კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა სერგი კაპანაძემ არკანზასში ჭიათურა და როგორ დარჩა ის დიპლომატიურ მიღებაზე ფეხსაცმლის გარეშე

საზოგადოება მას პოპულარული ინტელექტუალური თამაშიდან „რა, სად, როდის” იცნობს. თუმცა, მას თავისი მთავარი სხვა ასპარეზიც აქვს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში სერგი კაპანაძე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას კურირებს. დიპლომატიური „პრიზები” მის ანგარიშზე ჯერ არც ისე ბევრია, მაგრამ ორი ბროლის ბუს მფლობელმა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ისე მოირგო, რომ არც ელჩის რანგი უნდა იყოს მისთვის „დაულაშქრავი”. მით უმეტეს, რომ დიდი დიპლომატიის ანაბანა თავის დროზე ისე ასწავლეს, რომ ახლა უკვე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.   სერგი კაპანაძე: საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ ისაა, რაზედაც ბავშვობიდან ვოცნებობდი. პირველად ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა საკმაოდ პატარა ასაკში ამერიკაში, არკანზასში მომიწია წასვლა სასწავლებლად. მაშინ ჭიათურიდან ამერიკაში მოხვედრა იოლი არ იყო. ეს იყო მამაჩემის დიდი დამსახურება. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე და ჩემს ძმას კარგად გვესწავლა. მან ძალიან პატარას დამაწყებინა ინგლისურის სწავლა, მერე მომკიდა ხელი, წამიყვანა ქუთაისში, სადაც გავიმარჯვე ტურში, რომლის წყალობითაც ერთი წელი ამერიკულ სკოლაში მოვხვდი.
– დღეს ამერიკაში, ალბათ, ისე იოლად დადიხართ, როგორც ჭიათურაში. მაგრამ, წლების წინ პატარა ბიჭისთვის ამერიკა, ალბათ, განსაკუთრებული საოცრებების ქვეყანა იყო.
– ბუნებრივია ეს ასე იყო და ბევრი რამ აღმოჩნდა იქ ჩემთვის საოცარი და უცნაური. მაგრამ პატარა ბიჭისთვის ეს უფრო იყო თავგადასავალი, სიახლის ძიება და სიამოვნება, ვიდრე იმის შიში, ვაიმე, აქ მარტოს რა მეშველება-მეთქი. ნოსტალგიური ადამიანი არ ვარ, ეს განცდა არც პატარა ასაკში მქონდა. მას შემდეგ ამერიკაში კიდევ წავედი სასწავლებლად, უნგრეთშიც ვისწავლე მაგისტრატურაში, მაგრამ მაშინ ამერიკაში მიღებული დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოცდილება, მერე ძალიან გამომადგა. მე გამიმართლა, მოვხვდი კარგ ოჯახში, სადაც ოჯახური ურთიერთობები ისეთივე თბილი იყო, როგორც ჩვენთან ჭიათურაში. იმ პერიოდში მამაჩემს ერთი თეთრი არ გამოუგზავნია ჩემთვის. როცა გაქვს განსაზღვრული ფული, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა იმყოფინო, თან მანამდე ასე არასდროს ყოფილა, იოლი არაა. სკოლაში მქონდა თვეში ასი დოლარი, რომელსაც ვზოგავდი. ერთადერთი, რის გამოც ბიუჯეტში ვერ ვეტეოდი, იყო თმის შეჭრა, რომელიც ოცი დოლარი ღირდა. ამიტომაც, თმას არ ვიჭრიდი ხოლმე. ამერიკიდან დავბრუნდი ჭიათურაში, სადაც დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც ახალი გახსნილი იყო. ეს იყო ჩემგან ერთგვარი ვაბანკი – თუ ამ ფაკულტეტზე ვერ მოვხვდებოდი, „გეგმა ბ” არ მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს გეგმა არც დამჭირდა.
– დიპლომატია ძალიან საინტერესო სფეროა. თქვენთვის რა აღმოჩნდა ამ პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი?
– ყველა ადამიანს თავის პროფესიაში უყვარს რაღაც, რის გამოც ამ სამსახურში მიდის. დილით რომ სადმე მიფრინავ და საღამოს უკან უნდა დავბრუნდე, ეს ნამდვილად არაა ამ პროფესიის ხიბლი. თუმცა, ერთ დღეში სახლში დაბრუნება კიდევ ჯობია, ორი-სამი დღე სამუშაო კაბინეტში გამოკეტვას. ამ პროფესიის მთავარი აზარტი ის არის, რომ გაქვს საშუალება დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო არენაზე. მე ჯერ არასდროს ვყოფილვარ ელჩი არც ერთ ქვეყანაში და ეს, ალბათ, ჩემი საქმიანობის შემდგომი ეტაპია. მაგრამ, წარმოადგენდე შენს ქვეყანას, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში.
