლოებით 1585 წელს, ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის – ომან ჩოლოყაშვილის ოჯახში. რვა წლის ასაკში მშობლებმა იტალიაში გაგზავნეს და განათლების მისაღებად ერთ-ერთ ბერძნულ სკოლაში მიაბარეს. რომში ყოფნის დროს ნიკოლოზმა კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა უცხო ენები.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი კახეთის მეფის – თეიმურაზ პირველის კარის მოძღვარი გახდა.
1626 წელს თეიმურაზ პირველმა ევროპაში საიდუმლო დიპლომატიური მისიით გააგზავნა ელჩობა, რომელსაც ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ევალებოდა დიპლომატიური მოლაპარაკებები ეწარმოებინა და თეიმურაზ პირველის წერილები გადაეცა რომის პაპ ურბან მეორისა და ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხესთვის.
– როგორ წარუძღვა დაკისრებულ მისიას ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი?
– წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ქალაქ მესინაში ჩავიდა. სადაც შემთხვევით შეხვდა რომის პაპის ბრძანებით საქართველოში გასამგზავრებლად გამზადებულ თეათინელთა ორდენის კათოლიკე მისიონერებს, დონ პიეტრო ავიტაბილეს მეთაურობით. პატრი დონ ბართოლომეო ფერო 1704 წელს რომში გამოცემულ ნაშრომში აღნიშნავდა: „მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ... ეს ელჩი გახლდათ წმიდა ბასილის წესის ბერი, სახელად ნიკიფორე ირბახი... ირბახი იყო უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი... მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გადადიოდა სიყვარულში“.
იტალიიდან ნიკოლოზი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც აუდიენციაზე მიიღო ფილიპე მეოთხემ, რომელსაც ელჩმა თავისი მონარქის წერილი გადასცა. მასში თეიმურაზი აღნიშნავდა: „მოვახსენოთ, ჩუენდ უსჯულო იგი პერსი შაჰ-აბას ვირკინებით ბრძოლითა სასიკუდინოთა, რომლისა ღონე და წამალი არა რა არის, თვინიერ მახვილისა აღლესულისა. და ძალითა ქრისტეს ჯუარისათა და მეოხებითა უბიწოდ მშობელისა მისისათა, არა ძალვსცემთ ლხინებად და არცა ვიკადრებთ მონებად. არამედ მაგათდა მოვსწერეთ, რათა მონად გყუნენ მაგათდა და ეგენი მოეტივნენ სპარსთა და აქათ ჩუენ უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქუეყანისა ყოვლად უღმრთო იგი საძაგელი...“
– როგორ მოიქცა ამის შემდეგ ესპანეთის მხარე?
– ესპანეთის სახელმწიფო საბჭომ რამდენჯერმე განიხილა თეიმურაზ პირველის წინადადებები. ერთ-ერთ სხდომას, რომელზეც თეიმურაზ პირველისადმი ფილიპე მეოთხის წერილის გაგზავნისა და მისი სავარაუდო შინაარსის საკითხს განიხილავდნენ, საბჭოს წევრების თხოვნით, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილიც დაესწრო. მან ესპანელი დიდებულების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. 1628 წლის იანვარში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს გადაეცა ფილიპე მეოთხის წერილი თეიმურაზ პირველისადმი. ესპანეთის მეფე ატყობინებდა თეიმურაზს, რომ სიამოვნებით მიიღო მისი წინადადება ესპანეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1628 წლის იანვარში ნიკოლოზი მადრიდიდან რომში გაემგზავრა. მან ურბან მეორეს თეიმურაზ პირველისა და კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას წერილები გადასცა. შეუპოვრად ებრძოდა „უღმრთოებს“. აგრეთვე, ატყობინებდა, რომ მას გარდა, წერილი ესპანეთის მეფესაც გაუგზავნა; მოუწოდებდა, ერთობლივი ძალებით დაემარცხებინათ ურჯულოები.
– ურბან მეორის პასუხი როგორი იყო?
– საპასუხო წერილში ურბან მეორე დაჰპირდა თეიმურაზს, რომ არ დაიშურებდა ლოცვა-კურთხევას საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად; ჰპირდებოდა იმასაც, რომ დააკავშირებდა ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით, ესპანეთის მეფესთან, რომელთანაც მტკიცე კავშირს იგი ასე ნატრობდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი საქართველოში გამოემგზავრა. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის დიპლომატიური მისიით გაგზავნის დროს თეიმურაზ პირველი მიზნად ისახავდა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს – ესპანეთის ჩართვას მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, რათა იგი აღნიშნულ რეგიონში ირანისა და ოსმალეთის სრულფასოვან მეტოქედ გამოსულიყო. ამიტომ, ქართლ-კახეთის მეფისთვის, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვის წინააღმდეგ იბრძოლებდა იგი ფილიპე მეოთხის მხარდამხარ – ირანისა თუ ოსმალეთის. მთავარი იყო, დიდ მაჰმადიანურ ქვეყნებს რეგიონში, თანაბარძალოვანი მეტოქე გამოსჩენოდათ ქრისტიანული, თუნდაც კათოლიკური აღმსარებლობის სახელმწიფოს სახით.
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ როდესაც „საერთო მტერი დამარცხებულ იქნება, ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდება ურთიერთობა, დაიდება ხელშეკრულება და გაიშლება ვაჭრობა“. ანუ, საქართველო გამოვიდოდა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის მოექცა. მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში, განსაკუთრებით, ირან-ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ. თეიმურაზ პირველის მიზანი ესპანეთის დახმარებით, ევროპაში „სარკმლის გაჭრა“ იყო. საქართველო უნდა შესულიყო ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს – ესპანეთის მფარველობის ქვეშ, რის მიღწევაშიც მას რომის პაპი უნდა დახმარებოდა.
