რის გამო იხდის 25-წლიან სასჯელს პერუს პრეზიდენტის, ოლიანტა უმალას ძმა
ის სამხრეთ ამერიკის რეგიონში ახლად არჩეული პრეზიდენტია, თუმცა მისი გვარი მის გაპრეზიდენტებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. პერუს ახალი პრეზიდენტი ოლიანტა უმალა, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკას და ჯერჯერობით, რთულია საუბარი მის, როგორც ქვეყნის პირველი პირის, მიღწევებზე. ამიტომაც, ამჯერად უმალას წარსულიდან ამოკრებილ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ, მით უმეტეს, რომ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუ ვის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც პერუს პრეზიდენტის პოსტზე ასვლის პირველ დღეს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ცერემონიალს.
* ოლიანტა მოისეს უმალა ტასო 1962 წელს ლიმაში დაიბადა. ეროვნებით უმალა ინდიელთა ტომ კეჩუას წარმომადგენელია. მამამისი, ისააკ უმალა ინდიელთა ნაციონალური ეთნოკასერისტული მოძრაობის დამაარსებელი იყო, სადაც მოქმედი და ვეტერანი პერუელი ჯარისკაცები არიან გაერთიანებულნი. ისინი პერუს მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციურ დანაყოფებს ებრძოდნენ, რომელთაგანაც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ – „ნათელი გზა”, „ტუპაკ ამარუს რევოლუციური მოძრაობა”.
* პერუს ახლადარჩეულ პრეზიდენტს კეჩუანური სახელი ჰქვია და ვარაუდობენ, რომ მას ინკების ლეგენდარული გმირის, ოლიანტიას პატივსაცემად დაარქვეს სახელი. აიმარის დიალექტიდან თარგმანში ოლიანტა ნიშნავს, რაინდს, რომელიც თავისი სამეთვალყურეო ანძიდან ყველაფერს ხედავს. ოლიანტას ღვიძლი ძმა, ანტაურო უმალა 2005 წლის 1 იანვარს ანდაუაილასეში დაწყებულ ამბოხებას მეთაურობდა. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქის პოლიციის შენობას იკავებდა. ამბოხების მოწყობის გამო ანტაუროს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და იგი სასჯელს ციხეში იხდის.
* ოლიანტა უმალას სამხედრო განათლება აქვს მიღებული და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა პერუს სამოქალაქო ომში და პარტიზანული მოძრაობა „ნათელი გზის” მებრძოლთა წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებში. 1995 წელს მან ეკვადორთან დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2000 წელს იმდროინდელი პერუს პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა და თვითონ მცირე ხნით დაპატიმრებულიც იყო. თუმცა ამ უკანასკნელი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ამნისტირებულ იქნა ნაციონალური კონგრესის მიერ და გარკვეული დროის განმავლობაში, პერუს სამხედრო ატაშე გახლდათ პერუს საელჩოებში საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში. 2005 წელს, მას შემდეგ, რაც მისი ძმა ამბოხების მოწყობის გამო დააპატიმრეს, ოლიანტა გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და პერუს ნაციონალისტური მემარცხენე პარტია დააარსა, რომლის სახელითაც იყარა კენჭი 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, მეორე ტურში ალან გარსიასთან დამარცხდა. იმ პერიოდში ოლიანტა უმალა რადიკალიზმითა და უგო ჩავესის პოლიტიკის მიმართ სოლიდარობით გამოირჩეოდა.
* 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოლიანტა უმალა რადიკალურად განსხვავებული პროგრამით წარდგა. იგი დაშორდა უგო ჩავესის იდეებს და განაცხადა, რომ ჩავესი განვლილი ეტაპია და მისი რევოლუციური პოლიტიკა პერუს არ გამოადგება. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, უმალას შტაბში, ბრაზილიის ექსპრეზიდენტის იგნასიო ლულა და სილვას ყოფილი იმიჯმეიქერები მუშაობდნენ და უმალას საარჩევნო სტრატეგია მთლიანად მათი შემუშავებულია. საინტერესოა, რომ არჩევნებზე უმალას კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს ცნობილი პერუელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მარიო ვარგას ლიოსა, რომელიც წინა არჩევნებზე უმალას მიმართ დაწერილი კრიტიკული წერილებით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, უმალას მხარდაჭერა გამოუცხადა კარდინალმა ხუან ლუის სიპრიანი ტორნამ, რომელიც პერუში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. პერუში გავრცელებულია ჭორი, რომ უმალას გაპრეზიდენტებაში დიდი როლი ითამაშა ეგრეთ წოდებულმა „ასი მწერლის” მოწოდებამ – გავლენიანი და ცნობილი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების მიმართვამ, რომელშიც ისინი ღიად უჭერდნენ მხარს ოლიანტას კანდიდატურას.
* ოლიანტა უმალა არ არის პირველი წარმოშობით ინდიელი ლათინურამერიკელი პრეზიდენტი. პირველი ინდიელი პრეზიდენტი ბოლივიის ლიდერი ევო მორალესია – წმინდა სისხლის ინდიელი. თუმცა, უმალასგან განსხვავებით, რომელიც ინდიელთა ელიტის წარმომადგენლად ითვლება და გადამდგარი პოლკოვნიკია, მორალესი ღარიბი ფენის ინდიელთა შთამომავალია, გლეხი-პოპულისტი, როგორც მას მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უწოდებენ. მას სძულს კორპორაციები და სამხედროები.
* ოლიანტა უმალა სულ ახალი გაპრეზიდენტებული იყო, როცა პერუში პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. მისი უმცროსი ძმა, ალექსის უმალა მოსკოვში ვიზიტად იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა „გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან და ასევე, შეხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და „როსობორონექსპორტის” წარმომადგენლებს, მომავალი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით. უმალა უმცროსი რუსული სამხედრო ტექნიკის, კერძოდ ტანკების, ვერტმფრენებისა და რაკეტსაწინააღმდეგო მოწყობილობების ყიდვით დაინტერესდა. უმალასთან ერთად შეხვედრებს მოსკოვში პერუს საელჩოს წარმომადგენლები და პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწე პერუელი დიპლომატები ესწრებოდნენ. ამ ფაქტების გამო, ოლიანტა უმალას პერუს ოპოზიციამ ობსტრუქცია მოუწყო და პასუხის გაცემა მოსთხოვა, თუ ვის დავალებას ასრულებდა ალექსის უმალა. ოლიანტამ მათ უპასუხა – „მე არაფერი ვიცი ამის შესახებ“. მოგვიანებით, ოფიციალურმა ლიმამ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა – ალექსის უმალა იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც გამართა შეხვედრები „გაზპრომის” და „როსრიბნადზორის” წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ალექსის უმალა არ შეხვედრია.
* პერუს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოლიანტა უმალამ განაცხადა, რომ ოცნებობს საერთო სამშობლოზე, რაც პერუს და ბოლივიის გაერთიანებას გულისხმობდა. ბოლივიის პრეზიდენტთან, ევო მორალესთან გამართულ მეგობრულ სადილზე, მან გაამხილა, რომ სურს დაიწყოს მუშაობა ორი ქვეყნის გაერთიანების პროგრამაზე, რომელიც ორ ქვეყანას ერთ ქვეყნად და ერთ ერად აქცევს. ევო მორალესმა უმალას მოსაზრება მოიწონა და განაცხადა, რომ მზად არის გაერთიანებაზე იმ პირობით, თუ ეს ბოლივიის ეკონომიკას წაადგება.