– სანამ დიპლომატიის ანაბანას პრაქტიკაში დაეუფლებოდით, უხერხულ მდგომარეობაში ბევრჯერ ჩავარდნილხართ?
– ბევრჯერ მინახავს ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა დიპლომატების ცხოვრებაში, მაგრამ პირადად, მე განსაკუთრებული არაფერი დამმართნია. ზოგიერთ კულტურაში არ შეიძლება ხელი ჩამოართვა მანდილოსანს და ეს გაშლილი ხელი შეიძლება უხერხულადაც დაგრჩეს ჰაერში, რაც მომენტალურ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ამას ახლა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება არ შეეწირება (იცინის). ამიტომაც არის, რომ, როცა პირველად მივდივარ რომელიმე ქვეყანაში, ვცდილობ, მაქსიმალურად ყველაფერი ვიცოდე ამ ხალხის კულტურის შესახებ. რაც გამოცდილება გემატება, ეტიკეტის დაცვაც მით უფრო მარტივად ხდება – მაგალითად, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მიღების წინ, მოულოდნელად, დამეხა ფეხსაცმელი, ყველგან სარეზერვო ფეხსაცმლით და საერთოდ, სარეზერვო გარდერობით დავდივარ. არასდროს იცი, სად რა ჩამოგესხმება, ან რა დაგემართება. გარეგნული ფორმა დიპლომატისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. რადგან ჩემი მთავარი პრობლემა ზომაა, განსაკუთრებით ფეხსაცმელთან დაკავშირებით, ამიტომ ყოველმხრივ აღჭურვილი უნდა ვიყო (იცინის).
– დიპლომატიის კულისებში თურმე ბევრი არაორდინარული ამბებიც ხდება.
– ეს ადრე იყო, ახლა ასეთები აღარ ხდება. მე ვიცი შემთხვევა, როცა 90-იან წლებში, ერთ-ერთ დიპლომატიურ მიღებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო ქართველი დიპლომატი, რომელსაც ელჩზე დაბალი რანგი ჰქონდა. შეხვედრიდან დაურეკეს ელჩს და ჰკითხეს, ამ ადამიანზე მოხსენებაში მისტერ გვიწერია და რამე ხომ არ გვეშლება, მომხსენებელი ქალიაო. ელჩი დაიბნა, იმ გვარის ქალი არ უნდა ყოფილიყო მიღებაზე, მით უფრო, სიტყვით გამომსვლელთა შორის. სინამდვილეში თურმე იცით, რა მოხდა? დიპლომატმა გაიღვიძა დილით, ნაბახუსევზე თავს კარგად ვერ გრძნობდა და ცოლი გაუშვა თავის მაგივრად. ეტყობა, ეს ნაცადი მეთოდი იყო მისთვის, მაგრამ იმ მიღებაზე მაინც „ჩავარდა”.
დიპლომატის ცხოვრება ერთი შეხედვით ჩანს ასე ხიბლიანი, თორემ ბევრი არასასიამოვნო ინციდენტისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული. ერთხელ მე მოვხვდი ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში, თუმცა უხერხულია, ახლა ეს ქვეყანა დავასახელო. იმ ლიმიტის მიხედვით, რომელიც ჩემი ხარჯებისთვის იყო გამოყოფილი, მოვხვდი სასტუმროს ნომერში, სადაც არ იყო ფარდა, სკამი, სარკე, მაგრამ, სამაგიეროდ, იყო ბევრი ვირთხა. აი, ხანდახან ასეთებიც ხდება დიპლომატების ცხოვრებაში (იცინის).
– თქვენ ქართული ინტელექტუალური კლუბის ერთ-ერთი აქტიური სახე ხართ. როგორ ახერხებთ, ერთდროულად უცხოეთში ყოფნასაც და ინტელექტუალურ თამაშსაც?
– ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და ალბათ, ვერასდროს შეველევი, ჯერჯერობით ვახერხებ, რომ ჩავჯდე გრაფიკში და თამაში არ ჩავაგდო, მაგრამ შარშან, მაგალითად, ნიუ-იორკიდან მოვდიოდი, რომ თამაშისთვის ჩამომესწრო, მაგრამ ისლანდიაში გაღვიძებულმა ვულკანმა ჩემი გეგმები ჩაშალა – ყველა რეისი შეჩერებული იყო, რომელიც კი ამერიკიდან ევროპაში მოფრინავდა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, თამაშს ვერ ჩამოვუსწარი. ეს ის ჰობია, რაც საქმეშიც ძალიან მეხმარება. დიპლომატს, რაც შეიძლება, ფართო თვალსაწიერი უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი ინტელექტუალური თამაშები ძალიან კარგია. ეს ის ჰობია, რომელიც სხვა, ცუდი „ჰობებისგან” გიცავს, მით უმეტეს ადრეულ ასაკში.