თეიმურაზ პირველის მიერ ვატიკანსა და ესპანეთში დიპლომატიური მისიის გაგზავნა არ იყო ავანტიურა და მოუფიქრებელი პოლიტიკური ნაბიჯი. ის იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით შედგენილი, შეძლებისდაგვარად გათვლილი, სამოქმედო გეგმა გახლდათ. თეიმურაზ პირველმა ერთი (ალბათ, უმთავრესი) ფაქტორი ვერ გაითვალისწინა – თავად დიდი სახელმწიფოების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მათი პოლიტიკა მუდამ ემყარებოდა და ემყარება იმ ძირითად აზრს, რომ ისინი ურთიერთობას არასდროს გაამწვავებენ პატარა ქვეყნების გამო, თუ იქ მათი ინტერესები უშუალოდ და, რაც მთავარია, მძლავრად არ შეეჯახება ერთმანეთს. იმ პერიოდში ირანის, ოსმალეთისა და ესპანეთის სახელმწიფო ინტერესები მახლობელ აღმოსავლეთში ისე მძლავრად არ ეჯახებოდა ერთმანეთს, რომ მათ იქ არსებული ქვეყნების გამო, ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა გაეჩაღებინათ.
რომში ყოფნისას ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოსაცემად მომზადებაში. მან ეს ასახა თავის ნაშრომში – „ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა”. 1629 წელს ნიკოლოზმა, პატრ სტეფანო პაოლინისთან ერთად, წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს სტამბაში გამოაქვეყნა ქართულ-იტალიური ლექსიკონი. წიგნის სათაურში აღნიშნულია, რომ ლექსიკონი შედგენილია „სტეფანო პაოლინის მიერ ქართველის, წმიდა ბასილის წესის ბერის ნიკიფორე ირბახის დახმარებით, სახმარებლად სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო კონგრეგაციის მისიონერთათვის”. ეს იყო არა მარტო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, არამედ 3 086 სიტყვისაგან შემდგარი პირველი ქართული ლექსიკოგრაფიული ნაშრომიც.
– როდის ბრუნდება ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი საქართველოში და როგორ გრძელდება აქ მისი ცხოვრება?
– 1629 წლის ზაფხულში. 14 აგვისტოს მან თეიმურაზ პირველს რომის პაპის საპასუხო სიგელი გადასცა. მალე იგი მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. ქართლში როსტომ-ხანის გამეფების შემდეგ, ნიკოლოზი სამეგრელოს სამთავროში გადავიდა და ლევან მეორე დადიანის უახლოესი თანამშრომელი და მისი ფართო პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. იგი მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებს, ხედავდა რა მათში საქართველოს დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ მძლავრ საშუალებას.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– 1642 წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დატოვა სამეგრელო და იერუსალიმს გაემგზავრა. 1643-1649 წლებში იგი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი (ჯვარის მამა) იყო. მან კაპიტალურად შეაკეთა მონასტრის ძირითადი შენობა, განაახლა გუმბათი და ფრესკული მხატვრობა, გაამაგრა ტაძრის კედლები, საკურთხევლის ნაწილი მარმარილოთი მოაპირკეთა და სხვა.
1649 წელს ნიკოლოზი საქართველოში დაბრუნდა. ის იმერეთის მეფე, ალექსანდრე მესამის კარზე იმყოფებოდა. პროფესორ ილია ანთელავას თქმით, „ესოდენ განათლებულ, ევროპის მოწინავე კულტურას ნაზიარებ კაცს, ამასთან, თავისი ტანჯული სამშობლოს უაღრეს პატრიოტს, უეჭველია, დაებადა სურვილი ხელი შეეწყო ევროპული განათლების შემოღწევისთვის საქართველოში. შემთხვევითი როდია, რომ ნიკოლოზი აქტიური მონაწილე იყო ევროპელ მისიონერებსა და რუსეთთან ურთიერთობებისა. მას ვხედავთ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე, რომელსაც აწარმოებდნენ – თეიმურაზ პირველი, ლევან მეორე დადიანი, იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამე. თანამედროვე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, იგი ხსენებული მოღვაწეების საგარეო საქმეთა ექსპერტი იყო”.
50-იანი წლების დამდეგს ნიკოლოზი კვლავ სამეგრელოს სამთავროში გადავიდა. ამ დროს სამეგრელოში თეათინელთა ორდენის ბერების პრეფექტი ჯუზეპე მარია ძამპი წერდა: „დღევანდელი სამეგრელოს ბერები... ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულების შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში... ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის, სახელად ნიკიფორე ირბახის სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად, ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის 70 წლისა. აქვს არქიმანდრიტის, ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვარის მამას. ხალხი მას დიდ პატივს სცემს. სამეგრელოს მთავრები მას თავის ვეზირად ან ელჩად ნიშნავენ, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში. შემოვლილი აქვს ევროპა”.
ლევან მეორე დადიანის ხელშეწყობით, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. მაგრამ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ახალმა მთავარმა – ვამეყ მესამემ რეპრესიები დაიწყო იმათ წინააღმდეგ, ვინც მის ბატონობას არ ცნობდა. რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზიც. ვამეყმა იგი დააპატიმრა და ციხეში ჩაამწყვდია. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იქვე გარდაიცვალა 1658 წელს.

скачать dle 11.3