– ინტელექტუალებს შორის ბევრი ცნობილი წყვილია, თქვენი მეუღლეც ინტელექტუალური კლუბის წევრია?
– არა. ჩემი მეუღლე არის ჩემი კოლეგა და ინტელექტუალური კლუბის დიდი გულშემატკივარი. თუმცა, თავად არ თამაშობს. როცა ცოლსა და ქმარს შორის ინტერესების თანხვედრაა, ეს მე კარგი მგონია. ჩემს ცოლს კარგად ესმის ჩემი საქმიანობა და ისეთი შეკითხვებისგან, როგორიცაა: „ამდენ ხანს სად იყავი”? დაზღვეული ვარ. ის თავადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, თუმცა ჩემს უშუალო დაქვემდებარებაში არაა. პოზიციით ჩემზე დაბლაა, თუმცა მას უფრო დიდი სტაჟი აქვს, ვიდრე მე, მაგრამ რანგი მე მაქვს მაღალი. თუმცა, ხეზე ასვლა მისგან ვისწავლე (იცინის).
– სახლში არ ხართ მინისტრის მოადგილე?
– სახლში მეც მოადგილე ვარ და ჩემი ცოლიც, მინისტრები ბავშვები არიან. სახლში მე და მეუღლე თანაბარუფლებიანები ვართ. მე ვენდობი ქალურ ინტუიციასა და ლოგიკას, რომელიც ხშირად უფრო მარჯვეა, ვიდრე მამაკაცის, ამას ოჯახშიც ვაღიარებ. სახლში ვერ ვარ მაინცდამაინც მარჯვე. როცა რამე ფუჭდება და შეკეთება სჭირდება, ამაში ჩემი მეუღლეა დიდოსტატი. ეგ ჩემი „კანიოკი“ არაა.
– მეუღლეს სამსახურებრივ საიდუმლოებებს ანდობთ?
– რაზეც მე მიმიწვდება ხელი, არც მას აქვს პრობლემა, შესაბამისად, არის თემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, მაგრამ არის რაღაც სფეროები, რომელზეც მე ვმუშაობ და ამას ნამდვილად ჩემთვის ვიტოვებ. ბუნებრივია, როცა სახელმწიფო საიდუმლოსა და რაღაც მნიშვნელოვან პოზიციაზეა საუბარი, ჯობია, ეს ყველასგან დამალო, მათ შორის ცოლთან (იცინის).
– ინტელექტუალური ჰობის გარდა, კიდევ რა ჰობი გაქვთ?
– ჩემი ჰობი არის სპორტი: ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი. მე იმ კატეგორიიდან ვარ, თანაბარი სიამოვნებით რომ უყურებს სპორტის ყველა სახეობას. თუმცა, თავად მაინც ფეხბურთის თამაში მირჩევნია. მეგობრებმა სცადეს, ჩემი აყოლიება ნადირობაში, მაგრამ არ გამოუვიდათ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მთაში წასვლა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მათ შორის, ეგზოტიკურ ქვეყნებშიც. ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და უცხო იყო სინგაპური. ჩვენ წავედით ღამის საფარში, სინგაპურის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც დაცულ პარკში ბევრი იშვიათი ცხოველია. ბოლო წლებში იმდენს დავდივარ აქეთ-იქით, ეგზოტიკურად ბევრი რამ აღარც კი მეჩვენება.
– არც ჭიათურა?
– ჭიათურა არის ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია ჩასვლა. როცა იქ იზრდები, ვერ აფასებ და აღიქვამ იმ ყველაფერს, რაც შენს ირგვლივაა, ეს ჩვეულებრივი გგონია. წლების მერე კი, შეგიძლია თქვა, რომ ჭიათურა თავისი ლანდშაფტით ბევრად არ ჩამოუვარდება ლამაზ შვეიცარიულ ქალაქებს. ეს ჩემგან პატრიოტული მოტივი არ გეგონოთ, ნამდვილად ასე ვფიქრობ. ზაფხულში ჩემს სოფელს, კორბოულს, იქ ჩეროში ჯდომას და მეზობლებთან საუბარს, მართლა არაფერი ჯობია, ეს ის ადგილია, სადაც ახლა ყველაზე კარგად დავისვენებდი (იცინის).

скачать dle 11.3